სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობა დატოვა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობა დატოვა

ფოტო: Getty Images

 

გუშინ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა დაკავებული თანამდებობა დატოვა, რითაც მისი მეორე ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა დასრულდა და გზა გაეხსნა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს.

ვუჩიჩის გადადგომა, რაც უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შვიდი თვით ადრე მოხდა, ემთხვევა სერბეთში 25 ოქტომბერს დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას. ეს ნაბიჯი მას საშუალებას აძლევს, პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ მისი პარტია, „სერბეთის პროგრესული პარტია“ (SNS), ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს.

შეგახსენებთ, რომ ვუჩიჩმა ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ გადადგომას გეგმავდა და სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

უფლებადამცველი ჯგუფები ვუჩიჩსა და მის მოკავშირეებს ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებაში ადანაშაულებენ. მთავრობის პოლიტიკის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები კი აცხადებენ, რომ პოლიციამ მათ სცემა და შემდეგ უსაფუძვლოდ დააკავა. ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს.

კვირას, ბელგრადის ცენტრში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ, ვუჩიჩს ასობით მხარდამჭერი დროშებით ხელში, ოვაციებით შეხვდა.

„ეს ამ შენობაში ჩემი ბოლო საღამოა, – განუცხადა მან შეკრებილ ხალხს გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე. – ერთგულად ვემსახურე ჩემს სამშობლოს, სერბეთს. ვამაყობ იმით, რაც ერთად გავაკეთეთ“, – აღნიშნა მან.

სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე მის მოვალეობას პარლამენტის მოქმედი სპიკერი ანა ბრნაბიჩი შეასრულებს. საპრეზიდენტო არჩევნები 90 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს, წინასაარჩევნო კამპანია კი 30-დან 60 დღემდე უნდა გაგრძელდეს.

მომავალ თვეში დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ვუჩიჩის SNS-ისა და მისი მოკავშირეების კონკურენტები სტუდენტების მიერ ორგანიზებული ანტიკორუფციული მოძრაობა „სტუდენტები იმარჯვებენ“ და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ალიანსი „ევროპული სერბეთი“ იქნებიან.

56 წლის ვუჩიჩი სერბეთის პოლიტიკურ ასპარეზზე ათ წელზე მეტია, დომინირებს. 2012-2014 წლებში ვუჩიჩი ვიცე-პრემიერის, ხოლო 2014-2017 წლებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს იკავებდა.

2017 წელს მან პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, რომელიც ძირითადად წარმომადგენლობითი ხასიათისაა, თუმცა საკუთარ პარტიასა და მთავრობაზე კონტროლი არ დაუთმია.

ვუჩიჩის მმართველობას სერიოზული დარტყმა 2024 წლის ნოემბერში მიადგა, როდესაც ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ნოვი-სადში ახლად რეკონსტრუირებული რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ ტრაგედიას სტუდენტებისა და ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტები დამნაშავეებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, საჯარო შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობას, სისტემური კორუფციის აღმოფხვრასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვდნენ.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.