თორნიკე ჯინჭარაძე ESM-ის ალუმნია, 2017 წლიდან მოყოლებული ის მუშაობდა EY Georgia-სა და საქართველოს სალიზინგო კომპანიაში. 2020 წლიდან საკონსულტაციო კომპანიის „აქცენტები და სტრატეგიები“ უფროსი ფინანსური კონსულტანტია. თორნიკეს ჩაბარებული აქვს ACCA F1-F9.

აქციებითა და კრიპტოვალუტებით ინვესტირების შედარებითი ანალიზი

ახალი ბლოგი - თორნიკე ჯინჭარაძე2

კრიპტოვალუტების ბაზრის ზრდას ექსპონენციური სახე და შეუქცევადი ხასიათი აქვს. ყველა კრიპტოვალუტის ჯამური ღირებულება უკვე ორ ტრილიონს გადასცდა. ამ ფონზე საინტერესოა,  რა მსგავსება და რა განსხვავებაა კრიპტოვალუტების ბიზნესში ინვესტირებასა და ჩვეულებრივი კომპანიების აქციებში ფულის დაბანდებას შორის.

კომპანიის აქციების შეძენისას  მიღებული სარგებელი პირდაპირ კავშირშია  იმასთან, თუ რამდენად მოგებიანია ბიზნესი.  აქციების ფლობით მიღებული შემოსავალი ორი სახისაა: კომპანიის საქმიანობისადმი დადებითი მოლოდინი ზრდის აქციის ფასს და ინვესტორს შეუძლია, იმაზე მეტ ფასად გაყიდოს აქციები, ვიდრე ისინი თავის დროზე იყიდა. მეორე მხრივ, კომპანიები მოგების  ნაწილს გასცემენ დივიდენდად და ყველა აქციის მფლობელს ამ მოგებიდან  გარკვეული ნაწილი ხვდება. კრიპტოვალუტები მთლიანად ვირტუალური სახისაა. იმის გამო, რომ მათ არ გააჩნიათ ფიზიკური სუბსტანცია, მათი დაზღვევა არ ხდება და ფასი მთლიანად დამოკიდებულია მოთხოვნის სიდიდეზე. შესაბამისად, ამ ბიზნესში ინვესტირების რისკი ძალიან მაღალია.  ძირითადი თავისებურებები, რომლებიც ახასიათებს აქციების ფლობას და კრიპტოვალუტებში ინვესტირებას, ქვემოთ არის აღწერილი.

აქციები
  • აქციების ფლობით კომპანიის საკუთრების მცირე ნაწილის მფლობელი ხდები. რაც უფრო წარმატებულია კომპანია, მით უფრო მეტი ფასი აქვს აქციების მფლობელის წილს ამ კომპანიაში – შესაბამისად, მის ინტერესშია ამ კომპანიის გრძელვადიანი წარმატებული საქმიანობა.
  • თუ ინვესტორებს არ მოსწონთ აქციების ფასის ცვლილების ტენდენცია, მათ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს გაყიდონ ისინი.
  • აქციების ფასი მუდმივად მერყეობს. ის შეიძლება წლის განმავლობაში გაიზარდოს 100 პროცენტით ან, სულაც, შემცირდეს ანალოგიურად.
  • აქციებით ვაჭრობა უკვე დიდი ხნის პრაქტიკაა. შესაბამისად, არსებობს ინფორმაციული ნაკადები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიის აქციების ფასის ცვლილების დინამიკას ასახავს. ეს კი, თავის მხრივ, ინვესტორებისთვის კარგი საშუალებაა რისკებისგან თავის დასაზღვევად, რადგან რაც უფრო მეტია ინფორმაცია, მით უფრო ნაკლებია რისკი.
  • იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორებს არ სურთ ინდივიდუალური კომპანიის აქციების ყიდვა, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეგრეთ წოდებული ინდექს-ფონდების სერვისი, როგორიცაა, მაგალითად, S&P 500. ასეთი ფონდების დახმარებით შეგიძლიათ ერთდროულად იყიდოთ საუკეთესო კომპანიების აქციების პაკეტი, რომელიც მათი ექსპერტების მიერ არის შერჩეული. შესაბამისად, ასეთი პორტფელი მეტად დივერსიფიცირებული და ნაკლებად რისკიანია.  გრძელვადიან პერიოდში კი მოგება თითქმის გარანტირებულია.
კრიპტოვალუტები
  • იმის გამო, რომ კრიპტოვალუტები, კომპანიის აქციებისგან განსხვავებით, არ არის დაზღვეული რაიმე აქტივით ან ფულადი ნაკადებით, მათი ფასის ცვლილების დინამიკა მთლიანად სპეკულაციური ხასიათისაა და დამოკიდებულია მათ მიმართ მოთხოვნის სიდიდეზე.
  • თუ კრიპტოვალუტით მოვაჭრეები სინქრონულად იტყვიან უარს რომელიმე კრიპტოვალუტაზე, მისი ფასი შეიძლება ნულამდე დაეცეს ყველანაირი დაზღვევის ბერკეტის უქონლობის გამო.
  • კრიპტოვალუტების ფასი ბევრად უფრო მერყევია, ვიდრე აქციების ფასი. ის უფრო სწრაფად და მასშტაბურად იცვლება დროის მცირე მონაკვეთში. შესაბამისად, ამ ბიზნესში ინვესტირების რისკი გაცილებით მაღალია.
  • ქვეყნებმა შეიძლება მთლიანად აკრძალონ კრიპტოვალუტები, როგორც ეს, მაგალითად, ჩინეთმა გააკეთა 2021 წელს.
  • კრიპტოვალუტების ბაზარი სიახლეა და ამიტომ აქციებით ვაჭრობისგან განსხვავებით აქ ბევრად მეტი გაურკვევლობა და რისკია. აქ ინვესტორები მონაცემების ღრმა ანალიზს ვერ განახორციელებენ, რადგან მონაცემები გაცილებით მცირეა, ვიდრე ეს აქციების ბაზრის შემთხვევაშია.
  • მკაცრად ცენტრალიზებული საფონდო ბაზრებისგან განსხვავებით, კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვა გაცილებით მარტივია. უამრავი ინდივიდუალური კომპანია აძლევს ინვესტორებს საშუალებას, მარტივად განახორციელონ ერთმანეთში სხვადასხვა ტრანზაქცია, გაცვალონ ერთმანეთში კრიპტოვალუტები. ერთი მხრივ, ეს აადვილებს ინვესტირების პროცედურებს, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად ლიკვიდურს ხდის ამ ვალუტებს.

დრო ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, რის მიხედვითაც ინვესტორები ირჩევენ, თუ სად დააბანდონ ფული. რაც უფრო მცირე დროში გვინდა მოგების ნახვა, მით უფრო სანდო და რისკებისგან დაცული უნდა იყოს ის აქტივი, რომელშიც ინვესტირებას ვახორციელებთ. ამ მხრივ, აქციები უფრო სანდო აქტივია, ვიდრე კრიპტოვალუტები, რომელთაგან უკუგების მისაღებად ხშირად თვეები ან თუნდაც წლები შეიძლება მოგვიწიოს ლოდინი. ამის მიუხედავად, ორივე აქტივი უფრო მეტად განეკუთვნება გრძელვადიანი ინვესტირების საშუალებას. რისკების დონეების მიხედვით, აქციების შეძენისას ინვესტორს უფრო ფართო არჩევანის საშუალება აქვს, ვიდრე სხვადასხვა კრიპტოვალუტის არჩევისას. არსებობს ისეთი ტიპის კომპანიები, რომლებიც ექსპერტების შეფასების მიხედვით დიდი პოტენციალის მქონენი არიან და არსებობს მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში მათი ზრდა უფრო დიდი იქნება, ვიდრე ზოგადად ინდუსტრიის ზრდა. ასეთი ტიპის კომპანიების აქციების ყიდვისას რისკი მეტია, მაგრამ მოსალოდნელი სარგებელიც უფრო მაღალია. მეორე მხრივ, არსებობენ კომპანიები, რომელებიც დროის გარკვეულ ინტერვალში უფრო დაბალ ფასად არიან შეფასებული, ვიდრე მათი აქტივების რეალური ღირებულებაა. ასეთ კომპანიებში ფულის დაბანდება თითქმის გარანტირებულ მოგებას იძლევა, თუმცა – შედარებით მცირეს. სამწუხაროდ, კრიპტოვალუტებში ძნელია რისკების ჰეჯირება, რადგან არ არსებობს სტაბილური კრიპტოვალუტა. 2021 წელს ბიტკოინმა, რომელიც ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა, თავისი ფასის ნახევარზე მეტი დაკარგა რამდენიმე თვეში, თუმცა შემდგომ მისი ფასი 100 პროცენტზე მეტად გაიზარდა. ამის გამო შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ ინდუსტრიაში ინვესტირებისას ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ჩვენი ინვესტიციის წლობით დატოვებისთვის და, თუ დრო ჩვენთვის გადამწყვეტი ფაქტორია, სჯობს თავი ავარიდოთ კრიპტოვალუტებს.

საინტერესოა, ამ ყველაფრის ფონზე, რა იქნება ინვესტორისთვის ოპტიმალური პორტფელი, თუ ის მხოლოდ აქციებისგან და კრიპტოვალუტებისგან იქნება შედგენილი. ყველა ინვესტორი რისკების მიმართ სხვადასხვა ტოლერანტობის დონეს იჩენს, მაგრამ ოპტიმალურ შემთხვევაში კრიპტოვალუტებს მათი მთლიანი საინვესტიციო პორტფელის დაახლოებით 5 პროცენტამდე უნდა ეკავოს. იმ შემთხვევაში, თუ ფასი ძალიან მაღალი ტემპით გაიზრდება, ისინი ამ მცირე წილითაც დიდ მოგებას ნახავენ, ხოლო ფასის დავარდნის შემთხვევაში დაზღვეული იქნებიან დიდი დანაკარგისგან. საინვესტიციო თანხების უმეტესი ნაწილი კი სწორედ დივერსიფიცირებული აქციების პორტფელისკენ უნდა მივმართოთ. ინვესტირებისას რისკებისგან კიდევ უფრო თავის დასაზღვევად შეგვიძლია ინდექს-ფონდების გამოყენება, რომლებიც ერთდროულად სხვადასხვა წარმატებული კომპანიის აქციების პაკეტს გვთავაზობენ. პორტფელის მასშტაბური დივერსიფიკაცია შეიძლება ნაკლები მოგების მარჟას გვაძლევდეს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში რისკები მინიმუმამდეა დასული, მცირე მოგება კი თითქმის გარანტირებულია.

გააზიარე