პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი, სინოლოგი.

კბილი კბილის წილ?! | სანქციების კვირეული მსოფლიო პოლიტიკაში

247

კბილი კბილის წილ?! | სანქციების კვირეული მსოფლიო პოლიტიკაში

მსოფლიო პოლიტიკაში სანქციების გამოყენება სიახლე ნამდვილად არავისთვის არ არის. სანქციები შეიძლება იყოს პერსონალური ხასიათის, ან ვრცელდებოდეს გაცილებით უფრო დიდ ჯგუფებზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი მთლიანად სახელმწიფოზეც.  მათი დანიშნულება მრავალფეროვანია. დასავლურ საზოგადოებაში სანქციები  ხშირად  ისეთ ინდივიდებს/ჯგუფებს უწესდებათ, რომელთა შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი კორუფციულ თუ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.

პლანეტის არადემოკრატიული ნაწილისთვის სანქციების, როგორც ეფექტიანი მექანიზმის, გამოყენება ასევე არახალია. გადაადგილების შეზღუდვა, პროდუქციის იმპორტის აკრძალვა და ა.შ. –  ეს არასრული ჩამონათვალია იმ ბარიერებისა, რომელთაც მთელი რიგი სახელმწიფოები  საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

გასული და მიმდინარე კვირა საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა ბრიუსელს, პეკინსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებების ფონზე. ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდგომ, ალასკაზე  ერთმანეთის პირისპირ პირველად დასხდნენ ამერიკელი და ჩინელი დიპლომატები. ე.წ. „სავაჭრო ომის“ შემდგომ ახალ ადმინისტრაციას გარკვეული პოზიტიური მოლოდინი  ჰქონდა, თუმცა,  მიუხედავად სტილისტური განსხვავებებისა, როგორც ჩანს, ვაშინგტონში წილი უკვე ნაყარია. მოლაპარაკებები პირველივე წინადადებიდან არცთუ მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა.

ა.წ. მარტში შეერთებულმა შტატებმა პერსონალური სანქციების დაწესება დაიწყო იმ ჩინელი და ჰონგკონგელი პერსონებისთვის, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ჰონკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის აქამდე არსებული ავტონომიის სისტემის გადახედვისა და ახალი საკანონმდებლო ბაზის მომზადების პროცესში. ალასკურ მოლაპარაკებამდე 24 მაღალი და საშუალო თანამდებობის პირისთვის  პერსონალურმა სანქციების დაწესებამ საკმაოდ მძიმე ფონი შექმნა, მით უფრო, რომ სანქცირებულთა სიაში პოლიტბიუროს წევრებიც მოხვდნენ. ჩინურმა დელეგაციამ, რომელსაც პოლიტბიუროს წევრი იანგ ძიეჩი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ხელმძღვანელობდნენ, ეს ნაბიჯი შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა. იანგ ძიეჩიმ ასევე მოუწოდა შეერთებულ შტატებს, ძალისმიერი პოზიციიდან არ ესაუბრათ, მეტიც,  მან მასპინძლები საბაზისო დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაშიც დაადანაშაულა. შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი ღრმა შეშფოთება გამოხატა ჩინეთის ქმედებებზე სინძიანგის პროვინციაში, ტაივანსა და ჰონკონგში. მისი თქმით, მსგავსი სტილის ქმედებები „წესებზე დაფუძნებულ წესრიგს“ უქმნის საფრთხეს. სანქციების ფონზე,  არცთუ დიპლომატიურმა შეხვედრამ აჩვენა, რომ მიუხედავად ადმინისტრაციის ცვლილებისა, ჯო ბაიდენის გუნდი არ აპირებს თვისებრივად გადახედოს ჩინეთთან ურთიერთობას, არადა, მსგავსი მოლოდინი არსებობდა როგორც ექსპერტულ წრეებში, ასევე უშუალოდ ჩინურ პოლიტიკურ ელიტაში, რომელიც ფრთხილ ოპტიმიზმს იჩენდა ბაიდენის მიმართ.

ბზარი ბრიუსელსა და პეკინს შორის

შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ეტაპობრივი გართულებები სიახლე არ არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისთვის, თუმცა ბოლოდროინდელი პროცესები ევროკავშირსა და პეკინს შორის, გადაჭარბების გარეშე, უპრეცედენტოა. კერძოდ, სანქციების ენით ბრიუსელმა და პეკინმა ბოლოს 1989 წელს „გაისაუბრეს“. მაშინ ევროკავშირმა ჩინეთს შეზღუდვები დაუწესა  სამხედრო პროდუქტების შეძენაზე. ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროკავშირისა და ჩინეთის ლიდერებს არცთუ იშვიათად განსხვავებული მიდგომები ჰქონდათ ადამიანის უფლებებისა თუ სხვა საკითხთა მიმართ, თუმცა ეს განსხვავებები სანქციებში, ფაქტია, არ გადაზრდილა. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სანქციები დაუწესდა რამდენიმე ინდივიდსა და ჯგუფს. სანქციები მოიცავს მათთვის ანგარიშების გაყინვასა და გადაადგილების შეზღუდვას. ევროკავშირის მიხედვით, ზემოხსენებული პირები სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული არიან სინძიანგის რეგიონში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დარღვევისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან.

ჩინეთის პასუხი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციებს საგანგებო პრესკონფერენციით უპასუხა, სადაც ჩინელები ევროკავშირის პოლიტიკას სიცრუესა და უსამართლობაზე დაფუძნებულს უწოდებდა. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მცირე განცხადების მიხედვით, ევროკავშირს არა აქვს არანაირი უფლება, მსგავსი მიდგომა გამოიყენოს და მოუწოდებენ ბრიუსელს, ურთიერთობები არ დააზიანონ. მოგვიანებით ჩინურმა მხარემ უკვე საკუთარი სანქციების სია გამოაქვეყნა, სადაც ევროპარლამენტის ხუთ დეპუტატს და მათი ოჯახის წევრებს ჩინეთის ტერიტორიაზე (მაკაოსა და ჰონკონგის ჩათვლით) შეეზღუდათ როგორც გადაადგილების, ასევე ნებისმიერი ტიპის ბიზნესსაქმიანობის უფლება.  ურთიერთობების ამ ფორმით ესკალაცია ალბათ რთული წარმოსადგენი იქნებოდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ცოტა ხნის წინ ბრიუსელმა და ევროკავშირმა სავაჭრო ხელშეკრულება დადეს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ევროკავშირთან და შტატებთან ერთად სინძიანგის საკითხზე სანქციები დააწესეს დიდმა ბრიტანეთმაც და კანადამაც.

მოკავშირეების ძიებაში

წინა წლებში  ე.წ. „სავაჭრო ომის“ მიმდინარეობისას პეკინი ყველანაირად ცდილობდა, ვაშინგტონთან დაპირისპირება მხოლოდ მათ შორის დარჩენილიყო. რეალურად ეს ასეც მოხდა: ტარიფების დაწესება  ორ ქვეყანას არ გასცდენია, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით სანქციების თაობაზე. ერთი მხრივ, რამდენიმე ადამიანისთვის სამოგზაურო შეზღუდვის დაწესება ბევრს ვერაფერს დააკლებს ჩინეთის ეკონომიკას, თუმცა, მეორე მხრივ, დიდია ამ ყველაფრის პოლიტიკური ფასი. სწორედ ამის გამო, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კუეილინში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და მის ჩინელ კოლეგა ვანგ ის შეხვედრას. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხებთან ერთად, სანქციების საკითხიც განიხილეს. პრესკონფერენციაზე ორივე მხარემ დაგმო სანქციების ენა და ეს ყველაფერი შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნია, ამავდროულად პეკინი და მოსკოვი ერთად აპირებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას, სადაც ეს საკითხები უნდა განიხილონ.

აჩრდილი ახალი ცივი ომისა?!

ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო კონფლიქტს ზოგიერთი მკვლევარი ახალ ცივ ომს უწოდებდა. სკეპტიკოსები იქვე ხაზს უსვამდნენ, რომ ცივი ომის დროს დაპირისპირება ორ ბანაკს შორის მიმდინარეობდა, რომელშიც ათეულობით ქვეყანა მონაწილეობდა, შესაბამისად, ჩინეთ-ამერიკის სატარიფო შეზღუდვები ვერ შეედრებოდა იმდროინდელ ანტაგონიზმს. რეალურად ეს მართლაც ასეა, თუმცა ის, რაც მიმდინარე კვირაში ვიხილეთ, გაცილებით უფრო ჩამოჰგავს ახალი ცივი ომის კონტურებს, ვიდრე ეს ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში იყო. გასული საუკუნის 60-იან წლებში მსოფლიომ იხილა პინგ-პონგის დიპლომატია პეკინსა და ვაშინგტონს შორის, 2021 წლის გაზაფხულზე, ფაქტია, ვხედავთ პინგ-პონგის სტილის „თამაშს“, ოღონდ ამჯერად ბურთის ფუნქციას პერსონალური და ჯგუფური სანქციები ითავსებს. ამჟამად მთავარი ყურადღება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზეა  მიპყრობილი, სადაც უშიშროების საბჭოს სხდომის ინიცირება მოხდა. დიდი ალბათობით, სახელმწიფოებს მოუწევთ იმაზე ფიქრი, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავონ ბანაკებს შორის დაპირისპირებაში (თუ ასეთი დილემის წინაშე დადგნენ), მით უფრო, რომ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ბევრ მოკავშირე სახელმწიფოს ასევე საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აქვს ჩინეთთანაც.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin