"ვარ მედიაფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი, ილია ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი. მოდით, ერთად დავინახოთ როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ჩვენზე" | + posts

"ვარ მედიაფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი, ილია ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი. მოდით, ერთად დავინახოთ როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ჩვენზე"

მედია და პარტიული მედია: დაკარგული თვითკრიტიკულობის ძიებაში

940

მედია და პარტიული მედია: დაკარგული თვითკრიტიკულობის ძიებაში

ცხოვრება მშვენიერია, როცა ჩვენ გვერდით კრიტიკული მედია არსებობს. რა სჯობს, როცა მედია ჩვენთვის ან ჩვენ მაგივრად, პრევენციულად ცნობისმოყვარეობს, სვამს კრიტიკულ კითხვებს, დროულად მოიპოვებს და დაამუშავებს ინფორმაციას, თან გვართობს, თან გვაფიქრებს და თან მოქმედებისკენ გვიბიძგებს.

ცხოვრება კიდევ უფრო მშვენიერი გახდება, თუ კრიტიკულ მედიას ისეთი მენეჯერი გამოუჩნდება, რომელიც მას ისეთ წარმატებულ პროექტად და ბრენდად გარდაქმნის, რომ დამოუკიდებლად შეძლოს განვითარება. ამ სამყაროში, წარმატებული პროექტების მაგალითებსა და პარალელებს რა დალევს, მაგრამ მე დღეს სულ სხვა ამბავს გაგახსენებთ, რომელიც, შესაძლოა, საზეპიროსავითაც კი იცით. ამბავი „დასაწყისზეა“ და ის ჩვენი მსჯელობისთვის მშვენიერი დასაწყისი იქნება მაშინ, თუ დაგვეხმარება უფრო მარტივად ვუპასუხოთ კითხვას: რა სჭირდება ქართულ მედიას იმისთვის, რომ ის გრძელვადიან, წარმატებულ პროექტად იქცეს?

ამბავი იმაზე, თუ როგორ მუშაობს პროექტი

მოდი, დავუშვათ, რომ „სამყაროს შექმნა“ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე მასშტაბური, წარმატებული პროექტია. ღმერთი კი, ამ პროექტის წარმატებული მენეჯერია. და როგორც კარგ პროექტს შეეფერება, „სამყაროს შექმნაც“ რამდენიმე ფაზაში ხორციელდება, თანმიმდევრულია და ყოველი ნაბიჯი (სამყაროს შექმნის წარმატებული დღე) ლოგიკურად ბადებს მომდევნოს. ამ სტრატეგიაზე რობერტ დილთსის „გენიოსების სტრატეგიებმა“ (1994) მაშინ დამაფიქრა, როცა ის „სამყაროს შექმნის“ პროცესის სპეციფიკურ  სტრუქტურაზე ალაპარაკდა. ამ გადმოსახედიდან, ყველაზე ნიჭიერი პროექტების მენეჯერი გააზრებულად და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის მიზნისკენ (ეგოისტურად მინდა მჯეროდეს, რომ ღმერთის პროექტის თავდაპირველი და საბოლოო მიზანი წარმატებული და ბედნიერი ადამიანის შექმნაა).

სამყაროს ეჭვის თვალით ვინც უყურებთ, მინდა გითხრათ, რომ ღმერთი თქვენზე თვითკრიტიკულია. ყველაფერი არც მას მოსწონს. სწორედ ამ თვისების გამო, ის „სამყაროს შექმნის“ შემდეგაც, მეტა-პოზიციიდან აკვირდება და აფასებს  იმას, თუ როგორ მუშაობს მისი „პროექტი“. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან სწორედ ამ  დაკვირვების შემდეგ („თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა“), შემოქმედი პროექტს აუმჯობესებს (ქმნის ახალ ადამიანს, ქალს). ამის შემდეგ, „სამყაროს შექმნაში“ კორექტირებები აღარ შედის, რადგან არ შეიძლება წარმატებული მენეჯერი პროცესში “გაიჭედოს”, მუდმივად ერთ წრეზე იაროს. პროექტი ხომ კონკრეტული შედეგით, კონკრეტულ ვადებში უნდა დასრულდეს. სხვანაირად ახალი მიზანი არ გაჩნდება.

როგორ დავიწყეთ და სად ვართ?

დავიწყეთ არსებობით, რომელიც საკმარისი სულაც არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ  ბედნიერები ვიყოთ. სამაგიეროდ, ბედნიერების მოსაპოვებლად სულ ახალ-ახალ მიზნებს ვირჩევთ. გვინდა წარმატების მიღწევით დავიკმაყოფილოთ მოთხოვნილება, რომელიც ღმერთისგან მემკვიდრეობით გვერგო – ვიყოთ აღიარებული. დაფასების მოთხოვნილებაში  ღმერთსაც კი ვეჯიბრებით. ამასობაში, ჩვენი განვითარების და გადარჩენის რთულ და საინტერესო გზაზე აუცილებელი გახდა, რომ მუდმივად ვიყოთ ინფორმირებული, კრიტიკულად შეფასებული. სად იყო და სად არა, ამისთვის მედია გამოიძერწა, რომელიც დღემდე, ადამიანის ინფორმირების შეუცვლელი ინსტრუმენტია.

პარტიული მედია სარკეშიც არ იხედება

მედიასთან ერთად, რა აღარ გამოვიარეთ! ის, რასაც გვერდი ვერ ავუარეთ, ბოროტების იმპერიის მახინჯი მემკვიდრეობაა. საბჭოთა კავშირმა, უამრავ ბოროტებასთან ერთად, მედიას კრიტიკის და განვითარების შესაძლებლობა ჩამოართვა და ის მხოლოდ პროპაგანდისტულ იარაღად გარდაქმნა. საბჭოთა კავშირის დანგრევის მიუხედავად, დამოუკიდებელი მედია პარტიებთან სიმბიოზურ კავშირში მაინც დარჩა. ამის ბრალია ისიც, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკული მედია არა მოკავშირედ, არამედ საფრთხედ აღიქმება, ჟურნალისტების კრიტიკულ კითხვებს კი, დროდადრო თვითცენზურა ამოწმებს.  შედეგად, ახლაც, პარტიული საცეცების მოძლიერება მედიაში ყოველთვის ნიშნავს მეოთხე ხელისუფლების დასუსტებას.

პარტიების და მედიის სიმბიოზი არა მარტო მედიას აზიანებს, არამედ პოლიტიკურ პროცესებსაც, რადგან ის კრიტიკულ აზრს ვეღარ ატარებს, სარკეს ამრუდებს და საზოგადოების პოლარიზებას აძლიერებს. ამ ფერხულში, პარტიულ მედიას შეუძლია მიაკრას იარლიყები, დაავიწყოს მაყურებელს პოლიტიკური ფიგურები და პირიქით, მუდმივად აცოცხლოს უსახური და მობეზრებული პოლიტიკოსები.

არადა, ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში, მედიაში ყოველი ახალი დღე – ახალი პროექტია. წესით, წარმატებული ის მაშინ ხდება, როცა  ყოველდღიურად, მეტა-პოზიციიდან, მიუკერძოებლად აკვირდება პროცესებს და არის კრიტიკული სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფების მიმართ; წარმატებულია, როცა ყოველდღიურად, კრიტიკული კითხვების დასმით, გვეხმარება ინფორმაციის მონელებაში, პოლიტიკური პროცესების გააზრებაში; წარმატებულია, როცა დამუნათების ნაცვლად, ცვლილებების და თვითკრიტიკის სურვილს აჩენს საზოგადოებაშიც… მთავარია, ერთ წრეზე არ იტრიალოს და მუდმივად დაინტერესდეს, რა შეიცვალა ან არ შეიცვალა გუშინდელთან შედარებით და  რატომ?

სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო არაერთი „წარმატებული მედია“ ყოველთვის ამ ფორმულით არ იქმნება. უფრო ხშირად, საპირისპიროსაც ვხედავთ, როცა რეიტინგული და ფინანსურად ძლიერი მედიის „წარმატების“ მთავარი მიზეზი – მისი ვიწროპარტიული ჩარჩოა, სადაც ინფორმირებული მაყურებელი  – არც მიზანია და არც – არჩევანი.

სარკევ, სარკევ

ჯერ კიდევ 1877 წელს, ილია ჭავჭავაძე „ივერიის“ წინასიტყვაობაში წერდა, რომ ჟურნალ-გაზეთობა საზოგადოების სარკეა. მისი აზრით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს თვისი ნამოქმედარის ავკარგიანობა, თვისება. ამისათვის ყოველ საგანს, ყოველს მოვლენას ცხოვრებისას, ავს თუ კარგს, დიდს თუ მცირეს, ჟურნალგაზეთობამ უნდა მიაქციოს ჯეროვანი ყურადღება და შეძლებისამებრ მისცეს სასტიკს გარჩევას, განმარტებას თავისის რწმენისა, აზრისა და ცოდნის დაკვალად“.

ასე და ამგვარად, თვითკრიტიკულობის და ინფორმირებულობის დეფიციტი გასაბჭოებამდეც იყო და განსაბჭოების შემდეგაც გამოწვევად დარჩა. აქ, თუ საქმე პოლიტიკას, მედიას ან რელიგიას ეხება, აუცილებლად გამოჩნდებიან უპირობო „გაღმერთების“ კანდიდატები, რომლებსაც თვითკრიტიკულობასთან გვერდითაც არ ჩაუვლით და მხოლოდ აპლოდისმენტების მოლოდინში არიან. მოკლედ, კერპთაყვანისმცემლობა ჯერ კიდევ მოდაშია. არადა, მე სულ მგონია, რომ მამაზეციერს და ბიბლიის დამწერ გენიოსს სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდათ, როცა ეს სამყარო „სამართავად გადმოგვაბარეს“.

საიდან დავიწყოთ? იქნებ, წარმატებისა და განვითარებისთვის, კარგი დასაწყისი მედიის პოლიტიკური პარტიებისგან სეპარაცია და ორივე მხარის ტრანსფორმაცია იყოს? ან იქნებ, კარგი დასაწყისი ის იყოს, რომ  პოლიტიკოსებმა და „ინფლუენსერებმა“ მედიის გა-უ-მრუდებელ სარკეში არა ტკბობისთვის, არამედ საკუთარი თავისა და საქმეების კრიტიკული შეფასებისთვის ჩაიხედონ… მერე კი, აგრესიის ნაცვლად,  რეალობას და საკუთარ გამოსახულებას თვალი გაუსწორონ და ცვლილებებიც აქედან დაიწყონ. ან, უბრალოდ და მარტივად, სამყაროს ყველაზე ნიჭიერ პროექტების მენეჯერს მიბაძონ: ცოტა თვითკრიტიკულობაში, ცოტა კრეატიულობაში, ცოტაც მიზანდასახულობასა და თანმიმდევრულობაში.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin