"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

უკრაინა გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე, ფინეთი და შვედეთი - ნატო-ში გაწევრიანების მიჯნაზე

Forbes-WEB-22050209

გაერო-ს გენერალური მდივნის ბატონი გუტერეშის ვიზიტმა ჯერ მოსკოვში, შემდგომ კი კიევში, რომელსაც რუსულმა ურდომ კიევის ერთ-ერთი საცხოვრებელი რაიონის დაბომბვა „მიუძღვნა“, მისმა ხელცარიელმა წამოსვლამ (განსაკუთრებით მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების გამოყვანის წარუმატებელმა მცდელობამ) კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა მოძველდა და მოიშალა. სულ ცოტა ხნის წინ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დროებითმა მონიტორინგის მისიამაც შეწყვიტა ფუნქციონირება უკრაინაში, იმიტომ რომ ასე უნდოდა რუსეთს 🙁.

ორმხრივი და მრავალმხრივი დახმარების თვალსაზრისით გასული კვირა, შეიძლება ითქვას, გარდამტეხი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა 410 ხმით დაამტკიცა ისტორიული „ლენდ ლიზის“ კანონი, რომელიც ხელ-ფეხს უხსნის აშშ-ის პრეზიდენტს, (ხელმოწერის შემდეგ) შეუფერხებლად მიაწოდოს უკრაინას შეიარაღება და სხვა ტიპის დახმარება. ამასთან ერთად პრეზიდენტმა ბაიდენმა 33 მილიარდი დოლარის უკრაინისთვის გამოყოფის საკითხი დააყენა კანონმდებლების წინაშე და, მაღალი ალბათობით, ამ თანხის მიღების პრობლემაც არ იქნება. ცხადია, ამერიკის ადმინისტრაცია ყველა ნაბიჯით და გადაწყვეტილებით ახდენს დემონსტრირებას მის მიერ გაცხადებული პოლიტიკის, რომ ბოლომდე მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში და არ მიატოვებს მას, ვიდრე პუტინი არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან და არ შეწყვეტს მშვიდობიანი მოსახლეობის ყოველდღიურ დაბომბვებს.

პოლონეთის სამხედრო დახმარებამ 1.5 მილიარდ ევროს გადააჭარბა (მათ შორის 200 ტანკია), 3 მილიონამდე უკრაინელი სწორედ პოლონეთმა შეიფარა და მთელი სამხედრო თუ ჰუმანიტარული დახმარების უდიდესი ნაწილი სწორედ პოლონეთის ტერიტორიიდან შედის.

დიდი ბრიტანეთისა და ბალტიის ქვეყნების, აგრეთვე ჩეხეთისა და სლოვაკეთის ძალიან სერიოზულ სამხედრო და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე არაერთხელ მოგახსენეთ. ამიტომ დღევანდელ ბლოგში მათ დახმარებაზე დეტალურად არ გავჩერდები.

პუტინის ძალისხმევა, 9 მაისისთვის რაიმე წარმატებას მაინც მიაღწიოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და პარტიზანების გმირულ წინააღმდეგობას აწყდება და ამ დრომდე წარუმატებელი რჩება. ყოველდღიურად უკრაინის შეიარაღებული ძალები იგერიებენ 10-12 ფართომასშტაბიან შეტევას, რის შემდეგაც რუსეთის დანაკარგები, განსაკუთრებით მძიმე ტექნიკის მიმართულებით, საგრძნობლად იზრდება.

ორი თვეც შესრულდა და მესამეც დაიწყო, რაც პუტინმა სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. სრულ მასშტაბიანს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთი რეგულარული საჯარისო ნაწილებით და მძიმე ტექნიკით აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ ახლა უკვე თავად პუტინმა ეს ღიად გამოაცხადა  და უკრაინის გმირი დამცველების, განსაკუთრებული გაშმაგებით კი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იბრძვის.

რაც დრო გადის და რაც უფრო ახლოვდება 9 მაისი, მით უფრო ძლიერდება საუბრები, რომ ომი შეიძლება მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდეს; აქა იქ გაჩნდა განცხადებებიც, რომ შეიძლება მომავალ წელსაც არ დასრულდეს. ასეთი ვარაუდები ეყრდნობა მეტწილად უკრაინის წარმატებას და რუსეთის წარუმატებლობას. იარაღის მიწოდებისა და ფინანსური დახმარების მასშტაბების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მსოფლიომ აშკარად (ყველამ არა, მაგრამ უმრავლესობამ ნამდვილად) გაათვითცნობიერა, რომ უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მსოფლიო უსაფრთხოების სადარაჯოზე დგას; რომ რუსეთი უკრაინაზე არ შეჩერდება და ევროპის არაერთ ქვეყანას მიადგება ჯარით.

როგორც ჩანს, ყველაზე მკაფიოდ და ნათლად ეს საფრთხე ფინელებმა და შვედებმა დაინახეს. ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრეც კი როგორც ფინეთში, ისე შვედეთში აშკარად არ იყო საზოგადოებრივი აზრი ნატო-ში გაწევრების სასარგებლოდ. 24 თებერვლის შემდეგ ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში იზრდებოდა მხარდამჭერთა რიცხვი და დღეს უკვე ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გაწევრების განაცხადის შეტანის სავარაუდო თარიღებს ასახელებს. სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებში, ოფიციალური განაცხადები სინქრონულად გაკეთდება. წინასწარ ცნობილია ოფიციალური ვაშინგტონის, ევროპული დედაქალაქებისა და ბრიუსელში ნატო-ს ხელმძღვანელობის პოზიცია – ცხადია, მტკიცე და უპირობო მხარდაჭერა. არიან იშვიათი გამონაკლისებიც. მაგალითად, ხორვატიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დაბლოკავს შვედეთისა და ფინეთის გაწევრების პროცედურებს, ვიდრე არ გადაწყდება ბოსნია – ჰერცეგოვინის კონსტიტუციური მოწყობის თემა. თუმცა ის თავად ვერ შეაჩერებს ამ პროცესს, ვინაიდან 30 ქვეყნის პარლამენტში უნდა მოხდეს რატიფიცირება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ივნისის თვეში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე რამემ შეუშალოს ხელი.

პუტინმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბირთვულ და ზებგერით შეიარაღებას განათავსებს კალინინგრადის ანკლავში. ცნობისათვის, რუსეთსა და ფინეთს 1,300 კმ-იანი საზღვარი აქვთ; ომიც არაერთხელ ჰქონიათ და ფინეთის ნეიტრალიტეტიც ცივი ომის პერიოდში არცთუ ისე ცუდად მუშაობდა ფინეთის სასარგებლოდ. აგრეთვე, შვედეთის ნეიტრალიტეტიც, როგორც ჩანს, ჩაჰბარდება ისტორიას და ეს ერთ-ერთი უძველესი ნეიტრალიტეტის სტატუსის მქონე ქვეყანა ფინეთთან ერთად შეუერთდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ნატო ფინეთთან და შვედეთთან კარგა ხანია უკვე ისე  თანამშრომლობს, როგორც ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის.

ამ ორ ქვეყანაზე დღევანდელ ბლოგში ყურადღება იმიტომ გავამახვილე, რომ რეალურად ერთადერთი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი წევრების უსაფრთხოებას, არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.

იმასაც არ დაგიმალავთ, რომ სათაურშიც შეგნებულად გამოვიტანე უკრაინის ბრძოლა და ფინეთისა და შვედეთის გაწევრება. განა ამ უკანასკნელთა ნატო-ში შესვლის მიმართ მაქვს რაიმე საწინააღმდეგო? პირიქით, ბოლო წლების მანძილზე ისე გააქტიურდა ნატო-ს თანამშრომლობა შვედეთთან და ფინეთთან, ცხადი იყო, რომ რაღაც ეტაპზე, ანუ როგორც კი რუსეთი თავისი მზაკვრული გეგმების განხორციელებას ისევ გადაწყვეტდა, მიუხედავად მათი ევროკავშირის წევრობისა, ეს ორი ქვეყანაც დაუყოვნებლივ აირჩევდა დამატებითი უსაფრთხოების მექანიზმებს და შეუერთდებოდა ალიანსს.

ძალიანაც კარგი! მაგრამ…

დიდ უსამართლობად მიმაჩნია, რომ უკრაინა იბრძვის, სისხლს ღვრის, აკავებს რუსეთის 150-ათასიან არმიას თავისი მძიმე შეიარაღებით, ავიაციით და სწორედ უკრაინას უწევს ყოველდღიურად თხოვნა და მუშაობა საჭირო მძიმე შეიარაღების მიღებაზე; უკრაინას უწევს ფიქრი ნატო-ს ალტერნატიულ ვარიანტებზე; უკრაინას უწევს ფიქრი და მუშაობა უსაფრთხოების გარანტიებზე და ასე შემდეგ.

ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ პუტინმა არ გადაუკეტოს ზოგიერთ ქვეყანას გაზი (მაინც მივა საქმე იქამდე, რომ წლევანდელი წლის ბოლოს და 2023-24 წლებში მინიმუმამდე დაეცემა რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება); წლევანდელი წლის ბოლოს ვნახავთ, როგორი იქნება სავაჭრო ტვირთბრუნვა და რა მაჩვენებლებზე გავლენ ცალკეული, ძლიერი ეკონომიკის მქონე ევროპული ქვეყნები. პოლონეთსა და ბულგარეთს თავისითაც შეუჩერა ბუნებრივი აირის მიწოდება, ნავთობის შესყიდვას გერმანია და საფრანგეთიც კი თანხმდებიან. ერთადერთი ავსტრიამ და უნგრეთმა მიიღეს პრივილეგირებული „მეგობარი ქვეყნის სტატუსი“, რის გამოც ეს ორი ქვეყანა გადაიხდის ბუნებრივი აირის საფასურს ევროებში და მათი კონვერტაცია მოხდება „გაზპრომბანკის“ მეშვეობით რუბლებში 🙂.

ადრე თუ გვიან ენერგომატარებლების ემბარგო აუცილებლად ამოქმედდება; ადრე თუ გვიან (რაც მალე – მით უკეთესი) საერთაშორისო სანქციების სიმძიმეს რუსების უმრავლესობა იგრძნობს; იმედია, გარდატეხაც მოხდება უკრაინაში და პუტინს მოუწევს თავისი ჯარების გაყვანა. იმედია, ზაფხულში პოზიტიურად გადაწყდება უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, მაგრამ რატომ არა ნატო-ში? ვის ჰყავს უკრაინაზე მაგარი არმია ევროპაში?!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!

უკრაინა გაიმარჯვებს!

გააზიარე