"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ისევ ისრაელი! ისევ არჩევნები! ისევ ბიბი?!

პეტრიაშვილი2 (2)

გაგიკვირდებათ და, ხვალ ისრაელში ისევ არჩევნებია! ოთხ წელიწადში მეხუთე არჩევნები – სერიოზული მაჩვენებელია! ზაფხულში ისრაელიდან ჩამოსულ დიპლომატებს ვხვდებოდით. ვმსჯელობდით, როგორი საქართველო გვინდა ჩვენ და რა შეიძლება, გადავიღოთ ისრაელისგან. სრული თანხვდენა და ურთიერთგაგება გვქონდა. მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდიოდა, ვიდრე კოალიციურ მთავრობას ვახსენებდით. ასე რომ, კოალიციური მთავრობის იდეა ვისაც არ მოგწონთ, იცოდეთ, რომ თქვენ აუცილებლად იპოვით მონათესავე სულებს აღთქმულ მიწაზე!

ნეტავ სხვა ყველაფერში ოდნავ მაინც ვგავდეთ ისრაელს, მაგალითად, თავდაცვასა და უსაფრთხოებაში, ბიზნესისა და ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ტემპებში, ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებასა და დემოკრატიის ხარისხში და, კი ბატონო, ყაბულს ვარ, ოთხ წელიწადში ხუთი არჩევნების ჩატარებაზე! (ისე, ცნობისთვის: წლევანდელი წლის გამოკლებით, ჩვენც ყოველ წელს არჩევნები გვქონდა)

მოკლედ, ასეა თუ ისე, ხვალ ისევ არჩევნებია ქნესეთში. აბა, გამოიცანით, ვინ ლიდერობს ყველა გამოკითხვაში? დიახ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ, იგივე ბიბი ნეთანიაჰუ და მისი პარტია „ლიქუდი“. მაღალი ალბათობით, 120-ადგილიან პარლამენტში მოპოვებული ადგილების რაოდენობით პირველ ადგილს სწორედ ნეთანიაჰუს მემარჯვენე „ლიქუდი“ მოიპოვებს. სხვადასხვა კვლევის თანახმად, მან შესაძლოა, 30-31 მანდატის აღება შეძლოს. ცხადია, ეს არ არის საკმარისი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად (ქნესეთში 120 წევრია, მთავრობის ჩამოყალიბებას კი 61 მანდატი სჭირდება), მაგრამ მას ექნება უპირატესობა, სავარაუდოდ, მეორე ადგილზე გასული მოქმედი პრემიერ-მინისტრის იაირ ლაპიდის „იეშ ათიდ“-ის პარტიასთან, პირველმა მიიღოს პრეზიდენტისგან შეთავაზება მთავრობის ფორმირებაზე. ლაპიდის პარტია ბიბისას ბევრით არ ჩამორჩება, შესაძლოა, სულ რაღაც 3-4 მანდატით იყოს უკან და მზად იქნება, თუ ნეთანიაჰუ ვერ შეძლებს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავად ისევ სცადოს ბედი.

ვისი იმედი აქვს ბიბის? რა თქმა უნდა, ორთოდოქსი, ულტრამემარჯვენე პარტიების და მათი ამომრჩევლების. საარჩევნო კამპანიის მიწურულს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გამართული შეხვედრის დროს მან სწორედ ორთოდოქს ებრაელებს მოუწოდა აქტიურობისკენ. აქვე ნეთანიაჰუმ იმედიანად განაცხადა, რომ ყველა მემარჯვენე ძალა, მათ შორის რელიგიური სიონიზმის პარტია, პარტია „შას“-ი და პარტია „ოცმა იეჰუდით“-ი, თავისი ულტრამემარჯვენე და რადიკალური ლიდერების, სმოტრიჩისა და ბენ-გვირის ხელმძღვანელობით, აუცილებლად იქნებიან მის კოალიციაში. ამ უკანასკნელთა მიუხედავად, განსაკუთრებით ულტრარადიკალი ბენ-გვირის (ზოგიერთის აზრით, სახიფათოდ) მზარდი პოპულარობისა, ნეთანიაჰუს კიდევ დასჭირდება დამატებით რამდენიმე პარტიის მანდატები კოალიციური მთავრობის შესაკრავად.

რის იმედი აქვს იაირ ლაპიდს? ალბათ ვარაუდობს, რომ მოქმედი თავდაცვის მინისტრი ბენი განცი, თავისი ახალი „ეროვნული ერთობის“ პარტიით გავა მესამე ადგილზე, აგრეთვე, გარკვეულ ხმებს აიღებს ამჯერად განცისგან დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილე „ლურჯებისა და თეთრების“ პარტია და კოალიციაში შემავალ სხვა პატარა პარტიებთან ერთად ისევ შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას. რა რაოდენობის მანდატებიც არ უნდა მოაგროვონ ამ ძალებმა, მათ შორის აღარ იქნება არაბული პარტია, რომელიც კოალიციაში შესვლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა და, შეიძლება ითქვას, მარტივ მამრავლებად დაიშალა.

კიდევ რაზე დებენ ფსონს მთავარი კონკურენტები? ცხადია, საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე უკვე მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. მართალს ბრძანებს ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერი ლაპიდი, როდესაც აცხადებს, რომ ყოველდღე არ ხდება ისე, რომ არაბული სამყაროს ქვეყანა შეთანხმებაზე ხელის მოწერით აღიარებს ისრაელს. ცხადია, ის ლიბანთან რამდენიმე დღის წინ საზღვაო საზღვრის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას გულისხმობს. მართალია, ეს არ იყო პირდაპირი, ანუ ორმხრივი ხელმოწერის ცერემონია და ის მესამე მხარესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამ უკანასკნელის აქტიური ძალისხმევით და შუამავლობით გაფორმდა; მართალია, ლიბანურმა მხარემ იქვე სცადა შეთანხმების მნიშვნელობიდან პოლიტიკური ელემენტის „აორთქლება“, მაგრამ შეთანხმება შეთანხმებაა. რაც მთავარია, ეს შეთანხმება ორივე მხარეს მოუტანს მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ სარგებელს ამ დრომდე საკამათო გაზის საბადოებზე ბუნებრივი აირის მოპოვების გზით (შემოსავლები ისრაელს არასდროს აწყენს, მაგრამ ყველამ კარგად უწყის, რომ ლიბანის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისთვის ამ შეთანხმებას, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს) და კარგ საფუძველს ჩაუყრის ორ ქვეყანას შორის მტრული დამოკიდებულების განელებას.

ნეთანიაჰუმ, რომელიც „აბრაჰამის შეთანხმების“ ავტორი, სულისჩამდგმელი და შემოქმედია (ამ შეთანხმებების შედეგად, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, მაროკომ, კატარმა და სუდანმა ცნეს ისრაელის დამოუკიდებლობა და სხვადასხვა დონეზე დაიწყეს მასთან ეკონომიკური თანამშრომლობა), ფაქტობრივად, პირველივე საათებში „ჩამარხა“ ლიბანთან გაფორმებული შეთანხმება. ბიბის თქმით, ის საერთოდ არ აღიარებს ამ შეთანხმებას და მისი პრემიერად არჩევის შემთხვევაში არალეგიტიმურად ცნობს მას. აქ საინტერესოა, როგორ განვითარდება ამ მიმართულებით ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომლის პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნული შეთანხმების რეალიზებაზე საგარანტიო წერილიც კი გამოუგზავნა ისრაელის პრემიერს.

ისრაელის მოქალაქეებს რაც აერთიანებთ, ეს არის უსაფრთხოება და… ცხოვრების ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა ბოლო წლების განმავლობაში. თუ ნეთანიაჰუს ცხოვრების გაძვირება მითუმეტეს, ლაპიდისადმი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მისი მმართველობის დროს ცხოვრება არ გაიაფდა (ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? ვის შევჩივლოთ, რომ მხოლოდ ცხოვრების გაძვირებაში ვგავართ ისრაელს).

ცხადია, უსაფრთხოება და ირანი კვლავ პრიორიტეტულია პრობლემურ საკითხებს შორის. ოფიციალური იერუსალიმი უარყოფს, რომ ის თეირანში რეჟიმის შეცვლაზე მუშაობს, თუმცა დემოკრატიული/სახალხო რევოლუცია თუ მოხდება, რბილად რომ ვთქვათ, გული ნამდვილად არ დაწყდება. ირანთან კონტექსტში, გარდა ბირთვული იარაღის შექმნის საფრთხისა და რეგიონში შეიარაღებული/ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერისა, ისრაელი შეშფოთებულია (ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა) ირანული უპილოტო საფრენი აპარატების რუსების შეიარაღებაში გამოჩენით. ისრაელის პრეზიდენტმა ჰერცოგმა პირადად გააცნო ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგას მტკიცებულებები, ვითომ რუსული „გერანის“ ირანული „შაჰიდ 136“-ობის შესახებ. სხვათა შორის, ირანულ კიდევ ერთი მოდიფიკაციის დრონში „მოჰაჯერ 6“-ში აღმოჩენილ იქნა ამერიკული, ჩინური და… უკრაინული კომპონენტებიც. როგორც ჩანს, რთულია მაინც ყველა ჩიპისა და ჭანჭიკის გაკონტროლება, ისევე როგორც უკრაინელებისთვის ჯერჯერობით რთულია ისრაელის დარწმუნება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადმოცემის აუცილებლობაში. ცოტა ხნის წინ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს რეზნიკოვსა და განცს შორისაც გაიმართა სატელეფონო საუბარი, მაგრამ იერუსალიმი კვლავ უარზეა. მართალია, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისრაელისა და უკრაინის სადაზვერვო სამსახურები ეფექტიანად თანამშრომლობენ (რამდენიმე მედიასაშუალებაში გაჩნდა კიდეც ინფორმაცია, რომ ისრაელი სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის უკრაინას ირანული დრონების შესახებ), თუმცა სხვა დონეებზე უკრაინის მხრიდან ჯერ კიდევ მიდის აქტიური მუშაობა ისრაელის დათანხმებაზე. არ მინდა, პესიმისტურ ნოტზე დავასრულო, მაგრამ ბიბის გამარჯვების შემთხვევაში ეს კიდევ უფრო გაჭირდება (გარდა იმისა, რომ ნეთანიაჰუ პრემიერობის ვადით რეკორდსმენია ისრაელში, მას ასევე არ ჰყავს კონკურენტი პუტინთან შეხვედრებისა და მოსკოვში ვიზიტების რაოდენობაში). თუმცა იხილეთ გერმანიის პრეზიდენტის, შტაინმაიერის ბოლო განცხადებები რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე, მასთან ურთიერთობებში წარსულში დაშვებულ შეცდომებზე და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ შეუძლებელი არაფერია! სადაც გერმანია, იქაც ისრაელი! ცივილიზებული სამყარო, მით უმეტეს ისრაელი, ტერორიზმის მხარეს არასდროს იქნება და უკრაინას გამარჯვებაში აუცილებლად მხარში დაუდგება!

გააზიარე