"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
ერთ მოსახლეზე ფულადი გზავნილებით საქართველო მსოფლიოში მე-8 ადგილზეა
წლის განმავლობაში საშუალოდ ერთი ადამიანის მიერ მიღებული უცხოური ფულადი გზავნილებით საქართველო მსოფლიოში მე-8 ადგილზეა.
მეთოდოლოგია
ემიგრანტები გამომუშავებული თანხის ნაწილს თავიანთ ქვეყნებში გზავნიან. ღარიბი ქვეყნებისთვის ასეთი გზავნილები მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ქვეყნების მიხედვით გზავნილების სტატისტიკას სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის, ინტერნეტპორტალი Visual Capitalist-ი აქვეყნებს, რომლის ინფორმაციასაც ამ ბლოგში დავეყრდნობით.
ფულადი გზავნილების ბოლო მონაცემები Visual Capitalist-ს 172 ქვეყნის შესახებ 2022 წლისთვის აქვს გამოქვეყნებული.
როდესაც შედარება ხდება, თუ რომელი ქვეყანა იღებს მეტ გზავნილს ემიგრანტებისგან, ამ დროს უფრო მართებულია გზავნილების ერთ მოსახლეზე საშუალო რაოდენობის ან ეკონომიკის მიმართ (მშპ-ის მიმართ) ფარდობა შედარდეს და არა ნომინალური რიცხვები. ლოგიკურია, რომ რაც უფრო მეტია ქვეყნის მოსახლეობა და მეტი ემიგრანტი ჰყავს, მით მეტ თანხას გადმორიცხავენ. მოსახლეობისა და ეკონომიკის მიმართ ფარდობა კი უჩვენებს, რომელი ქვეყნების კეთილდღეობასა და ეკონომიკაში თამაშობს უფრო მნიშვნელოვან როლს ემიგრანტების გზავნილები. მაგალითად, ინდოეთისთვის ემიგრანტების მიერ გადარიცხული 100 მილიარდამდე დოლარი უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოსთვის ემიგრანტების გადმორიცხული 4 მილიარდი დოლარი.
საქართველო ფულადი გზავნილების რეიტინგში
საქართველოს ეროვნულო ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს საზღვარგარეთიდან საქართველოში 4.4 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1,185 აშშ დოლარია. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-8 ადგილზეა, ანუ მხოლოდ 7 ქვეყანას ჩამორჩება. ხოლო საქართველოს ეკონომიკის მიმართ 2022 წელს მიღებული ფულადი გზავნილები 18%-ია, რაც ასევე მაღალი მაჩვენებელია და ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა.
2022 წელს მიღებულ 4.4 მილიარდ დოლარში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში მცხოვრები რუსი ემიგრანტებისთვის გადმორიცხული თანხაც შედის. გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 2 მილიარდი დოლარით (86%-ით) გაიზარდა. დამატებით შემოსული 2 მილიარდი დოლარიდან 1.6 მილიარდი რუსეთზე მოდის. გზავნილები ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ყაზახეთიდან 88 მლნ დოლარით, ყირგიზეთიდან 80 მლნ დოლარით, გერმანიიდან 51 მლნ დოლარით, იტალიიდან 46 მლნ დოლარით და აშშ-დან 43 მლნ დოლარით. გზავნილები მნიშვნელოვნად შემცირდა უკრაინიდან – 82 მლნ დოლარით.
2022 წელს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა – 2.1 მილიარდი დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა. 432 მლნ დოლარი გადმოირიცხა იტალიიდან, 327 მლნ დოლარი – აშშ-დან, 224 მლნ დოლარი – საბერძნეთიდან და 199 მლნ დოლარი – ისრაელიდან.
ფულადი გზავნილები საქართველოში, მილიარდი დოლარი
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ქვეყნები, რომლებიც ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტ ფულად გზავნილებს იღებენ
2022 წელს ფულადი გზავნილებით ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტი თანხა ლუქსემბურგმა მიიღო. ლუქსემბურგმა სულ 2 მილიარდი დოლარი მიიღო, მაგრამ რადგან პატარა ქვეყანაა და მისი მოსახლეობა მხოლოდ 640 ათასს ადამიანს შეადგენს, ერთ მოსახლეზე ფულადი გზავნილები 3,101 დოლარი გამოდის.
მეორე ადგილზე ასევე პატარა ქვეყანა ტონგაა, რომელმაც 250 მლნ დოლარის გზავნილები მიიღო. ტონგაში 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ერთ ადამიანზე 2,500 დოლარის გზავნილი მოდის. მესამე და მეოთხე ადგილზეც პატარა ქვეყნები -, მონტენეგრო და სამოა არიან.
სადაც საქართველოზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და საქართველოზე მეტ გზავნილს იღებენ, ასეთი მხოლოდ 2 ქვეყანაა: ლიბანი და სალვადორი.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთია ყველაზე მეტად ფულად გზავნილებზე დამოკიდებული. ქვეყანამ 2022 წელს 3.4 მილიარდი დოლარის გზავნილები მიიღო და ერთ მოსახლეზე გზავნილებით მსოფლიოში მე-10 ადგილზეა. აზერბაიჯანი 74-ე ადგილზეა ერთ მოსახლეზე საშუალოდ 210 აშშ დოლარის გზავნილით. რუსეთი 123-ე ადგილზეა 42 დოლარით და თურქეთი 161-ე ადგილზეა 8 დოლარით. 2022 წელს რუსეთმა სულ 6 მილიარდი დოლარის, ხოლო თურქეთმა 710 მლნ დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო.
მსოფლიოში ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხა ერთ მოსახლეზე ყველაზე მცირე თურქმენეთშია – 0.16 დოლარი. შემდეგ მოდის პაპუა-ახალი გვინეა 0.22 დოლარით და ანგოლა 0.45 დოლარით.
ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე ფულადი გზავნილების მიხედვით, 2022 წელი
ქვეყანა | ერთ მოსახლეზე, დოლარი | |
1 | ლუქსემბურგი | 3,101 |
2 | ტონგა | 2,500 |
3 | მონტენეგრო | 1,479 |
4 | სამოა | 1,393 |
5 | იამაიკა | 1,246 |
6 | ლიბანი | 1,222 |
7 | სალვადორი | 1,203 |
8 | საქართველო | 1,185 |
9 | ბელგია | 1,162 |
10 | სომხეთი | 1,131 |
წყარო: Visual Capitalist, IMF
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024