"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ძველი ახალი სი!

პეტრიაშვილი2 (1)

მართალია, მთელი მსოფლიოს ყურადღება კვლავინდებურად კონცენტრირებულია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიაზე და მასთან უკრაინის წარმატებულ ბრძოლაზე, მაგრამ გასული კვირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა და 69 წლის სი ძინპინის ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით არჩევა წარმოადგენდა. მაო ძედუნის შემდეგ სი ძინპინი ჩინეთის პირველი ლიდერია, რომელიც ორი 5-წლიანი ვადის დასრულების მერე კვლავ აირჩიეს კომუნისტური პარტიის და, შესაბამისად, ქვეყნის ლიდერად. მისი წინამორბედი ჰუ ძინტაო, რომელმაც პირნათლად შეასრულა დაუწერელი პირობა და 10-წლიანი მმართველობის შემდეგ წავიდა თანამდებობიდან, ყრილობის მიმდინარეობის დროს, ფაქტობრივად, ძალით გაიყვანეს დარბაზიდან. სხვადასხვა ვერსიის თანახმად, ჰუ ძინტაო ან შეუძლოდ გახდა, ან რაიმეს თქმას აპირებდა, რაც არ მოეწონა სი ძინპინს და ორი პირის თანხლებით იძულებული იყო, გასულიყო დარბაზიდან. თავისთავად ამ ფაქტმა და გაყვანის კადრებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, მაგრამ მას სხვა თვალსაზრისითაც ჰქონდა დამატებითი დატვირთვა.

ამ დრომდე ჩინეთის კომუნისტური პარტია წარმოადგენდა გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფების და ლიდერების ერთიანობას. 205-კაციან ცენტრალურ კომიტეტში, 25-კაციან პოლიტბიუროსა და 7-კაციან მუდმივმოქმედ კომიტეტში გუშინდლამდე შედიოდნენ მძიმეწონოსანი პარტიული ბოსები, რომლებსაც ჰქონდათ თავიანთი ავტორიტეტი და მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მე-20 ყრილობაზე ვითარება შეიცვალა. ძველი სი მოგვევლინა გავლენის სრულიად ახალი სიმაღლეებიდან. კერძოდ, სიმ ფაქტობრივად პარტიის ყველა ხელმძღვანელი რგოლი მისდამი ერთგული პარტიული ლიდერებით დააკომპლექტა. თუკი ჰუ ძინტაო იძულებით ან საკუთარი ნებით იქნა დარბაზიდან გაყვანილი, ყრილობას საერთოდ არ ესწრებოდა 67 წლის პრემიერ-მინისტრი ლი ქეციანი, რომელსაც ასაკობრივად კიდევ 2 წელი შეეძლო 7-ეულში ყოფნა, მაგრამ ის არ ან ვერ დარჩა ბოსების ბოსებს შორის. ლი ქეციანი თანამდებობიდან მომავალი წლის მარტში გადადგება და, სავარაუდოდ, მის ადგილს შანხაის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, 65 წლის ლი ციანი დაიკავებს. ლი ციანი სი ძინპინის შემდეგ მეორე კაცი იყო ყველაზე გავლენიანი 7-ეულის შემადგენლობიდან, ვინც 23 ოქტომბერს წარდგა მედიის წინაშე. როგორც ამბობენ, ლი ციანის მთავარი დამსახურება სი ძინპინისადმი ერთგულებაა, თორემ მისი ხელმძღვანელობით შანხაი პანდემიასთან გამკლავების მხრივ ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. 7-ეულში, თავად სი ძინპინის გარდა მხოლოდ ორი ძველი სახეა – ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი ჟაო ლეჟი და პოლიტიკური იდეოლოგი უანგ ჰუნინგი, დანარჩენი ოთხი კი ახალი კანდიდატურებია. ამ უკანასკნელთა შორის არის პეკინის მერიც, ცაი ქი, რომელმაც თავი ზამთრის ოლიმპიადის წარმატებით გამოიჩინა, თუმცა აქაც მთავარი მაინც მისი სი ძინპინისადმი ურყევი ერთგულებაა. პოლიტბიუროს 25-კაციანი შემადგენლობა ერთით შემცირდა. მას გამოაკლდა ერთადერთი ქალი – ვიცე-პრემიერი სუნ ჩუნლანი. როგორც ჩანს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ბოსებმა მათ შორის ერთი ქალის ყოფნაც კი ვერ იგუეს. სი ძინპინმა ასევე შეინარჩუნა სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიც, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთის სახალხო არმია კვლავ მის ერთპიროვნულ დაქვემდებარებაში იქნება. საკადრო საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ ამ ყრილობაზე არ გამოკვეთილა სი ძინპინის მემკვიდრის კანდიდატურა. როგორც ჩანს, ფაქტობრივ იმპერატორ სის მემკვიდრე ჯერჯერობით არაფერში სჭირდება!

2300 დელეგატისგან შემდგარი ყრილობა 16 ოქტომბერს სი ძინპინის გამოსვლით გაიხსნა. ჩინეთის პრეზიდენტმა, განსხვავებით 5 წლის წინ მშვიდობასა და განვითარებაზე გაკეთებული განცხადებებისგან, გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრა. თავდაპირველად სიმ გასული 5 წელი შეაფასა. მისი თქმით, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ჰონგ-კონგში წესრიგის დამყარების კუთხით, პანდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით და ტაივანთან მიმართებით გამოვლენილი პრინციპულობით.  აგრეთვე, მან ყურადღება გაამახვილა ჩინეთის თვითკმარობის აუცილებლობაზე, განსაკუთრებით მეცნიერებისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით, ხაზი გაუსვა ეკონომიკური რეფორმებისა და განვითარების მნიშვნელობას და პირობა დადო, რომ ჩინეთის სახალხო არმია უახლოეს მომავალში გახდება მსოფლიო კლასის სამხედრო ძალა სუპერთანამედროვე შეიარაღებით და მომზადების დონით.

განსაკუთრებით საყურადღებო იყო სი ძინპინის გამონათქვამები ტაივანთან მიმართებით. მართალია, მას პირდაპირ არ უთქვამს, რომ აუცილებლად ძალით დააბრუნებს ტაივანს ერთიანი ჩინეთის შემადგენლობაში, მაგრამ არც ეს ვარიანტი გამოურიცხავს. სი ძინპინის აზრით, ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს ტაივანთან მშვიდობიანი გზით გაერთიანებისთვის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში არც ძალისმიერი ფორმებით მიზნის მიღწევა არის დღის წესრიგიდან მოხსნილი. მართალია, ამერიკულ პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში ეს განცხადებები შეფასდა, როგორც ჩინეთის ტაივანთან სამხედრო კონფლიქტის დაჩქარების გაზრდილი საფრთხე, მაგრამ ექსპერტთა წრეებში მაინც მიიჩნევენ, რომ 2027 წლამდე სამხედრო დაპირისპირების რისკები მაინც ჯერ კიდევ დაბალი რჩება. ცხადია, ჩინეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. თავის სიტყვაში სი ძინპინმა თავი აარიდა ამ ომზე პირდაპირ საუბარს, თუმცა აღნიშნა, რომ მსოფლიოში საკმაოდ რთული ვითარებაა და ახალი გარემოებები ზეგავლენას ახდენს მსოფლიო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ჩინეთი გარკვეული დროით თავს შეიკავებს ტაივანის სამხედრო მოქმედებების დაწყებისგან, რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რომელშიც ამჟამად მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა იმყოფება. 18 ტრილიონი დოლარის მთლიანი შიდა პროდუქტის მქონე ქვეყანას პანდემიის შემდეგ, 2021 წელს ჯერ კიდევ ჰქონდა 8.1%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, მაგრამ წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 3.2%-ს არ აღემატება (ბოლო 46 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია). სხვა მონაცემები კიდევ უფრო პესიმისტურია და 2%-ს მცირედით აჭარბებს. ექსპერტების შეფასებით, გასული 10 წლის განმავლობაში ჩინეთის კოლოსალური ეკონომიკური ზრდა არა თავად სი ძინპინის, არამედ მისი წინამორბედების სწორად გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის და წარმატებული რეფორმების შედეგია, ხოლო სიმ, პირიქით, პრობლემები შექმნა, მაგალითად ტექნოლოგიურ გიგანტებზე „ალიბაბა“-სა და „თენსენტ“-ზე იერიშის მიტანით. მათი აქციები კატასტროფულად გაუფასურდა, ისევე როგორც დამძიმდა მდგომაროება დეველოპერულ სექტორში და პრობლემები შეიქმნა ჩინურ ბანკებში ანაბრებთან დაკავშირებით. ცხადია, ეკონომიკური პრობლემების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს პანდემია და მასთან ბრძოლის უაღრესად ხისტი მეთოდები წარმოადგენს. ჩინეთის მოსახლეობას ჰქონდა კიდეც გარკვეული მოლოდინი, რომ პარტიის ყრილობაზე მიღებულ იქნებოდა გადაწყვეტილება პანდემიასთან ბრძოლით გამოწვეული მკაცრი შეზღუდვების ნაწილის მოხსნასთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი ამდაგვარი არ მოხდა, ისევე როგორც ახლო მომავალში არ გადაიხედება პარტიის მარქსისტული იდეოლოგია. ეკონომისტების აზრით, სი ძინპინს თუ სურს, რომ რეალურად გამოასწოროს ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, მან გარკვეული ნაბიჯები სწრაფად უნდა გადადგას ბიზნესის თავისუფლების მიმართულებით. თუმცა ერთია რჩევები და მოსაზრებები და მეორეა, რას ფიქრობს სი, რომელმაც სერიოზული გზა განვლო აბსოლუტური ძალაუფლების მოსაპოვებლად და სულაც არ ფიქრობს ახლო მომავალში სადავეების ხელიდან გაშვებას.

გააზიარე