"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა კომპანია “ლორეალი“
“ლორეალი“ (L’Oreal) კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიაა. 2019 წელს მისმა შემოსავალმა 30 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ 4 მილიარდი დოლარი. კომპანიის აქტივები 44 მილიარდი, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 160 მილიადი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 86 ათასზე მეტი ადამიანი.
დღეს “ლორეალის“ აქციების ყველაზე დიდ წილს – 33%-ს ბეტანკურების ოჯახი ფლობს. 23%-ის მფლობელი კი კომპანია “ნესტლეა“. ბეტანკურების ოჯახი, საფრანგეთში სიმდიდრით მეორეა, 64 მილიარდი დოლარის ქონება აქვთ და მხოლოდ ბერნარ არნოს ჩამორჩება.
“ლორეალი“ 1909 წელს, ფრანგმა ქიმიკოსმა, ეჟენ პოლ შუელერმა დააარსა. კომპანიის დაარსებამდე შუელერი თმის საღებავების კვლევით და გაუმჯობესებით იყო დაკავებული. პირველ რიგში თმის შავი და ოქროსფერი საღებავები დაამზადა და დააპატენტა, რომლებსაც პარიზში ადგილიობრივ სალონებში ყიდდა. კომპანიას თავიდან “La Société Française des Teintures Inoffensives” ერქვა, “ლორეალი“ 1939 წლიდან დაერქვა. სიტყვა L’Oreal ორი ფრანგული სიტყვის დაკავშირებით მიიღო, რომლებიც ოქროს და შარავანდედს ნიშნავს.
დაარსების წელსვე კომპანიაში 25 ათასი ფრანკის ინვესტირება განახორციელა მადამ ეპერნემ, რომელსაც ძალიან მოეწონა ახალი თმის საღებავი.
“ლორეალის“ თმის საღებავი ხარისხით იმდენად აღემატებოდა იმ დროს არსებულ შეღებვის ყველა სხვა საშუალებებს, რომ პოპულარობას სწრაფად იხვეჭდა. დაარსებიდან ერთ წელიწადში, უკვე იტალიაშიც ყიდდა პროდუქციას, 1920-იანი წლების ბოლოს კი მთელ ევროპაში იყიდებოდა.
თავიდან შუელერს წარმოება საკუთარ 4 ოთახიან ბინაში ჰქონდა მოწყობილი, მაგრამ წარმოების მოცულობის და თანამშრომლების რაოდენობის ზრდის გამო, 1920 წელს პირველი ქარხნის აშენება მოუწია.
1910-20-იან წლებში, თმის ოქროსფერ საღებავს ძირითადად მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იყენებდნენ. “ლორეალმა“ ეს სტერეოტიპი დაამსხვრია და ჭაღარა თმის შეღებვისკენ მიმართული მარკეტინგული კამპანია აწარმოა.
1935 წელს, კომპანიამ მზისგან დამცავი საშუალებების წარმოება დაიწყო, რაც ასევე მაღალმოთხოვნადი გახდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს “ლორეალს“ პრობლემები არ შექმნია, რაშიც შუელერს მისი გერმანული წარმომავლობაც ეხმარებოდა. 1940-44 წლებში, კომპანიის გაყიდვები თითქმის გაორმაგდა, შემოსავალი კი 249 ათასი ფრანკიდან 2.3 მლნ ფრანკამდე გაიზარდა. პროდუქციის აქტიური მომხმარებელი იყო გერმანიის არმიაც.
1953 წელს, აშშ-ში კომპანიის პირველი ფილიალი გაიხსნა. 1957 წელს შუელერი გარდაიცვალა და კომპანიის მმართველი ფრანსუა დალი გახდა, რომელმაც კვლევითი და ინოვაციების მიმართულება გააძლიერა. “ლორეალის“ პროდუქციას სახის კანის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და პარფიუმერია შეემატა.
1974 წელს, კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო “ნესტლესთან“, რომლის მიხედვით “ლორალის“ 51%-იანი წილი ეჟენ შუელერის ქალიშვილმა, ლილიან ბეტანკურმა შეინარჩუნა. ლილიან ბეტანკური 2017 წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დროს ის მსოფლიოს უმდიდრესი ქალი იყო.
კომპანიას 6 დიდი კვლევითი ცენტრი აქვს: 2 საფრანგეთში, 1 აშშ-ში, 1 იაპონიაში, 1 ჩინეთში და 1 ინდოეთში.
საინტერესო იყო “ლორეალის“ სლოგანის ცვლილებებიც. თავიდან ჟღერდა, როგორც “რადგან მე ვიმსახურებ ამას“, შემდეგ შეიცვალა “რადგან შენ იმსახურებ ამას“ სლოგანით, 2009 წლიდან კი “რადგან ჩვენ ვიმსახურებთ ამას“ სლოგანით. სლოგანების ცვლილება მომხმარებელთა ქცევის ფსიქოლოგ, მაქსიმ ტიტორენკოს რჩევებს ეფუძნებოდა.
ერთ-ერთი პირველი დიდი შესყიდვა, რაც “ლორეალმა“ განახორციელა იყო 2006 წელს “ბოდი შოპის“ შეძენა 562 მლნ დოლარად.
2012 წელს, “ლორეალმა“ ყველაზე დიდი ქარხანა ინდონეზიაში ააშენა, რომელიც 100 მლნ დოლარი დაჯდა.
2014 წელს, “ლორეალმა“ კომპანია “შისეიდოსგან“ “კარიტას“ და “დეკლორის“ ბრენდები შეისყიდა 313 მლნ დოლარად.
დღეს “ლორეალს“ ეკუთვნის ისეთი ცნობილი ბრენდები როგორებიცაა: “გარნიერ“, “მეიბილაინი“, “ნიქსი“, “ლანკომი“, “ვიში“, “ბიოთერმი“, “ბოდი შოპი“ და ა.შ.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024