Forbes Georgia
ინტერნეტის თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა

ინტერნეტის გლობალური თავისუფლების რეიტინგში საქართველო მე-16 ადგილზეა.
მეთოდოლოგია
ინტერნეტის გლობალური თავისუფლების რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აქვეყნებს. ბოლო რეიტინგი 72 ქვეყანას მოიცავს. თუმცა ქვეყნები, რომლებიც რეიტინგში არ არიან შეტანილი, ძირითადად განვითარებადი, ღარიბი ქვეყნებია, სადაც ნაკლებსავარაუდოა, რომ ინტერნეტის თავისუფლების მაღალი დონე იყოს. რეიტინგის მონაცემები ყოველწლიურად ახლდება. 2025 წელს გამოქვეყნებული რეიტინგი 2024 წლის რეალობას ასახავს.
ქვეყანას მაქსიმუმ 100 ქულის დაგროვება შეუძლია, მეტი ქულა ინტერნეტის მეტ თავისუფლებას ნიშნავს. 100 ქულა შეფასების 3 კრიტერიუმზე ნაწილდება: მაქსიმუმ 25 ქულა მოდის ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე, მაქსიმუმ 35 ქულა მოდის ინტერნეტის თემატურ შეზღუდვაზე და მაქსიმუმ 40 ქულა მოდის ინტერნეტის მომხმარებლების უფლებების დაცვაზე. ქვეყნებზე დაკვირვება ღია მონაცემებზე დაყრდნობით და გამოკითხვებით ხდება. ქულების მიხედვით ქვეყნები თავისუფალ, ნაწილობრივ თავისუფალ და არათავისუფალ ქვეყნებად იყოფიან.
საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში
„ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში 74 ქულა აქვს და მე-16 ადგილს იკავებს 72 ქვეყანას შორის. საქართველო ინტერნეტის მხრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია.
2024 წელს საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში მე-11 ადგილზე იყო 76 ქულით. ბოლო კვლევით საქართველოს ქულა 2-ით შემცირდა, რამაც რეიტინგში საქართველოს 5 საფეხურით ჩამოქვეითება განაპირობა. 1 ქულა საქართველოს ინტერნეტის თემატურ შეზღუდვაში დააკლდა, ხოლო ასევე 1 ქულა ინტერნეტის მომხმარებლების უფლებების დაცვაში. ქულის კლება განაპირობა იმან, რომ ბოლო წლებში ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ გარკვეული რაოდენობის საიტები დაბლოკა. საიტების დახურვის მთავარი მიზეზი საავტორო უფლებების დარღვევა იყო.
საქართველოს მაქსიმალური 25 ქულიდან 19 ქულა აქვს ინტერნეტისადმი ხელმისაწვდომობაში. საქართველოს ტერიტორიაზე სრულად არის ინტერნეტი ხელმისაწვდომი. ბოლო სტატისტიკით ინტერნეტზე ხელი ოჯახების 91.5%-ს მიუწვდება. ბოლო გამოკითხვით, მოსახლეობის 14%-ს ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია.
ინტერნეტის თემატურ შეზღუდვაში საქართველოს 35-დან 28 ქულა აქვს. ინტერნეტის მომხმარებლები არ არიან შეზღუდული ვებსაიტებზე შევიდნენ, გადმოტვირთონ ინფორმაცია ან ატვირთონ, ჰქონდეთ საკუთარი ვებსაიტები, გამოიყენონ ფორუმები და სოციალური მედიის პლატფორმები. ასევე თავისუფალია აპლიკაციების გამოყენება.
ინტერნეტის მომხმარებლების უფლებების დაცვაში საქართველოს 40-დან 27 ქულა აქვს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მედიისთვის დაცულია ინფორმაციის წყაროს ანონიმურობა, ბოლო პერიოდში საგამოძიებო უწყებები ითხოვდნენ ინფორმაციის წყაროს დასახელებას. ასევე მითითებულია სასამართლოს შეზღუდულ თავისუფლებაზე, რაც მომხმარებლების უფლებების დაცვისთვის რისკია.
საქართველოს ქულა ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში

ინტერნეტის ყველაზე მაღალი თავისუფლების დონის მქონე ქვეყნები
„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ინტერნეტის გამოყენება ყველაზე თავისუფალი ისლანდიასა და ესტონეთშია. ისლანდიას მაქსიმალური 100 ქულიდან 94 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს – 92. ინტერნეტისადმი ხელმისაწვდომობაში ისლანდიასა და ესტონეთს 25-დან 25 ქულა აქვთ, რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების ყველა მოსახლეს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე. რეიტინგის ტოპ-10-ში მდიდარი ქვეყნებია.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ინტერნეტის ყველაზე მაღალი თავისუფლების დონე სომხეთშია, რომელსაც 74 ქულა აქვს და საქართველოსთან ინაწილებს მე-16 ადგილს. აზერბაიჯანს 34 ქულა აქვს და რეიტინგში 44-ე ადგილზეა. 46-ე ადგილზეა თურქეთი 31 ქულით და 69-ე ადგილზეა (72 ქვეყნიდან) რუსეთი 20 ქულით. 2021 წელს რუსეთს 30 ქულა ჰქონდა.
რეიტინგში ბოლო ადგილებზე მიანმარი და ჩინეთია 9-9 ქულით, სადაც გარკვეული ვებსაიტები დაბლოკილია, ხოლო ინტერნეტმომხმარებლების უფლებები საერთოდ არ არის დაცული. ქვემოდან მესამე ადგილზე ირანია 12 ქულით.
ინტერნეტის თავისუფლების დონით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა
| ქვეყანა | ქულა | |
| 1 | ისლანდია | 94 |
| 2 | ესტონეთი | 92 |
| 3 | კანადა | 86 |
| 4 | ჩილე | 86 |
| 5 | კოსტა-რიკა | 85 |
| 6 | ნიდერლანდები | 83 |
| 7 | ტაივანი | 79 |
| 8 | იაპონია | 78 |
| 9 | გაერთიანებული სამეფო | 78 |
| 10 | გერმანია | 77 |
წყარო: Freedom House
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
