Forbes Georgia
ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში საქართველო 28-ე ადგილზეა

მეთოდოლოგია
2025 წლის დეკემბერში ეკონომიკური გლობალიზაციის განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგი გლობალიზაციის ინდექსის მიხედვით დგება, რომელსაც ყოველწლიურად ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აქვეყნებს. პირველი რეიტინგი 2002 წელს გამოქვეყნდა. ინდექსი 187 ქვეყანას მოიცავს და ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გლობალიზაციის დონეს იკვლევს.
ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსური გლობალიზაციის დონით განისაზღვრება.
საერთაშორისო ვაჭრობა აჩვენებს, თუ რამდენია ქვეყნის საგარეო ვაჭრობა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ და რამდენად დივერსიფიცირებულია სავაჭრო პარტნიორები. ასევე, აფასებს სავაჭრო რეგულაციებს, ტარიფებსა და შეთანხმებებს.
ფინანსური გლობალიზაცია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, პორტფელის ინვესტიციებს, საერთაშორისო დავალიანებას, საერთაშორისო რეზერვებს, შრომასა და კაპიტალზე საერთაშორისო შემოსავლებს, ინვესტიციების რეგულირებას, კაპიტალის ანგარიშის ღიაობას და საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებებს მოიცავს.
ინდექსის ინდიკატორების ინფორმაციის წყარო მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვადასხვა ინდივიდუალური ეკონომიკური კვლევაა.
საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში
ინდექსის თანახმად, საქართველო გლობალიზაციის დონით მსოფლიოში 58-ე ადგილზეა, ცალკე აღებული ეკონომიკური გლობალიზაციით კი 28-ე ადგილი უჭირავს. გლობალიზაციის საერთო დონით 58-ე ადგილი იმით არის განპირობებული, რომ სოციალური გლობალიზაციით საქართველო 64-ე ადგილზეა, ხოლო პოლიტიკური გლობალიზაციით – 116-ე ადგილზე.
საქართველოს ეკონომიკურ გლობალიზაციაში 100-დან 78.1 ქულა აქვს. ეკონომიკური გლობალიზაციის კომპონენტებში – საერთაშორისო ვაჭრობაში 79.8 ქულა აქვს, ხოლო ფინანსური გლობალიზაციაში – 76.4.
2024 წელს საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში 26-ე ადგილზე იყო, რადგან 1.6-ით მეტი ქულა ჰქონდა – 79.7.
2006 წელს საქართველოს ეკონომიკურ გლობალიზაციაში 67 ქულა ჰქონდა და 94-ე ადგილზე იყო. მომდევნო 10 წელი, 2016 წლამდე საქართველოს ეკონომიკური გლობალიზაციის დონე იზრდებოდა და ქვეყანა ინდექსში მე-16 ადგილამდე დაწინაურდა. საქართველოს გლობალიზაციის კოეფიციენტი 2016 წლის შემდეგაც გაიზარდა და 2021 წელს 81-საც აღწევდა, თუმცა რეიტინგში თანდათან ჩამოქვეითდა. ეს სხვა ქვეყნების ქულების უფრო მეტად ზრდამ განაპირობა.
საბოლოო ჯამში, საქართველო მაინც მაღალ პოზიციაზეა, რასაც საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალური პოლიტიკა და უცხოური კაპიტალის თავისუფლად შემოსვლის შესაძლებლობა განაპირობებს. საქართველოს მაღალი პოზიცია უფრო ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის ამსახველია, ვიდრე მიღწეული განვითარების დონის. ტერიტორიითა და მოსახლეობით მცირე ქვეყნისთვის გლობალურ, საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იძლევა საშუალებას, ქვეყნის ეკონომიკის საზღვრები მის ფიზიკურ საზღვრებთან არ სრულდებოდეს. თუმცა მაღალი ეკონომიკური გლობალიზაციის დონის ქვეყნებზე უფრო აისახება საერთაშორისო კრიზისებიც, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
მაღალი პოზიციის მიუხედავად, ბოლო წლებში, ინდქსში საქართველოს ჩამოქვეითება უკვე ტენდენციად იქცა და 2012 წლის მდგომარეობას დაუბრუნდა.
საქართველოს პოზიცია ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში

ეკონომიკური გლობალიზაციით ლიდერი ქვეყნები
ეკონომიკური გლობალიზაციით პირველ ადგილზე სინგაპურია 93.3 ქულით (მაქსიმალური 100 ქულიდან). მეორე ადგილზე ნიდერლანდებია 89.8 ქულით, ხოლო მესამეზე ბელგიაა 88.3 ქულით.
დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები გლობალიზაციის ინდექსში მაღალ პოზიციებზე არ არიან, მაგრამ ვერ ვნახავთ პატარა ქვეყანას, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მაღალია და ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში დაბალი პოზიცია უჭირავს. საერთაშორისო ვაჭრობა და უცხოური კაპიტალი ბუნებრივი რესურსებით ღარიბი, პატარა ქვეყნების განვითარების აუცილებელი პირობაა.
ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში საქართველოს გეოგრაფიული მეზობლებიდან აზერბაიჯანი 54-ე ადგილზეა, სომხეთი 56-ზე, თურქეთი 119-ზე, რუსეთი კი 149-ზე.
ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში ბოლო ადგილებს ვენესუელაა 26.4 ქულით. შემდეგ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მოდის 28.4 ქულით. ბოლოდან მესამეზე ბანგლადეშია 28.8 ქულით.
ეკონომიკური გლობალიზაციით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა
| ქვეყანა | ქულა | |
| 1 | სინგაპური | 93.3 |
| 2 | ნიდერლანდები | 89.8 |
| 3 | ბელგია | 88.3 |
| 4 | არაბთა გაერთ. საამიროები | 87.6 |
| 5 | შვეიცარია | 87.0 |
| 6 | ლუქსემბურგი | 86.6 |
| 7 | ესტონეთი | 86.0 |
| 8 | ირლანდია | 84.9 |
| 9 | დანია | 84.9 |
| 10 | კვიპროსი | 84.9 |
წყარო: ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გლობალიზაციის ინდექსი
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
