იმპორტზე დამოკიდებულებით საქართველო მსოფლიოში 53-ე ადგილზეა

2-16

საქონლისა და მომსახურების იმპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 53-ე ადგილზეა. საქართველო იმპორტზე მაღალდამოკიდებული ქვეყნების ჯგუფშია.

მეთოდოლოგია

იმპორტში ან ექსპორტში ძირითადად საქონლის იმპორტს ან ექსპორტს გულისხმობენ, მაგრამ დღევანდელ სამყაროში მომსახურების ექსპორტ-იმპორტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიო ეკონომიკის 65%-მდე მომსახურების სექტორზე მოდის.

საქონლის იმპორტი მოიცავს ქვეყნის გარეთ წარმოებული პროდუქციის შემოტანას, რომლის აღრიცხვაც საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას ხდება. შედარებით რთული აღსარიცხავია მომსახურების იმპორტი. მაგალითად, შეიძლება საქართველოს მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფებოდეს და იქ მიიღოს მომსახურება, მაგალითად, იმკურნალოს, რაც მომსახურების იმპორტად ითვლება.

იმპორტის სტატისტიკას როგორც ნომინალურ რიცხვებში, ასევე ეკონომიკასთან, მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თან) მიმართებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს. იმპორტის მოცულობის მშპ-თან ფარდობა გვაჩვენებს, თუ რამდენად არის ქვეყანა დამოკიდებული იმპორტზე, ანუ რა წილი უჭირავს იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების მოხმარებას ეკონომიკაში.

თუ ქვეყანა იმპორტზე ძალიან არის დამოკიდებული, მაგრამ ექსპორტიც მაღალი აქვს, ამაში საგანგაშო არაფერია, პირიქით, დღეს ბევრი მდიდარი, განვითარებული ქვეყანა გამოირჩევა იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებით. იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება მაშინ არის საფრთხის შემცველი, როდესაც ქვეყანა საგარეო ვალების, განსაკუთრებით, მთავრობის ვალის აღებით აფინანსებს იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების შეძენას.

საქართველო იმპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2024 წელს საქონლისა და მომსახურების იმპორტზე დამოკიდებულებით საქართველო 164 ქვეყანას შორის 53-ე ადგილზე იყო. საქართველოზე მეტად იმპორტზე 52 ქვეყანა იყო დამოკიდებული, ხოლო ნაკლებად – 111 ქვეყანა. 2024 წელს საქართველოში იმპორტირებულმა საქონლისა და მომსახურების ღირებულებამ 52 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საქართველოს 2024 წლის მშპ-ის 55.6%-ს შეადგენს. 2023 წელს საქართველო 49-ე ადგილს იკავებდა, იმპორტი მშპ-ის მიმართ 58% იყო. პანდემიამდე, 2019 წელს, იმპორტის წილი საქართველოს მშპ-ში 63.5% იყო.

2025 წლის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ჯერჯერობით რანჟირებული არ არის.

2024 წელს საქართველოს იმპორტში საქონელმა 41 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მომსახურებამ – 11 მილიარდი ლარი. მომსახურების იმპორტში საქართველო ყველაზე მეტს სატრანსპორტო მომსახურებაში იხდის, დაახლოებით 2.3 მილიარდ დოლარს. საქონლის იმპორტში კი ყველაზე მეტი თანხა მსუბუქ ავტომობილებზე დაიხარჯა – 3.5 მილიარდი დოლარი. შემდეგ ნავთობპროდუქტები მოდის 1.3 მილიარდი დოლარით.

საქართველოს საქონლისა და მომსახურების იმპორტი მშპ-ის მიმართ

წყარო: მსოფლიო ბანკი

ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული იმპორტზე

მსოფლიო ბანკის მიხედვით, მსოფლიოში ყველზე მეტად იმპორტზე ლუქსემბურგია დამოკიდებული, რომელიც უმდიდრესი ქვეყანაა. თუმცა, ტოპ-10-ში შედარებით ღარიბი ქვეყნებიც ხვდებიან. მდიდარი ქვეყნების შემთხვევაში იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება ეკონომიკაში სპეციალიზაციის მაღალი დონით არის გამოწვეული, ანუ იმპორტთან ერთად ექსპორტიც მაღალია. ღარიბი ქვეყნები კი შიდა წარმოების განუვითარებლობის გამო არიან იმპორტზე ძალიან დამოკიდებულები.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი სიტუაციაა (2024 წელი): სომხეთის საქონლისა და მომსახურების იმპორტი მშპ-ის 76%-ია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 22-ე ადგილზეა, აზერბაიჯანისა მშპ-ის 37%-ია და 96-ე ადგილზეა, თურქეთის მშპ-ის 27%-ია და 123-ე ადგილზეა, რუსეთის მშპ-ის 18%-ია და 156-ე ადგილზეა.

2024 წლის მონაცემებით, მსოფლიოში იმპორტზე ყველაზე ნაკლებად ვენესუელა იყო დამოკიდებული – 9%-ით, რაც ამ ქვეყნისთვის დაწესებული სანქციებითაა გამოწვეული. შემდეგ მოდის თურქმენეთი 11%-ით და ეთიოპია 12%-ით.

ნომინალურ გამოსახულებაში აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, 2023 წელს 4.2 ტრილიონი დოლარის ღირებულების იმპორტი განახორციელა, მაგრამ რადგან მისი ეკონომიკა 29 ტრილიონი დოლარი იყო, იმპორტი ეკონომიკის მიმართ 14% გამოდის.

საქონლისა და მომსახურების იმპორტზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყნები, 2024 წელი

 ქვეყანაიმპორტი მშპ-ის მიმართ, %
1ლუქსემბურგი160
2სინგაპური144
3ჯიბუტი115
4ნაურუ111
5სეიშელის კუნძულები103
6ირლანდია102
7კირიბატი102
8მალტა100
9სომალი99
10ლესოტო99

წყარო: მსოფლიო ბანკი

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა