"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული. ვმუშაობ კვლევებზე ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით."

დროის უპირატესობა

დროის უპირატესობა

[QUOTE]

დღეს ჩვენ კაპიტალისტური ქვეყნების სიაში ვართ, მაგრამ რეალურად ძალიან ჩამოვრჩებით კაპიტალისტური ქვეყნების დონეს, რადგან თითქოს არსად გვეჩქარება, მაშინ როდესაც მსოფლიო ინდუსტრიულ რობოტებს აწარმოებს, ექსპორტზეც გააქვს და ეს რიცხვი სულ უფრო და უფრო მზარდია, ელონ მასკი მარსის კოლონიზაციას და მილიონი ადამიანის დასახლებას გეგმავს, რობოტებით ადამიანის სამუშაო ძალის ჩანაცვლებას აპირებენ, ხელოვნური ინტელექტი ფართოდ გამოიყენება და ზოგადად მეცნიერება სხვადასხვა სფეროში შევიდა. სამყაროს ასეთი განვითარების ფონზე ჩვენთან კი წლებია თხილს, ყურძნის, მადნების გადამუშავება და ექსპორტზე გატანა ხდება, ესენიც არასაკმარისი რაოდენობით და მოკლედ რომ ვთქვათ, თითქოს ვკმაყოფილდებით იმით რაც დღეს გვაქვს, მიუხედავად იმისა,  ხვალ შეიძლება აღარ გვქონდეს.

ცხოვრებაში დროს განვსაზღვრავთ, როგორც წარსული, აწმყო, მომავალი. მეცნიერებაში კი დღემდე არ არსებობს საერთო აზრი დროის შესახებ, რადგან ერთი ნაწილი მიიჩნევს,  რომ დრო არ არსებობს, მეორე ნაწილს სჯერა დროის არსებობის და მათი თეორია ზემოთ ნახსენებ  ცხოვრებისეულ განმარტებას ეხება, ხოლო აინშტაინი დროს ილუზიას უწოდებდა.  ამ აზრთა სხვადასხვაობიდან,  ვიზიარებ მოსაზრებას, რომ სამყაროში დრო არ არსებობს და მისი არსებობა  ცხოვრების დასაბალანსებლად გამოვიგონეთ. აქედან გამომდინარე გაჩნდა პრიორიტეტები,უპირატესობები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს.

უპირატესობებიდან აღსანიშნავია „დროის უპირატესობა“, რასაც ფინანსური და ეკონომიკური კუთხით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ალბათ ჩვენ ყველას გვქონია შემთხვევა,  არჩევანის წინაშე ვმდგარვართ- ახლა თუ მომავალში?  გადაწყვეტილების შედეგები კი ისეთია როგორიცაა ჩვენი დროის უპირატესობა და ეს განისაზღვრება

იმით თუ რამდენად ვზოგავთ თანხებს. თუ ჩვენ გვაქვს დროის მაღალი უპირატესობა (ესეიგი უპირატესობას ვანიჭებთ აწმყოს) ნაკლებად ვზრუნავთ დანაზოგის შექმნაზე და ორიენტირებულნი ვართ დღევანდელ მოთხოვნილებებზე. თუ ჩვენ გვაქვს დროის დაბალი უპირატესობა (ესეიგი აქცენტი მომავალზე კეთდება) ჩვენ ვზოგავთ შემოსავლის გარკვეულ ნაწილს, ანუ რამდენადაც ვზრუნავთ მომავალზე, იმდენად ვზოგავთ თანხებს.  მაგალითისთვის განვიხილოთ: შენ გინდა დასასვენებლად წასვლა, მაგრამ შესაძლებლობა რაც ახლა გაქვს არის მოკლევადიანი და  ძვირი, ამიტომ უნდა გადადო ეს დასვენება,რადგან გირჩევნია გქონდეს უკეთესი პირობები და მეტი დრო დასვენებისთვის. ასეთი გადაწყვეტილებით ჩანს, რომ ორიენტირებული ხარ მომავალზე. მეორე მაგალითისთვის განვიხილოთ  მომავალი თვის გადასახდელი ბინის ქირა, თუმცა  უარს არ ამბობ ამ თანხით დღეს კლუბში წასვლაზე. ამ შემთხვევაში შენ გაქვს დროის მაღალი უპირატესობა და პრიორიტეტულია დღევანდელი მოთხოვნილებები.

ზემოთ აღნიშნული მეორე მაგალითის და მსგავსი შემთხვევებისას ბუნებრივია დგება მომავალი თვის ქირის გადახდისთვის თანხის შოვნის  გზების ძიება და ერთ-ერთია სესხის აღება. აღსანიშნავია რომ სესხებზე  ხელმისაწვდომობა მითუმეტეს საქართველოში საკმაოდ მარტივია და ღირებულება, რომელიც ამ პროცესში, სესხება-გასესხებისას წარმოიშობა, ეწოდება საპროცენტო განაკვეთი. საპროცენტო განაკვეთი და დროის უპირატესობა  მჭირდო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან ბანკები, ფინანსური ორგანიზაციები ამით მოთხოვნის მთავარ სიგნალს იღებენ და განსაზღვრავენ ეკონომიკაში ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას. აქ მთავარი სურათი რაც უნდა დავინახოთ, ესაა ჩვენი დროის უპირატესობით გამოწვეული სესხების ტენდენცია საქართველოში, რაც საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში ზოგაგად არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობაა, სესხებს ხშირად იღებენ დროის მაღალი უპირატესობიდან გამომდინარე, თან ამას საერთო ტენდენცია გააჩნია.  მხოლოდ ონლაინ სესხები რომ ავიღოთ, კრედიტინფოს მონაცემებით ფიქსირდება გაცემული ოთხასი მილიონი ერთეული სესხი,  მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობა 3.720.4 მილიონია. ასეთ დროს რთულია საუბარი თუ როდის ზოგავს ჩვენი მოსახლეობა,  ან  თუ ზოგავს საერთოდ და ამაზე ქვემოთ ვისაუბრებ, მანამდე კი  დანაზოგების ზოგად სპეციფიკას განვიხილავ.

დანაზოგების ტენდენციას და მისი შექმნის ფორმებს სხვადასხვა ქვეყნებში უამრავი ინსტიტუციონალური და სტრუქტურულად განსხვავებული ფაქტორები  განაპირობებს და აქედან გამომდინარეობს თუ რომელ გზას აირჩევს ინდივიდი დანაზოგის შესაქმნელად, თანხის სიდიდისა და მისი პირადი გეგმების გათვალისწინებით. ამ ფაქტორებიდან აღსანიშნავია:

  • რეალური სპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებზე: ესეიგი სარგებელი ინფლაციის გათვალისწინებით
  • მოლოდინები შემოსავლის ზრდაზე, სამსახურის სტაბილურობაზე
  • კრდიტზე ხელმისაწვდმობა, დამატებითი ხარჯების განსაზღვრისთვის
  • გადასახადები
  • უმუშევრობის კომპენსაცია
  • განათლების მიღების საფასური
  • მოსახლეობის ხანდაზმულობა
  • პენსიაზე გასვლის სტრუქტურა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კულტურული და სოციალური ფაქტორები

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ის ყველაფერია რაც ქმნის განსხვავებულ ქვეყნებს და განსხვავებულ ეკონომიკებს. რამდენადაც კარგად არის დროის უპირატესობა ამ ფაქტორებთან კოორდინაციაში, იმის მიხედვით ხდება ქვეყანაში დანაზოგის დაგროვება. აქ საუბარია მხოლოდ საზოგადოების დანაზოგებზე და არა ეროვნულ დანაზოგზე, რომელშიც მოსახლეობის და სახელმწიფო დანაზოგებია გაერთიანებული და ერთმანეთისგან სპეციფიკურად განსხვავდებიან,  თუმცა ორივე შეთხვევაში საერთო ისაა, რომ რესურსების წარმოებაში გარდაქმნის საშუალებას იძლევა . ასევე ბიზნესის ენაზე რომ განვიხილოთ დანაზოგები, ეს არის კაპიტალის რეზერვების გარკვეული მარაგი, ხშირად გამოხატული პროცენტებში,  რაც ყველა წარმატებულ კომპანიას აქვს.  ამ პრაქტიკის გადმოტანა  ცხოვრებაში კარგი მაგალითი იქნებოდა ფინანსური რესურსების ეფექტური განაწილებისთვის, ყოველი წმინდა მოგების სიდიდეზე დანაზოგის პროცენტული გადაანგარიშება, ანუ რა ნაწილი წავა სხვადასხვა პირად თუ საინვესტიციო საქიანობაში. ამგვარად  დაგროვება მარტივდება და თუ ჩვენ გვინდა უფრო მეტი მოხმარება შევძლოთ მომავალში, ამისათვის პირველ რიგში უნდა დავზოგოთ, რაც კარგ შემთხვევაში აისახება ფასეულობის შექმნაზე.  აქვე გასათვალისწინებელია, რომ ფასეულობის შექმნა სამუშაო ადგილების შექმნასთან არ უნდა გავაიგივოთ, ეს ორი ნამდვილად არ არის ერთი და იგივე. ამ ორ შემთხვევას ხშირად აიგივებენ პოლიტიკოსები და ის ადამიანები ვისაც არ ესმის ეკონომიკა. პოლიტიკოსებს სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ გაზარდონ ეკონომიკა სამუშაო ადგილების შექმნით, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. სიმართლეა ის, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ადვილია, მაგრამ ფასეულობის შექმნა რთული.  საზოგადოებას არ სჭირდება უწესრიგო სამუშაო ადგილები, რადგან გრძელვადიან პერიოდში ეფექტური შედეგები არ მოაქვს. ჩვენ გვჭირდება  მეწარმეობის მასშტაბების ზრდა და გააქტიურება, რასაც ხშირად დანაზოგის შექმნა ასტიმულირებს. ამგვარად თუ ჩვენი მიზანია რომ გვქონდეს ცხოვრების მაღალი სტანდარტები, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ღარიბი და ზოგადად ეკონომიკურ განვითარებაზე გვაქვს პრეტენზია,  უნდა შევძლოთ დროის უპირატესობის გააზრება,  რაც  ჯერჯერობით საქართველოში არ გამოგვდის. ამის უამრავი მაგალითი არსებობს და ახლა ერთ-ერთ საინტერესო მაგალითს განვიხილავ:

ნორვეგიის ეკონომიკური სკოლის მეცნერების მიერ 45 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარდა კვლევა, დროის უპირატესობის დადგენის მიზნით, რომელიც ეფუძნებოდა “wait-or-not” პრინციპს. შეკითხვა მდგომარეობდა შემდეგში, რომელს აირჩევდა თუ მას გადაუხდიდნენ:

A: 3400$ მიმდინარე თვეში

B: 3800$ მომავალ თვეში

ამ კვლევის მიზნობრივი სეგმენტი ახალგაზრდები იყვნენ, რადგან, უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებიც მალე საპენსიო ასაკს მიაღწევენ ალბათ ნაკლებად ზრუნავენ კაპიტალის შექმნაზე, რადგან მათ ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები უკვე გაიარეს.

გამოკითხვაში, გასათვალისინებელია სხვაობა A და B შორის, გამოხატული თვიურ  საპროცენტო განაკვეთში, რომელმაც შეადგინა 11.8%  და ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირდა, ბაზრებზე არსებულ საპროცენტო განაკვეთსა და ინფლაციის განაკვეთთან შედარებით. გამოკითხულთა 51% კაცები იყვნენ, 48%- ქალები და  კვლევის შედეგები 8% დან 89%-მდე მერყეობდა, საიდანაც გერმანელი მონაწილეების 89%-ს ურჩევნია ლოდინი ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 8% ნიგერიის შემთხვევაში დაფიქსირდა.

წყარო: Norwegian School of Economics

სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, საქართველო ბოლოდან მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა სხვა შედეგი ალბათ არც იყო მოსალოდნელი, რადგან საქართველოში უყვართ დღევანდელი დღით ცხოვრება და არ უყვართ დაზოგვა.

აღნიშნული კვლევის მონაცემებიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ქვეყნების მოსახლეობა, რომლებიც დანაზოგის შექმნისა და კაპიტალის დაგროვებისკენ იყვნენ და არიან  მიდრეკილნი სწრაფად განვითარდნენ და იქცნენ ძლიერ კაპიტალისტურ ქვეყნებად. აქ მთავარია  უნარი თუ როგორ ვიყენებთ ფინანსურ რესურსებს და შესაბამისად საზოგადოების დროის უპირატესობა ერთ-ერთი ფაქტორია რაც  ნაწილობრივ განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. გერმანიაში, სკანდინავიის ქვეყნებში, ჰონგ-კონგში,კანადაში, დიდ ბრიტანეთში,  ისრაელში  ანუ იმ ქვყნებში, რომლებიც ცხრილში მოწინავე პოზიციებზე არიან, თავის დროზე საზოგადოებაში დროის უპირატესობა მენტალურ დონემდე დავიდა და დღეს მათი ეკონომიკა მსოფლიოს ძლიერი ეკონომიკების რიცხვში შედის.  მათი დაზოგვისადმი მიდრეკილება გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესების წილის ზრდის, მთლიან შიდა პროდუქტში. აქვე უნდა აღვნიშნო ჩვენი ქვენის მთლიან შიდა პროდუქტში SME -ს წილი, რაც  დაახლოებით არის 21%, ხოლო რაოდენობრივად 80%-ზე მეტია და  დანარჩენი კი დიდ ბიზნესებზე მოდის. ეს ძალიან მკვეთრი დისბალანსია ბაზარზე, რადგან  იდეალურ შემთხხვევაში SME-ს წილი 90% უნდა იყოს. ქვეყანაში წარმოების ასეთი დაბალი ტემპებით შეუძლებელია იდეალური შემთხვევის ზღვარს მომავალ ათწლეულებში მივაღწიოთ, ამიტომ საზოგადოებამ უნდა გაითავისოს თავისი როლი, რომ შექმნას რაიმე ღირებული რაც არამარტო მას არამედ იმ სოციუმსაც და ქვეყანასაც  წაადგება რომელშიც იმყოფება.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა