"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

მშვიდობა და ომი ტაივანში

მშვიდობა და ომი ტაივანში

იქნება თუ არა ომი ჩინეთსა და ტაივანს შორის, იქნება თუ არა მშვიდობა და განვითარება ტაივანში, ნამდვილად არ იფარგლება მხოლოდ ჩინეთისა და ტაივანის ურთიერთობების გარკვევით. ვჩქარობ დაგამშვიდოთ, რომ ხვალ, ზეგ, მომავალ ან იმის შემდეგ წელს, ძალიან მაღალი ალბათობით, ჩინეთი არ გადაწყვეტს ტაივანის დაპყრობას. თუმცა…

ის, რაც ხდებოდა ბოლო ორი კვირის მანძილზე, ის, რაც ისმოდა ცისქვეშეთის კანცელარიიდან ამ დღეების განმავლობაში, ნამდვილად არ ჰგავდა გასულ წლებს და ნამდვილად არ აძლევდა მშვიდად სმენისა და ცქერის საბაბს არც ტაივანის ხელისუფლებას და არც დანარჩენ მსოფლიოს.

ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში ამდენი ჩინური თვითმფრინავი  ათწლეულების მანძილზე არ გამოჩენილა. ათეულობით ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავი სერავდა საიდენტიფიკაციო ზონის საჰაერო არეალს. ეს არ იყო ტაივანის საჰაერო სივრცეში შეჭრა; ეს არ იყო ტაივანის დაპყრობის ოფიციალური აქტი, მაგრამ ეს იყო აღქმული ტაივანშიც და დემოკრატიულ სამყაროშიც, როგორც სერიოზული გაფრთხილება სამომავლო გეგმის რეალიზებასთან დაკავშირებით.

ტაივანის თავდაცვის მინისტრმა ჩიუ კუო-ჩენმა, რომელსაც სამუშაო და სანერვიულო ნამდვილად არ აკლდა გასული ორი კვირის განმავლობაში, ღიად განაცხადა, რომ 2025 წლისთვის ჩინეთი მზად იქნება ტაივანზე თავდასხმისთვის. ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი, რა თქმა უნდა, აცხადებს, რომ ჩინეთს თავს არ დაუხრის, არ დანებდება და იბრძოლებს ბოლომდე, თუმცა ჩინეთის სამხედრო პოტენციალის ზრდა ნამდვილად არ აძლევს სიმშვიდის საფუძველს არც ტაივანის ხელისუფლებას და, ცხადია, არც დემოკრატიულ თანამეგობრობას.

სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტების შეფასებით, მუქარების დემონსტრირება, განცხადებებისა და მით უმეტეს ქმედებების სახით, რომელთაც ჩინეთი ათწლეულებია, ტაივანთან მიმართებით ახორციელებს, სულ უფრო მკაფიოს ხდის  ჩინეთის კომუნისტური პარტიის გეგმებს. მაგალითად, ჩინეთი ყოველწლიურად, მიზანმიმართულად, ანუ კონკრეტული სახეობებისა და საშუალებების გაძლიერების მიმართულებით ზრდის სამხედრო ხარჯებს. 2020-ში Stockholm International Peace Research Institute SIPRI-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩინეთმა სამხედრო ხარჯებისთვის 272 მილიარდი დოლარი გამოყო. ეს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება აშშ-ის 776 მილიარდ დოლარს, მაგრამ ხარჯები, რომლებიც ძალიან კონკრეტული მიმართულებით იზრდებოდა წლების მანძილზე, ბევრზე მეტყველებს. სულ ცოტა ხნის წინ გამართული სამხედრო წვრთნების სცენარიც ძალიან კონკრეტული იყო, რომლის მიხედვით წითლები, ანუ ჩინური სცენარით კარგები, ათავისუფლებენ კუნძულს ლურჯებისგან, ანუ ბოროტებისგან, ანუ ამერიკელებისგან. რა თქმა უნდა, ჩინური პროპაგანდის მანქანა ასევე მოწოდების სიმაღლეზე იყო ამ დღეების განმავლობაში. ჩინეთის სამხედრო მაღალჩინოსნები პირდაპირ ეთერში ღიად განიხილავდნენ ჩინეთის ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლირებულ მედიასაშუალებებში,  შეიჭრება თუ არა ამერიკა ტაივანში. ეს ყველაფერი არის მოდელირება დღეს, ხვალ და უახლოესი ერთი-ორი წლის განმავლობაში; შეიძლება ეს პრობლემა ძალიან შორეულად მოეჩვენოს ბევრს, ვინც რეგიონში არ ცხოვრობს და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს თვალყურს ნაკლებად ადევნებს, მაგრამ  ტაივანის თავდაცვის მინისტრისთვის, ტაივანის ხელისუფლებისთვის (და არც ჩვენთვის) ეს არ არის მხოლოდ პროპაგანდა; ეს არ არის მხოლოდ დაშინების მცდელობა. ამდენად, მისი განცხადება, რომ ჩინეთი ტაივანში 2025 წელს აუცილებლად შეიჭრება, ჩემი აზრით, ნამდვილად არ უნდა იყოს განხილული, როგორც მხოლოდ გამაფრთხილებელი და მსგავსი მისი წინამორბედების განგაშის ზარების.

თუკი ვინმე  არ აღიქვამდა და არც მომავალში აღიქვამს მოდელირებულ საფრთხედ ჩინეთის ხელისუფლების განცხადებებსა და ქმედებებს, პირველ რიგში ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა არათუ არ გადაუხვია მისი წინამორბედის გენერალურ ხაზს ჩინეთთან მიმართებით, არამედ კიდევ უფრო მკაფიო გახადა ამ მხრივ აშშ-ის ხედვა და სტრატეგია. აშშ-ის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელის მარკ მაილის განცხადებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მას ჰქონდა კომუნიკაცია ჩინელ კოლეგასთან და ის ჩინეთთან ბირთვული ომის აცილებაზე ზრუნავდა. მადლობა ღმერთს, საფრთხე თავიდან აცილებულ იქნა, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ცხადყოფს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მთავარ ფოკუსს უახლოესი წლების მანძილზე აუცილებლად ჩინეთზე გააკეთებს და, რა თქმა უნდა, სამხედრო შესაძლებლობათა კონცენტრირებას აუცილებლად ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში მოახდენს.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა, მისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით და სტრატეგიული შორსმხედველობით კი განაცხადა, რომ ტაივანთან გაერთიანება, ანუ სამართლებრივად და პოლიტიკურად სრული კონტროლის დამყარება აუცილებლად უნდა მოხდეს, და მოხდეს მშვიდობიანად. ტაიპეის პეკინის „არც ცრემლების სჯერა“  და არც თავისუფლების დათმობას აპირებს. ჩვენც გვაქვს ყველა საფუძველი, რომ არ დავიჯეროთ, ვინაიდან ძალიან ბევრი ფაქტი სცენარის სწორედ ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობაზე მეტყველებს.

რას იზამს ამერიკა და ზოგადად დასავლური სამყარო? პირდაპირ პარალელების გავლება არ იქნება სწორი, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თავისუფალ ჰონგ-კონგზე ოფიციალური პეკინის მიერ სრული კონტროლის დამყარება და ამ პროცესში დემოკრატიული თანამეგობრობის ინერტულობა სარკისებურად არ გამეორდება ტაივანთან მიმართებით. ამ შემთხვევაში ზუსტადაც რომ საერთაშორისო თანამეგობრობის  ოპოზიციონერობას ვგულისხმობ, თორემ 24-მილიონიანი ტაივანი რომ ბოლომდე ბრძოლას აპირებს, რომ ამ წლების განმავლობაში თავდაცვითი საშუალებების ხარისხობრივ გაუმჯობესებას გეგმავს და მასზე შესაძლო თავდასხმას ტაიპეი რომ პეკინს ძალიან ძვირად დაუჯენს, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

იმედი ვიქონიოთ, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ახლო მომავალში კრიტიკულიდან ნორმალურ საფეხურზე გადაინაცვლებს, რაც საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას და, მე ვიტყოდი, მთელ მსოფლიოს, ოდნავ მაინც მშვიდად ამოისუნთქოს, სულ მცირე, ტაივანის სრუტის მიმართულებით. პრეზიდენტ ბაიდენს უკვე ჰქონდა ვირტუალური კომუნიკაცია ჩინელ კოლეგასთან და განწყობითაც ნამდვილად არ არის განწყობილი ჩინეთთან ცივი თუ ცხელი ომისთვის, მაგრამ…

თუ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ, უფრო ზუსტად ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ და კიდევ უფრო ზუსტად ჩინეთის პრეზიდენტმა მაინც გადაწყვიტა ტაივანის ნებისმიერი საშუალებით და გზით დაბრუნება, ტაივანი უსისხლოდ ნამდვილად არ დანებდება; ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის ჩაბარება-გადაბარების აქტის გაფორმება არც საათებში მოხდება, არც დღეებში და არც ნებისმიერ ვადებსა და პირობებში. ამ შემთხვევაში, ოფიციალურ ვაშინგტონს და მასთან ერთად ბრიუსელს, ლონდონს, ბერლინსა თუ პარიზს მოუწევს პრინციპული გადაწყვეტილების მიღება.

მომავალ წელს ჩინეთის პრეზიდენტს ისევ აირჩევენ. ძალიან მაღალი ალბათობით პრეზიდენტი ისევ სი ძინ პინი იქნება. რა გადაწყვეტილებებს მიიღებს მომავალში სი ძინ პინი, რთული სათქმელია, თუმცა გლობალურ საერთაშორისო საექსპერტო სამყაროში კითხვა ტაივანზე ჩინეთის თავდასხმასთან დაკავშირებით დგას არა ფორმულირებით, მოხდება თუ არა, არამედ – როდის მოხდება. ასე რომ, მსოფლიო ნამდვილად უნდა ემზადოს ცხელი დღეებისთვის ტაივანის სრუტეში, და არა მხოლოდ.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin