მედიცინის დოქტორი,

კავკასიის უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

COVID-19 ვაქცინაცია და კერძო ბიზნესის გამოწვევები

960x0

პანდემიის მასშტაბმა დიდი მოთხოვნა გააჩინა ვაქცინებზე და შესაბამისად, გლობალური დეფიციტი. ღია ბაზრის ეკონომიკის ქვეყნებში კერძო ბიზნესი მონაწილეობს ვაქცინების უზრუნველყოფის პროცესში და რეგულირდება შესაბამისად. თუმცა, დღეს მსოფლიოში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინების კერძო ბაზარი მკვეთრად შეზღუდულია, ანუ შეუძლებელია ლეგალურად კერძო ვაქცინების შეძენა. ეს გამოწვეულია რამოდენიმე მიზეზით.

პირველი, ვაქცინების მიწოდება კერძო შეკვეთებით ამჟამად შეუძლებელია, რადგან თავისუფალ ბაზარზე ვაქცინების ზედმეტი მოცულობა არ არსებობს. ვაქცინები, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში უკვე შეკვეთილი და წინასწარ შეძენილია საერთაშორისო ორგანიზაციების და ეროვნული მთავრობების მიერ. ამ ეტაპზე ვაქცინების დიდი მწარმოებლები არა თუ კერძო კომპანიების, არამედ სახელმწიფოების მხრიდან არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. შესაბამისად, კერძო კომპანიებს თვითონ დიდი მწარმოებლები არ უფორმებენ ვაქცინების კერძო შესყიდვაზე კონტრაქტებს.

მეორე, ვაქცინების კერძო ბაზრის ფორმირება საკმაოდ რთულია, რადგან მოითხოვს ვაქცინების შენახვისა და ტრანსპორტირების რთულ ტექნოლოგიურ და ლოგისტიკურ პროცესს, რაც დიდი გამოწვევაა. ვაქცინის შენახვა მოითხოვს ე.წ. “ცივ ჯაჭვს”, ანუ მისი მიწოდება მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებელზე საჭიროებს ლოგისტიკურ კომპლექსს. მაგალითად, ამერიკული ვაქცინა, Pfizer, საჭიროებს შენახვის ტემპერატურას მინუს 70-80°C. Moderna ვაქცინისთვის მინუს 20°C საკმარისია, თუმცა, მას ასევე სჭირდება ძლიერი მაცივრების ქსელი და სპეციალური კონტეინერები.

ვაქცინების დეფიციტის გამო, თანამედროვე მსოფლიომ Covid 19-ის ვაქცინაციასთან მიმართებით შეიმუშავა სოლიდარული სტრატეგია. იგი გულისხმობს ვაქცინების დეფიციტის პირობებში მიზნობრივი პრიორიტეტების განსაზღვრას, რომლის მიხედვით, ვაქცინაცია პირველ რიგში ჩაუტარდება მოსახლეობის პრიორიტეტულ ჯგუფებს, ვისაც ვაქცინაცია ყველაზე მეტად სჭირდება. ამ პრიორიტეტულ ჯგუფში შედის სამედიცინო პერსონალი, მოწყვლადი და ღარიბი მოსახლეობა, მოხუცები.

გლობალური სტრატეგიის შესაბამისად, არცერთ ქვეყანას, რომელსაც აქვს ვაქცინის მწარმოებლები, ჯერაც არ გაუცია  ვაქცინების კერძო ბაზარზე გავრცელების პრიორიტეტი. ყველა ნებადართულ ვაქცინას აქვს გადაუდებელი / შეზღუდული გამოყენების ავტორიზაცია (emergency use authorisation). მაგალითად, ბრიტანეთში Covid-19-ის კერძო ვაქცინაცია არ არის შესაძლებელი, სანამ ყველა მიზნობრივი კატეგორიის მოსახლეობა (სამედიცინო პერსონალი, მოწყვლადი და ღარიბი მოსახლეობა, მოხუცები) არ იქნება ვაქცინიზირებული და სანამ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინის საკმარისი მარაგი.

როგორც ავღნიშნეთ, მსოფლიოს შემუშავებული ეს გლობალური პოზიცია კერძო სექტორში ვაქცინების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, განპირობებულია პანდემიის ეპოქაში ვაქცინების დამატებითი მარაგის არარსებობის გამო, რომელიც შეავსებდა კერძო ბაზარს. ეს სტრატეგია არ უნდა ავურიოთ Covid 19-ის ტესტირების სტრატეგიასთან, სადაც კერძო სექტორის მონაწილეობას ჰქონდა პოზიტიური შედეგები. ვაქცინაციის საწყის ეტაპზე, ვაქცინების მძაფრი დეფიციტის პირობებში, მისი ვაქცინების კერძო ბაზარზე ხელმისაწვდომობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ნეგატიური შედეგები.

პირველი, კერძო ბაზრის მიერ ვაქცინების შესყიდვამ, შეიძლება კიდევ უფრო გააფართოოს უთანასწორობისა და უსამართლობის უფსკრული როგორც ცალკეულ ქვეყნებს შორის, ასევე ქვეყნის მოქალაქეებს შორის, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, როდესაც მდიდრებს ექნებათ უპირატესობა ჩაიტარონ რიგგარეშე ვაქცინაცია, მაშინ როდესაც, მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, მათი პროფესიული საქმიანობის, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ვერც შეძლონ ვაქცინაცია.

მეორე, ვაქცინების უსაფრთხოების უზრუნველყოფა კერძო სექტორში შეიძლება იყოს პრობლემატური და საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. ვაქცინების შენახვა და გადატანა მოითხოვს სპეციფიკურ პირობებს, სათანადო ლოგისტიკას და ინფრასტრუქტურას ვაქცინების შენახვისა და განაწილებისთვის. საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები “შავი ინტერნეტის” საშუალებით COVID-19 ვაქცინების შეძენისგან თავშეკავებას გვირჩევენ, რადგან ასეთი შემოთავაზებები ხშირად საშიში, უკანონო და თაღლითურია.

მიუხედავად ბარიერებისა, კერძო სექტორი ყველა გზებით ცდილობს შემოვიდეს ვაქცინების ბაზარზე და ეს ბუნებრივიცაა. ამის მაგალითია ინდოეთის შრატის ინსტიტუტის (Serum Institute of India) მიერ ბანგლადეშის ფარმაცევტულ კომპანია Beximco-თვის COVID-19 ვაქცინის პირველი მარაგის გამოყოფა კერძო გაყიდვისათვის. ამავე დროს, ინდოეთის მთავრობა ინდოეთის შრატის ინსტიტუტს არ აძლევს ნებართვას გაყიდოს ვაქცინა კერძო ბაზარზე, რადგან პრიორიტეტი ენიჭება მთავრობის იმუნიზაციის პროგრამას. ინდოეთის შრატის ინსტიტუტი მსოფლიოში ვაქცინების უდიდესი მწარმოებელია, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის. ბანგლადეშის Beximco ფარმაცევტულმა კომპანიამ თებერვლის დასაწყისში უკვე მიიღო 5 მილიონი დოზა იმ 30 მილიონი დოზიდან, რომელიც ინდოეთის შრატის ინსტიტუტს შეუკვეთა ბანგლადეშში ვაქცინაციის ჩასატარებლად. მათივე განცხადებით, კერძო ბაზარზე ვაქცინის ფასი იქნება 8$, რაც ორჯერ მეტია სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ ფასზე (4 აშშ დოლარი დოზაზე).

ზემოაღნიშნული ბარიერების გათვალისწინებით, როდესაც მთელ მსოფლიოში COVID-19 ვაქცინაციის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მცირეა, საქართველოში კერძო სექტორის მიერ COVID-19 ვაქცინის შემოტანა უახლოეს თვეებში არც არის მოსალოდნელი. თუმცა, ეს არ გამორიცხავს მომავალში ვაქცინაციის პროცესში კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას.

მიმდინარე ეტაპზე, სანამ არ გაჩნდება ვაქცინების დამატებითი მარაგი, რომელიც შეავსებდა კერძო ბაზარს, სახელმწიფომ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს კერძო ბიზნესთან. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა კოვიდ-19 ვაქცინაციის კამპანიაში. კერძო სექტორს შეუძლია დაეხმაროს სახელმწიფოს ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის გამყარებაში. ბიზნესის ლიდერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, დაეხმარონ თავიანთ თანამშრომლებს ვაქცინაციის უპირატესობის შესახებ განათლების ამაღლებაში. ეს მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას, თუ სად და როგორ არის შესაძლებელი ვაქცინის ჩატარება, და რა რესურსები არსებობს, რომლებიც მათ სწრაფ მოქმედებაში დაეხმარება.

ვაქცინაციის ჩატარებაში თანამშრომლებისთვის ანაზღაურებადი დროის შეთავაზება, მათთვის უფასო ტრანსპორტირების ორგანიზება ვაქცინაციის ცენტრებში, მსხვილმასშტაბური ვაქცინაციის დაგეგმვაში მონაწილეობა ეფექტური პოლიტიკაა, რომლის განხორციელებაშიც ბიზნესის სექტორს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა. ყველამ უნდა იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფაში.

ვაქცინაცია პანდემიის დასასრულია. ვაქცინის აღმოჩენით უკვე ვხედავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს. პანდემიის დასრულება და ნორმალური ცხოვრების დაბრუნება, რომლისკენაც ყველა მივისწრაფვით, ჩვენგან მოითხოვს როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივი და კერძო ბიზნესის გაერთიანებულ ძალისხმევას.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა