"ვარ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მარკეტინგის ექსპერტი, ლექტორი, ტრენერი. ბლოგებში განვიხილავ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ბიზნესისთვის სხვა აქტუალურ თემებს."

CSR და დამსაქმებლის ბრენდი

CSR და დამსაქმებლის ბრენდი

დღეს მინდა განვიხილოთ CSR-ის კავშირი დამსაქმებლის ბრენდთან. როდესაც დაინტერესებულ მხარეთა თეორიაზე ვსაუბრობდით, მაშინ აღვნიშნეთ, რომ კომპანიის მიმართ დაინტერესებულ ერთ-ერთ ჯგუფს თანამშრომლები წარმოადგენენ. თანამშრომლებსა და კომპანიას შორის ურთიერთობა ორივე მხარისთვის ძლიერ მნიშვნელოვანია და სასურველია ის იყოს ურთიერთსასარგებლო, გამჭვირვალე და ნდობაზე დაფუძნებული.

რაც უფრო მეტად იცავს კომპანია CSR-ის პრინციპებს, განსაკუთრებით თანამშრომელთა მიმართ, მით უფრო ლოიალურნი ხდებიან დასაქმებულები დამსაქმებლის მიმართ და შესაბამისად – უმჯობესდება კორპორაციული გარემო .

ორი სიტყვით დამსაქმებლის ბრენდის შესახებ. არსებობს მრავალი განმარტება და მიდგომა.  მაგალითად, Brett Minchington, Chairman/CEO Employer Brand International , რომელიც არის დარგის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი და სხვადასხვა წიგნების ავტორი, მათ შორის:-  Employer branding and the new world at work და სხვა, დამსაქმებლის ბრენდს ასე განმარტავს:

“დამსაქმებლის ბრენდი არისთქვენი ორგანიზაციის იმიჯი, როგორც „საუკეთესო ადგილის დასაქმებისთვის“ არსებული თანამშრომლების  და ძირითადი დაინტერესებული მხარეების წარმოდგენით გარე ბაზრებზე (აქტიური და პასიური კანდიდატები, კლიენტები, მომხმარებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები”. 

ძლიერი დამსაქმებლის ბრენდი ორგანიზაციას ეხმარება როგორც საუკეთესო ტალანტებს მოზიდვაში ასევე, არსებული თანამშრმლების ჩართულობა-შენარჩუნებაში. თანამშრომელზე მიმართული ბრენდის დაპირება არ უნდა იყოს მხოლოდ დეკლარირებული, არამედ პოტენციურმა და არსებულმა თანამშრომლებმა რეალურად უნდა გამოცადონ ის კომპანიასთან ურთიერთობაში.

დღესდღეობით ადამიანები სულ უფრო მეტად მიისწრაფვიან დასაქმდნენ ისეთ კომპანიებში, რომლებიც განსაკუთრებული CSR მიდგომებით გამოირჩევიან. თუ დამსაქმებლებს უნდათ, რომ განვითარდნენ და შექმნან მდგრადი ბიზნესი, მათ  უნდა შექმნან ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.ბიზნესის პასუხისმგებლიანად წარმოებით  და  საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობით კომპანია აძლიერებს საკუთარ რეპუტაციას როგორც კომპანიის შიგნით, ასევე – გარეთ. კომპლექსური CSR პოლიტიკა მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ მასში ჩართული არიან თანამშრომლები და სხვა შიდა დაინტერესებული მხარეები.

CSR ინიციატივებში ჩართულობა იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზაცია ზრუნავს მის ორგვლივ არსებულ ლოკალურ და გლობალურ გარემოზე. მიუხედავად იმისა, რომ CSR- ის მოწოდება არ არის მიიღოს იმავდროული ფინანსური სარგებელი, ასეთი ინიციატივების ბიზნეს მოდელში ინეტგრაციას შეუძლია გააუმჯობესოს მომგებიანობა და ბრენდის რეპუტაცია.

არსებობს მრავალი კვლევა, რომელიც ავლენს CSR-ის პოზიტიურ კავშირს დამსაქმებლის ბრენდთან. ვინაიდან საქართველოში ჯერ-ჯერობით ასეთი კვლევა არ გვაქვს, განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებული კვლევების შედეგების შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.

კვლევა ჩატარდა Society for Human resourse Management-ის მიერ 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში და გამოკითხულ იქნა 600 დასაქმებული აშშ-ში. კვლევის მიზანი იყო გამოეკვლიათ ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენდა თანამშრომელთა კმაყოფილებასა და სამუშაო გარემოში ჩართულობაზე.

დაახლოებით თანამშრომელთა 1/3 (32%) აღნიშნავს, რომ მათი ორგანიზაციების CSR აქტივობებში ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი მათი სამუშაოთი კმაყოფილებისთვის,განსაკუთრებით ქალებისთვის. დაახლოებით თანამშრომელთა 2/3 (63%) ამბობს, რომ კმაყოფილია საკუთარი ორგანიზაციის CSR აქტივობებით .

სხვა კვლევის მიხედვით, (Global Tolerance-ის მიერ ჩატარებული კვლევა) დიდ ბრიტანეთში დასაქმებულთა 42% მიისწრაფვის იმუშაოს ისეთ კომპანიაში,რომელსაც აქვს პოზიტიური გავლენა სამყაროზე. მათგან მხოლოდ მილენიანებს თუ განვიხილავთ,მათში ეს მაჩვენებელი 62%. გამოკითხულთა 44 % უფრო მეტად აფასებს მნიშვნელოვან სამუშაოს,ვიდრე მაღალ ანაზღაურებას და 36% უფრო მეტ ძალისხმევას ჩადებს დამსაქმებელ ორგანიზაციაში,თუ ეცოდინება რომ კომპანია საზოგადოებისთვის კარგ საქმეებს აკეთებს. მილენიანებისთვის ეს მაჩვენებლები არის შესაბამისად 50% და 53%. 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოშიც უკვე გაჩნდა ინტერესი მსგავსი მიდგომების მიმართ. თბილისში, 2017 წლის 30 ნოემბერს CSRDG-ის ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი „როგორ უნდა გახდე პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი“, რომელზეც მოწვეული იყვნენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ტრენერები. მათ, სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეს CSR-სა და დამსაქმებლის ბრენდის პოზიტიურ კავშირზე. ტრენინგს ესწრებოდნენ 20-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები.

სასიხარულოა, რომ საქართველოში მოქმედი ზოგიერთი კომპანია უკვე ახორციელებს  სპეციალურ პროგრამებს თანამშრომლებისთვის, რომლებიც არის არა სპონტანური, არამედ გრძელვადიანი და ინტეგრირებული კომპანიის ფასეულობებსა და ოპერაციებში. იმედი მაქვს, რაც დრო გავა, სულ უფრო მეტი კომპანია დანერგავს CSR თავის საქმიანობაში და ამით სხვა ბენეფიტებთან ერთად, ძლიერ დამსაქმებლის ბრენდს მიიღებს.

გააზიარე