"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 82-ე ადგილზეა

Beso1

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 82-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

12 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლებიც ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალსაც მოიცავს.

ქვეყანაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლება და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. როდესაც მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ერთ მოსახლეზე შემოსავლის შედარებაა, ამ დროს ყველაზე მართებული მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით დათვლილი მშპ-ის გამოყენებაა. PPP-ის მეთოდოლოგია ქვეყნის შემოსავალს მისი მსყიდველობითი უნარის მიხედვით განიხილავს. ვინაიდან, ზოგადად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში პროდუქციაზე ფასები უფრო დაბალია, ვიდრე ბევრ მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, ღარიბი ქვეყნების შემოსავლის მსყიდველობითი უნარი ყოველთვის მეტია. ასეთი ქვეყნების რიცხვშია საქართველოც. მაგალითად, საქართველოში 1,000 დოლარის ყოველთვიური შემოსავლით გაცილებით უკეთ იცხოვრებ, ვიდრე აშშ-ში. სავალუტო ფონდის ბოლო კვლევით, საქართველოში დახარჯულ თითოეულ აშშ დოლარს 3.5-ჯერ მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს, ვიდრე აშშ-ში დახარჯულს.

საქართველო ეკონომიკური ზრდის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნებული მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით საქართველო 83-ე ადგილზეა 193 ქვეყანას შორის. რეიტინგი 2021 წლის პროგნოზირებული მონაცემებით არის შედგენილი, რომელთა მიხედვით საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალმა 16,590 PPP დოლარი უნდა შეადგინოს. 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 15,608 PPP დოლარი იყო. რადგან 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, ერთ მოსახლეზე შემოსავალიც შემცირდა 14,849 PPP დოლარამდე. 2019 წელს საქართველო რეიტინგში 88-ე ადგილზე იყო, ხოლო 2020 წელს 86-ეზე (რადგან სხვა ქვეყნებსაც შეუმცირდათ შემოსავალი).

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.7.%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი 5.8%-ით და ერთ მოსახლეზე შემოსავლის რეიტინგით საქართველო მსოფლიოში 81-ე ადგილზე იქნება.

PPP დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე დამოკიდებულია: ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე საქართველოში, ინფლაციაზე აშშ-ში და ლარის დოლარის მიმართ გაცვლის კურსზე. საქართველოში მოსახლეობა მცირდება, რაც ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდას აჩქარებს. ასევე, როცა ლარი დოლარის მიმართ უფასურდება, თუ მას თან არ ახლავს ლარის გაუფასურების შესაბამისი ინფლაცია, PPP დოლარში ერთ მოსახლეზე შემოსავალი იზრდება.

ერთ მოსახლეზე შემოსავალი საქართველოში, PPP დოლარი

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი   * პროგნოზი
ქვეყნები, სადაც შემოსავლები ყველაზე მაღალია

სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მაღალი ლუქსემბურგშია – 126,569 PPP დოლარი. მეორე ადგილზე კი ირლანდია გავიდა 111,360 PPP დოლარით. 2020 წელს ლუქსემბურგის ეკონომიკა 1.3%-ით შემცირდა, 2021 წელს კი 5.5%-ით გაიზრდება. ირლანდიის ეკონომიკა 2020 წელს 5.9%-ით გაიზარდა, 2021 წელს კი 13%-ით გაიზრდება. რეიტინგში მესამე ადგილზე სინგაპურია, სადაც ერთ ადამიანს წელიწადში საშუალოდ 107,677 PPP დოლარის შემოსავალი აქვს.

შემოსავლების მიხედვით, საქართველოსთან ყველაზე ახლოს ბოტსვანა (17,163 PPP დოლარი), სურინამი (16,793), გაბონი (16,559) და გრენადა (16,288) არიან.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მდიდარი თურქეთია, ერთ მოსახლეზე 33,963 PPP დოლარით. შემდეგ რუსეთი მოდის 30,431 PPP დოლარით. აზერბაიჯანში საქართველოზე ნაკლები შემოსავალია – 15,299 PPP დოლარი. სომხეთში კი 14,701 PPP დოლარია.

ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბურუნდია, სადაც ერთი მოსახლის საშუალო წლიური შემოსავალი 779 PPP დოლარია. შემდეგ მოდის სამხრეთი სუდანი 839 PPP დოლარით და სომალი 953 PPP დოლარით.

ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით, 2021 წელი

 

ქვეყანა

PPP დოლარი

1

ლუქსემბურგი

126,569

2

ირლანდია

111,360

3

სინგაპური

107,677

4

კატარი

100,037

5

შვეიცარია

78,112

6

არაბთა გაერთ. საამიროები

74,245

7

ნორვეგია

69,859

8

აშშ

69,375

9

მაკაო

67,475

10

ბრუნეი

65,675

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა