

Forbes Georgia
ბიუჯეტის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში 110-ე ადგილზეა

ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 110-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
როდესაც ქვეყნის ბიუჯეტში შემოსავლებზე მეტი ხარჯებია, ბიუჯეტი ამ დროს დეფიციტურია და ხარჯების დასაფარად მთავრობა ფულს სესხულობს. რადგან დეფიციტი ქვეყნის სახელმწიფო ვალს ზრდის და ამასთან, სხვა მაკროეკონომიკურ პრობლემებს იწვევს, მისი არსებობა არასასურველია.
დეფიციტის ტვირთის შესაფასებლად ნომინალური რიცხვები (მაგალითად, რამდენი მილიონი ლარია დეფიციტი) ბევრს არაფერს ამბობს, რადგან დეფიციტის სიმძიმე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე. დეფიციტის ეკონომიკისადმი ტვირთი მის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობით განისაზღვრება.
ქვეყნების მიხედვით ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. სავალუტო ფონდი ინფორმაციას ე.წ. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტზე აქვეყნებს. ნაერთი ბიუჯეტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი ბიუჯეტების კონსოლიდირებული ვერსიაა. ფონდი დეფიციტის მაჩვენებლად ბიუჯეტის წმინდა სესხების მაჩვენებელს მიიჩნევს, ანუ ჯამში რა თანხა დააკლდა ბიუჯეტს, რაც ვალის აღებით დაიფარა.
საქართველო ბიუჯეტის დეფიციტის რეიტინგში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2025 წლის მაისში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის ბიუჯეტის დეფიციტის მიხედვით საქართველო 187 ქვეყანას შორის 110-ე ადგილზეა. საქართველოზე მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი 109 ქვეყანას აქვს, 77 ქვეყანას კი ნაკლები დეფიციტი, ან პირიქით, სიჭარბე აქვს. 2023 წელს საქართველო რეიტინგში 105-ე ადგილზე იყო, ანუ 2025 წელს პოზიცია 5 საფეხურით გაუმჯობესდა.
სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის -2.6% იქნება. 2024 წელს ეს მაჩვენებელი მშპ-ის -2.3% იყო. 2020-2021 წლებში დეფიციტი საშუალოდ 7.6% იყო. 2020-2021 წლების მაღალი დეფიციტი კოვიდპანდემიამ განაპირობა. პანდემიის შედეგად ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდა, ხარჯები კი გაიზარდა. პანდემიამდე, წინა 5 წლის საშუალო დეფიციტი მშპ-ის -1.1% იყო.
ფონდის ინფორმაციით, ნომინალურ გამოსახულებაში 2024 წელს საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი 2.6 მილიარდი ლარი იქნება, 2024 წელს კი 2.1 მილიარდი ლარი იყო. 2025 წლის 2.6 მილიარდი ლარის დეფიციტს მთავრობა ახალი ვალების აღებით და ნაშთზე არსებული თანხის გამოყენებით დააფინანსებს, 2.1 მილიარდ ლარს ისესხებს, ხოლო 500 მილიონ ლარს ნაშთიდან გამოიყენებს.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის მიმართ

ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე დიდი ბიუჯეტის დეფიციტი აქვთ
სავალუტო ფონდის მიხედვით, 2025 წელს ბიუჯეტის ყველაზე მაღალი დეფიციტი ტიმორ-ლესტეს აქვს, მშპ-ის -51%. შემდეგ მოდის უკრაინა -19%-ით.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი სომხეთს აქვს, მშპ-ის მიმართ -5.5%. შემდეგ თურქეთი მოდის მშპ-ის მიმართ -4.3%-ით. რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის -1.7%-ია, აზერბაიჯანის კი მშპ-ის -1.3%.
წელს მსოფლიოში 28 ქვეყანას ბიუჯეტის დეფიციტი არა აქვს. მათ მთავრობებს შემოსავალი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ხარჯები. ყველაზე მაღალი სიჭარბე ქუვეითს აქვს – მშპ-ის 24%. შემდეგ მოდის ნორვეგია 13%-ით და ნაურუ 11%-ით.
ყველაზე მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი მქონე 10 ქვეყანა, 2025 წელი
ქვეყანა | მშპ-ის მიმართ, % | |
1 | ტიმორ -ლესტე | -51 |
2 | უკრაინა | -19 |
3 | მალდივები | -15 |
4 | კირიბატი | -15 |
5 | ალჟირი | -14 |
6 | ეგვიპტე | -12 |
7 | ბოტსვანა | -11 |
8 | ბოლივია | -11 |
9 | ბაჰრეინი | -10 |
10 | ბრუნეი | -10 |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა


28 უდიდესი გლობალური რისკი | გაეროს 2024 წლის ანგარიში

ივნისში ბელარუსიდან ფულადი გზავნილები 244%-ით გაიზარდა

ივნისში ფულადი გზავნილები 12.2%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

სამი სექტორის ტრანსფორმაცია, ერთი სტრატეგიული ხედვა — ინტერვიუ მარიამ კვიწინაძესთან
