"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
გლობალიზაციის დონით საქართველო მსოფლიოში 54-ე ადგილზეა
გლობალიზაციის საერთაშორისო რეიტინგში საქართველო 54-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
გლობალიზაციის რეიტინგი გლობალიზაციის ინდექსის მიხედვით დგება, რომელსაც ყოველწლიურად ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აქვეყნებს. ინდექსი 196 ქვეყანას მოიცავს და ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გლობალიზაციის დონეს იკვლევს, რაც ჯამში გვაძლევს გლობალიზაციის ზოგადი დონის მაჩვენებელს.
ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსური გლობალიზაციის დონით განისაზღვრება. საერთაშორისო ვაჭრობა მოიცავს, თუ რამდენია ქვეყნის საგარეო ვაჭრობა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ და რამდენად დივერსიფიცირებულნი არიან სავაჭრო პარტნიორები. ფინანსური გლობალიზაცია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, პორტფელის ინვესტიციებს, საერთაშორისო დავალიანებას, საერთაშორისო რეზერვებს, შრომასა და კაპიტალზე შემოსავლებს საზღვარგარეთიდან, კაპიტალის ანგარიშის ღიაობას და საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებებს მოიცავს.
პოლიტიკური გლობალიზაციის დონე შემდეგი კრიტერიუმებით განისაზღვრება: საელჩოების რაოდენობა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიებში მონაწილეობა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა, საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიერთება.
სოციალური გლობალიზაციის დონე შემდეგი კრიტერიუმებით განისაზღვრება: მიგრაცია, ტურიზმი, საზღვარგარეთელი სტუდენტები, ფულადი ტრანსფერები, ინტერნეტის გამოყენება, მოგზაურობის თავისუფლება, საერთაშორისო აეროპორტების რაოდენობა, პრესის თავისუფლება, სამოქალაქო უფლებები, გენდერული თანასწორობა, ჰუმანური კაპიტალი, პერსონალური მომსახურებით ვაჭრობა, „მაკდონალდსის“ რესტორნების და „იკეას“ მაღაზიების არსებობა.
ინდექსის ინდიკატორების ინფორმაციის წყარო საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემები და სხვადასხვა კვლევაა. 2022 წლის რეიტინგი 2020-2021 წლების რეალობას ემყარება.
საქართველო გლობალიზაციის ინდექსში
ინდექსის თანახმად, საქართველო გლობალიზაციის დონით მსოფლიოში 54-ე ადგილზეა 70.2 ქულით, ცალკე აღებული ეკონომიკური გლობალიზაციით კი 25-ე ადგილი უჭირავს. გლობალიზაციის საერთო დონით 54-ე ადგილი იმით არის განპირობებული, რომ სოციალური გლობალიზაციით საქართველო 74-ე ადგილზეა, ხოლო პოლიტიკური გლობალიზაციით – 125-ე ადგილზე. 2021 წელს საქართველოს გლობალიზაციის ქულა 1.2-ით მაღალი, 71.4 იყო და ამ ქულით საქართველო მსოფლიოში ერთი პოზიციით ზემოთ, 53-ე ადგილზე მოხვდა.
საქართველოს ეკონომიკურ გლობალიზაციაში 100-დან 79 ქულა აქვს. 2021 წელს 81.5 ქულა ჰქონდა. ეკონომიკური გლობალიზაციის კომპონენტებში – საერთაშორისო ვაჭრობაში 78.6 ქულა აქვს, ხოლო ფინანსურ გლობალიზაციაში – 78.9. საქართველოს მაღალ პოზიციას საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალური პოლიტიკა და უცხოური კაპიტალის თავისუფლად შემოდინების შესაძლებლობა განაპირობებს.
პოლიტიკურ გლობალიზაციაში საქართველოს 100-დან 59.4 ქულა აქვს. შედარებით დაბალ ქულას მნიშვნელოვნად განაპირობებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ბევრი ქვეყნის საელჩო არ არის და, პირიქით, საქართველოს საელჩოები ბევრ ქვეყანაში არ არის.
სოციალურ გლობალიზაციაში საქართველოს 100-დან 73 ქულა აქვს. საქართველოს მაღალი ქულები აქვს ტურიზმში, ემიგრანტების რაოდენობაში, ფულად გზავნილებში, მაგრამ დაბალი ქულები აქვს საერთაშორისო აეროპორტების რაოდენობაში, სამოქალაქო უფლებებში, ჰუმანურ კაპიტალსა და პერსონალური მომსახურებით ვაჭრობაში. ნული ქულა აქვს „იკეას“ მაღაზიების არსებობაში.
საქართველოს პოზიცია გლობალიზაციის ინდექსში, ადგილი
წყარო: ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გლობალიზაციის ინდექსი
გლობალიზაციის დონით ლიდერი ქვეყნები
გლობალიზაციის დონით პირველ ადგილზე შვეიცარიაა 90.6 ქულით (მაქსიმალური 100 ქულიდან). მეორე ადგილზე ნიდერლანდებია 90.5 ქულით, ხოლო მესამეზე ბელგიაა 90.1 ქულით.
გლობალიზაციის რეიტინგში საქართველოს გეოგრაფიული მეზობლებიდან რუსეთი 48-ე ადგილზეა, თურქეთი 52-ეზე, სომხეთი 68-ეზე და აზერბაიჯანი 72-ეზე.
გლობალიზაციის რეიტინგში ბოლო ადგილზე ერიტრეაა 31 ქულით. ბოლოდან მეორეზე სომალია 31.1 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამეზე ავღანეთია 37.6 ქულით.
გლობალიზაციის დონით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა
ქვეყანა | ქულა | |
1 | შვეიცარია | 90.6 |
2 | ნიდერლანდები | 90.5 |
3 | ბელგია | 90.1 |
4 | შვედეთი | 89.2 |
5 | გაერთიანებული სამეფო | 88.6 |
6 | გერმანია | 88.4 |
7 | ავსტრია | 88.4 |
8 | დანია | 87.9 |
9 | ფინეთი | 87.2 |
10 | საფრანგეთი | 87.2 |
წყარო: ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გლობალიზაციის ინდექსი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024