Forbes Georgia
დემოკრატიის რეიტინგში საქართველო 4 ადგილით ჩამოქვეითდა

8 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დემოკრატიის ინდექსში საქართველო 98-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
დემოკრატიის დონის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი Economist Intelligence Unit-ის მიერ მომზადებული დემოკრატიის ინდექსით დგება. Economist Intelligence Unit-ი გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, The Economist-ის კვლევითი და ანალიტიკური განყოფილებაა.
დემოკრატიის ინდექსი 2006 წლიდან ქვეყნდება. 2025 წლის დემოკრატიის ინდექსმა 165 ქვეყანა მოიცვა.
დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობის, პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო თავისუფლების მიხედვით არის განსაზღვრული. აღნიშნული 5 კომპონენტი 60 კითხვას მოიცავს. აღნიშნულ 60 კითხვაზე პასუხები საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით დგინდება.
ინდექსში დემოკრატიის მაქსიმალური ქულა 10-ია, ხოლო მინიმალური – 0. კვლევის შედეგად ქვეყნები 4 ჯგუფად იყოფიან: სრულად დემოკრატიული (8-დან 10 ქულამდე), ხარვეზით დემოკრატიული (6-დან 8 ქულამდე), ჰიბრიდული რეჟიმები (4-დან 6 ქულამდე) და ავტორიტარული რეჟიმები (4 ქულამდე).
საქართველო დემოკრატიის ინდექსში
2026 წლის 8 აპრილს დემოკრატიის ინდექსის ახალი კვლევა გამოქვეყნდა. შესაბამისად, შეიცვალა ქვეყნების რეიტინგი დემოკრატიის დონის მიხედვით. ახალი კვლევით, საქართველოს 4.36 ქულა აქვს და დემოკრატიის დონით მსოფლიოში 98-ე ადგილზეა, სიერა-ლეონესა და უგანდას შორის. საქართველოს ასეთი დაბალი ქულა არასდროს ჰქონია. ახალი ინდექსი 2025 წლის მდგომარეობას ასახავს.
2024 წელს საქართველოს 4.70 ქულა ჰქონდა, ანუ საქართველოს ქულა 0.34-ით შემცირდა. საქართველო იმ 4 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელთა ქულაც ყველაზე მეტად შემცირდა, ანუ დემოკრატიაში ყველაზე დიდი უკუსვლა განიცადეს. ეს ქვეყნებია გვინეა-ბისაუ, ნეპალი და პაკისტანი. ქულის შემცირების გამო, რეიტინგში 4 საფეხურით ჩამოქვეითდა, 94-იდან 98-ეზე.
2024-2025 წლებში საქართველოს ქულა 0.85-ით შემცირდა და რეიტინგში 9 საფეხურით ჩამოქვეითდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ქულის კლების მთავარი მიზეზი მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებია, მათ შორის, პოლიტიკოსების დაპატიმრება და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეზღუდვა.
დემოკრატიის ინდექსში საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა – 5.95 – 2013 წელს ჰქონდა და რეიტინგში 78-ე ადგილი ეკავა. 2013 წლის შედარებით მაღალი რეიტინგი 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებით იყო განპირობებული. 2018 წელს საქართველოს ქულა მკვეთრად შემცირდა, 0.43-ით და 10 საფეხურით ჩამოქვეითდა, 79-ე ადგილიდან 89-ე ადგილამდე. დემოკრატიის დონის ასეთი მკვეთრი ვარდნის მიზეზი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკაზე დიდი გავლენა და ასევე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჩარევა იყო, როდესაც მთავრობა 600,000 მოქალაქეს ვალების ჩამოწერას დაჰპირდა. საქართველოს დემოკრატიის ქულის კლება 2019-2021 წლებშიც გაგრძელდა. 2022 წელს კი მცირედით გაუმჯობესდა და შემდეგ ისევ კლება დაიწყო.
საქართველო თანდათან ავტორიტარული ქვეყნების ჯგუფს უახლოვდება, ამჟამად კი ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნად ითვლება.
Economist Intelligence Unit-ი ჰიბრიდულ რეჟიმს შემდეგნაირად განმარტავს: არჩევნები ტარდება ხარვეზებით, რაც აფერხებს არჩევნების თავისუფლებასა და სამართლიანობას. მთავრობის მხრიდან ზეწოლაა ოპოზიციაზე. სერიოზული სისუსტეებია პოლიტიკურ კულტურასა და მთავრობის მუშაობაში. გავრცელებულია კორუფცია და კანონის უზენაესობა სუსტია. სამოქალაქო საზოგადოება სუსტია. ადგილი აქვს ჟურნალისტების შევიწროებას და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.
საქართველოს პოზიცია დემოკრატიის ინდექსში

საქართველოს ქულა დემოკრატიის ინდექსში

ყველაზე მაღალი დემოკრატიის დონის მქონე ქვეყნები
დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა ნორვეგიაა, რომელსაც 10-დან 9.81 ქულა აქვს. ნორვეგიას საარჩევნო პროცესსა და პლურალიზმში, პოლიტიკაში მონაწილეობასა და პოლიტიკურ კულტურაში მაქსიმალური 10-10 ქულა აქვს. მეორე ადგილზეა ახალი ზელანდიაა 9.62 ქულით.
საქართველოს მეზობლებიდან სომხეთი უსწრებს, რომელიც 83-ე ადგილზეა 5.35 ქულით. თურქეთი 102-ე ადგილზეა 4.26 ქულით, აზერბაიჯანი 126-ეზეა 2.80 ქულით, ხოლო რუსეთი 146-ეზეა 2.03 ქულით.
რეიტინგში ბოლო ადგილზე ავღანეთია 0.25 ქულით, შემდეგ მოდიან მიანმა და ჩრდილოეთი კორეა 0.96 და 1.08 ქულით.
დემოკრატიის დონით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა
| ქვეყანა | ქულა | |
| 1 | ნორვეგია | 9.81 |
| 2 | ახალი ზელანდია | 9.62 |
| 3 | დანია | 9.42 |
| 4 | ისლანდია | 9.38 |
| 5 | ფინეთი | 9.37 |
| 6 | შვედეთი | 9.35 |
| 7 | ირლანდია | 9.33 |
| 8 | შვეიცარია | 9.32 |
| 9 | კანადა | 9.08 |
| 10 | ლუქსემბურგი | 9.08 |
წყარო: Economist Intelligence Unit
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
