"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა “ბოინგი“?

როგორ გამდიდრდა “ბოინგი“?

“ბოინგის“ შემოსავალმა 2019 წელს 77 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2018 წელს კომპანიის შემოასვალი 101 მილიარდი დოლარი იყო. დასაქმებული ჰყავს 161 ათასი ადამიანი, ხოლო აქტივები 133 მილიარდი დოლარის აქვს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 84 მილიარდი დოლარია. კორონავირუსის პანდემიამდე მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიარდი დოლარი იყო. მაქსიმუმს, 250 მილიარდ დოლარს, 2019 წლის დასაწყისში მიაღწია.

1916 წელს აშშ-ში, ქალაქ სიეტლში 35 წლის კონსტრუქტორმა და ბიზნესმენმა, უილიამ ბოინგმა ავიასამშენებლო კომპანია “ბოინგი“ დააარსა. უილიამ ბოინგს უმაღლესი განათლებაც კი არ ქონდა მიღებული, პირველი თვითმფრინავების აგებაში თავადაც იყო ჩართული, მის მეგობარ, კონრად უესტერველტთან ერთად. ის ამ საქმით ბავშვობიდან იყო გატაცებული. როცა “ბოინგი“ დაარსა, უკვე ჰქონდა დაგროვებული ფული, ხე-ტყის ბიზნესიდან და თვითმფრინავების წარმოება 100 ათასი დოლარით დაიწყო.

               

კომპანიის შექმნა პირველ მსოფლიო ომს დაერთო და მნიშვნელოვანი შეკვეთები მიიღო ჰიდროთვითმფრინავების საწარმოებლად. 1918 წელს კომპანიაში უკვე 300 ადამიანი იყო დასაქმებული. ომის დასრულების შემდეგ “ბოინგი“ საფოსტო თვითმფრინავების წარმოებაზე გადაერთო.

               

კომპანიამ პირველი სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 12 ადამიანი ეტეოდა 1928 წელს შექმნა. 1929 წელს “ბოინგმა“ რამოდენიმე მცირე ავიასაწარმო შეიძინა და დასაქმებულების რაოდენობა 1000-მდე გაზარდა. წლიურად უკვე 100-მდე სხვადასხვა დანიშნულების საფრენ აპარატებს აწარმოებდა.

1934 წელს “ბოინგს“ მთავრობამ, ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის გამო დაშლისკენ მოუწოდა და კომპანია სამ ნაწილად დაიშალა. “ბოინგის“ ბაზაზე შეიქმნა 2 ახალი კომპანია United Airlines (რომლის შემოსავალი 2019 წელს 43 მილიარდი დოლარი იყო) და United Aircraft Corporation, რომელსაც დღეს United Technologies-ს ქვია (2019 წელს მისი შემოსავლები 67 მილიარდი დოლარი იყო).

               

მეორე მსოფლიო ომის დროს “ბოინგი“ ბომბდამშენებს აწარმოებდა და მთავრობასთან დადებული კონტრაქტებით მნიშვნელოვან თანხას იღებდა. ამ დროს ქარხნებში ქალებიც დაასაქმა, რადგან კაცების დიდი ნაწილი ომში იღებდა მონაწილეობას. 1944 წლის დასაწყისში თვეში 350 თვითმფრინავს აწყობდა. როდესაც ომი დასრულდა, თვითმფინავების წარმოებამ მნიშვნელოვნად მოიკლო და კომპანიას ათასობით დასაქმებულის დათხოვნა მოუწია.

               

1950-იან წლებში კომპანიამ ბევრი სხვადასხვა სახის თვითმფრინავების გამოშვება დაიწყო, მათ შორის ინდივიდუალურ შეკვეთებზე მორგებული პატარა თვითმფრინავების. 1960-იან წლებში გამოუშვა ბოინგ 707, 727, 737 და 747 მოდელები. 747 იყო 4 ძრავიანი და ბორტზე 450 ადამიანი ეტეოდა. 737 მოდელი კი, რომელიც შედარებით მცირე და საშუალო მოცულობაზე იყო გათვლილი, ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდა.

1970-1980-იან წლებში “ბოინგმა“ ბევრი პრობლემა გადაიტანა, მათ შორის საწვავის რამოდენიმეჯერ გაძვირების გამო. ხშირად იყო ზარალში, მაგრამ 1990-იანი წლებიდან სიტუცია გამოსწორდა, მათ შორის ბოინგ 777 მოდელის გამოშვების გამო.

2001 წელს საგადასახადო შეღავათების მიღების მიზნით, კომპანიამ სათაო ოფისი, სიეტლიდან ჩიკაგოში გადაიტანა, სადაც დღემდეა განთავსებული.

2005 წელს, კომპანიის შემოსავალი 53 მილიარდი დოლარი იყო. 2018 წლამდე კომპანიის შემოსავლების ზრდის ტენდენცია ჰქონდა და რეკორდულ, 101 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2019 წელს, 737 MAX მოდელის მიერ 2-ჯერ განცდილი ავიაკატასტროფის გამო 387 თვითმფრინავის ფრენა შეჩერდა, კომპანიის რეპუტაცია და ფინანსური რეიტინგი შემცირდა. შემოსავალი 24%-ით შეუმცირდა და წელი 2 მილიარდი დოლარის ზარალით დაასრულა, მიუხედავად იმისა, რომ 609 თვითმფრინავი გაყიდა. კომპანია დიდ ზარალს განიცდის პანდემიის გამო შეწყვეტილი ფრენებისგანაც, მაგრამ მის ისტორიას თუ გადავხედავთ, ის ამ რთულ პერიოდსაც გაუძლებს და ბაზარზე ისევ ლიდერად დარჩება.

               

 

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა