"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

ბიუჯეტის დეფიციტის სიდიდით საქართველო მსოფლიოში 108-ე ადგილზეა

1 copy (8)

ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 108-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

როდესაც ქვეყნის ბიუჯეტში შემოსავლებზე მეტი ხარჯებია, ბიუჯეტი ამ დროს დეფიციტურია და ხარჯების დასაფარავად მთავრობა ფულს სესხულობს. რადგან დეფიციტი ქვეყნის სახელმწიფო ვალს ზრდის და ამასთან, სხვა მაკროეკონომიკურ პრობლემებს იწვევს, მისი არსებობა არასასურველია.

დეფიციტის ტვირთის შესაფასებლად ნომინალური რიცხვები (მაგალითად, რამდენი მლნ ლარია დეფიციტი) ბევრს არაფერს ამბობს, რადგან დეფიციტის სიმძიმე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე. დეფიციტის ეკონომიკისადმი ტვირთი მისი მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობით განისაზღვრება.

ქვეყნების მიხედვით ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. სავალუტო ფონდი ინფორმაციას ე.წ. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტზე აქვეყნებს. ნაერთი ბიუჯეტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი ბიუჯეტების კონსოლიდირებული ვერსიაა. ფონდი დეფიციტის მაჩვენებლად ბიუჯეტის წმინდა სესხების მაჩვენებელს მიიჩნევს, ანუ ჯამში რა თანხა დააკლდა ბიუჯეტს, რაც ვალის აღებით დაიფარა.

საქართველო ბიუჯეტის დეფიციტის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2024 წლის აპრილში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბიუჯეტის დეფიციტის მიხედვით საქართველო 187 ქვეყანას შორის 108-ე ადგილზეა. საქართველოზე მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი 107 ქვეყანას აქვს, 79 ქვეყანას კი ნაკლები დეფიციტი, ან პირიქით, სიჭარბე აქვს. 2023 წელს საქართველო რეიტინგში 99-ე ადგილზე იყო, ანუ 2024 წელს ქვეყნის პოზიცია 9 საფეხურით გაუმჯობესდა.

სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის -2.5% იქნება. 2023 წელსაც ეს მაჩვენებელი მშპ-ის -2.3% იყო, 2022 წელს კი -2.6%, 2020-2021 წლებში დეფიციტი საშუალოდ 7.6% იყო. 2020-2021 წლების მაღალი დეფიციტი კოვიდპანდემიამ განაპირობა. პანდემიის შედეგად ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდა, ხარჯები კი გაიზარდა. პანდემიამდე, წინა 6 წლის საშუალო დეფიციტი მშპ-ის -1.3% იყო.

ფონდის ინფორმაციით, ნომინალურ გამოსახულებაში 2024 წელს საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი 2.2 მილიარდი ლარი იქნება, 2022 წელს კი 1.9 მილიარდი ლარი იყო. 2024 წლის 2.2 მილიარდი ლარის დეფიციტს მთავრობა ახალი ვალების აღებით და ნაშთზე არსებული თანხის გამოყენებით დააფინანსებს, 1,950 მლნ ლარს ისესხებს, ხოლო 237 მლნ ლარს ნაშთიდან გამოიყენებს.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის მიმართ

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე დაბალი ბიუჯეტის დეფიციტი აქვთ

სავალუტო ფონდის მიხედვით, 2024 წელს ბიუჯეტის ყველაზე მაღალი დეფიციტი ტიმორ-ლესტეს აქვს – მშპ-ის -42.5%. შემდეგ მოდის კირიბატი -22.4%-ით და უკრაინა -13.7%-ით.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი თურქეთს აქვს, მშპ-ის მიმართ -5.4%. შემდეგ სომხეთი მოდის მშპ-ის მიმართ -4.6%-ით. რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის -1.9%-ია, აზერბაიჯანის კი მშპ-ის -1.1%.

წელს მსოფლიოში 32 ქვეყანას ბიუჯეტის დეფიციტი არა აქვს. მათ მთავრობებს შემოსავალი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ხარჯები. ყველაზე მაღალი სიჭარბე ქუვეითს აქვს – მშპ-ის 27%. შემდეგ მოდის ნორვეგია 15%-ით და ნაურუ 14%-ით.

ყველაზე მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი მქონე 10 ქვეყანა 2024 წელი

 ქვეყანამშპ-ის მიმართ, %
1ტიმორ -ლესტე-42.5
2კირიბატი-22.4
3უკრაინა-13.7
4ბრუნეი-13.4
5მალდივები-12.2
6ეგვიპტე-10.9
7ზიმბაბვე-9.9
8გაიანა-8.7
9ალჟირი-8.5
10ისრაელი-8.2

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა