ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

დაყვავების პოლიტიკა - კრახი # 2

ლაითა2

          Those who cannot remember the past

                                                                                                   are condemned to repeat it.

                                                                                                                  George Santayana

                                                                            მათ, ვინც ვერ იმახსოვრებს წარსულს,

                                                                                       მისჯილი აქვთ მისი გამეორება.

                                                                                                                 ჯორჯ სანტაიანა

 

რამდენიმე დღის წინ შესრულდა ერთი წელი, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ უკრაინაში. ასეთი მასშტაბის ომი ევროპის კონტინენტზე არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ და მან XX საუკუნის 90-იანი წლების იუგოსლავიის სისხლით და სისასტიკით გამორჩეული ომებიც კი დაჩრდილა.

ის, რომ რუსეთი იმპერიული ამბიციებით შეპყრობილი აგრესორია, რომელიც არას დაგიდევთ ომის წარმოების კანონებს და მასობრივად სჩადის სამხედრო დანაშაულს და დანაშაულს კაცობრიობის წინაშე – ეს ცხადზე უცხადესია და არ გახლავთ წინამდებარე ბლოგის განხილვის საკითხი. ჩვენ გვაინტერესებს შემდეგი: რის გაკეთება შეეძლო დასავლეთ სამყაროს ამ ომის თავიდან აცილებისთვის, უფრო ზუსტად კი იმისთვის, რომ რუსეთს არც კი გასჩენოდა ომის დაწყების სურვილი? უპირველეს ყოვლისა, არ იქნებოდა ურიგო საკუთარი, ახლო ისტორიისთვის თვალის გადავლება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. ისტორია არ არის მხოლოდ პროფესორების ინტერესის საგანი, ხშირად ის იძლევა პასუხს და მეტიც, მზა სამოქმედო რეცეპტებსაც კი. მგონია, რომ დაყვავების პოლიტიკის ბრალია.

მაშ, გავიხსენოთ, რა ხდებოდა ევროპაში 30-იან წლებში და მერე შევადაროთ, თუ რა ხდებოდა ისევ ევროპაში XXI საუკუნის 10-იან წლებში: 1933 წელს გერმანიაში ძალაუფლებას იღებს ნაციონალ-სოციალისტური პარტია და ქვეყანაში მყარდება მეთოდურად სასტიკი და ზეაგრესიული ნაცისტური რეჟიმი. რას აკეთებენ ნაცისტები საგარეო პოლიტიკაში? ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ არღვევენ პირველი მსოფლიო ომის დამაგვირგვინებელ ვერსალის ხელშეკრულების პირობებს.

I დარღვევა: ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, გერმანიის არმია არ უნდა ყოფილიყო 100,000 კაცზე მეტი. ნაცისტებმა დაუფარავად გამოაცხადეს, რომ არმიაში (ვერმახტი) იქნებოდა 500,000 სამხედრო პირი (ამის შემდეგ ვერმახტი მხოლოდ იზრდებოდა).

II დარღვევა: გერმანიის არმია იკავებს გერმანული რურის რეგიონს (ქვანახშირისა და მეტალურგიის მსხვილი ცენტრი), რომელიც ზემოხსენებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, უნდა ყოფილიყო დემილიტარიზებული.

III დარღვევა: რბილი საერთაშორისო რეაქციის (განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის გაუბედაობის) ფონზე, ნაცისტების ყოველი შემდგომი ნაბიჯი უფრო თამამი და თავხედური ხდებოდა. რურის შემდეგ ხდება ავსტრიის შემოერთება, ცნობილი როგორც ავსტრიის ანშლუსი. არადა, გერმანია-ავსტრიის გაერთიანება ვერსალის ხელშეკრულებით ცალსახად აკრძალული იყო;

IV აგრესია: ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქი. ეს შემთხვევა უკვე ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევაც აღარ არის, ამიტომ დავარქვი აგრესია. ჩეხოსლოვაკიის გერმანიასთან მოსაზღვრე რეგიონი, სუდეტი, დიდწილად გერმანელებით იყო დასახლებული. ნაცისტური გერმანიის წაქეზებით, სუდეტელმა გერმანელებმა ავტონომია მოითხოვეს. შემდეგ მოხდა ავტონომიის მოთხოვნის ესკალაცია და დაისვა სუდეტის ოლქის გერმანიასთან მიერთების საკითხი. 1938 წლის სექტემბრის მიუნხენის კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია, გადაწყდა სუდეტის ოლქის გერმანიისთვის გადაცემა. საინტერესოა, რომ კონფერენციაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს თვითონ ჩეხოსლოვაკიის მთავრობას. ჩემბერლენი ბრუნდება ლონდონში და არსებობს ცნობილი ფოტო, სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აეროპორტში აფრიალებს ხელმოწერილ დოკუმენტს და ამბობს, რომ მან ჩამოიტანა მშვიდობა. ეს მშვიდობა გაგრძელდა მხოლოდ რამდენიმე თვე;

V აგრესია: 1939 წლის მარტში ვერმახტი შედის და იკავებს ჩეხოსლოვაკიას (ტერიტორიის ნაწილს უთმობს უნგრეთსა და პოლონეთს). ნაცისტები გამოაცხადებენ ბოჰემიისა და მორავიის პროტექტორატს. ამით სრულდება ჩეხეთის ნაწილის სრული ოკუპაცია, ხოლო სლოვაკეთში იქმნება მარიონეტული რეჟიმი;

VI აგრესია: 1939 წელს იწყება გერმანიის პრეტენზიები პორტ დანციგის (ამჟამად გდანსკის) მიმართ და სატრანსპორტო დერეფნის გაჭრის შესახებ პოლონეთის ტერიტორიაზე. პოლონეთის უარის შედეგად, 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანიის შეიარაღებული ძალები შედიან პოლონეთში, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უცხადებენ ომს გერმანიას. იწყება მეორე მსოფლიო ომი;

VII აქტი: მომდევნო 10 თვის განმავლობაში, დასავლეთის ფრონტზე რეალურად მცირე დაპირისპირება იყო ერთი მხრივ, გერმანიის არმიასა და, მეორე მხრივ, საფრანგეთის არმიასა და დიდი ბრიტანეთის საექსპედიციო კორპუსს შორის. ისტორიაში ეს დაპირისპირება შესულია „უცნაური ომის“ და „ყალბი ომის“ სახელით. „უცნაური ომი“ დამთავრდება 1940 წლის 10 მაისს, როდესაც ვერმახტი თავისი გამანადგურებელი სიმძიმით შემოუტრიალდება საფრანგეთისა და ბრიტანეთის არმიებს და ჩაყრის ჩრდილოეთის ზღვაში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის – რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ გლობალური გავლენა – 30-იანი წლების საგარეო პოლიტიკას ნაცისტური გერმანიის მიმართ შემდგომში დაერქვა დაყვავების პოლიტიკა. ეს პოლიტიკა ითვალისწინებდა აგრესორთან მაქსიმალურ დათმობებზე წასვლას და ღია კონფრონტაციის თავიდან აცილებას იმის იმედით, რომ აგრესორი რაღაც ეტაპზე დაკმაყოფილდებოდა. ჩემი აზრით, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს თავიდანვე, ვერსალის ხელშეკრულების პირველი დარღვევისთანავე (არმიის რაოდენობის ზრდა) რომ დაეჭირათ ხისტი მიდგომა (და აშშ-ც გამოსულიყო ფრთხილი პოზიციიდან), მაშინ თავიდან აცილებული იქნებოდა მეორე მსოფლიო ომი. გერმანია ვერ გაბედავდა უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმას (მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რურის რეგიონში შესვლის წინ, გერმანულ გენერალიტეტს ჰქონდა მითითება, რომ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ვერმახტი უკან უნდა მიბრუნებულიყო).

ახლა ვნახოთ, რა ხდებოდა უახლოეს წარსულში რუსეთთან დაკავშირებით. ცხინვალის პირველ (1990-92 წწ) და აფხაზეთის ომებში (1992-93 წწ) ჩარევა რუსეთს უპრობლემოდ შერჩა. კარგი, დავუშვათ, რომ იმ დროს დასავლეთი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი იყო, თუ რა პოლიტიკა უნდა გაეტარებინა რუსეთთან პლუს ჩვენი ომები გადაფარა იუგოსლავიის ომებმა. მაგრამ რა ვუყოთ რუსეთის ომს საქართველოსთან 2008 წელს? ყირიმის ოკუპაციას 2014 წელს? 2014-15 წწ დაწყებულ ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპაციას? მშვიდობიანი მგზავრებით სავსე ნიდერლანდური თვითმფრინავის ჩამოგდებას? შუა ლონდონში კაცის მოწამვლას პოლონიუმით (ეს ხომ შეფარული მუქარაა – ანუ, თუ საჭიროდ ჩათვლის, ხვალ შეუძლია პოლონიუმით დააბინძუროს ლონდონის ქუჩებიც)? ყოველივე ზემოთ ხსენებულმა აგრესიულმა აქტმა, რომელიც უფრო და უფრო თავხედური ხდებოდა, რუსეთისთვის ძალიან ნაკლებად დამაზიანებელი ეკონომიკური სანქციების ფონზე ჩაიარა. ეს ყველაფერი გაგრძელდა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრა. რუსეთს, 2008 წლის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის საპასუხოდ რომ მიეღო ამჟამად არსებული ეკონომიკური სანქციების 1/3-იც კი, ჩემი აზრით, საქმე არათუ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომამდე, ყირიმისა და დონეცკ-ლუგანსკის ოკუპაციამდეც არ მივიდოდა.

იყო დასავლეთის პოზიცია რუსეთის მიმართ დაყვავების პოლიტიკა # 2? მგონი, რომ კი. მსგავსად დაყვავების პოლიტიკა # 1-ისა, დასრულდა დაყვავების პოლიტიკა # 2 კრახით? მგონი, რომ კი.

სავარაუდოდ, არ ჭრის აგრესორებთან დაყვავების პოლიტიკა. სამწუხაროდ, მათ ალბათ მხოლოდ მათთვის გასაგები ენა ესმით: ძალის და ზეწოლის ენა. რუსებისვე ანდაზის არ იყოს: „С волками жить – по волчьи выть“ (თუ მგლებთან ცხოვრობ, მგლურად უნდა იყმუვლო).

PS. სპორტშიც კი მსგავსება იყო. გერმანიას მისცეს უფლება, 1936 წელს ჩაეტარებინა ოლიმპიური თამაშები, ისევე როგორც რუსეთს მისცეს უფლება, ჩაეტარებინა არა მხოლოდ ოლიმპიური თამაშები 2014 წელს, არამედ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთშიც 2018 წელს. ნურავინ იტყვის, რომ დიდი სპორტი და პოლიტიკა არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული: ამის დასადასტურებლად აპართეიდული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ოლიმპიური თამაშებიდან 24-წლიანი ბლოკირების მაგალითიც საკმარისია.

გააზიარე