"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ორნი დემოკრატების უბანში

ორნი დემოკრატების უბანში

ზუსტად 1 კვირის წინ ამ დროს, აშშ-ში იყო დიდი მზადება სუპერ სამშაბათისთვის. კეთდებოდა ფსონები, ექსპერტული შეფასებები, პროგნოზები და… რაც მთავარია, მხარდამჭერი განცხადებები.

ცოტათი კიდევ უფრო ადრე კი იყო, შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელი პრაიმერიზი სამხრეთ კაროლინაში. სწორედ, მანდ დაიწყო მოვლენების განვითარება ყოფილ ვიცე პრეზიდენტ, ჯო ბაიდენისთვის სასიკეთოდ და ვერმონტელ სენატორ, ბერნი სანდერსისთვის ავბედითად. არადა, თითქოს ყველაფერი 78 წლის „პროგრესული“ მემარცხენე დემოკრატი სანდერსის სასიკეთოდ ლაგდებოდა. მანამდე მიღწეული წარმატებები 2 პრაიმერიზსა და კოკუსში არაფერ ცუდს, ბერნი სანდერსს არ უქადდა და პირიქით, ჯო ბაიდენის მხარდამჭერებს ოპტიმიზმის საფუძველი დღითიდღე, კვლევიდან კვლევამდე უნელდებოდათ, თუ საერთოდ არ უქრებოდათ. თან დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატისთვის გამოსავლენ ბრძოლის ველზე რჩებოდნენ ახალგაზრდა პიტ ბუთიჯიჯი, ბერნი სანდერსთან იდეოლოგიურად მიახლოებული მასაჩუსეთსის სენატორი ელიზაბეთ უორენი, 700 მილიონი დოლარის სარეკლამო კამპანიაში დამხარჯველი ნიუ იორკის სამგზის ყოფილი მერი მილიარდერი, მაიკ ბლუმბერგი და სხვ.

პირველი ზარი სამხრეთ კაროლინაში გაისმა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევები აფრო-ამერიკელი ამომრჩევლებით მჭიდროდ დასახლებულ სამხრეთ კაროლინაში მცირე უპირატესობას ჯო ბაიდენს ანიჭებდა, გამომდინარე სხვა შტატებში გამართული პრაიმერიზის და კოკუსის შედეგებიდან, წარმატებას მაინც ბერნი სანდერსს უქადდნენ. უფრო მეტიც, სამხრეთ კაროლინის შტატის შედეგებს პირდაპირ უკავშირებდნენ ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის რბოლაში შემდგომი მონაწილეობის ბედ-იღბალს. ამდენად, ეს გამარჯვება, რომელიც, სხვათაშორის, ჯო ბაიდენისთვის მთელი მისი საპრეზიდენტო კამპანიების მანძილზე (სულ 3-ჯერ მონაწილეობდა ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლებში) იყო პირველი წარმატება პრაიმერიზსა და კოკუსში, თამამად შეიძლება ითქვას საბედისწერო აღმოჩნდა ბაიდენისთვის, სანდერსისთვის და იმ მომენტისთვის სხვა აქტიური კანდიდატებისთვისაც.

          slide36      

მაინც რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს პერსონალურ პოლიტიკურ წონას?! არა, ამ შემთხვევაში ჯო ბაიდენს არ ვგულისხმობ, რომელიც ნამდვილად თავადაც მძიმეწონოსანია ამერიკულ პოლიტიკაში. ამ შემთხვევაში საუბარია კონგრესში უმრავლესობის მქონე დემოკრატიული პარტიის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის, პარტიის მთავარი „მშოლტავის“ (არის ასეთი უაღრესად გავლენიანი და მნიშვნელოვანი პოზიცია ამერიკულ და ბრიტანულ პარტიულ მმართველობაში – Party Whip, რომელსაც ევალება საორგანიზაციო საკითხების წაძღოლა და მას უკლებლივ ყველა უსიტყვოდ ემორჩილება. მახსოვს პოლიტიკური წარსულიდან, მოფერებით მაგ თანამდებობას „მახენ დისციპლინენ“-ს ვუწოდებდით 🙂 სამხრეთ კაროლინელი გავლენიანი აფრო-ამერიკელი კონგრესმენის ჯიმ კლაიბერნის შესახებ. მან რამდენიმე დღით ადრე ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ჯო ბაიდენს, რამაც, შეიძლება ითქვას, გადაწყვიტა მისი ბედი სამხრეთ კაროლინის პრაიმერიზში და ვინ იცის, იქნებ დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის განსაზღვრაშიც. 

სამხრეთ კაროლინაში, ჯო ბაიდენის შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ მოვლენები ერთგვარი დომინოს პრინციპით მიეწყო. ჯერ იყო და მილიარდერმა, ტომ სტეიერმა შეწყვიტა კამპანია, შემდეგ ახალგაზრდა, ღიად დეკლარირებულმა გეი კანდიდატმა, ომის ვეტერანმა და პატარა ქალაქის საუს ბენდის ყოფილმა მერმა, პიტ ბუთიჯიჯმა გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება რბოლიდან გამოთიშვისა და ჯო ბაიდენის კანდიდატურისთვის მხარდაჭერის შესახებ. სუპერ სამშაბათამდე ბოლო, მაგრამ არცერთ შემთხვევაში უკანასკნელი დემოკრატი, ვინც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ჯო ბაიდენს, იყო ქალი კანდიდატი ემი კლობუჩარი.

ასე იხსნებოდა ცა, ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიის თავს და პირიქით იღრუბლებოდა ყველა სხვა დანარჩენისთვის. პირველივე საათებიდან ჰაერში უკვე იგრძნობოდა ის, რაც შემდეგ მოხდა. 14-დან 10 შტატში იმარჯვა ბაიდენმა და მხოლოდ 4-ში შეძლო წარმატების მიღწევა ბერნი სანდერსმა. მართალია, ამ 4-ში იყო დელეგატებით ყველაზე მსუყე (415 დელეგატი) კალიფორნიაც, მაგრამ აქაც კი სანდერსმა ვერ შეძლო დიდი უპირატესობის მოპოვება, რის გამოც დელეგატებში მას შეეცილენ ბაიდენიც, უორენიც და ბლუმბერგიც.

          slide39

ფოტოს წყარო: npr

თითქოს ყველა კანდიდატს (ბუნებრივია ბერნი სანდერსის და სავარაუდოდ ელიზაბეთ უორენის გარდა) ერთმანეთის მიყოლებით გაუნათდა დემოკრატიულ პარტიაში და შეთანხმდა, რომ ტრამპის დასამარცხებლად უნდა გაერთიანდნენ ერთადერთის, ჯო ბაიდენის ირგვლივ; თვით მაიკ ბლუმბერგმაც კი, რომელიც საათებით ადრე მძაფრად აკრიტიკებდა ჯო ბაიდენს, განაცხადა, რომ ის განაგრძობს ბრძოლას ტრამპის დასამარცხებლად და ამ საქმეში მხარს დაუჭერს მის მეგობარ, ჯო ბაიდენს. მშობლიურ მასაჩუსეთსის შტატში დამარცხების შემდეგ კამპანიას გამოეთიშა ელიზაბეთ უორენიც, მაგრამ მან დრო ითხოვა იმისათვის, თუ რომელი კანდიდატის სასარგებლოდ განაცხადებდა მხარდაჭერას.

ახლა დელეგატების რაოდენობით, ჯო ბაიდენი ლიდერობს. მართალია, ცოტათი, სულ რაღაც 70-80 დელეგატით (შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად გამოცხადებისთვის საჭიროა 1991 დელეგატის მხარდაჭერის მოპოვება), მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური უპირატესობა  მორიგი პრაიმერიზ/კოკუსის წინ, რომელიც 10 მარტს გაიმართება აშშ-ს კიდევ 6 შტატში, ახლა უკვე, ჯო ბაიდენის მხარეს არის. მას მხარდაჭერას უცხადებენ დელეგატებით, ასევე უხვი (125 დელეგატი) მიჩიგანის შტატის გავლენიანი დემოკრატები და ახლა უკვე ბაიდენის წარმატებაზე კეთდება ფსონები.

ბერნი სანდერსი ფარ-ხმალს არ ყრის; ბრძოლასაც აგრძელებს და ჯო ბაიდენს მისი 40-წლიანი პოლიტიკური წარსულიდან დაფიქსირებული პოზიციებისთვის უტევს ისეთ თემებზე, რომლებიც აქტუალურია სწორედ ამ 6 შტატისთვის. თუმცა, შეინიშნება ერთგვარი პოზიციური უკანდახევაც ბერნი სანდერსის რიტორიკაში. ის კი აცხადებს, რომ სწორედ მის კამპანიას შეუძლია ტრამპის დამარცხება, მაგრამ აქვე პირველად საარჩევნო რბოლის მანძილზე დაშვებასაც აკეთებს, რომ ჯო ბაიდენსაც ძალუძს ტრამპის დამარცხება. უპირატეს მდგომარეობაში მყოფი ბაიდენი მშვიდად ხვდება სანდერსის მხრიდან მის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს და მოუწოდებს მას, ძალისხმევა ტრამპის დამარცხებაზე ერთობლივად მიმართონ.

გასულმა სუპერ სამშბათმა კიდევ ერთხელ ყველას ნათლად დაანახა, რომ არასდროს არ ღირს ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება. ამიტომაც, მიუხედავად თავბრუდამხვევი გამარჯვებისა, ჯო ბაიდენი განაგრძობს დაუღალავად შრომას მხარდამჭერთა რაოდენობის გასაზრდელად და მიღწეული წარმატების გასამტკიცებლად. მან თავად იცის ყველაზე კარგად საკუთარი სუსტი მხარეები და ასევე ძალიან კარგად ესმის ისიც, რომ მისი მთავარი კონკურენტი, დონალდ ტრამპი არაფერზე არ დაიხევს უკან გამარჯვების მოსაპოვებლად. გარდა იმისა, რომ ტრამპი სისტემატურად აკეთებს აქცენტს ასაკის მატებასთან ერთად ბაიდენის ქმედუნარიანობის მკვეთრად დაცემაზე, აშშ-ს ყოფილი ვიცე პრეზიდენტის წინაშე სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევაც მწიფდება – მისი შვილის ჰანტერ ბაიდენის უკრაინაში საქმიანობისა და ამ საკითხში თავად ჯო ბაიდენის როლის შესწავლის დაწყების თაობაზე სულ მალე იმსჯელებენ აშშ-ს სენატში.    

კვლავ იმედგაცრუებული დარჩნენ ის ამერიკელები, ვისაც სურდა პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა. რბოლაში დარჩენილი ერთადერთი ქალი ტულსი გაბარდი არიზონას შტატში დაგეგმილ დებატებშიც კი ვერ მიიღებს მონაწიელობას, ვინაიდან დემოკრატიული პარტიის გადაწყვეტილებით, ამისათვის საჭიროა დელეგატების 20%-ის მოგროვება (გაბარდს ამ დროისთვის მხოლოდ 2 დელეგატის მხარდაჭერა აქვს მოპოვებული).

ასე რომ, დარჩნენ ორნი, დემოკრატიულ სააარჩევნო უბანში ორი, 70 წელს გადაცილებული თეთრკანიანი მამაკაცი. თუმცა, (გუშინ, რომ 8 მარტი იყო იმის ხათრით – რა თქმა უნდა ხუმრობით), ქალის გარეშე მაინც არაფერი გამოვა. ყველა ერთსულოვანია იმ მოსაზრებაში, რომ კანდიდატებმა ვიცე პრეზიდენტად ქალი შეარჩიონ. თუ ბერნი სანდერსს მწარედ არ გაუხსენა კამპანიის დროს მის მიმართ გაკეთებული გამონათქვამი და საერთოდ მოინდომა ამ პოზიციაზე კენჭისყრა, ელიზაბეთ უორენი ყველაზე რეალისტურია სანდერსის ვიცე პრეზიდენტად დასახელებისთვის. მოარული ხმებითაც და უკვე ღია განცხადებებითაც, კალიფორნიელ სენატორ, ფერადკანიან კამალა ჰარისს, ასევე მოიაზრებენ ჯო ბაიდენის რჩეულად ვიცე პრეზიდენტობის პოსტზე.

არ დაგვავიწყდეს რესპუბლიკელებიც. მავანნი ამბობენ, რომ დონალდ ტრამპმაც შეიძლება გამოიყვანოს თავისი საიდუმლო იარაღი – გაერო-ში აშშ-ს ყოფილი ელჩი და ერთ-ერთი ყველაზე მზარდი პოპულარობის მქონე რესპუბლიკელი პოლიტიკოსი ქალი, ნიკი ჰეილი.

მოკლედ, ქალების გარეშე მაინც არაფერი გამოვა და მათი პრეზიდენტობის დროც, დარწმუნებული ვარ, მალე მოვა.

გააზიარე