ალექსი პეტრიაშვილი

"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

„მადლობა“ ვლადიმირ პუტინს

„მადლობა“ ვლადიმირ პუტინს

სტატია თავდაპირველად დაიბეჭდა Forbes Georgia-ს თებერვლის ნომერში.

ვე­რას­დ­როს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ასე დავასათაურებდი ჩემს ბლოგს, მაგრამ გულწრფელად ასე ვფიქრობ და შევეცდები ავხსნა, რატომ ეკუთვნის „მადლობა“ პირადად ვლადიმირ პუტინს უკრაინელების, ქართველებისა და მოლდოველებისგან!

რუსეთთან მიმართებით ათწლეულების, რიგ შემთხვევაში კი საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტკბილ-მწარე ურთიერთობებიდან გამომდინარე, როგორც უკრაინის, ისე საქართველოსა და მოლდოვასგან სულ უფრო მეტი ძალისხმევა იყო საჭირო იმისთვის, რომ 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო აგრესიის წარმოებაზე, 2008 წელს საქართველოს ოკუპაციის, ხოლო შემდგომ წლებში, რაც დღემდე „წარმატებით“ გრძელდება, ჩვენი ტერიტორიების მიტაცების, ჩვენი მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობების საკითხებზე, დნესტრისპირეთში რუსი „მშვიდობისმყოფელების“ უვადოდ ყოფნაზე საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების კონცენტრირება სულ უფრო და უფრო მეტად რთული ხდებოდა. ასევე იყო 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან მიმართებითაც. ეს, რა თქმა უნდა, ნატოს წევრ ყველა ქვეყანას არ ეხება, მაგრამ ვინც იყო მაშინ სკეპტიკურად განწყობილი, იგივე ქვეყნები და მათი ლიდერები განაგრძობდნენ სამიტიდან სამიტამდე პასიურ რეჟიმში კომუნიკაციას საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

2014 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ვითარება კარდინალურად შეცვალა, რუსეთთან ტრადიციული თბილი და პარტნიორული ურთიერთობები შეუძლებელი გახდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ცალკეული დემოკრატიული ქვეყნების პოზიციებმა სიხისტე კვლავ დაკარგა და რომ არა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრინციპული პოზიცია, დღეს შესაძლოა დიალოგი ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან ისევ ჩვეულ ფორმატებს დაჰბრუნებოდა. ეს განცდა გაღრმავდა ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, როდესაც უკვე ევროკავშირის მასშტაბით საფრანგეთის პრეზიდენტმა გაააქტიურა „სტრატეგიული ავტონომიის“ იდეა და გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან დიალოგისთვის. აღარაფერს ვამბობ ანგელა მერკელის ეპოქის გერმანიაზე, რომელიც ჯიუტად ამტკიცებდა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წმინდა ეკონომიკური პროექტი იყო და მას პოლიტიკასთან არაფერი ჰქონდა საერთო.

ყველასთვის მოულოდნელად, გასული წლის ბოლოს ვლადიმირ პუტინმა ხელთათმანი ესროლა არა იმდენად უკრაინას, რამდენადაც აშშ-ს, ნატო-ს და ზოგადად დემოკრატიულ სამყაროს. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ სწორედ ახლა, აშშ-ის მხცოვანი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში, აშშ-ის შიგნით არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ავღანეთიდან ქაოსური გასვლის გათვალისწინებით, ისევე როგორც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში გაჩენილი უთანხმოებების ფონზე და მსოფლიოში არსებული მწვავე ენერგეტიკული კრიზისის პირობებში საუკეთესო დრო დადგა ლიბერალურ დემოკრატიასა და არსებულ მსოფლიო წესრიგზე გადამწყვეტი იერიშის მიტანისთვის.

საერთო ჯამში 170-ათასიანი ჯარის უკრაინის ირგვლივ მობილიზებით, რუსული პროპაგანდისტული მანქანის სრული საბრძოლო მზადყოფნით, უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული და კიბერ-ომის წარმოებით, ვლადიმირ პუტინმა წარმოუდგენლად მაღლა ასწია თამასა, ოღონდ არა უკრაინისთვის, არამედ სრულიად თავისუფალი სამყაროსთვის. მისი მოთხოვნები 2008 წლის გადაწყვეტილების გაუქმების, ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების გარანტირებულად შეწყვეტის, ნატო-ს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის დონემდე დაბრუნების და ახალი საშუალებების არგანთავსების თაობაზე ვალდებულების აღების შესახებ იმთავითვე არარეალისტურად ჟღერდა და დარწმუნებული ვარ, რომ არც თავად ვლადიმირ პუტინს ჰქონდა მათი უპირობოდ შესრულების მოლოდინი. თუმცა მას ჰქონდა იმედი, რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმავებდა ნაპრალს ნატო-ს წევრი ქვეყნების შიგნით, მიიქცევდა სათანადო ყურადღებას აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან და მიიღებდა ამა თუ იმ ფორმით მწვანე შუქს უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, როგორც საკუთარ ბოსტანში, წესრიგის დამყარებისთვის.

რა მოხდა სინამდვილეში და რას ვხედავთ დღეს როგორც უკრაინაში, ისე ზოგადად რუსეთთან მიმართებით?

– სათვალავიც კი ამერია, უკანასკნელი 1.5 თვის განმავლობაში იმდენჯერ გაესვა ხაზი რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შემოჭრას და ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე მეტის ოკუპაციას; ნატო-ს გენერალური მდივანი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და პირველი დიპლომატები – მარტო გასული წლის ბოლოს და ამ წლის დასაწყისში მათ მიერ გაკეთებული განცხადებების რიცხვი აღემატება 2008 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე ერთად აღებულ განცხადებებისას; წლების მანძილზე რუსეთმა თითქოს მიაღწია საწადელს და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალისხმევა მინიმუმამდე იყო დაყვანილი, რომ ჩვენი პრობლემა ყოფილიყო დღის წესრიგში პრიორიტეტული რუსეთთან საუბრის დროს. საქართველოს გულშემატკივრებისთვის ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ძალიან მძიმე იყო ყოველი განცხადება, რომელშიც საუბარი იყო უკრაინაზე და არ იყო ნახსენები საქართველო. ვლადიმირ პუტინმა ერთ თვეში „მოახერხა“ და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტის ოკუპაციაზე საუბრობს ყველა; „მადლობა“ ვლადიმირ პუტინს!

– 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე გულისტკენით მომისმენია ცალკეული ევროპელი სკეპტიკოსი პოლიტიკოსებისგან, რომ ამ ვალდებულების აღება შეცდომა იყო და ნატო რაიმე ფორმით უნდა გამოვიდეს შექმნილი უხერხულობიდან; როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სულ უფრო და უფრო ჭირდა ამ გადაწყვეტილების შესრულებაზე საუბარიც კი (არ ვთვლი სამიტებს, რომლებზეც ხდებოდა დეკლარაციიდან დეკლარაციაში გადაწყვეტილებისადმი ერთგულების დაფიქსირება). თუკი ვინმეს სიტყვა ეთქმის მსოფლიო პოლიტიკაში, დღეს ყველა ამ გადაწყვეტილების ერთგულებაზე, აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების მოთხოვნის მიუღებლობაზე და ღია კარის პოლიტიკის ურყეობაზე საუბრობს; „მადლობა“ ვლადიმირ პუტინს!

– უკრაინის მიმართ, მთელი რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, მაინც გარკვეული ფრთხილი დამოკიდებულება იყო, მით უმეტეს სამხედრო თანამშრომლობის მიმართ – უკანასკნელი ორი თვის მანძილზე უკრაინამ იმდენი და ისეთი სამხედრო დახმარება მიიღო და განაგრძობს ყოველდღიურად ახალ-ახალი შეიარაღებით დატვირთული თვითმფრინავებისა და ეშელონების მიღებას, რომ ალბათ ერთი წლის წინ მას საუკეთესო სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინა; „მადლობა“ ვლადიმირ პუტინს!

– უკიდურესად ცივი ზამთრის, მძიმე პანდემიური და ეკონომიკური პირობებისა და ენერგომატარებლებზე კოსმოსში ატყორცნილი ფასების ფონზე ალბათ ვერავინ, მათ შორის თავად ვლადიმირ პუტინიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ თვით გერმანიის მთავრობა უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე“ „ბოქლომის დადებას“ მხარს დაუჭერდა; „მადლობა“ ვლადიმირ პუტინს!

– დიდ ბრიტანეთში სულ იყო საუბრები რუსული კაპიტალის პოლიტიკურ პროცესზე გავლენების შეზღუდვის აუცილებლობაზე. მზადდებოდა სქელტანიანი ანგარიშები, იკვეთებოდა კონკრეტული პარტიებისა და პოლიტიკოსებისათვის რუსული ფინანსური მხარდაჭერის ფაქტები, მაგრამ არასდროს ასე მწვავედ არ დამდგარა ნისლიანი ალბიონის დედაქალაქში „ლონდონგრადის“ გამოაშკარავებისა და მისთვის მძიმე დარტყმის მიყენებისთვის დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მზაობა. „მადლობა“ ვლადიმირ პუტინს!

– დიპლომატიური გზებით ახალი, სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატების შექმნა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. შეიძლება წლები გავიდეს, ვიდრე ესა თუ ის ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება შემდეგ კონკრეტული ვალდებულებებით ფურცელზე დაიტანება. დღეს უკვე არსებობს დიდი ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ღერძი. ეს არ არის ნატო-ს ალტერნატივა და არც მცირე ნატო, მაგრამ ამ სამი ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის პოტენციალი სტატისტიკურადაც რომ შევადაროთ რუსეთს, ყველაფერი ნათელი გახდება – მთლიანი შიდა პროდუქტის, მოსახლეობის რაოდენობის და კიდევ ბევრი სხვა პარამეტრის მიხედვით მნიშვნელოვნად უსწრებს რუსეთს! ყოჩაღ უკრაინულ დიპლომატიას და, რა თქმა უნდა, „მადლობა“ ვლადიმირ პუტინს!

– დაბოლოს, უკრაინელებსა და ქართველებს დიდი ძალისხმევა გვჭირდებოდა იმისთვის, რომ დაგვერწმუნებინა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები: ომი საქართველოს წინააღმდეგ, ომი უკრაინის წინააღმდეგ – ეს არ არის მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის პრობლემა, არამედ ეს არის მსოფლიო რუკის გადახაზვის, ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების, აგრეთვე საბჭოთა კავშირის აღდგენის და, რაც მთავარია, ავტოკრატიების მხრიდან დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ გამანადგურებელი დარტყმის მიყენების გეგმა. არცერთი პრესკონფერენცია, არცერთი ოფიციალური განცხადება არ კეთდება თავისუფალი სამყაროს ლიდერების მხრიდან აღნიშნულზე ხაზგასმის გარეშე! „მადლობა“ ვლადიმირ პუტინს!

ყველაზე ხშირად ისმის კითხვა: იქნება თუ არა ომი? აშშ-ის, ნატო-ს, ევროკავშირის, ავსტრალიისა და იაპონიის, ზოგადად დემოკრატიული სამყაროს ამ დრომდე არნახული კონსოლიდაციის ფონზე სულ უფრო რბილდება რუსეთის ხელისუფლების განცხადებების ტონი! რა თქმა უნდა, ეს არ არის კაპიტულაცია, რა თქმა უნდა, საყვედური და კრიტიკა დასავლეთის მიმართ შენარჩუნებულია, მაგრამ ტონი განსხვავებულია! ლავროვი, პესკოვი, პატრუშევი – ყველა ერთხმად ირწმუნება, რომ არც კი გაუვლიათ თავში აზრად უკრაინაში შეჭრა. მათი მთავარი მოთხოვნები იგნორირებულია, მაგრამ დიალოგის გაგრძელება შესაძლებელია! „მადლობა“ ვლადიმირ პუტინს!

გააზიარე