პრაღის, ანგლო-ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრი.

ქართული კულინარული კვალი პრაღაში

2335

ქართული კულინარული კვალი პრაღაში

პრაღა, რომელიც ხშირად “ევროპის გულად” არის მოხსენიებული, ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. თავისი თვალწარმტაცი არქიტექტურისა და შესანიშნავი ბუნების გარდა, ბევრისთვის ის ცნობილია გემრიელი სამზარეულოთი და ლუდის კულტურით.  უამრავი ტურისტი უქმეებზე აქ სწორედ ჩეხური ლუდის დასაგემოვნებლად ჩამოდის. თუმცა,  მიუხედავად ამისა, პრაღა მრავალფეროვნების ქალაქია და, ისევე როგორც ევროპის მრავალ ქვეყანაში,  ჩეხური რესტორნების გარდა, უხვად ნახავთ იტალიურ, ირლანდიურ, ბალკანურ, აღმოსავლურ, თუ ლათინოამერიკულ რესტორნებს – თითქმის ყველა კულტურისა და გემოვნების მიხედვით. ბევრი ჩვენგანისთვის სიამაყეს იწვევს, როდესაც ევროპის ცენტრში ქართულ სამზარეულოს აღმოაჩენთ. ბოლო 5 წლის განმავლობაში, პრაღაში რამოდენიმე ქართული რესტორანი გაიხსნა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც წარმატებულები არიან და ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებსაც აქტიურად იზიდავენ.

წარმოგიდგენთ ტოპ წარმატებულ ქართულ რესტორნებს პრაღაში:

1. Gruzie

ქალაქის გულში, მთავარი მოედნიდან (სადაც პრაღის ასტრონომიული საათია) სულ რაღაც 500 მეტრის დაშორებით, Bílkova 861/14-ში თქვენ ნახავთ რესტორან Gruzie-ს (საქართველო). რესტორანში შესვლისთანავე დაგხვდებათ ძველი ქალაქური ინტერიერი, რაც თბილისშიც ბევრი პოპულარული რესტორნის სავიზიტო ბარათია. რესტორანი გაფორმებულია ქართული ნახატებითა და სიმბოლიკით. თუკი გსურთ თქვენ უცხოელ სტუმრებს უცებ შეუქმნათ წარმოდგენა საქართველოს შესახებ, მაშინ Gruzie ნამდვილად  შესაფერისი არჩევანია – აქ ნამდვილად ქართული განწყობა და ქართული გარემოა.

რესტორნის პერსონალი ეროვნული სიმბოლიკით გაწყობილი სამოსით, კედლებზე გადაჭიმული ქართული დროშა, საქართველოს და ძველი თბილისის სურათები, ქართული სუვენირები, გიზგიზა ბუხარი სასიამოვნო ქალაქური მუსიკის ფონზე მშვენიერ განწყობას შეგიქმნით. რა თქმა უნდა, ვიზუალი ამ შთაბეჭდილებების მხოლოდ ერთი ნაწილია… რესტორნის შეფ-მზარეული ქართველია, რაც ეტყობა კიდევაც უგემრიელეს კერძებს. რესტორანი ქართული კერძების მრავალფეროვან ასორტიმენტს წარმოგიდგენთ. აქ შეხვდებით ყველაფერს, რაც საქართველოსთვის ტრადიციული და დამახასიათებელია: ფხალეულიდან და ცომეულით დაწყებული, დამთავრებული მწვადითა და ნადიმების მიქსით. ამასთანავე აქვთ ქართული საფირმო ღვინოებისა და მინერალური წყალების ფართო არჩევანი. შეფ მზარეულის თქმით, რესტორანი გაზაფხულისთვის მენიუს მეგრული კერძებით კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას აპირებს. 

რესტორნის მესვეურებმა საქართველოსა და ქართული ტრადიციების პოპულარიზაციისათვის მენიუში სპეციალური გვერდი მიუძღვნეს ქართული სუფრის ტრადიციებს. გვერდი მოგვითხრობს თამადის მიერ სუფრის გაძღოლის ხელოვნებაზე. აგრეთვე გვთავაზობს საქართველოში გავრცელებული სადღეგრძელოების ჩამონათვალს და მათ თანმიმდევრობას. სრული ინფორმაციისათვის  აქვე ნახავთ ძირითადი ქართული ფრაზების ჩამონათვალს, რომლებიც ნათარგმნია  ჩეხურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, ასე რომ რესტორნიდან გასულმა უცხოელმა სტუმარებმა უკვე იცის ქართულად მისალმება დამშვიდობება, მადლობა და აშ.. კვირის უქმე დღეებში რეტორანი სტუმრებს ცოცხალ მუსიკასაც სთავაზობს. მიუხედავად იმისა რომ ეს რესტორანი თითქმის ორი წლისაა, მას უკვე აქვს მაღალი რეიტინგი (Facebook 4.0/5; Tripadvisor 4.5/5; Restu.cz 4.8/5; Google Maps 4.7/5) და აქ სულ ხალხმრავლობაა.

slide36   

2. Komplex Liliovka/Georgia

ქართული  გარემოსთვის შეგიძლიათ ეწვიოთ Liliová 247/10-ში მდებარე კომპლექსს Georgia/Liliovka 10. ევროპის ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკის – კლემენტიუმიდან სულ რაღაც 3 წუთის სავალზე მდებარე ეს კომპლექსი თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ის 3 ნაწილადაა გაყოფილი: “Guga” ბარი, რესტორანი/ღვინის ბარი და ბლიუზ ბარი. შესაბამისად, კომპლექსი სხვადასხვა გემოვნების სტუმარზეა გათვლილი. თუკი  “Guga” ბარი, და ბლიუზ ბარი თანამედროვე სტილით არის გაფორმებული, ღვინის ბარი უფრო ქართული ტრადიციული ნივთებით არის გაწყობილი. ვიზუალური მხარის გარდა, Liliovka-ში ქართული სუფრისთვის დამახასიათებელ მრავალ კერძს იხილავთ. აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული საფირმო ღვინოები და მინერალური წყლები. რესტორანს საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს (Facebook 4.7/5; Tripadvisor 4.5/5; Google Maps 4.4/5). ასე რომ თუ თქვენ საღამოს მრავალფეროვნად გატარებას და ქართული საოჯახო სამზარეულოს დაგემოვნებას აპირებთ შეგიძლიათ ეს რესტორანიც მოინახულოთ.

slide40

3. Kakheti

ძველი ქალაქიდან ცოტა მოშორებით, ეროვნული მუზეუმიდან დაახლოებით 20 წუთის სავალზე, Na Kozačce 12-ში თქვენ დაგხვდებათ რესტორანი “Kakheti”. რესტორნის გარე ინტერიერზე განთავსებული ეკრანი ქუჩაში გამვლელებს საქართველოს თვალწარმტაცი ბუნების, ქართული მითოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კადრებს სთავაზობს, რაც თავისებურად რესტორნის რეკლამირებასაც ეწევა და პოტენციური სტუმრების მიზიდვის კარგ საშუალებასაც წარმოადგენს.  რესტორნის მთავარი დარბაზი ქართული ეროვნული სამოსით, ქართული საკრავებით და ტრადიციული სუვენირებით არის გაწყობილი. სულ მალე რესტორნის მეპატრონეები სტუმრებს პირდაპირ ქვევრიდან ამოღებული ღვინით გაუმასპინძლდებიან და აქვე ჩადგმული თონიდან შესთავაზებენ ცხელ-ცხელ ქართულ პურს. როგორც სხვა რესტორნებში, აქაც ქართული სუფრისთის დამახასიათებელ ყველა ძირითად კერძს ნახავთ, მრავლად არის ქართული ღვინო, და მინერალური წყლები.  გემრიელ საჭმელთან ერთად, ქართულ გარემოს  მუსიკაც ქმნის. ყოველ საღამოს რესტორანში ქართული სიმღერების ცოცხალი შესრულებაა.  რესტორანში ასევე შესაძლებელია კერძო წვეულების მოწყობაც. მართალია რესტორანი სულ ცოტა ხნის გახსნილია, თუმცა უკვე ჰყავს ბევრი მნახველი და საკმაოდ კარგი შეფასებები ელექტრონულ საიტებზე (Facebook 3.7; Google Maps 4.1). რესტორნის მეპატრონე და შეფ-მზარეული ქართველი მამა-შვილია, რომლებიც უკვე დიდი ხანია ჩეხეთში ქართული ტრადიციული სუფრის პოპულარიზაციას ეწევა.

slide39

4. Gruzínské speciality Tengiz/ U Gruzína

თუ, ტურისტებით სავსე ქალაქის ცენტრმა გადაგღალათ და  გსურთ ქართული ტრადიციული კერძები სუფთა ჰაერზე, ცენტრიდან მოშორებით დააგემოვნოთ, მაშინ შეგიძლიათ ეწვიოთ რესტორანს U Gruzína-Tengiz, რომელიც Karlovarská 45-ში მდებარეობს. სუფთა ჰაერთან და გემრიელ საჭმელთან ერთად (რომელიც თქვენ თვალწინ, მზადდება), მას ცენტრთან შედარებით იაფი ფასებიც აქვს. ეს უფრო საზაფხულო რესტორანია, რასაც საქართველოშიც მრავლად ნახავთ ქალაქგარეთ. გარეთ ეზოში მოწყობილი მაგიდები, რამდენიმე ხის ფაცხა, ზაფხულში ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გასეირნების და ქართული ოჯახური სამზარეულოს დაგემოვნების შესანიშნავი შესაძლებლობაა. მიუხედავად ასეთი მოწყობისა, ღია რესტორანში დამონტაჟებულია გამათბობლები, ასე, რომ  მას საკმაოდ ბევრი ადამიანი სტუმრობს ზამთარშიც. რესტორნის შესასვლელშივე შეგეგებებათ დიდი  მაყალი, რომელზეც თქვენ თვალწინ შამფურებზე აგებული მწვადი იწვება. რესტორნის მეპატრონე და მისი ოჯახის წევრები საქართველოდან წამოსული ემიგრანტები არიან. ისინი თვითონვე არიან ჩართული სტუმრის გამასპინძლებაში. ეს კი საოცრად თბილ გარემოს ქმნის, ამიტომაც არის, რომ მას უკვე ბევრი მუდმივი კლიენტი ყავს. რესტორანი უკვე 5 წელია წარმატებით ფუნქციონირებს, აქტიურად იზიდავს ტურისტებსა და ადგილობრივ მნახველებს. მიუხედავად იმისა, რომ რესტორანი ქალაქის ცენტრისგან მოშორებითაა, მას საიტებზე დღესდღეისობით ერთ ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს (Facebook 4.9/5; Tripadvisor 5/5; Google Maps 4.8/5).

slide37

ასე რომ, თუკი თქვენ, პრაღაში ჩახვედით და დაიღალეთ ჩეხური ტრადიციული სამზარეულოთი, ან მოგენატრათ ქართული სამზარეულო, შეგიძლიათ მრავალფეროვნებისათის ჩამოთვლილ ქართულ რესტორნებს ესტუმროთ. თითოეული რესტორანი თავისებურად უნიკალური და სასიამოვნოა და ყველგან პატარა საქართველოს შეხვდებით.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

ავტორის სხვა მასალა