ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

კაპიტალიზმი და რელიგია: II ნაწილი

Forbes-WEB-22050408

13. ხალხიდან ვიღაცამ უთხრა: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს სამკვიდრებელი.“
14. ხოლო იესომ მიუგო მას: „ვინ დამაყენა მე, კაცო, თქვენს მსაჯულად, ანდა გამყრელად?

(ლუკა 12:13-14).

როგორ გაჩნდა ის სოციალურ-ეკონომიკური ფორმაცია, რომელსაც კაპიტალიზმი ჰქვია? ეს უზარმაზარი შეკითხვა სხვადასხვა მეცნიერების გზაჯვარედინზე დგას.  მასზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. წინა ბლოგში  გადავწყვიტეთ, გაგვევლო რამდენიმე საკითხი კაპიტალიზმის რელიგიასთან თავსებადობის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ გვერდს  ვერ ავუვლით გერმანელი მეცნიერის, სოციოლოგიის, როგორც მეცნიერების, ფუძემდებლის, მაქსიმილიან კარლ ემილ ვებერის ფუნდამენტურ ნაშრომს: პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება.

პროტესტანტიზმსა და კაპიტალიზმს შორის კავშირის ძიებას ვებერი იწყებს  მოულოდნელი და ცოტა შოკის მომგვრელი განაცხადით, რომ სწრაფვას მეწარმეობისკენ და საბოლოოდ, სწრაფვას ფინანსური მოგებისკენ არაფერი აქვს საერთო თანამედროვე კაპიტალიზმის ჩამოყალიბებასთან და რომ ეს უკანასკნელი იყო რეფორმაციის მოულოდნელი, ლამის მეორეული შედეგი.

როგორ? ქრისტიანობაში არსებობს მოწოდების ცნება, გერმანულად ruf, ინგლისურად calling და რუსულად призвание. ტრადიციული გაგებით, მოწოდებას აქვს რელიგიური აზრი – ღმერთისგან დაკისრებული მისიის ტვირთვა. ამ დროს კი რა ხდება პროტესტანტიზმში? მოწოდებას ეძლევა საერო დატვირთვა.  მოწოდების იდეის ასეთი ხედვა ახალია, ის არის პროტესტანტული რეფორმაციის ნაყოფი. მისი სიახლე იქიდან მომდინარეობს, რომ მოწოდებას მიეცა ამქვეყნიური განზომილება, აქ და ახლა მუშაობის და მოქმედების რელიგიური დატვირთვა. ყოველ ლეგიტიმურ საქმიანობას (იქნება ეს სახელმწიფოს მმართველობა, სასულიერო პირის ქადაგება, კომერსანტის, მტვირთავის თუ გლეხის მუშაობა) ღმერთისთვის აქვს აბსოლუტურად ერთნაირი ღირებულება, არ არსებობს აღმატებული ან დაკნინებული საქმიანობა. საერო საქმიანობის, განსაკუთრებით კი სავაჭრო საქმიანობის მორალური ლეგიტიმაცია იყო პროტესტანტული რეფორმაციის უდიდესი წვლილი კოლოსალური სამეწარმეო ენერგიის გამოთავისუფლების საქმეში. რეფორმაციამდე ადამიანები ვერ ხედავდნენ ყოველდღიურ სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო თუ კომერციულ  საქმიანობაში ღმერთისადმი სამსახურს. ასეთ საქმიანობას ისინი განიხილავდნენ როგორც გარდაუვალ და მძიმე ტვირთს. რეფორმაციამ უარყო ეს დამოკიდებულება:  საერო საქმიანობას რელიგიური განზომილება მიენიჭა და იგი ეთიკურად გამართლდა. ეს იმპულსი ადამიანს აძლევდა საშუალებას, ნებისმიერი შრომით და ნებისმიერ შრომაში ედიდებინა ღმერთი და რაც უფრო კარგად აკეთებდა საქმეს, მით უფრო ადიდებდა ღმერთს.

თუმცა მხოლოდ მოწოდება (calling) არ იყო საკმარისი კაპიტალისტური სულისკვეთების ჩამოყალიბებისთვის. მეორე დიდი ფაქტორი იყო პრედესტინაციის ანუ წინასწარგანზრახულობის დოქტრინა. პროტესტანტიზმის მიხედვით, ღმერთი ადამიანის დაბადებამდე  განსაზღვრავს მის  უმთავრეს განაჩენს: სამოთხეში მოხვდება მისი სული  თუ ჯოჯოხეთში და ვერაფერი ამ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. მორჩა, შენზე არაფერი აღარაა დამოკიდებული, რამდენიც არ უნდა ილოცო და უსახლკარო ბავშვთა თავშესაფრები აშენო. ეს მძიმე დოგმაა და ერთი შეხედვით უცნაურია, რომ პროტესტანტები ამ დოგმამდე ლოგიკით მივიდნენ. მათი ლოგიკის ჯაჭვი შემდეგია: ღმერთის გზები შეუცნობელია, შესაბამისად, ადამიანური სამართლიანობის სტანდარტებით მიდგომა ღმერთის ზრახვებთან აზრს მოკლებულია და საკუთარი ბედის შესახებ ღმერთთან „კამათი“ აბსურდია.

ეს მკაცრი დოქტრინა მძიმე ასატანი იყო ადამიანებისათვის. გაჩნდა იმის აუცილებლობა, რომ ადამიანებს ამოეცნოთ თავიანთი ბედი, იყვნენ ისინი განწირულები იმქვეყნიური ტანჯვისთვის თუ არა. ანუ ვინ იყო ღვთიურ მადლში? პროტესტანტებმა ჩათვალეს, რომ მადლში მყოფობა ამოცნობილი უნდა ყოფილიყო ობიექტური მაჩვენებლებით. მათ ასეთ ინდიკატორად მიიჩნიეს საერო წარმატება პროფესიულ საქმიანობაში და მატერიალური დოვლათის ზრდა – ანუ იმგვარი კრიტერიუმები, რომელთა კონკრეტული იდენტიფიკაცია და/ან დათვლა შესაძლებელი იყო.

სკრუპულოზური მუშაობა, საქმის მიმართ კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, პროფესიონალიზმი და გამდიდრება არ იყო  გადარჩენის გზა, ეს იყო მხოლოდ უზენაესი ნების მაჩვენებელი, რომელიც ირეკლებოდა მომატებულ დოვლათში. პროტესტანტების ღმერთი ითხოვდა არა ცალკე აღებული საქმის ერთჯერადად კარგად გაკეთებას, არამედ  წარმატებული საქმეების უწყვეტ ჯაჭვს. აქედან კი გამომდინარეობდა ცხოვრებისადმი რაციონალური და სისტემური მიდგომა. შრომითი გულმოდგინება ნებისმიერ სფეროში და შედეგად მატერიალური დოვლათის ზრდა არ იყო ღმერთის მადლის მოპოვებისთვის, არამედ ემსახურებოდა უკვე არსებული ან არარსებული მადლის ამოცნობას.

კაპიტალიზმი ფრაგმენტულად, ამა თუ იმ ფორმით თითქმის ყოველთვის და ყველგან არსებობდა. თუმცა ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მეწარმესა და კომერსანტს ეძლეოდა საშუალება, განეხილა თავისი პროფესიული საქმიანობა და მის შედეგად შექმნილი სიმდიდრე, არა როგორც  საშუალება უკეთესი და კომფორტული ცხოვრების შესაქმნელად, არამედ როგორც თვითკმარი მიზანი და ღვთაებრივი გადაწყვეტილების სიგნალი.  მატერიალური სიმდიდრის შექმნა და გამრავლება გახდა თვითმიზანი და ეს პროცესი მორალურად გამართლებული იყო. იბადებოდა კაპიტალიზმი, გაგრძელებაზე შემდეგ ბლოგში ვისაუბროთ.

გააზიარე