"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

იმპორტზე დამოკიდებულებით საქართველო მსოფლიოში 44-ე ადგილზეა

იმპორტი2

საქონლისა და მომსახურების იმპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 44-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ზოგადად, იმპორტში ან ექსპორტში საქონლის იმპორტს ან ექსპორტს გულისხმობენ, მაგრამ დღევანდელ სამყაროში მომსახურების ექსპორტ-იმპორტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიო ეკონომიკის 65%-მდე მომსახურების სექტორზე მოდის.

საქონლის იმპორტი მოიცავს ქვეყნის გარეთ წარმოებული პროდუქციის შემოტანას, რომლის აღრიცხვაც საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას ხდება. შედარებით რთული აღსარიცხავია მომსახურების იმპორტი. მაგალითად, შეიძლება საქართველოს მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფებოდეს და იქ მიიღოს მომსახურება, მაგალითად, განათლება მიიღოს ან იმკურნალოს, რაც მომსახურების იმპორტად ითვლება.

იმპორტის სტატისტიკას, როგორც ნომინალურ რიცხვებში, ასევე ეკონომიკასთან, მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-სთან) მიმართებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს. იმპორტის მოცულობის მშპ-სთან ფარდობა გვაჩვენებს, თუ რამდენად არის ქვეყანა დამოკიდებული იმპორტზე, ანუ რა წილი უჭირავს ეკონომიკაში იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების მოხმარებას.

თუ ქვეყანა იმპორტზე ძალიან არის დამოკიდებული, მაგრამ ექსპორტიც მაღალი აქვს, ამაში საგანგაშო არაფერია, პირიქით, დღეს ბევრი მდიდარი, განვითარებული ქვეყანა გამოირჩევა იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებით. იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება მაშინ არის საფრთხის შემცველი, როდესაც ქვეყანა საგარეო ვალების, განსაკუთრებით, მთავრობის ვალის აღებით აფინანსებს იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების შეძენას.

საქართველო იმპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2021 წელს საქონლისა და მომსახურების იმპორტზე დამოკიდებულებით საქართველო 169 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზე იყო. საქართველოზე მეტად იმპორტზე 43 ქვეყანა იყო დამოკიდებული. 2021 წელს საქართველოში იმპორტირებულმა საქონლისა და მომსახურების ღირებულებამ 36 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საქართველოს 2021 წლის მშპ-ის 59.6%-ს შეადგენს. 2020 წელს საქართველო 37-ე ადგილს იკავებდა, იმპორტი მშპ-ის მიმართ 56.6% იყო. პანდემიამდე, 2019 წელს იმპორტის წილი საქართველოს მშპ-ში 63.8% იყო.

2022 წლის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ჯერჯერობით რანჟირებული არ არის.

2021 წელს საქართველოს იმპორტში საქონელმა 30 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მომსახურებამ – 6 მილიარდი დოლარი. მომსახურების იმპორტში საქართველო ყველაზე მეტს სატრანსპორტო მომსახურებაში იხდის, დაახლოებით 1.1 მილიარდ დოლარს. საქონლის იმპორტში კი ყველაზე დიდი წილი – 12% მსუბუქ ავტომობილებს უჭირავს (2022 წლის მიხედვით), 10% მოდის ნავთობპროდუქტებზე და 5.8% სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე.

საქართველოს საქონლისა და მომსახურების იმპორტი მშპ-ის მიმართ 2014-2021 წლებში

წყარო: მსოფლიო ბანკი

ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული იმპორტზე

მსოფლიო ბანკის მიხედვით, მსოფლიოში ყველზე მეტად იმპორტზე ლუქსემბურგია დამოკიდებული, რომელიც უმდიდრესი ქვეყანაა. მომდევნო ორ ადგილსაც მდიდარი ქვეყნები, სინგაპური და მალტა იკავებენ. თუმცა, ტოპ-10-ში შედარებით ღარიბი ქვეყნებიც ხვდებიან. მდიდარი ქვეყნების შემთხვევაში იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება ეკონომიკაში სპეციალიზაციის მაღალი დონით არის გამოწვეული, ანუ იმპორტთან ერთად ექსპორტიც მაღალია. ღარიბ ქვეყნებში კი შიდა წარმოების განუვითარებლობის გამო არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი სიტუაციაა (2021 წელი): სომხეთის საქონლისა და მომსახურების იმპორტი მშპ-ის 44%-ია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 78-ე ადგილზეა, თურქეთის მშპ-ის 35.5%-ია და 105-ე ადგილზეა, აზერბაიჯანის მშპ-ის 30%-ია და 127-ე ადგილზეა, რუსეთის მშპ-ის 21.3%-ია და 153-ე ადგილზეა. ანუ რეგიონში საქართველო ყველაზე მეტად არის დამოკიდებული იმპორტზე.

2021 წლის მონაცემებით, მსოფლიოში იმპორტზე ყველაზე ნაკლებად სუდანი იყო დამოკიდებული – 2%-ით. შემდეგ მოდის ნიგერია 12%-ით და აშშ 15%-ით. ნომინალურ გამოსახულებაში აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, 2021 წელს 3.2 ტრილიონი დოლარის ღირებულების იმპორტი განახორციელა, მაგრამ რადგან მისი ეკონომიკა 23 ტრილიონი დოლარი იყო, იმპორტი ეკონომიკის მიმართ დაბალი გამოდის.

საქონლისა და მომსახურების იმპორტზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყნები, 2021 წელი

 ქვეყანაიმპორტი მშპ-ის მიმართ, %
1ლუქსემბურგი177
2სინგაპური153
3მალტა137
4ნაურუ106
5კირიბატი96
6ირლანდია95
7სლოვაკეთი94
8ვიეტნამი93
9ლესოტო89
10ბელგია86

წყარო: მსოფლიო ბანკი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა