ბიზნესისთვის მზაობის რეიტინგში საქართველო მე-4 ადგილზეა

2 (60)

ბიზნესისთვის მზაობის ინდექსში (B-READY 2025) საქართველო მე-4 ადგილზეა 101 ქვეყანას შორის.

მეთოდოლოგია

მსოფლიო ბანკის ბიზნესისთვის მზაობის ინდექსი (The Business Ready Index) 2021 წლამდე არსებული ბიზნესის კეთების ინდექსის (Doing Business) გაგრძელებაა. ბიზნესის კეთების ინდექსი 2021 წლამდე ქვეყნდებოდა და ბოლო მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილს იკავებდა.

ბიზნესისთვის მზაობის ინდექსის გამოქვეყნება მსოფლიო ბანკმა 2024 წელს დაიწყო და ის მხოლოდ 50 ქვეყანას მოიცავდა. 2025 წლის ინდექსი, რომელიც 2025 წლის დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდა, 101 ქვეყანას მოიცავს. 2026 წლის ინდექსში 164 ქვეყანა იქნება.

ახალი ინდექსი შეფასების 10 კრიტერიუმს მოიცავს, რომელთა საერთო მიზანი ქვეყნის ბიზნესგარემოს შეფასებაა. ეს კრიტერიუმებია: ბიზნესის დაწყება, ბიზნესის მდებარეობა, კომუნალური მომსახურება, შრომის რეგულირება, ფინანსური მომსახურება, საერთაშორისო ვაჭრობა, გადასახადები, დავების გადაწყვეტა, საბაზრო კონკურენცია და ბიზნესის გადახდისუუნარობა. თითოეული, მაქსიმუმ, 100 ქულით ფასდება.

ათივე კრიტერიუმი ფასდება 3 მიმართულებით, ესენია: ოპერაციული ეფექტიანობა, მარეგულირებელი ჩარჩო და საჯარო სერვისები.

საქართველო ბიზნესისთვის მზაობის ინდექსში

მსოფლიო ბანკის მიერ 2025 წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნებული ბიზნესისთვის მზაობის ინდექსში საქართველო მე-4 ადგილზეა 75.09 ქულით (მაქსიმალური 100 ქულაა). საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა (77.96) ოპერაციულ ეფექტიანობაში აქვს, 76.99 ქულა აქვს მარეგულირებელ ჩარჩოში და 70.33 ქულა აქვს საჯარო სერვისებში. ჯამური 75.09 ქულა აღნიშნული სამი მიმართულების საშუალო ქულაა.

აღსანიშნავია, რომ ეს ინდექსი არ მოიცავს ისეთ გარემოებებს, სადაც საქართველოს აშკარა გამოწვევები აქვს, მაგალითად: დემოკრატიის დონეს, კორუფციას, პოლიტიკურ სტაბილურობას და ა.შ.

შეფასების კრიტერიუმების მიხედვით საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა (89.15) ბიზნესის დაწყების სიმარტივეში აქვს. ძირითადად აქ შეფასებულია, რამდენად მარტივია შპს-ის დარეგისტრირება. ამ მაჩვენებლით საქართველო 101 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა. შემდეგ ყველაზე მაღალი ქულა (82.06) ფინანსურ მომსახურებაში აქვს, რაც ტრანზაქციების სიმარტივეს და დაცულობას, ელექტრონულ ტექნოლოგიებს, სესხებს და ა.შ. მოიცავს.

ყველაზე დაბალი ქულა (58.11) საქართველოს საბაზრო კონკურენციაში აქვს და ამ მაჩვენებლით 101 ქვეყანას შორის 39-ე ადგილზეა. აქ შეფასებულია, როგორ მუშაობს კონკურენციის პოლიტიკა, მათ შორის ინტელექტუალურ საკუთრებასა და ინოვაციებში. ასევე, შეფასებულია სახელმწიფო შესყიდვები – რამდენად კონკურენტულად ხორციელდება.

პოზიციის მიხედვით ყველაზე მაღალ საფეხურზე (მე-2) საქართველო დავების გადაწყვეტის კრიტერიუმით არის, მიუხედავად იმისა, რომ 74.09 ქულა აქვს. აქ შეფასებულია კომერციული დავების გადაწყვეტის საკითხი.

ცხრილი: საქართველო ქულები და ადგილი კრიტერიუმების მიხედვით

კრიტერიუმიქულაადგილი 101 ქვეყანას შორის
ბიზნესის დაწყება89.158
ფინანსური მომსახურება82.069
ბიზნესის მდებარეობა79.514
კომუნალური მომსახურება79.1937
შრომის რეგულირება74.857
დავების გადაწყვეტა74.092
ბიზნესის გადახდისუუნარობა73.0615
საერთაშორისო ვაჭრობა72.0123
გადასახადები68.919
საბაზრო კონკურენცია58.1139

წყარო: მსოფლიო ბანკი

ქვეყნები, სადაც ბიზნესისთვის მზაობა ყველაზე მაღალია

ბიზნესისთვის მზაობის რეტინგში პირველ ადგილზე სამხრეთი კორეაა 78.23 ქულით. საჯარო სერვისებში კორეას 80.22 ქულა აქვს. კრიტერიუმების მიხედვით პირველ ადგილზეა კომუნალურ სერვისებში, გადასახადებში, საბაზრო კონკურენციასა და ბიზნესის გადახდისუუნარობაში. მეორეზე სინგაპურია 77.38 ქულით.

გეოგრაფიულად საქართველოს მეზობელი ქვეყნები შემდეგ პოზიციებს იკავებენ:

  • თურქეთი 35-ე ადგილი 71 ქულით
  • სომხეთი 37-ე ადგილი 66.71 ქულით
  • აზერბაიჯანი 38-ე ადგილი 65.98 ქულით

რუსეთი არ არის შეტანილი ინდექსში.

რეიტინგში ბოლო ადგილზე სამხრეთი სუდანია 32 ქულით, ანუ შესწავლილი ქვეყნებიდან, აქ ყველაზე ცუდი ბიზნესგარემოა. ბოლოდან მეორეზე ეკვატორული გვინეაა 35 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამეზე ტიმორ-ლესტეა 36 ქულით.

ტოპ-10 ქვეყანა ბიზნესისთვის მზაობის მიხედვით

 ქვეყანაქულა
1სამხრეთი კორეა78.23
2სინგაპური77.38
3ესტონეთი75.91
4საქართველო75.09
5ლატვია74.99
6გაერთიანებული სამეფო74.14
7ჩეხეთი73.88
8ხორვატია73.72
9ესპანეთი73.55
10კანადა73.47

წყარო: მსოფლიო ბანკი

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა