"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, მარკეტინგის მკვლევარი. დავიბადე 1986 წლის 27 აგვისტოს"

სიყვარული, როგორც ბიზნესი ანუ LOVE I$

სიყვარული

სასურველი, მოთხოვნადი, რეიტინგული, სანდო, საუკეთესო… გსურთ ამ ეპითეტებით თქვენი ბრენდი დაახასიათონ? ალბათ იცით, ეს რთულად მიღწევადი ამოცანაა. ბრენდი, რომელმაც ამგვარი აღიარება მოიპოვა და მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად პროდუქტად იქცა, არ გაგიკვირდეთ, სიყვარულია.

ართურ ერონი, სთონი ბრუქის უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარია. რამოდენიმე დღის წინ, სოციალური მედიაში, მომდევნო ვირალურ სტატიას გავეცანი მისი ავტორობით. ჩატარებული კვლევის თანახმად, ავტორი ამტკიცებს, რომ სიყვარული შეგრძნება სულაც არ არის, ეს სურვილია. ტვინის შესწავლამ აჩვენა რომ ე.წ. დოპამინის სისტემა აქტიურდება მაშინ როდესაც ადამიანს რაიმე ძლიერ სურს, მათ შორის უყვარს ან ელოდება დიდძალი თანხის მოგებას და ა.შ.

საინტერესო კორელაციაა სიყვარულს – როგორც სურვილსა და შესყიდვის სურვილს შორის. Love Story – ყველა სარკლამო კამპანიის წარმატების ერთგვარი გარანტი, ბესტსელერი წიგნების და ფილმების მთავარი საყრდენია. მომხმარებელს უყვარს სიყვარულის ისტორია და მზადაა ამაში ფული იხადოს.

მოდით გადავხედოთ სტატისტიკას: როგორ ფიქრობთ, მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა დღესასწაულებს შორის, რომელზე იხარჯება ყველაზე მეტი ფული? შობა, აღდგომა, ახალი წელი, ჰელოუინი? პასუხი – ვალენტინობის დღეა. მხოლოდ აშშ-ში შობის ასაღნიშნავად დახარჯული 15 მილიონი დოლარი უპირისპირდება ვალენტინობის დღის აღნიშვნისთვის დახარჯულ 566 მილიონ აშშ დოლარს. ხარჯებიდან ასაღნიშნავია მისალოცი ბარათები 10მლნ აშშ დოლარი, შოკოლადი 17 მლნ აშშ დოლარი, ყვავილები 6მლნ აშშ დოლარი. საიუველირო პროდუქტის, ყვავილის, ტკბილეულის, პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანიებისთვის ეს უდიდესი შესაძლებლობაა დაგეგმონ სწორი საკომუნიკაციო კამპანია, გაზარდონ გაყიდვები და საუკეთესო შემთხვევაში საბაზრო წილი. ცნობისათვის, ნიშნობის ბეჭდის შესაძენად, გასულ წელს დახარჯული თანხის ჯამური ოდენობა 4,4 მილიარდ დოლარს აღწევდა, ვალენტინობის დღეს, აშშ-ში გაყიდული ვარდების ოდენობა კი 189 მილიონს. რომეო და ჯულიეტა, დღესაც ბესტსელერია და მსოფლიო გაყიდვების ათეულში შედის (სხვათა შორის, დანარჩენი ცხრა წიგნიდანაც შვიდი სასიყვარულო ისტორიაა, თუმცა ეს რეიტინგი სხვა ბლოგის თემაა), კინოგაქირავების უპირობო ლიდერი კი გარი მარშალის „ლამაზმანია“ – გათანამედროვებული კონკიას სიყვარულის ისტორია, რომელმაც ყველა ოსკაროსან ფილმს აჯობა.

და მაინც, რატომ ჩნდება სიტყვა “სიყვარული’’ მარკეტინგული კომუნიკაციის პროცესში და რატომ ვიხდით ფულს სასიყვარულო ისტორიებში? “I’m lovin’ it’’ – მაკდონალდსი, “I ❤ NY’’ – ნიუ იორკის მუნიციპალიტეტი, “Love – It’s what makes Subaru a Subaru’’ – სუბარუ, “Buy it, Sell it, Love it’’ – იბეი, “Love the skin you’re in’’ – ოლეი, ეს ჩამონათვალი უსასრულოა.

როგორც კომპანია კაპლან ტალერ გრუპის დამფუძნებელი განმარტავს, არსებობს რეკლამირების ე.წ. “მარცხენა ტვინის’’ და “მარჯვენა ტვინის’’ მიდგომები. “მარცხენა ტვინის’’ მიდგომა გულისხმობს, რომ შენაძენის გაკეთების დროს, მომხმარებელი ეძებს მისი ქცევის რაციონალურ ახსნას, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიდგომა შეიცვალა და მომხმარებლებმა დაიწყეს ემოციური კავშირის ძიება. ემოცია – მომხმარებლის ქცევაზე მოქმედი მთავარი ფაქტორი გახდა.

ფაქტია, რომ რეკლამებში ხშირად ვხვდებით იმ არარეალურ, თითქოს იდეალურ სამყაროს, რისკენაც მომხმარებელთა დიდი ნაწილი მიისწრაფის. ეს სამყარო გაჯერებულია მიუწვდომელი, იშვიათი ნივთებით, ადგილებითა და შეგრძნებებით – ძვირფასი სამკაულით, ეგზოტიკური კუნძულებით, იდეალური სხეულით, ყველაზე ხშირად კი სიყვარულით.

როდესაც კომპანია ნისანის მარკეტინგის დირექტორს, ერიხ მარქსს ჰკითხეს, როგორ მივიდა ამდენი კომპანია სიტყვა “სიყვარულამდე’’ მათ სლოგანებში, მან განმარტა: “ალბათ, ჩვენ ყველამ ვიგრძენით, რომ არსებობს ემოციური ღრმული, რომლის ამოვსებაც გვესაჭიროება’’

ახლა კი მოდი გავიხსენოთ, ჩვენი საყვარელი წიგნი, ფილმი, სიმღერა ან რეკლამა. რის შესახებ იყო ის? დასასრულს, თუ შეძლებთ, ის თანხაც დავაჯამოთ, რაც გადაგვიხდია ჩვენი საყვარელი Love Story-ს შესაძენად.

სიყვარულით,

ნინო ენუქიძე

გააზიარე