"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 74-ე ადგილზეა
ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 74-ე ადგილზეა 191 ქვეყანას შორის.
მეთოდოლოგია
22 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელიც ერთ მოსახლეზე საშუალო წლიურ შემოსავალსაც მოიცავს.
ქვეყანაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლება და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. როდესაც მიზანი, სხვადასხვა ქვეყნების ერთ მოსახლეზე შემოსავლის შედარებაა, ამ დროს ყველაზე მართებული მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით დათვლილი მშპ-ს გამოყენებაა. PPP-ს მეთოდოლოგია ქვეყნის შემოსავალს მისი მსყიდველობითი უნარის მიხედვით განიხილავს. ვინაიდან, ზოგადად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ფასები უფრო დაბალია, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, ღარიბი ქვეყნების შემოსავლის მსყიდველობითი უნარი ყოველთვის მეტია. ასეთი ქვეყნების რიცხვშია საქართველოც. მაგალითად, საქართველოში 1,000 დოლარის ყოველთვიური შემოსავლით გაცილებით უკეთ იცხოვრებ, ვიდრე აშშ-ში. სავალუტო ფონდის ბოლო კვლევით, საქართველოში დახარჯულ 1 აშშ დოლარს 3-ჯერ მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს, ვიდრე აშშ-ში დახარჯულ 1 დოლარს.
საქართველო ერთ მოსახლეზე შემოსავლის რეიტინგში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 22 ოქტომბერს გამოქვეყნებული მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით საქართველო 74-ე ადგილზეა 191 ქვეყანას შორის. რეიტინგში 2024 წლის წინასწარი მონაცემებით არის შედგენილი, რომლის მიხედვით საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 27,363 PPP დოლარია.
2023 წელსაც საქართველო რეიტინგში 77-ე ადგილზე იყო 24,849 PPP დოლარით. 2022 წელს კი მე-80 ადგილზე იყო 22,607 დოლარით.
PPP დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე საქართველოში, ინფლაციაზე აშშ-ში და ლარის დოლარის მიმართ გაცვლის კურსზე. საქართველოში მოსახლეობა მცირდება, რაც ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდას აჩქარებს. ასევე, როცა ლარი დოლარის მიმართ უფასურდება, თუ მას თან არ ახლავს შესაბამისი დონის ინფლაცია, ერთ მოსახლეზე შემოსავალი PPP დოლარში იზრდება. 2025 წლისთვის სავალუტო ფონდში საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალს 29,500 PPP დოლარის დონეზე პროგნოზირებს.
ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი საქართველოში, PPP დოლარი
ქვეყნები, სადაც მოსახლეობის შემოსავალი ყველაზე მაღალია
სავალუტო ფონდის მონაცემებით 2024 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მაღალი ლუქსემბურგშია – 151,146 PPP დოლარი. მეორე ადგილზე კი სინგაპურია 148,186 PPP დოლარით. 2024 წელს ლუქსემბურგის ეკონომიკა 1.3%-ით გაიზარდა, სინგაპურის ეკონომიკა კი 2.6%-ით. რეიტინგში მესამე ადგილზე ირლანდიაა, სადაც ერთ ადამიანს წელიწადში საშუალოდ 127,750 PPP დოლარის შემოსავალი აქვს.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მდიდარი რუსეთია, ერთ მოსახლეზე 47,299 PPP დოლარით (47-ე ადგილი მსოფლიოში). შემდეგ თურქეთი მოდის 40,283 PPP დოლარით (58-ე ადგილი მსოფლიოში). აზერბაიჯანში (24,698 PPP დოლარი) და სომხეთში (23,376 PPP დოლარი) ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი საქართველოზე ნაკლებია.
ყველაზე ღარიბი ქვეყანა სამხრეთ სუდანია, სადაც ერთი მოსახლის საშუალო წლიური შემოსავალი 763 PPP დოლარია. შემდეგ მოდის ბურუნდი 986 PPP დოლარით და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1,296 PPP დოლარით.
ტოპ 10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის მიხედვით, 2024 წელი
ქვეყანა | PPP დოლარი | |
1 | ლუქსემბურგი | 151,146 |
2 | სინგაპური | 148,186 |
3 | ირლანდია | 127,750 |
4 | კატარი | 115,075 |
5 | ნორვეგია | 103,446 |
6 | შვეიცარია | 95,837 |
7 | ბრუნეი | 91,046 |
8 | აშშ | 86,601 |
9 | დანია | 83,454 |
10 | ნიდერლანდები | 81,495 |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ნოემბერი 20, 2024
- on ნოემბერი 13, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024
- on ოქტომბერი 11, 2024
- on სექტემბერი 27, 2024
- on სექტემბერი 18, 2024
- on სექტემბერი 12, 2024