"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 3 ადგილით ჩამოქვეითდა

ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების განახლებულ რეიტინგში საქართველო 35-ე ადგილზეა
მეთოდოლოგია
ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას ორი ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაცია იკვლევს. ესენი არიან ფრეიზერის ინსტიტუტი და ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი. კვლევებზე დაყრდნობით, ისინი ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგს ადგენენ. ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის რეიტინგი 26 თებერვალს განახლდა.
ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ცენტრია, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს 1995 წლიდან აქვეყნებს. 2025 წელს გამოქვეყნებული ინდექსი 2023-2024 წლების მდგომარეობას ასახავს.
ეკონომიკური თავისუფლების დონე 4 ჯგუფად განაწილებულ 12 კრიტერიუმზე დაკვირვებით განისაზღვრება, ესენია: 1. კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, კორუფციის დონე), 2. მთავრობის ზომა (საგადასახადო ტვირთი, მთავრობის ხარჯები, ფისკალური სტაბილურობა), 3. რეგულაციების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება), 4. ღია ბაზრები (საგარეო ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).
ინფორმაციის წყარო სხვადასხვა კვლევა და ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებია. ცალკეული კრიტერიუმი მაქსიმუმ 100 ქულით ფასდება და ქვეყნის საბოლოო ქულა 0-დან 100-მდე მერყეობს. საბოლოო ქულების მიხედვით ქვეყნები 5 ჯგუფში ნაწილდებიან: 1. 80-100 ქულა – თავისუფალი ქვეყნები; 2. 70-79.9 ქულა – მეტწილად თავისუფალი ქვეყნები; 3. 60-69.9 – ზომიერად თავისუფალი ქვეყნები; 4. 50-59.9 ქულა – მეტწილად არათავისუფალი ქვეყნები და 5.0-49.9 ქულა – ქვეყნები, სადაც რეპრესიების მაჩვენებელი მაღალია.
საქართველო ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში
4 მარტს გამოქვეყნებული ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილზეა (176 ქვეყანას შორის) 69 ქულით. ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 0.6 პუნქტით გაიზარდა, თუმცა სხვა ქვეყნების ქულების მეტად ზრდის გამო, საქართველომ რეიტინგში 32-ე ადგილიდან 35-ეზე ჩამოინაცვლა. საქართველო ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია.
საქართველოს ქულები შეფასების 12 კრიტერიუმიდან 6-ში გაიზარდა, 1 უცვლელად დარჩა, ხოლო 5-ში შემცირდა.
შეფასების კრიტერიუმები | 2024 | 2025 | ცვლილება |
ფისკალური სტაბილურობა | 39.9 | 75.9 | 36.0 |
საკუთრების უფლება | 53.3 | 62.3 | 9.0 |
ბიზნესის თავისუფლება | 74.4 | 78.1 | 3.7 |
მთავრობის ხარჯები | 69.6 | 72.9 | 3.3 |
სასამართლოს ეფექტიანობა | 54.8 | 55.3 | 0.5 |
შრომის თავისუფლება | 63.0 | 63.5 | 0.5 |
საგადასახადო ტვირთი | 89.1 | 89.1 | 0.0 |
საგარეო ვაჭრობის თავისუფლება | 86.4 | 86.2 | -0.2 |
კორუფციის დონე | 61.1 | 58.9 | -2.2 |
მონეტარული თავისუფლება | 69.3 | 65.3 | -4.0 |
ინვესტირების თავისუფლება | 80.0 | 60.0 | -20.0 |
ფინანსური თავისუფლება | 80.0 | 60.0 | -20.0 |
წყარო: The Heritage Foundation
ყველაზე მეტად, 36 პუნქტით, საქართველოს ქულა ფისკალურ სტაბილურობაში გაიზარდა, რაც პანდემიის გამო გაუარესებული ფისკალური მდგომარეობის გამოსწორებამ განაპირობა. 9 პუნქტით გაიზარდა საკუთრების დაცვის ქულა, 3.7-ით – ბიზნესის თავისუფლების.
ყველაზე მეტად შემცირდა ინვესტირებისა და ფინანსური თავისუფლების ქულა – 20 პუნქტით. ამ კომპონენტში მითითებულია, რომ საქართველოში უცხოელების მიერ მიწის ფლობა შეზღუდულია და განვითარებული არ არის ფასიანი ქაღალდების ბაზარი. 4 პუნქტით შემცირდა მონეტარული თავისუფლება და 2.2 პუნქტით – კორუფციის. ქულის შემცირება კორუფციის ზრდას ნიშნავს.
ამჟამად საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა – 89.1 – საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქეში აქვს. შემდეგ მოდის საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება 86.4 ქულით და ბიზნესის თავისუფლება 78.1 ქულით.
ყველაზე დაბალი ქულა – 55.3 – სასამართლოს ეფექტიანობაში აქვს. შემდეგ მოდის კორუფცია 58.9 ქულით.
რეიტინგში საქართველო ყველაზე მაღალ პოზიციას – მე-7 ადგილს – 2017 წელს იკავებდა.
საქართველოს პოზიცია ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში

ქვეყნები, სადაც ეკონომიკური თავისუფლების დონე ყველაზე მაღალია
ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველ ადგილზეა სინგაპურია 84.1 ქულით, რომლის ქულა ბოლო წელს 0.6-ით გაიზარდა. მეორეზე შვეიცარიაა 83.7 ქულით. მესამეზე ირლანდიაა 83.1 ქულით. ეს სამი ქვეყანაა მხოლოდ, რომლებსაც 80 ქულაზე მეტი აქვთ და თავისუფალ ქვეყნებს მიეკუთვნებიან.
გეოგრაფიულად საქართველოს მეზობელი ქვეყნები შემდეგ პოზიციებს იკავებენ:
- სომხეთი 57-ე ადგილი (ჩამოქვეითდა10 ადგილით)
- აზერბაიჯანი 75-ე ადგილი (ჩამოქვეითდა 5 ადგილით)
- თურქეთი 111-ე ადგილი (ჩამოქვეითდა 9 ადგილით)
- რუსეთი 135-ე ადგილი (ჩამოქვეითდა 4 ადგილით)
რეიტინგში ბოლო ადგილზე ჩრდილოეთი კორეაა 3 ქულით, ანუ ამ ქვეყანაში ეკონომიკა ყველაზე არათავისუფალია. ბოლოდან მეორეზე კუბაა 25.4 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამეზე ვენესუელაა 27.6 ქულით.
ტოპ-10 ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით
ქვეყანა | ქულა | |
1 | სინგაპური | 84.1 |
2 | შვეიცარია | 83.7 |
3 | ირლანდია | 83.1 |
4 | ტაივანი | 79.7 |
5 | ლუქსემბურგი | 79.5 |
6 | ავსტრალია | 79.3 |
7 | დანია | 79.1 |
8 | ესტონეთი | 78.9 |
9 | ნორვეგია | 78.3 |
10 | ნიდერლანდები | 78.2 |
წყარო: The Heritage Foundation
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მარტი 6, 2025
- on მარტი 5, 2025
- on თებერვალი 13, 2025
- on თებერვალი 12, 2025
- on იანვარი 28, 2025
- on ნოემბერი 20, 2024
- on ნოემბერი 13, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024