ზურაბ ჭიაბერაშვილი ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი და პუბლიცისტია. ის ასევე გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

დასავლეთი არ თმობს უკრაინას... მას არც საქართველო ემეტება რუსეთისათვის

დასავლეთი არ თმობს უკრაინას… მას არც საქართველო ემეტება რუსეთისათვის

8-10 ოქტომბერს ინგლისის პატარა ქალაქ სტეინინგში „ვილტონ პარკ კონფერენსმა“ ჩაატარა კონფერენცია[i] თემაზე „უკრაინა: პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები“. იმის მიუხედავად, რომ დისკუსია საკუთრივ უკრაინას მიეძღვნა, ბევრი რამ, რაც ამ ქვეყნის თაობაზე ითქვა, მიესადაგება დანარჩენ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი საქართველოს.

პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ირგვლივ აგორებული პოლიტიკური სკანდალებისა და ქვეყნის მოსახლეობის მძიმე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის განეიტრალებას, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საგარეო პოლიტიკასა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ზრდის დამაიმედებელ ტენდენციაზე საუბრით შეეცადნენ.

სურათი საქართველოსთვისაც ნაცნობია: მთავარია უცხოელ დონორებსა თუ პარტნიორებს საბჭოური სტილით „მოახსენო“, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა სარეკორდოა, რომ ყველაფერი რიგზეა. გაიზარდა თუ არა თითოეული მოქალაქის შემოსავალი, ეს უკვე ნაკლებმნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ 2000-2001 წლების ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება უკავშირდება რეფორმისტი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ იუშენკოს ორწლიან (1999-2000) მოღვაწეობას. თუმცა პრეზიდენტმა კუჩმამ იგი კორუმპირებული კლანების დაწოლით მოიცილა, რადგან მეტი რეფორმები სერიოზულად ავიწროებდა მმართველ ოლიგარქიულ ელიტას.

მართალია, თავად ვერ დაესწრო კონფერენციას, მაგრამ მომხსენებელთა სიაში მყოფმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იუშენკომ კონფერენციის მონაწილეებს თავისი მოსაზრებები გამოუგზავნა. რამდენიმე აბზაცი ამ მოხსენებიდან ნათელ სურათს იძლევა საიმისოდ, რომ უკრაინაც, საქართველოს მსგავსად, გზაჯვარედინზე იმყოფება: იგი ან გახდება ევროპული ტიპის ნორმალური სახელმწიფო, ან კვლავ რუსეთის სივრცეში ამოყოფს თავს.

იუშენკო წერს: „უკრაინული საზოგადოებისა და პოლიტიკის ძირითადი პრობლემაა უფსკრული ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, რაც სათავეს მმართველობის ცენტრალიზებული სისტემიდან იღებს.

…სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით, შეგვექმნა გადაწყვეტილებათა მიღების დემოკრატიული მექანიზმები. …ის ფაქტი, რომ უკრაინაში ქონების უდიდესი ნაწილი რამდენიმე საფინანსო-პოლიტიკური დაჯგუფების ხელშია თავმოყრილი, განაპირობებს მოკლევადიანი ინტერესების დომინირებას ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებზე.

…ნება, რომ საკუთარი თავის რეფორმირება მოახდინოს, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს არცერთ ნაწილს არ აქვს. …სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შეთანხმდნენ თამაშის ნათელ და ყველასათვის მისაღებ წესებზე, რაც მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის გასატარებლად.

…ევროპული ინტეგრაცია, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს თავად უკრაინული საზოგადოების შიდა გარდაქმნების დაჩქარებას“.

უკვე ნათქვამი საკმარისია საიმისოდ, რომ დავინახოთ: უკრაინის მთავარი პრობლემაც ეფექტიანი ხელისუფლების არარსებობაა. მათ კი, ვისაც ხელთ მართვის სადავეები უპყრია, არ აქვს პოლიტიკური ნება ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად. ამის გარეშე კი უკრაინის მიერ დეკლარირებული ევროპული ორიენტაცია ცარიელ განცხადებებად რჩება, ხოლო რუსეთს საშუალება ეძლევა, ადვილად მოახდინოს ზეწოლა სუსტ სახელმწიფოზე.

კონფერენციაზე გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ რუსეთი, გაზის დავალიანების რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ, უკრაინისაგან შავი ზღვის ფლოტის გაყოფისა და სევასპოტოლის გამოყენების საკითხებში უკრაინისაგან სერიოზულ დათმობებს ითხოვს.

მართალია, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ამ საკითხს გვერდი აუარეს, მაგრამ საინტერესო იყო მათი პათოსი დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობების გარკვევის შესახებ. კერძოდ, ითქვა, რომ NATO-ს წევრობა უკრაინისათვის მთლად სასურველი არ არის, ხოლო რუსეთი არც ისე საშიშია, როგორც ჩანს.

საგულისხმოა არგუმენტი, რითაც ოფიციალური კიევი გარდამავალი პერიოდის ასე გახანგრძლივებას ამართლებს. „ნუ დაგავიწყდებათ, რომ როგორც სახელმწიფო, ჯერ მხოლოდ 10 წლისანი ვართ“, – ეს ტრაფარეტული პასუხი არაერთ მწვავე კითხვას გაეცა. კითხვების არსი კი ის იყო, რომ საჭიროა არამხოლოდ ევროპული სტანდარტების კანონების მიღება, არამედ მათი ცხოვრებაში დანერგვაც.

დასავლელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების აზრი ცალსახა იყო: საჭიროა ქვეყნის შიდა მოწყობა ევროპული სტანდარტებით, რომ ქვეყანა ევროპული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. მაგრამ ამას ისევ მთავრობის ერთიანი გუნდი სჭირდება. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, როცა არჩევნებზე პარტია იმარჯვებს, მაგრამ მთავრობას აყალიბებს არა ამ პარტიის საპარლამენტო უმრავლესობა, არამედ პრეზიდენტი კორუმპირებული კლანების ინტერესების გათვალისწინებით.

საგულისხმოა, რომ ჩვენთან ვაკის არჩევნებისა არ იყოს, 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბევრი უკრაინელი და დასავლელი ექსპერტი ტესტს ადარებს. შეძლებს თუ არა რეფორმატორი ექსპრემიერი იუშენკო არჩევნებში წარმატების მიღწევას? – აი კითხვა, რომელზე პასუხიც იმავდროულად, იქნება პასუხი კითხვაზე: უნდა უკრაინელ ხალხს ნორმალური ცხოვრება თუ იგი რუსეთის მიერ დაკაბალებულ, კორუმპირებული მთავრობის მიერ გამოხრულ სახელმწიფოში აგრძელებს არსებობას.

თავად დასავლელი ექსპერტებისაგან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა გარდამავალი ეტაპზე მყოფი ქვეყნების მიმართ დასავლეთის ამჟამინდელმა მიდგომამ. კონფერენციაზე ითქვა, რომ დასავლეთმა დახმარება იმაზე კი არ უნდა მიმართოს, რომ ეკონომიკური სიტუაცია გამოსწორდეს, არამედ იმაზე უნდა იზრუნოს, როგორ შეიქმნას უკრაინასა თუ საქართველოში გარემო უცხოური კერძო კაპიტალის მოსაზიდად.

როდესაც დახმარება, მაგალითად, სიღარიბის დასაძლევად არის მიმართული, სიღარიბის დაძლევა არ ხდება, მაგრამ კორუმპირებული ჩინოვნიკები კიდევ უფრო მდიდრდებიან. კერძო კაპიტალის საკუთარ ჯიბეებში გადაქაჩვას კი ჩინოვნიკები ნამდვილად ვერ შეძლებენ. ამიტომაცაა, რომ საქართველოში, მაგალითად, კერძო ინვესტორს, „ეი-ი-ეს“-ს პრობლემებს სწორედ ჩინოვნიკები უქმნიან.

ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამეზობლოსაც. რუსეთიდან ზეწოლის პარალელურად დასავლეთი აძლიერებს პოლონეთის როლს უკრაინასთან მიმართებაში. ფაქტობრივად, პოლონეთი ისევე უნდა დაეხმაროს დღეს უკრაინას, როგორც 10 წლის წინათ გერმანია ეხმარებოდა თავად პოლონეთს.

დღეს პოლონეთი NATO-ს წევრია და თუმცა უკრაინის NATO-ში გაწევრიანება სულაც არ არის უახლოესი პერსპექტივის საკითხი (რაც მისი კორუმპირებული ხელისუფლების ბრალია), ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყანასთან უკრაინის თანამშრომლობა ბევრ კითხვას სცემს პასუხს. „NATO-ს გაფართოების მიზანია, კარგი ფსიქოლოგიური კლიმატი შევუქმნათ ალიანსის ახალ თუ შესაძლო წევრებს, რათა მათ აღარ ჰქონდეთ რუსეთის პანიკური შიში“, – ეს ძალიან მკაფიოდ ითქვა დასავლელი ექსპერტების მხრიდან.

ამ აზრით აშკარაა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადამეტებულად აფასებენ „დათბობას“ რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობაში. ანუ შანსი იმისა, რომ დასავლეთი „გაყიდის“ უკრაინას თუ საქართველოს რუსეთის მხარდაჭერის სანაცვლოდ, თითქმის ნულის ტოლია. დასავლეთს სჭირდება ძლიერი პარტნიორები, ხოლო რუსეთის სივრცეში დარჩენილი უკრაინა თუ საქართველო ასეთი ნამდვილად ვერ იქნება.

 

„რეზონანსი“, 2001 წლის 16 ოქტომბერი

ჩანაწერი აღებულია ზურაბ ჭიაბერაშვილის წიგნიდან „დამოუკიდებელი საქართველო ვარდების რევოლუციამდე“.

 

[i] კონფერენციაში მონაწილეობისათვის გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდი გაერთიანებული სამეფოს საელჩოს საქართველოში.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin