"ჩემი ინტერესის სფეროებია მედია, პოლიტიკა, განათლება და მეცნიერება. დავიბადე 1962 წლის 18 სექტემბერს. ამჟამად ვმუშაობ ილიაუნის PR კონსულტანტად, 2008-13 წლებში ვიყავი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე."

ყველაფერზე ვიდისკუსიოთ!

ყველაფერზე ვიდისკუსიოთ!

“ყველაფერზე ვიდისკუსიოთ! კათოლიკური ფასეულობებისა და კერძო საკუთრების წმინდა უფლების გარდა” – აუგუსტო პინოჩეტი

რამდენიმე დღის წინ ერთმა ცნობილმა ქართველმა მემარცხენე ინტელექტუალმა თავის ბლოგში დაწერა: “მერაბიშვილის სიტყვებმა გამახსენა ის აღფრთოვანება, რომელიც არასდროს დაუმალავთ ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს – აღფრთოვანება პინოჩეტისა და მისი რეჟიმის მიმართ. პირადად უთქვამთ ჩემთვის, რა არის სტადიონზე დახვრეტილი კომუნისტები, როცა ჩილეს, როგორც სახელმწიფოს, სრული კატასტროფა ემუქრებოდაო.. რა ვიცი, აქ მე ვერ ვხედავ დიდ განსხვავებას “პინოჩეტიზმს” და “ჩეგევარიზმს” შორის. მსხვერპლი მსხვერპლია, სულ ერთია, რა მიზნითაც უნდა ტარდებოდეს მსხვერპლშეწირვის ეს არქაული რიტუალი. ჰოდა დისკუსია სწორედ იმიტომაა საჭირო, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ერთად მიაგნონ გზას უმსხვერპლოდ ცხოვრების დასაწყებად.”

ამ გამონათქვამს რეფრენად თითქოს დოსტოევსკის გამონათქვამი (“არცერთი იდეა არ ღირს ბავშვის ცრემლად”) მიყვება. თუმცა, აქვე გამოსჭვივის აშკარად უარყოფითი კონოტაციაც: სისხლმოწყურებული უსახური მასა, ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა სახით მზადაა გაამართლოს ნებისმიერი ძალადობა  მაღალი იდეალების აღსრულების სანაცვლოდო.  აქვე დავძენ, რომ ჩემთვისაც მიუღებელია ადამიანის სიცოცხლისა და თავისუფლების მოსპობა მაღალი იდეალების განხორციელების  საბაბით, თუმცა დავაფასოთ ავტორის სურვილი, რომ ნებისმიერ საკითხს დისკუსია სჭირდება. ამიტომაც შემოგთავაზებთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფაქტსა და მოსაზრებას აუგუსტო პინოჩეტისა და მისი საქმიანობის შესახებ, რათა უფრო ცხადი გახდეს ის დრამატიზმი, რომელიც უდავოდ ახლდა ამ საინტერესო პიროვნების ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

2012 წელს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ მოსამართლე ბალთაზარ გარსონი დამნაშავედ სცნო და მას იურიდიული პრაქტიკა აუკრძალა. გაირკვა , რომ გარსონი ესპანეთის მემარჯვენე-ცენტრისტული “სახალხო პარტიის” ფუნქციონერების მიმართ უკანონო მიყურადების პრაქტიკას იყენებდა, რათა “დაეჭირა შავი კატა ბნელ ოთახში მაშინაც, როდესაც ის იქ არ იმყოფებოდა”. ანუ, გარსონს ნებისმიერ ფასად სურდა პოპულარული პარტიის განადგურება არჩევნების წინ. და ამას სახელგანთქმული მოსამართლე აკეთებდა მხოლოდ საკუთარი მემარცხენე-ლიბერალური შეხედულებებიდან გამომდინარე. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მისი ყველა გახმაურებული საქმე: ფრანკოს დროინდელი ჩინოვნიკების დაპატიმრება, ბერლუსკონის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და რაც მთავარია, აუგუსტო პინოჩეტის ბრიტანეთიდან ექსტრადირების მოთხოვნა, პოლიტიკურად იყო მოტივირებული. საყურადღებოა, რომ გარსონის საქმეზე ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, ხოლო მისი მხრიდან აპელაციების შესაძლებლობა იმთავითვე ყველა ავტორიტეტულმა საერთაშორისო სასამართლომ გამორიცხა.

ეს პასაჟი იმისთვის დაგვჭირდა, რომ შეგვეხსენებინა: ჩვენი ემოციები, რომლებიც მხოლოდ ჩვენს ცოდნასა და საკითხისადმი დამოკიდებულას ეფუძნება, ხშირად ცუდი მრჩეველია და, ამ შემთხვევაში, მიუკერძოებელი სამართლებრივი სისტემის მყარ ბარიერს აწყდება. პინოჩეტის მიმართ ათწლეულების განმავლობაში გამოყენებული, ხშირად ლუბიანკის კაბინეტებში შექმნილი კლიშეები (“სისხლისმსმელი დიქტატორი”, “ადამიანის უფლებების ჯალათი” და ა.შ.) ესპანეთის უზენაეს სასამართლოში დაიმსხვრა.

ახლა კი პინოჩეტის შესახებ. ის 1915 წელს დაიბადა ბრეტონელი მამისა და ბასკი დედის ოჯახში, რომლებიც ჩილეში ახლადემიგრირებულები იყვნენ. ახალგაზრდობიდან სამხედრო კარიერას მიჰყო ხელი. საველე მეთაურის უნარებს უთავსებდა აკადემიურ საქმიანობას სამხედრო აკადემიასა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დემოკრატიულად განწყობილი, ლიბერალური შეხედულებების მქონე მოღვაწის ავტორიტეტით სარგებლობდა. ეს ჩილეში გასაკვირი არც იყო, ვინაიდან ჩილე, ლათინური ამერიკის სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, მყარი დემოკრატიული ტრადიციების ქვეყანა გახლდათ, სადაც სახელმწიფო გადატრიალებები არ ხდებოდა, მმართველობა დემოკრატიულად იცვლებოდა და, მათ შორის, იყო მემარცხენე კოალიცების (მოსკოვიდან არამართული) მმართველობის ხანგრძლივი პერიოდებიც.

მშვიდად შეხვდა ქვეყანა 1970 წლის არჩევნებსაც და მასში მემარცხენე კოალიციის გამარჯვებას სალვადორ ალიენდეს მეთაურობით. იმთავითვე, ალიენდეს მთავარ დასაყრდენად არმიაში გენერლები შნეიდერი, პრასტი და პინოჩეტი (ეს უკანასნელი ამ დროს სამხედრო აკადემიას ხელმძღვანელობდა) მოიაზრებოდნენ, რომლებიც არ მალავდენენ სიმპატიას ახალი მთავრობის მიმართ. მხლოდ მოგვიანებით შეიტყობენ ისინი და ჩილეც, რომ “მშვიდობის დარგში ლენინური პრემიის ლაურეატის”, ალიენდეს საარჩევნო კამპანიის  დასაფინანსებლად КГБ-ის ათეულობით მილიონი დოლარი ჰქონდა დახარჯული.

აქ ოდნავ უნდა გადავუხვიოთ ჩვენს თხრობას და მკითხველს შევახსენოთ იმ ისტორიული პერიოდის პოლიტიკური კონტექსტი, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ. 60-70 წლებში “წითელი ბანაკი” (სსრკ, ჩინეთი) საერთაშორისო არენაზე ტრიუმფით იმარჯვებდა: აფრიკის უდიდესი ნაწილი, ინდოჩინეთი, ავღანეთი მისი პირდაპირი გავლენის სფეროში მოექცა. ამას თუ დავუმატებთ ახლო აღმოსავლეთში კრიზისის პიკს (მიუნხენის ტერაქტი, იომქიფურის ომი, პალესტინელების მიერ ლიბანის სრული დესტაბილიზაცია) დავინახავთ, რომ თავისუფალი სამყარო პოზიციებს თმობდა მთელ მსოფლიოში. ამას დაემატა სსრკ-ის გააქტიურება ლათინურ ამერიკაში: არგენტინა, ბოლივია, კოლუმბია, პერუ, ნიკარაგუა და სალვადორი ე.წ. “წითელი პარტიზანების” სათარეშო მოედნებად იქცნენ, რომლებიც  საბჭოთა სამხედრო ბანაკებში გაწვრთნილი კუბელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ. ამ “რევოლუციონერებმა” ლათინურ ამერიკაში სისხლის გუბეები დააყენეს, რომელიც კონტინენტს ისედაც არ აკლდა “პატრიარქი” დიქტატორების წყალობით. ლათინოამერიკელმა დიქტატორებმა “წითელ ტერორს”, “სიკვდილის ესკადრონების“ (გასამხედროებული, მემარჯვენე-ფაშისტური დაჯგუფებები) ტერორით უპასუხეს, რასაც სრული ქაოსი, ეკონომიკებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ჩამოშლა მოჰყვა. სწორედ ამ ვითარებაში ჩილეში სახელმწიფოს ბედზე პასუხისმგებლობა აიღო პატრიოტულად განწყობილმა ოფიცერთა ჯგუფმა, რომელმაც გარე დახმარებისა და ჩარევის გარეშე, დაუსვა  წერტილი 3-წლიან კომუნისტურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქვეყანა ანარქიისა და ქაოსისკენ მიჰყავდა. პინოჩეტმა შეძლო მსოფლიო ტრენდის შეტრიალება, რომელსაც მოგვიანებით დიდ ბრიტანეთში თეთჩერისა და აშშ-ში რეიგანის ნეოკონსერვატიული მეინსტრიმი მოჰყვა. ამითაა ფასეული პინოჩეტის ნაბიჯი და ამიტომაცაა, რომ დღემდე იგი რუსული პროპაგანდისა და მისი გავლენის ქვეშ დღემდე მყოფი “ინტელექტუალების“ წყევლა-კრულვის მთავარ ობიექტად რჩება.

დავუბრუნდეთ მოვლენების ქრონოლოგიას, მომენტს, როცა КГБ-იმ შემდგომ სამიზნედ ჩილე შეარჩია, სადაც მემარცხენეებს ტრადიციულად ძლიერი პოზიციები ჰქონდათ. სწორედ ამიტომ “პარტიზანული რევოლუციის” ნაცვლად  КГБ-იმ “ლეგიტიმური გზა” არჩია. “საარჩევნო ექსპქრიმენტი” წარმატებით განხორციელდა და თითქოს ყველა შეეგუა, იმ ფაქტს, რომ თავისუფალმა სამყარომ მორიგი მარცხი, ხოლო ლათინურმა ამერიკამ კუბასთან ერთად მეორე ,,თავისუფლების კუნძული“ მიიღო. ამისთვის ყველაფერი მზად იყო: 30 000 კუბელი “სპეციალისტი” (სინამდვილეში სპეციალური დანიშნულების შენაერთები, რომელთა მსგავსიც მოგვიანებით რეიგანმა კუნძულ გრენადიდან და პანამიდან გაყარა) ადგილზე იყო ჩასული, ხოლო 1973 წელს მომზადდა საიდუმლო შეთანხმება, რომელიც 1974 წლიდან ჩილეს უმსხვილესი სამხედრო-საზღვაო ბაზის, ვალპარაისოს სსრკ-სთვის მრავალწლიანი არენდით გადაცემას ითვალისწინებდა.

ამ მომენტამდე კი ალიენდე შესაშური თანმიმდევრულობით ახორციელებდა კომუნისტურ ექსპერიმენტს ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში. მყარი სოციალისტური ტრადიციის შესაბამისად, ყველაფერი საწარმოთა ნაციონალიზაციით დაიწყო. ეს ეროვნული ვალუტის მასის გაზრდის ხარჯზე (საწარმოთა შესყიდვა გაუმყარებელ ეროვნულ ვალუტაში ხდებოდა) განხორციელდა. ფულის დაზგა გაშმაგებით ამუშავდა: საწარმოთა შესასყიდი ფულის გარდ,ა მას ხომ ნაციონალიზებული საწარმოების მუშების გაზრდილი ხელფასებიც უნდა უზრუნველეყო! დროის ძალიან მოკლე პერიოდში ამ ტაქტიკამ თითქოს გაამართლ. მოსახლეობის (უფრო სწორად მისი პროლეტარული ნაწილის) კეთილდღეობამ იმატა და მშპ-ის ზრდაც დაფიქსირდა. მაგრამ  უკვე 1972 წლის დასაწყისისათვის მოჩვენებითი სოცილისტური სამოთხე ფინანსურ-ეკონომიკურ კოშმარად იქცა. 1972 წელს ინფლაცია წინა წელთან შედარებით 12-ჯერ (!) გაიზარდა და 260% შეადგინა , ხოლო 1973-ში მისი ნიშნული 600%-სგადასცდა.  დაიწყო დეფიციტი და ეკონომიკის რეცესია (წლიური 5%). ალიენდე იძულებული გახდა სახელმწიფო დაწესებულებებსა და საწარმოებში ხელფასები შეეკვეცა, რასაც მასობრივი უკმაყოფილება მოყვა.

დადგა გადამწყვეტი მომენტი და სრულიად თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ “მრავალპარტიული მემარცხენე კოალიცია“ სინამდვილეში კომუნისტ-რადიკალების ერთსულოვან გუნდს წარმოადგენდა. ეკონომიკის საბაზრო პრინციპებზე დაბრუნების ნაცვლად, მთავრობამ ხისტი ადმინისტრირების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო. შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომლის ფუნქცია პირველადი დანიშნულებისა და კვების ძირითადი პროდუქტების შესყიდვა-განაწილება გახლდათ. პრეისკურანტით განსაზღვრული საქონელი და პროდუქტი სააგენტოში დადგენილი ფასით, სავალდებულო ჩაბარებას ექვემდებარებოდა  – ანუ მეწარმე, ან ფერმერი ვალდებული იყო ჩამონათვალში მითითებული პროდუქცია ჩამბარებელ პუნქტში მიეტანა და მის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან კაპიკები მიეღო, ბაზარზე თავისუფლად გატანა-გაყიდვის ნაცვლად! შემდეგ კი ამგვარად ,,მოპოვებულ“ პროდუქტს სახელმწიფო მისივე მაღაზიების ქსელით ნორმირებულად, ტალონებით ყიდდა. მოკლედ, ორიოდე წელიწადში ჩილემ სოციალიზმის ეკონომიკური მოდელის ყველა სიკეთე იწვნია (შეადარე – საბჭოთა госснаб).

ეკონომიკას სხვა რამეც მოსდევს. ბუნებრივია, სახელმწიფოს მოწოდებებსა და მუქარას – მწარმოებლებს პროდუქცია ბაზარზე არ გაეტანათ (რაც ელემენტარულად დეფიციტის პრობლემას მოხსნიდა) – მწარმოებელთა ენთუზიაზმი არ მოჰყოლია. სწრაფად წარმოიქმნა “შავი ბაზარი“, სოციალიზმის კიდევ ერთი ატრიბუტი, რომელიც სახელმწიფოს გენერალურ ხაზს ვერაფრით ესადაგებოდა. შეიქმნა “შავ ბაზართან და ანტისოციალისტურ ელემენტებთან” ბრძოლის საჭიროება (შეადარე საბჭოთა продразвёрстка).  ალიენდეს მთავრობამ, “კონტრრევოლუციასთან” ბრძოლის საბაბით, მუშათა და გლეხთა შეიარაღებული “წითელი რაზმების” ფორმირება დაიწყო, რომლებიც მისი მხარდამჭერი პროფკავშირების ბაზაზე იქმნებოდა. ათიათასობით ახლადგამომცხვარი და შეიარაღებული “წითელრაზმელი”რევოლუციური აღტყინებით შეესია მცირე საწარმოებს, მიწათმფლობელებს, ფერმერებს და ენთუზიაზმით შეუდგა მათ გაკულაკებას.  აუტანელმა ვითარებამ კერძო და სახელმწიფო საწამოთა თანამშრომლების პირველი მასობრივი გაფიცვა გამოიწვია, რასაც “წითელი ტერორი” – საწარმოებში ხალხის იარაღის ქვეშ მიყვანა, ურჩების ადგილზე დახვრეტა, პოლიტიკური მკვლელობების სერია და აქტივისტების დაწიოკება მოჰყვა.

ამ ვითარებაში, სამხედროთა ერთმა ნაწილმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა, თუმცა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. შეთქმულება პინოჩეტმა ჩაახშო, რისთვისაც ალიენდეს მადლობაც მიიღო, თუმცა პირობებიც წამოაყენა: უუნარო გენერალ პრასტის გადადგომა, ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობლობის აღება, დამნაშავეთა დასჯა და ყველა მიმართულებით პოზიტიური ცვლილებების დაწყება. ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, პინოჩეტი გარანტიას იძლეოდა, რომ საკუთარი ავტორიტეტის ძალით შესძლებდა არმიის საკონსტიტუციო ჩარჩოებში დატოვებას. ალიენდემ და მისმა მთავრობამ თითქოს დაიწყეს კიდეც ნაბიჯების გადადგმა: ჩილეს სახმელეთო ჯარების სარდალი გენერალი პრასტი გადადგა და მისი ადგილი პინოჩეტმა დაიკავა, ხოლო 1973 წლის 22 აგვისტოს ჩილეს პარლამენტმა ალიენდეს საქმიანობა “ანტიკონსტიტუციურად” მიიჩნია, თუმცა მემარცხენე კოალიციის დამფრთხალ უმრავლესობას არ ეყო ნება თავისივე დადგენილების შესაბამისად პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაეწყო. სამი კვირის განმავლობაში პინოჩეტი ალიენდესგან პასუხს ელოდა. სხვათა შორის, ის მის გადადგომას არ ითხოვდა, საკმარისად მიაჩნდა პრეზიდენტის მიერ დაშვებული შეცდომების აღიარება, ყველაზე ოდიოზური “წითელი მეთაურების” დასჯა და შემდეგ, თანდათანობით, ქვეყნის კოლაფსიდან გამოყვანა.

რა ხდებოდა შემდეგი სამი კვირის განმავლობაში რთული სათქმელია: ალიენდეს მომხრეები ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი ყველა მოთხოვნის შესრულებას აპირებდა, მაგრამ არ დასცალდა. პინოჩეტი კი ირწმუნებოდა, რომ ალიენდეს საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ახალი პროგრამა წარმოედგინა და ყველაზე აქტიური რევოლუციური ქმედებები დაეგმო. თუმცა, იმავე პინოჩეტის ვერსიით სამხედრო აქცია – პრეზიდენტის სასახლის შტურმი – მას შემდეგ გადაწყდა რაც სამხედროები მიხვდნენ (კონტრდაზვერვის დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე), რომ  საკუთარი გარემოცვის და ყოვლისშემძლე КГБ-ის მძევლად ქცეული ალიენდე ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამდა: სპეცსამსახურებმა დადეს ვალპარაისოს საზღვაო ბაზის რუსებისთვის გადაცემის საიდუმლო შეთანხმების დოკუმენტი და კუბური 30 000-იანი სამხედრო კონტინგენტის დისლოკაციის ბაზების რუკა. პინოჩეტი მიხვდა, რომ უნდა ემოქმედა, ვინაიდან ამ ვითარებაში მის მერყეობას სამხედროთა მხრიდან უკვე მის მიმართაც მოყვებოდა აგრესია და შემდეგ ჩილე, დიდი ალბათობით, “წითელი პარტიზანებისა” და “სიკვდილის ესკადრონების” სათარეშო მდელოდ იქცეოდა.

შემდეგ რაც მოხდა დაინტერესებული მკითხველისთვის ალბათ ცნობილია:  პრეზიდენტის სასახლის, “ლა მონედას” შტურმი, ალიენდეს თვითმკვლელობა და მემარცხენე ოპოზიციის განადგურება. თუმცა, აქაც მივადგებით საკითხს, რომელიც გარკვეულ შეფასებებისა, ან თუ გნებავთ გადაფასებების საფუძვლად შეიძლება იქცეს.  თუ გავიხსენებთ სტატიის დასაწყისს და ყოჩაღი ესპანელი მოსამართლე გარსონის მიერ პინოჩეტის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, ერთ საინტერესო ტერმინოლოგიურ მეტამორფოზას წავაწყდებით. კერძოდ, საქმის აღძვრა მოხდა ჩილელი და საერთაშორისო უფლებადამცველების მიერ არსებული განცხადებების საფუძველზე – “პინოჩეტის რეჟიმმა 2279 ადამიანი  შეიწირა”. ასეთი ინტერპრეტაცია ათწლეულობით ტრიალებდა და ტირაჟირდებოდა მემარცხენე-ლიბერალურ წრეებში, პრესაში და ყველგან მოჰყავდათ რეჟიმის “პირსისხლიანობის” დასტურად.

შეუდგა რა საქმის მასალების შესწავლას, თავად გარსონი იძულებული გახდა ახალი ტერმინი შემოეღო: “პინოჩეტის მმართველობის დროს 2279 ადამიანი დაიღუპა”.  ხვდებით სხვაობას? დაღუპულთა რაოდენობა იგივეა, თუმცა “რეჟიმმა შეიწირას“ ნაცვლად “მმართველობის დროს დაიღუპას“ ვხედავთ. საქმე ისაა, რომ მიკერძოებული გარსონიც კი ვერ გაექცა იმ ფაქტს, რომ მოყვანილი ციფრი სინამდვილეში რეჟიმის მსხვერპლთა და მათთან ბრძოლაში დაღუპული სამართალდამცავების კომპოზიტია.

კერძოდ, ამ რიცხვშიაშედის “წითელრაზმელების” და კუბელების შეიარაღებულ ბანდებთან ბრძოლაში დაღუპული ასობით პოლიციელი და სამხედრო, ისევე, როგორც ასობით შეიარაღებული, პოლიციასა და არმიასთან სამხედრო შეტაკებებში დაღუპული კუბელი და წითელი აქტივისტი. იყო თუ არა დახვრეტები? იყო. რამდენიმე ათეული ადამიანი მართლაც დახვრიტეს სანტიაგოს ცენტრალურ სტადიონზე, სწორედ ისინი, ვის დასჯასაც (ოღონდ დაპატიმრებით) მოითხოვდა პინოჩეტი ალიენდესგან. შემდგომში პინოჩეტი განაცხადებს, რომ დახვრეტის ბრძანება არ გაუცია. მეტიც, მისი ერთპიროვნული მმართველობის პირობებში ჩილეს სასამართლოებმა უკანონო ბრძანებების გამცემებისა და შემსრულებლების წინააღმდეგ გამოიტანეს განაჩენები, რომელთა დიდი ნაწილი პინოჩეტის მმართველობისთანავე აღსრულდა. სხვათა შორის, პინოჩეტმა ამ საქციელით ხაზი გაუსვა იმას, რომ მისთვის ერთნაირად მიუღებელი იყო “წითელი პარტიზანებისა” და “სიკვდილის ესკადრონების”  ტერორი. სწორედ ეს მომენტი (კომუნისტური და მემარჯვენე ტერორის არარსებობა) იქცა ლათინურ ამერიკაში ჩილესათვის განსაკუთრებულობის ერთ-ერთ მთავარ ნიშნად, “ჩილეს ეკონომიკურ სასწაულთან” ერთად.

“ჩიკაგოელი ბიჭების” მიერ განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების დეტალურად შეფასებას არ შევუდგებით. საკმარისია აღვნიშნოთ ნობელიანტის, თანამადროვე ლიბერალური ეკონომიკის თეორიის ფუძემდებლის მილტონ ფრიდმანისა და სხვა გამორჩეული ეკონომისტების უმაღლესი შეფასებები. ბუნებრივი რესურსების არმოქონე ჩილე უკვე რამდენიმე ათწლეულია ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის პირველ ათეულშია. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ოდენობით (14 400$) ის უსწრებს რუსეთს და მის სატელიტ ვენესუელას, რომლებსაც ბუნებრივი რესურსების აურაცხელი მარაგები აქვთ. ეს უკანასკნელი ლათინურ ამერიკაში ჩავესის სოციალისტური ექსპერიმენტის “ბრწყინვალე ნიმუშია”, მოსახლეობის 2/3-ის სრული სიღატაკით, დანაშაულისა და მკვლელობების მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მაღალი პროცენტით, ჰიპერინფლაციითა და ეკონომიკური კოლაფსით.

მე მოვიყვანე რამდენიმე, ნაკლებად ცნობილი ფაქტი იმ ქვეყნისა და ადამიანის ბიოგრაფიიდან, რომლებმაც საშუალო და უფროსი თაობის ადამიანები თავის მიმართ გულგრილი არ დატოვა (კონოტაციას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს), რათა მეტი სისავსით გავიგოთ ისტორია, დავინახოთ მოვლენები და ადამიანები სხვადსხვა რაკურსიდან და ვისწავლოთ, რათა ნაკლები შეცდომა დავუშვათ. ერთგვაროვანია პინოჩეტის ფიგურა? ვფიქრობ არა. მას ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მოუწია მის მიერ დაღვრილ “მცირე სისხლსა” და იმ განუზომელ უბედურებას შორის საითკენაც ქვეყანა მიექანებოდა.

ვუბრუნდები სტატიის დასაწყისში გამოთქმულ დისკუსიის საჭიროებას და დოსტოევსკის ფრაზას: არცერთი იდეა არ ღირს ბავშვის ცრემლის ფასად! მართლაც არ ღირს. დღევანდელ მსოფლიოში გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება შიმშილისა და ავადმყოფობისგან, ვიდრე პირდაპირი ძალადობის შედეგად. ამის მიზეზი კი, უმეტეს შემთხვევაში, მთავრობებისა და ხელისუფალთა უუნარობა, სოციალური პოპულიზმი და უპასუხისმგებლობაა. ვინ აწონა ბავშვის ცრემლი და ვინ განსაზღვრა, რომ შიმშილისგან დაობლებული ბავშვის ცრემლს ძალადობისგან მარტოდ დარჩენილი პატარას ცრემლზე ნაკლები წონა აქვს? ამ კითხვაზე , ვფიქრობ, მარტივი პასუხი არ არსებობს.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა