"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 97-ე ადგილზეა

2 (33)

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური ეროვნული შემოსავლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 97-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ქვეყანაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლება და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. მსოფლიო ბანკი ერთ მოსახლეზე შემოსავალს მთლიანი ეროვნული შემოსავლის (მეშ) გადანაწილების მეთოდოლოგიითაც თვლის. მთლიანი ეროვნული შემოსავალი მთლიანი შიდა პროდუქტისგან (მშპ) იმით განსხვავდება, რომ შემოსავალს ქვეყნის რეზიდენტების მიხედვით თვლის, ანუ მშპ-ს ემატება ამ ქვეყნის რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ გამომუშავებული თანხა და აკლდება ქვეყნის შიგნით უცხოელების მიერ გამომუშავებული თანხა. საბოლოოდ ვიღებთ ქვეყნის რეზიდენტების მიღებულ შემოსავალს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. მაგალითად, საქართველოს მშპ-ს გამოაკლდება უცხოელების მიერ საქართველოში გამომუშავებული თანხა და დაემატება ქართველების მიერ საზღვარგარეთ გამომუშავებული თანხა.

ქვეყნების მაჩვენებლები ერთმანეთთან მეტად შესადარისი რომ იყოს, მსოფლიო ბანკი შემოსავალს „ატლასის მეთოდით“ თვლის. ეს მეთოდოლოგია მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მსგავსია, რადგან ქვეყნებს შორის განსხვავებულ ფასების დონეებს ითვალისწინებს.

მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევა 187 ქვეყანას მოიცავს.

საქართველო ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის ზრდის რეიტინგში

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლით საქართველო 187 ქვეყანას შორის 97-ე ადგილზეა. რეიტინგი 2023 წლის მონაცემებით არის შედგენილი, როდესაც საქართველოში ერთ მოსახლეზე ეროვნულმა შემოსავალმა 6,680 დოლარი შეადგინა.

2022 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 5,690 დოლარი იყო და ქვეყანა რეიტინგში 99-ე ადგილს იკავებდა. 2023 წელს შემოსავლის ზრდა 7.5%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.

„ატლასის მეთოდით“ დათვლილი ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის ცვლილება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გარდა, ასევე დამოკიდებულია: ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე, ლარის დოლარის მიმართ გაცვლის კურსზე და ემიგრანტებისა და იმიგრანტების გამომუშავებულ თანხაზე. როცა ლარი დოლარის მიმართ უფასურდება, თუ მას თან არ ახლავს ლარის გაუფასურების შესაბამისი ინფლაცია, ატლასის მეთოდით დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი იზრდება. 2023 წელს ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის ზრდა საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის 1.1%-ით კლებამაც განაპირობა.

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური ეროვნული შემოსავალი საქართველოში, დოლარი

წყარო: მსოფლიო ბანკი
ქვეყნები, სადაც შემოსავლები ყველაზე მაღალია

მსოფლიო ბანკის ინფორმაცით, 2023 წელს ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი ყველაზე მაღალი ნორვეგიაში იყო – 102,460 დოლარი. მეორე ადგილზე შვეიცარიაა 95,160 დოლარით. მესამეზე კი ლუქსემბურგია 88,370 დოლარით. არაევროპული ქვეყნებიდან ტოპ-10-ში აშშ, კატარი, სინგაპური და ავსტრალია ხვდებიან.

ეროვნული შემოსავლის მიხედვით საქართველოსთან ყველაზე ახლოს აზერბაიჯანი (6,680 დოლარი), სამხრეთი აფრიკა (6,750 დოლარი) და კოლუმბია (6,870 დოლარი) არიან.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალშემოსავლიანი რუსეთია, ერთ მოსახლეზე 14,250 დოლარით. შემდეგ თურქეთი მოდის 11,650 დოლარით. სომხეთში ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 7,330 დოლარია.

ეროვნული შემოსავლით ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბურუნდია, სადაც ერთი მოსახლის საშუალო წლიური ეროვნული შემოსავალი 230 დოლარია. შემდეგ მოდის ავღანეთი 360 დოლარით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 470 დოლარით და მოზამბიკი 530 დოლარით.

ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის მიხედვით, დოლარი, 2023 წელი

 ქვეყანადოლარი
1ნორვეგია102,460
2შვეიცარია95,160
3ლუქსემბურგი88,370
4ირლანდია80,390
5აშშ80,300
6ისლანდია79,840
7კატარი77,740
8დანია73,360
9სინგაპური70,590
10ავსტრალია63,140

წყარო: მსოფლიო ბანკი

გააზიარე