"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა

ek2

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022 წლის ეკონომიკური ზრდის რეიტინგში საქართველო მე-9 ადგილზეა 192 ქვეყანას შორის.

მეთოდოლოგია

11 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლებიც ეკონომიკური ზრდის პროგნოზებსაც მოიცავს.

ეკონომიკური ზრდა ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ერთი წლის განმავლობაში ზრდას ნიშნავს. მთლიანი შიდა პროდუქტი ეკონომიკის სიდიდის საზომია. ის ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებას აჯამებს. ეკონომიკის ზრდაზე ინფლაციის ეფექტის გამოსარიცხად, წლების მაჩვენებლები ერთმანეთს ერთი საბაზისო წლის ფასებში დარდება. მაგალითად, თუ 2021 წლის და 2022 წლის მშპ-ს, ორივეს 2021 წლის ფასებით დავითვლით, მათ შორის სხვაობა გამოშვებულ საქონელსა და მომსახურებას შორის ცვლილებას გვაჩვენებს. სწორედ ამ ცვლილებას ჰქვია ეკონომიკური (ეკონომიკის) ზრდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდს ბოლო პროგნოზები მიმდინარე  წლის აპრილში ჰქონდა გამოქვეყნებული. პოსტპანდემიურმა პერიოდმა და უკრაინა-რუსეთის ომმა ეკონომიკური პროგნოზირება გაართულა, ამიტომ ოქტომბრის მონაცემებით ქვეყნების მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შეიცვალა. სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების ბოლო რეიტინგი 192 ქვეყანას მოიცავს.

საქართველო ეკონომიკური ზრდის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2022 წლის 11 ოქტომბერს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 9%-ით გაიზრდება. სწორედ 9%-იანი ზრდით იკავებს საქართველო მე-9 ადგილს მსოფლიოში. წელს საქართველოს ეკონომიკაზე სწრაფად მხოლოდ 8 ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება.

ფონდის მიერ აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით უნდა გაზრდილიყო. ეკონომიკის ზრდის პროგნოზის ამაღლება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში დაფიქსირებულმა 10.3%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. ამავე დროს, 2022 წლისთვის საქართველოს მთავრობა 8.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ეკონომიკის მოსალოდნელზე მეტად სწრაფად ზრდა ტურიზმის მნიშვნელოვნად მატებამ და რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდამ განაპირობა.

2022 წელს მაღალი ზრდა ძირითადად ტურიზმზე მაღალი დამოკიდებულების ქვეყნებს აქვთ. ეს ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, 2022 წელს მნიშვნელოვნად დაზარალდნენ და ტურიზმის აღდგენა პოზიტიური კუთხითაც გამორჩეულად დაეტყოთ.

2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა და სავალუტო ფონდის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის რეიტინგში 21-ე ადგილზე გავიდა. 2020 წელს კი საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა. საქართველოს ეკონომიკაზე მეტად მხოლოდ 55 ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა. 35-მა ქვეყანამ ეკონომიკური ზრდითაც კი დაასრულა 2020 წელი.

2023 წლისთვის სავალუტო  ფონდი საქართველოს ეკონომიკის 4%-ით ზრდას პროგნოზირებს და ამ მაჩვენებლით ეკონომიკის ზრდის რეიტინგში საქართველო 69-ე ადგილზე იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა და პოზიცია ეკონომიკური ზრდის რეიტინგში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ქვეყნები, სადაც ეკონომიკა ყველაზე სწრაფად იზრდება

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წელს ყველაზე მეტად გაიანის ეკონომიკა გაიზრდება – 58%-ით. ბოლო წლებში გაიანის ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდა ნავთობისა და გაზის ახალი საბადოების აღმოჩენით არის განპირობებული.

რეიტინგში მეორე ადგილზე ფიჯია, რომლის ეკონომიკა წელს 12.5%-ით გაიზრდება. სეიშელის ეკონომიკა თითქმის 11%-ით გაიზრდება.

ეკონომიკური ზრდით საქართველოსთან ყველაზე ახლოს ირლანდია (9%) და მალდივებია (8.7%)

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან 2022 წელს ყველაზე მეტად სომხეთის ეკონომიკა გაიზრდება – 7%-ით. ამ მაჩვენებლით სომხეთი მსოფლიოში მე-19 ადგილზეა. აზერბაიჯანის ეკონომიკა – 3.7%-ით, თურქეთის ეკონომიკა კი 5%-ით გაიზრდება.

რუსეთის ეკონომიკა 3.4%-ით შემცირდება.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წელს 13 ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება, მათ შორის, ყველაზე მეტად – 35%-ით უკრაინის ეკონომიკა შემცირდება. 19%-ით შემცირდება ლიბიის ეკონომიკა, ხოლო  შრი-ლანკის – 9%-ით.

ტოპ-10 ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მიხედვით 2022 წელს

 ქვეყანაზრდა
1გაიანა57.8%
2ფიჯი12.5%
3სეიშელი10.9%
4ბარბადოსი10.5%
5სენტ-კიტსი და ნევისი9.8%
6ერაყი9.3%
7სენტ-ლუსია9.1%
8ირლანდია9.0%
9საქართველო8.98%
10მალდივები8.7%

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

 

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა