მარიამ გერსამია

„ვარ მედიაფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი, მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (MCERC) დამფუძნებელი. მოდით, ერთად დავინახოთ როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ჩვენზე.“

კიევის დროით

კიევის დროით

ომისა და მშვიდობის მოლოდინში დრო თითქოს ძალიან გაიწელა.

დღეს დილით ჩემს კოლეგებს ტარას შევჩენკოს ეროვნულ უნივერსიტეტში მხარდამჭერი მეილი გავუგზავნე და პასუხად კიევიდან ისეთი გამამხნევებელი სიტყვები მივიღე, რომ ჩემ თვალწინ სივრცისა და დროის საზღვრები წაიშალა. ახლა ჩემ გარშემო ყველაფერი კიევის დროით ხდება. საქართველოში მიმდინარე მოვლენებიც უფრო ცხადად გამოჩნდა.

დროს, ამ შემთხვევაში, ემოციური განზომილება აქვს და გამოცდილებით იზომება. გამოცდილება კი ისტორიულ მეხსიერებას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც XXI საუკუნეში გასაბჭოებას ისევ თებერვალში ვებრძვით, თარიღების შესაძლო კომბინაციას ვადგენთ და ვვარაუდობთ, რომ პუტინი ახალი ომის თარიღს იმ კონტექსტში მოაქცევს, რომელიც კოლექტიურ რუსში იმპერიალისტურ მეხსიერებას გამოაღვიძებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ემოციების ზეგავლენის ქვეშ ადამიანების მიერ დროის აღქმა არააკურატული ხდება (დროიტ-ვოლეტ, მეკი, 2007). იმავეს ადასტურებენ ფსიქოთერაპევტები და მათი კლიენტები, როცა ჰიპნოზის ზემოქმედების შემდეგ დროის აღქმის საკუთარ ინტერპრეტაციებზე საუბრობენ და კედლისა და მაჯის საათის სიზუსტეს ეჭვის თვალით უყურებენ. სინამდვილეში, როცა დრო ძალიან სწრაფად ან ნელა გადის, ეს შეიძლება განპირობებული იყოს პოზიტიური ან ნეგატიური ემოციების ზემოქმედებით.

დროისა და ისტორიის აღქმა, მისი საზღვრები, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად, შეიძლება მართლა გაფერმკრთალდეს. რუსული ჰიბრიდული ომის პირობებში, როცა კრემლის მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა, ამგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ადამიანების ემოციური ზეგავლენის ქვეშ მოქცევა სტრატეგიის ნაწილია. რეალობისა და დროის გამრუდებული და არაფხიზელი აღქმა, ემოციურ ფონზე, კიდევ უფრო ძლიერდება. მთავარი მესიჯებიც მანამდე ილექება არაცნობიერში, სანამ გაირკვევა, თუ როგორ (გან)ვითარდება მოვლენები. არსებული გაურკვევლობა, ლოგიკას მოკლებული და  ურთიერთსაპირისპირო  ქმედებებისა და განცხადებების ნაკადი ადამიანის გონებაში დაბნეულობას იწვევს. შედეგად, ტვინი კარგავს არაცნობიერზე კონტროლს და ნებდება: არაცნობიერი ხდება მოწყვლადი და გაუფილტრავად ისრუტავს თავსმოხვეულ ინფორმაციას. ამ დროს, რაც უფრო მეტად იქნება განმარტებული, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო – მით უფრო ნაკლებად მოექცევა ჩვენი ტვინი მანიპულაციის ქვეშ.

ჰიბრიდული ომის პირობებში არის მესიჯები, რომლებიც სულ უნდა გვახსოვდეს (წარსულის, აწმყოს და მომავლის კონტექსტშიც). ეს მესიჯები ჩვენს მეხსიერებაში კონკრეტულ ემოციებს უკავშირდება და აღვიძებს. ამ ემოციური „ღუზების“ შეცვლა და ე.წ. რეფრეიმინგი შესაძლოა ამახინჯებდეს ან ცვლიდეს კონტექსტის აღქმასაც. მაგალითად, ჩვენ დაგვამახსოვრდა, რომ პუტინმა 2005 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა უდიდეს გეოპოლიტიკურ ტრაგედიად შერაცხა. ეს მუქარის შემცველი  განცხადება ამ დღეებში გაგვახსენა მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე გაკეთებულმა მოხსენებამ, რომელიც დროსა და სივრცეში უცნაურად „დაემთხვა“ უკრაინის გასაბჭოების და სსრკ-ის აღდგენის მცდელობას. კერძოდ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელმა კომისიამ თეიმურაზ ფაჩულიას მოხსენება მოისმინა და ცნობად მიიღო, რომ „მეოცე საუკუნის გეოპოლიტიკური უდიდესი ტრაგედია იყო საბჭოთა კავშირის დაშლა“. ან განცხადებამ მე და ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი ძალიან გააბრაზა. მოგვიანებით, საზოგადოებისა და მეცნიერთა ნაწილის პროტესტის შემდეგ, აკადემიის საიტზე აღნიშნული ინფორმაცია დაარედაქტირეს და დააკონკრეტეს, რომ მომხსენებელმა, უბრალოდ, რუსეთის ხელისუფლების აზრი იგულისხმა. ოღონდ, ვერსად ვკითხულობთ, რომ ამ აზრს ვინმე შეეკამათა. ამან ისიც კი მაფიქრებინა, რომ პუტინის ოცნების ეს საშინელი სცენარი რომ მომხსენებლებსა და მის ტაშისმკვრელებს რეალობაში ენახათ, მასაც უემოციოდ, ცნობად მიიღებდნენ. როგორც მეცნიერს, გული დამწყდა აკადემიის ასეთ უხერხემლობაზე.

ამის საპირწონედ და, ალბათ, დასაბალანსებლად, უკვე მერამდენედ მანტრასავით ვკითხულობ ჩემი უკრაინელი კოლეგებისა და იქაური აკადემიის წევრების მიერ მოწერილი წერილიდან ერთ ამონარიდს „…მარიამ, ჩვენ უკან სიმართლეა, ჩვენ მშვიდობისმოყვარე ერი ვართ და არასოდეს დავთმობთ თავისუფლებას!“ არასოდეს დავთმობთ თავისუფლებას! – ამ სიტყვებში მოქცეული ემოციები მთელი დღეა მავიწყებს დროს, რომელიც საქართველოში დადგა და რომელიც, ხანდახან, სამწუხაროდ, პუტინის მაჯის საათის დროზე სწორდება.

დროის სწორი მართვა და გარემოს ფხიზელი თვალით აღქმა აუცილებელია იმისთვის, რომ ვიყოთ დაცულები, არ ვიყოთ მანიპულაციის მსხვერპლნი და გამოვიდეთ კრემლის მავნე ჰიპნოზიდან. ამაზე ფიქრისას ვხვდები, რომ ახლა ჩემთვის ყველაფერი სწორედ კიევის დროით და იმ თავისუფლების სიყვარულით იზომება, ჩემმა უკრაინელმა კოლეგებმა დილიდან რომ გამიათმაგეს.

2022 წლის 22 თებერვალია, ომისა და მშვიდობის მოლოდინში ვართ. როცა ქართველები ამ დღეებს გავიხსენებთ, მინდა, რომ სწორედ თავისუფლების სიყვარული იყოს წამყვანი ემოცია, რადგან ვიცი, რომ ამ საზომით შეფასდება საზოგადოების პროგრესი და მეცნიერების ღირებულებაც, აკადემიური თავისუფლებაც და, რაც მთავარია, ჩვენი წარსული და მომავალიც.

ამიტომ, კიდევ ერთხელ, დიდება უკრაინას და, არასოდეს დავთმოთ თავისუფლება!

გააზიარე