"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა “ტოიოტა“?

როგორ გამდიდრდა “ტოიოტა“?

“ტოიოტას“ შემოსავლების მიხედვით მსოფლიოში მეათე ადგილი უჭირავს. 2019 წელს მისმა შემოსავალმა 273 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ეს რიცხვი დაახლოებით 16-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის ჯამური წლიური შემოსავალი. კომპანიის მოგებამ კი 17 მილიარდი დოლარი შეადგინა. დღეს “ტოიოტაში“ 371 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. ავტომობილების წლიური გამოშვების რაოდენობა კი 10 მლნ ცალზე მეტია. შემოსავლით და ავტომობილების წლიური წარმოების მოცულობით “ტოიოტა“ მხოლოდ “ფოლკსვაგენს“ ჩამორჩება.

1924 წელს იაპონელმა გამომგონებელმა საკიში ტოიოდამ შექმნა ახალი მოდელის ტექსტილის სართავი ავტომატური მანქანა, რომელსაც შემდეგ ტოიოდა ეწოდა. 1929 წელს ავტომატური სართავი მანქანის პატენტი ინგლისურმა კომპანიამ “პლატ ბრაზერსმა“ შეიძინა 100 ათას გირვანქა სტერლინგად. აღნიშნული 100 ათასი დოლარით ტოიოდების ოჯახმა ავტომობილების წარმოების დაწყება გადაწყვიტა. ასლი აიღეს ამერიკული ავტომობილიდან Chrysler Airflow-დან და 1936 წელს პირველი ავტომობილი Toyoda AA შექმნეს.

კომპანიაში თავიდანვე იაპონელებისთვის დამახასიათებელი სტანდარტი დაინერგა, არ შეიძლებოდა თუნდაც ერთ მანქანას ჰქონოდა რაიმე წუნი.

1937 წელს კომპანიის მმართველის კიშირო ტოიოდას გადაწყვეტილებით ავტომობილების წარმოება ცალკე კომპანიად გამოიყო, რომლესაც Toyota Motor Company ეწოდა. ამავე წელს მთავრობისგან შეკვეთა მიიღეს 3 000 ცალ სატვირთო ავტომობილზე, რაც ახალ კომპანიას ძალიან დაეხმარა. ზოგადად, 1930-იან წლებში იაპონიაში ავტომობილების წარმოება აქტიურად დაიწყო. ამავე პერიოდში შეიქმნა კომპანიები “დაიჰაცუ“ და “ნისანი“.

1938 წელს მთავრობისგან მიღებული ფულით “ტოიოტამ“ პირველი საავტომობილო ქარხანა გახსნა.

მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია სამხედრო შეკვეთებზე მუშაობდა. ძირითადად სატვირთო ავტომობილებს უშვებდა, სანამ აშშ-მა მისი ქარხნები არ დაბომბა.

1950-იანი წლების დასაწყისიდან იაპონიის ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო, რაც “ტოიოტაზეც“ აისახა. ამავე პერიოდში კომპანიაში ინერგება იაპონელებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი პრინციპი – “კაიძენის“ მეთოდი. “კაი“ ნიშნავს ცვლილებას და “ძენ“ სიბრძნეს. ჯამში, ეს ნიშნავს, რომ წარმოებაში სულ უნდა განხორციელდეს ჭკვიანური ცვლილებები. ამის შედეგები სახეზეა. 80-იანი წლებიდან “ტოიოტას“ სხვადასხვა სერიის ავტომობილები ლიდერობენ სხვადასხვა სეგემნტზე, ეს იქნება მცირელიტრაჟიანი ავტომიბილები, მაღალი გამავლობის, თუ ჰიბრიდები.

ზოგადად, იაპონურმა საავტომობილო და ტექნიკის კომპანიებმა ბევრი რამე გადმოიღეს ამერიკული და ევროპული კომპანიებიდან, მაგრამ დასავლურმა კომპანიებმაც ბევრი ისწავლეს იაპონელებისგან, განსაკუთრებით კი მენეჯმენტის ნაწილში.

1950-იან წლებში შეიქმნა “ტოიოტას“ პოპულარული მოდელი Land Cruiser. 1957 წელი კი ერთგვარი გარღვევა იყო, რადგან კომპანიამ ავტომობილების ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვა დაიწყო. 1961 წლიდან კი მისი ავტომობილები უკვე ბევრ ქვეყანაში გადის გასაყიდად. 60-იან წლებში ყველაზე პოპულარული მოდელები გახდა Corona და Corolla.

“ტოიოტამ“ 1970-იანი წლების სანავთობო კრიზისიც (ნავთობის ფასი გაიზარდა 13-ჯერ) კი შესაძლებლობად აქცია მცირელიტრაჟიანი ავტომობილების მასიური წარმოებით, რომელზეც მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა.

1982 წელს გამოდის Toyota Camry. ამ პერიოდისთვის კომპანია ავტომობილების სიდიდით მე-3 მწარმოებელი იყო. 80-იან წლებში მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი ახალი ბრენდის Lexus-ის გამოშვება, რომელიც იყო კომპანიის პირველი მაღალი კლასის ავტომობილი. ის კონკურენციას უწევდა კადილაკს და მერსედესს.

1990-იან წლებში კომპანია სხადასვა ქვეყნებში ხსნის “ტოიოტას“ პირველ სერვის ცენტრებს, რაც ხელს უწყობს ავტომობილების ექსპორტის ზრდას.

1997 წელს “ტოიოტა“ იწყებს ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი Prius-ის წარმოებას. 1998 წელს იყიდა საავტომობილო კომპანია Daihatsu. 2002 წელს კი ფორმულა 1-ის რბოლაში ჩაერთო.

დღეს მსოფლიოს 31 ქვეყანაში “ტოიოტას“ 36 საავტომობილო ქარხანა და 22 ავტონაწილების ქარხანა აქვს, სადაც ადამიანებთან ერთდ რობოტები არიან დასაქმებული. მისი მანქანები კი 170 ქვეყანაში იყიდება. დღეს კომპანია სააქციო საზოგადოებაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 220 მილიარდი დოლარია.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა