ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

დიდი ეკონომიკური რეალობა - კეინზიანიზმი

ირაკლი ლაითაძე - ბლოგი (1)

Long run is a misleading guide to current affairs.
In the long run we are all dead.

John Maynard Keynes

კემბრიჯი ალბათ რჩება მსოფლიოში ყველაზე გამორჩეულ უნივერსიტეტად, რადგან აქ ერთმანეთთან განუყოფლადაა  დაკავშირებული გამაოგნებელი სამეცნიერო მიღწევები, რვასაუკუნოვანი უწყვეტი სასწავლო და კვლევითი პროცესი, აკადემიური სოლიდურობა, უმშვენიერესი არქიტექტურა და თავისუფალი სული. სწორედ კემბრიჯის ქუჩებში ეხუტებოდა გამვლელებს სერ ჯონ კოქკროფტი შეძახილით: „ჩვენ გავხლიჩეთ ატომი!“. იქ, კემბრიჯში, ერთ მშვენიერ საღამოს, ფრენსის კრიკმა პაბ Eagle-ში გამოუცხადა ლუდისა და ვისკის მსმელ განცვიფრებულ პუბლიკას, რომ სწორედ ამ დღეს, მან და მისმა კოლეგებმა საბოლოოდ დაადგინეს დნმ-ის სტრუქტურა და იქვე, ქაღალდის ხელსახოცზე დახატა დნმ-ის  დღეს ყველასათვის ცნობილი ორმაგი სპირალი. თუ უნივერსიტეტის სულისკვეთება შეიძლება ერთ ადამიანში განსხეულდეს, მაშინ ეს კაცი ლორდი ჯონ მეინარდ კეინზია, დიდი ეკონომისტი და ერუდიტი, რომლის შრომებმა სამუდამოდ შეცვალა მსოფლიოს სხვადასხვა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური პრობლემების მისეული ხედვა კი დღესაც აქტუალურია. კაცი, ვის შესახებ თვით ბერტრან რასელმა დაწერა, რომ მასთან ყოველი დისკუსიის შემდეგ თავს ცოტა სულელად გრძნობდა. კეინზი იყო „ბლუმსბერი ჯგუფის“ წევრი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა დიდი ბრიტანეთის კულტურულ ცხოვრებაზე. როგორც დიდი ბრიტანეთის სამთავრობო დელეგაციის წევრი, კეინზი მონაწილეობდა ვერსალის სამშვიდობო მოლაპარაკებებში და დამარცხებული გერმანიისთვის მძიმე რეპარაციის დაკისრების წინააღმდეგი იყო. მისი აზრით, დიდი ეკონომიკური წნეხი გამოიწვევდა რევანშიზმს და რადიკალური ძალების გაძლიერებას (და ასეც მოხდა). კეინზმა პრაქტიკულად განჭვრიტა მეორე მსოფლიო ომის გარდაუვალობა (მშვიდობის ეკონომიკური შედეგები – The Economic Consequence of the Peace). როდესაც რეპარაციის საკითხი არ მოიხსნა, პროტესტის ნიშნად მან მოლაპარაკებები დატოვა. შემდგომში ჯონ მეინარდ კეინზი გახდება დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი და დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის (Bank of England) დირექტორი. კეინზი იყო ბრეტონ-ვუდსის სისტემის (საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი) ერთ-ერთი არქიტექტორი.

რა არის კეინზიანური ეკონომიკური პოლიტიკა? დასაწყისისთვის ვიტყვი, რომ კეინზის ფუნდამენტური ნაშრომი „დასაქმების, საპროცენტო განაკვეთისა და ფულის ზოგადი თეორია“ 1936 წელს გამოიცა. მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს უკვე ძალიან მოძველებული ნაშრომია და დღევანდელ პოსტინდუსტრიულ და ციფრულ ეკონომიკასთან მცირე რამ თუ აკავშირებს. სინამდვილეში კი კეინზიანური ეკონომიკური პოლიტიკა დღეს ისევე აქტუალურია, როგორც იყო გასული საუკუნის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ხოლო 2008 წლის შემდეგ კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მაგალითისთვის, აშშ-ის ამჟამინდელი და წინა ადმინისტრაციების კოვიდპაკეტები (რამაც  ჯამში შეადგინა კოლოსალური 5 მლრდ აშშ დოლარი, რაც აშშ-ის შიდა ერთიანი პროდუქტის 27%-ს უდრის!) არის კეინზიანური ჩარევა ეკონომიკის სტიმულირებისთვის. 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს აშშ-ის მთავრობის მოქმედება (700 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების Emergency Economic Stabilization Act, კოლოკვიალურად bank bailout) დიდი ბანკების კოლაფსიდან დახსნის მიზნით – ისევ და ისევ კეინზიანური პოლიტიკის დემონსტრირებაა და ასევე არის კეინზის აზრის დადასტურება, რომ საბაზრო (და არასაბაზრო) ძალებით შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს საბაზრო ძალები მარტო ვერ გაუმკლავდებიან. უფრო ლოკალურ დონეზე: კოვიდეპიდემიის დროს საქართველოს მთავრობის საგადასახადო შეღავათები თუ პირდაპირი დახმარებები ასევე კეინზიანური ეკონომიკის მაგალითია.

თავდაპირველად, კეინზი მძლავრი და ჩამოყალიბებული კლასიკური ლიბერალიზმის სკოლის მომხრე იყო, თუმცა ნელ-ნელა აზრი შეიცვალა და 1929-1933 წწ გლობალურმა დეპრესიამ საბოლოოდ მიიყვანა იქამდე, რასაც დღეს კეინზიანური ეკონომიკური პოლიტიკა ჰქვია. ჯიუტი ფაქტი იყო, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა მილიონობით ადამიანს დაუღალავი შრომით შექმნილი დოვლათი გაუნადგურა. ისინი გაღარიბდნენ არა იმის გამო, რომ პირადი ძალისხმევა დაიშურეს, არამედ ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა (უბრალოდ, შეუძლებელია) მათზე ზეაღმატებულ პათოლოგიურ მაკროეკონომიკურ პროცესებს. მიუხედავად თავისი მაღალი სოციალური მდგომარეობისა, ჯონ მეინარდ კეინზს ახსოვდა, რომ კრიზისების ამსახველი რიცხვებისა და მშრალი სტატისტიკური მონაცემების უკან კონკრეტული ადამიანების ტრაგედიები იმალებოდა. სწორედ ეს ტკივილია ასახული ბინგ ქროსბის (Bing Crosby) კლასიკად ქცეულ სიმღერაში: “Brother, Can You Spare a Dime”.

ეს საკითხი დღესაც ძალიან დრამატულია: თქვენ შეიძლება იყოთ კარგი ინჟინერი, ბუღალტერი, პროგრამისტი, ექიმი, ბიზნესმენი, ხელოსანი თუ ფერმერი, იმუშაოთ მრავალი წელი, მაგრამ მაკროეკონომიკურ დინამიკას ძალუძს თქვენი გაღატაკება.

კეინზიანური ეკონომიკური პოლიტიკა ეყრდნობა იმ აზრს, რომ მხოლოდ საბაზრო ძალები ეკონომიკას ვერც დეპრესიიდან გამოიყვანს, ვერც მაღალი ნიშნულის წონასწორობაში მოიყვანს და ასეთ შემთხვევაში, ამ ხარვეზის შესავსებად   მთავრობის კომპეტენტური ჩარევაა საჭირო. კეინზის სქემაში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ნაერთი მოთხოვნა (aggregated demand). ძალიან გამარტივებული სახით ეკონომიკური რეცესიის დინამიკა შემდეგია: რეცესია იწყება მაშინ, როდესაც საქონელსა და მომსახურებაზე ნაერთი მოთხოვნა ნაკლები ხდება მთლიან შემოსავალზე. თუ სხვაობის ზრდა არ გაჩერდება, რეცესია გადადის დეპრესიაში და შემდეგ კრიზისში. საქონელსა და სერვისზე მოთხოვნას ქმნის, პირველი – მოსახლეობა (households), რომელიც ყიდულობს საქონელს და სერვისს. მეორე – ბიზნესი, რომელიც აგრეთვე ყიდულობს საქონელსაც, მომსახურებასაც და პლუს აკეთებს ინვესტიციებს. სრულფასოვან ეკონომიკურ ეკვილიბრიუმში შეძენილი საქონლის, მომსახურებისა და ინვესტიციების ღირებულება უდრის წარმოებული საქონლისა და სერვისის ღირებულებას.  როდესაც ეს უკანასკნელი ნაკლებია პირველ კომპონენტზე, მაშინ იწყება რეცესია: რადგან მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას, შესაბამისად, მცირდება საქონლისა და სერვისის წარმოება, ამ უკანასკნელის შეკუმშვასთან ერთად მცირდება მოსახლეობისა და ბიზნესის შემოსავალი და მათი შენაძენი მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე ბაზარზე არსებული, უკვე ისედაც შემცირებული საქონლისა და სერვისის ღირებულება და იწყება დაღმავალი სპირალი. კეინზის დაშვებით, ყოველი გამომუშავებული გირვანქა სტერლინგიდან ადამიანი ხარჯავს მხოლოდ ნაწილს, ხოლო ნაწილს ზოგავს, ინახავს. ამას ჰქვია მოხმარების ზღვრული მიდრეკილება (Marginal Propensity to Consume, MPC) და ამ მედლის მეორე მხარეა დაზოგვის ზღვრული მიდრეკილება (Marginal Propensity to Save, MPS). მაგალითად, თქვენ გაქვთ 10 ლარი. 7 ლარად შეიძინეთ ნაყინი, ხოლო 3 ლარი დაზოგეთ. თქვენი MPC არის 0.7, ხოლო MPS შეადგენს 0.3-ს. კეინზი იყენებს მულტიპლიკატორის (Multiplier, MULTP) ცნებას (დაესესხა თავის კოლეგას, რიჩარდ კანს). მულტიპლიკატორი ასე გამოიყურება: MULTP = 1/(1-MPC) ან MULTP = 1/MPS. ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში, MPS უდრის 0.3-ს ანუ 1/0.3= 3.33 რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ფარგლებში დახარჯული ყოველი 100 ლარი მულტიპლიკატორის ეფექტით ეკონომიკას ზრდის 333 ლარით! რაც უფრო მაღალია MPC, მით უფრო იზრდება მულტიპლიკატორი ანუ ყოველ დახარჯულ ლარზე ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად იზრდება. სარკისებურად საწინააღმდეგო ხდება, თუ MPC მცირდება ანუ თუ მოსახლეობა და ბიზნესი ამცირებს ფულის ხარჯვას და ინვესტიციებს – ეკონომიკა ყოველ არდახარჯულ 100 ლარზე, ისევ და ისევ მულტიპლიკატორის ეფექტით, შეიკუმშება 333 ლარით. ზემოთ ვახსენეთ ხარჯვის შემცირების სპირალი, რომელსაც მივყავართ ეკონომიკური რეცესიისა და დეპრესიისკენ. ზუსტად ამ დროს გამოჰყავს კეინზს სცენაზე მთავრობა. სწორედ მთავრობა არის დაცვის უკანასკნელი ზღვარი, ის ერთადერთი ეკონომიკური აგენტი, რომელსაც შეუძლია და უნდა შეავსოს კიდეც ხარჯვის ეს დეფიციტი. ნაერთი მოთხოვნა უნდა გაიზარდოს ფისკალური სტიმულის (გადასახადების შემცირება) და/ან აქტიური მონეტარული პოლიტიკის (საპროცენტო განაკვეთის შემცირება) და/ან სამთავრობო პირდაპირი ხარჯვის გზით. ამ უკანასკნელში კეინზი არ გულისხმობდა არაპროდუქტიულ ხარჯვას (მაგალითად, ბიუროკრატიული აპარატის გაზრდას), არამედ საჯარო ფინანსების გამოყენებას ისეთ პროექტებში, რომლებიც რეცესიის შემდეგაც ფუნქციონირებას ათწლეულების განმავლობაში გააგრძელებდნენ (მაგალითად, სატრანსპორტო და ენერგოინფრასტრუქტურის მშენებლობა).

ჯონ მეინარდ კეინზი სკეპტიკურად უყურებდა მხოლოდ საბაზრო ძალების უნარს, მოეყვანა ეკონომიკა მაღალი ნიშნულის ეკვილიბრიუმში. ამ ფუნდამენტურ მიდგომას მომავალში არ გაიზიარებს არანაკლებ ფუნდამენტური მიდგომა – მონეტარიზმი, ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლა და მისი აპოლოგეტი, კეინზივით დიდი ეკონომისტი და ინტელექტუალი, მილტონ ფრიდმანი. ფრიდმანმა გაიარა ის გზა, რომლის შესახებაც თვითონ კეინზმა ერთხელ თქვა: „სირთულე არის არა ახალი იდეების შექმნა და განვითარება, არამედ ძველი იდეებიდან თავის დაღწევა“. სწორედ მილტონ ფრიდმანს და მონეტარიზმს დავუთმობთ შემდეგ ბლოგს.

გააზიარე