"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."

პასუხისმგებლობა - როგორც ყველაზე ძლიერი მოტივატორი

პასუხისმგებლობა - როგორც ყველაზე ძლიერი მოტივატორი

“იმისთვის, რომ რამე გამოვიდეს ილუზია უნდა გქონდეს, ოპტიმისტური ილუზია. პესიმისტი რეალისტები არავის უყვარს“ – არავის ციტატა.

მართვა თავისთავად არადემოკრატიული პროცესია, სადაც ორი სუბიექტიდან  ერთი, რბილად რომ ვთქვათ, თავის ნებას ახვევს მეორეს, უფრო მკაცრად კი – აიძულებს. ამ დაშვებას მთელი თანამედროვე მენეჯმენტის გულშემატკივრები უპირისპირდებიან და ცდილობენ, ეს პროცესი უფრო ლამაზად შეფუთონ მოტივაციის ნაირნაირი სქემებით, ლიდერობის მოდერნისტული მიდგომების გამოყენებით, მართვის ჰორიზონტალური პრინციპების შემოტანით და ასე შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ  ეს ზღაპარი ყველამ კარგად ვიცით,  ამ სუბორდინაციაში ხშირ შემთხვევაში საკუთარი ნებით ვართ ჩართული. დიახ, ჩვენ გვინდა რომ გვმართავდნენ. ასე უფრო მარტივია! ასე პასუხისმგებლობა სხვაზე გადაგვაქვს და ვყალიბდებით რეაქტიულ ადამიანებად, რომლებიც იდეებს ვერ აგენერირებენ, ვერ იჩენენ ინიციატივას და საბოლოო ჯამში რუტინული სამსახურებით კმაყოფილნი საშუალო დონის შემსრულებლად ფორმირდებიან.

სწორედ ამიტომ ორგანიზაციების ტოპ მენეჯმენტის 70% კომპანიებში მთავარ პრობლემად მოდუნებულ, უინიციატივო თანამშრომლებს ასახელებს.  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიზნეს სკოლის მიერ  ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხული  ბიზნეს ორგანიზაციების 85%-ს  ბოლო სამი წლის მანძილზე არაერთხელ მიუმართავს ალტერნატიული სამოტივაციო სქემების შემუშავების და დანერგვის მცდელობისთვის, მაგრამ სამწუხაროდ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება ამ მიმართულებით  მხოლოდ 25%  შეძლო. კითხვაზე თუ რა არის მოტივაციის ყველაზე ძლიერი დრაივერი ადამინური რესურსების მენეჯერები   ფულად წამახალისებელ აქტიობებს ასახელებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოში  ეს მექანიზმი  მყისიერ შედეგს იძლევა და მას ალტერნატივა არ აქვს.  შედეგში კი   თანამშრომლის კმაყოფილების დონის ამაღლებას გულისხმობენ. სამწუხაროდ, რამდენ ხანს მიყვებათ ეს კმაყოფილების დონე თანამშრომლებს,  არავის გაუზომავს და შესაბამისად პასუხიც არ გვაქვს ამ კითხვაზე. სამაგიეროდ ვიცით, რომ წამახალისებელი ფულადი ჯილდოები საკამოდ შეზღუდულია კომპანიებში და აუცილებელია ალტერნატიული სამოტივაციო პროცესების უზრუნველყოფა.

თანამედროვე  მენეჯმენტი გვეუბნება, რომ  გრძელვადიან პერიოდში ყველაზე კარგი მოტივატორი პასუხისმგებლობის გრძნობის სტიმულირებაა. თუ თანამშრომელს სწორი საკომუნიკაცია არხებით, ღიად ვუზრდით პასუხსიმგებლობის გრძნობას და ამასთანავე ვაძლევთ მას  შესაბამის ძალაუფლებას, რეაქტიული, შემსრულებელი ადამიანისგან მარტივად შეგვიძლია გამოვწუროთ პროაქტიული , ინოვატორი თანამშრომელი.

ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, ჩართოთ თანამშრომლები სტრატეგიული გადაწყვეტილების პროცესში. დაანახეთ, რომ მათი არსებობა კომპანიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ჩააბარეთ მათ დიდი საქმეები  და გაუმრავალფეროვნეთ სამუშაო პროცესი.

გახსოვდეთ, წარმატების  გასაღები მიდგომებშია. თქვენ, როგორც თანამედროვე მენეჯერებმა, უნდა  შეძლოთ ადამიანების წარმოსახვის, ფანტაზიის  განვითარება. მოტივაცია სწორედ ილუზორულ სამყაროში იწყება. ის საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერების საუკეთესო გზაა. გზა რომელსაც ინოვაციამდე მივყავართ.

როგორც აინშტაინი ამბოდა: „წარმოსახვა  უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცოდნა. ცოდნას საზღვრები აქვს. წარმოსახვა კი ქმნის ევოლუციას.“ ხოდა, წინ ოპტიმისტური ილუზიებისკენ! სწორად აქ იწყება ცვლილებები.

გააზიარე