„კერნელის“ თანადამფუძნებელი და მარკეტინგის დირექტორი

მოგების გადასახადი

MISHO 2 (10)

საქართველოში რეგისტრირებული ყველა კომპანია და ყველა უცხოური კომპანია, რომელთაც ფილიალი აქვთ საქართველოში, იხდის მოგების გადასახადს.

თუმცა გამონაკლისებია კომერციული ბანკები, საკრედიტო კავშირები, სადაზღვევო ორგანიზაციები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სესხის გამცემი სუბიექტები, რომელთაც ეს გადასახადი მოხსნილი აქვთ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება, ანუ წმინდა მოგების (კომპანიის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა) ის ნაწილი, რომელსაც კომპანია თავისი მეწილეებისთვის გასცემს, იგივე – დივიდენდი.

განაწილებული მოგება ორჯერ იბეგრება – ერთხელ მოგების გადასახადის 15%-ით, მეორედ კი დივიდენდის საშემოსავლო გადასახადის 5%-ით.

მოგების გადასახადი პირდაპირი გადასახადია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თავად კომპანია იხდის თავისი წმინდა მოგებიდან.

დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი კი არაპირდაპირია. ამ გადასახადს დივიდენდის მიმღები იხდის, ოღონდ კომპანიის გავლით – ბიუჯეტში კომპანია რიცხავს დივიდენდის მიმღების ფულს.

აქვე ვახსენოთ, რომ ქართული კომპანიის მიერ თავის მფლობელ სხვა ქართული კომპანიისთვის გაცემული დივიდენდი არ იბეგრება დივიდენდის საშემოსავლო გადასახადით (მოგების გადასახადით კი იბეგრება).

მაგალითზე განვიხილოთ და უფრო გასაგები იქნება ეს ყველაფერი.

მაგალითი

„ალფა“ არის საქართველოს რეზიდენტი საწარმო, რომელსაც სამი პარტნიორი (მეწილე) ჰყავს:

  • საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი, გიორგი – კომპანიის 50%-ის მფლობელი.
  • გერმანიის რეზიდენტი კომპანია – კომპანიის 20%-ის მფლობელი.
  • საქართველოს რეზიდენტი კომპანია – კომპანიის 30%-ის მფლობელი.

2018 წელს „ალფას” წმინდა მოგება 20 000 ლარის ტოლი იყო, თუმცა ამავე წელს მას დივიდენდი არცერთი მეწილისთვის არ გაუცია, ანუ მოგება არ გაუნაწილებია. რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას არც დივიდენდის და არც მოგების გადასახადი არ წარმოშვია.

2019 წელს „ალფამ” 2018 წლის წმინდა მოგებიდან 5000 ლარი გაანაწილა თავის მეწილეებზე, თავიანთი წილების მიხედვით. შესაბამისად:

  • გიორგის დივიდენდი = 5000 * 50% = 2500
  • გერმანიის რეზიდენტი კომპანიის დივიდენდი = 5000 * 20% = 1000
  • საქართველოს რეზიდენტი კომპანიის დივიდენდი = 5000 * 30% = 1500

5000 ლარის განაწილების შემდეგ კომპანიის წმინდა მოგება, იგივე გასანაწილებელი მოგება, 20 000 ლარიდან 15 000 ლარამდე ჩამოვიდა.

მოგების გადასახადით იბეგრება მთლიანი განაწილებული მოგება, ანუ, ჩვენს შემთხვევაში, 5000 ლარი.

5000 * 15% = 750

გამოვიდა, რომ კომპანიამ ბიუჯეტში (მოგების გადასახადის სახით) უნდა გადარიცხოს 750 ლარი. ეს 750 ლარი კომპანიის ხარჯია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ამცირებს წმინდა მოგებას და არა განაწილებულ მოგებას.

განაწილებული მოგება, ანუ გაცემული დივიდენდები, ისევ 5000-ის ტოლია. მხოლოდ წმინდა მოგება შემცირდა 750-ით:

15 000 – 750 = 14 250

ეს არის კომპანია „ალფას” ახალი წმინდა (გასანაწილებელი) მოგება.

ახლა კონკრეტული მეწილეების დივიდენდის საშემოსავლო გადასახადები გამოვთვალოთ.

დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი

გიორგის დივიდენდი დაიბეგრება დივიდენდის საშემოსავლო გადასახადის 5%-ით, რომელსაც ის კომპანიის გავლით გადაიხდის ბიუჯეტში.

გიორგის დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი

=

2500 * 5% = 125

გერმანიის რეზიდენტი კომპანიის დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი

=

1000 * 5% = 50

გერმანიის რეზიდენტი კომპანიისთვის გაცემული დივიდენდის საშემოსავლო გადასახადს კომპანია „ალფა” არ იხდის, რადგან გერმანული კომპანია საქართველოს იურისდიქციის გარეთაა და ეს კონკრეტული დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი, 50 ლარი, გერმანიის ბიუჯეტში თავად ამ კომპანიამ უნდა გადარიცხოს.

საქართველოს რეზიდენტი კომპანიის შემთხვევაში როგორღა იქნება? ჩვენ ხომ ვთქვით, რომ ქართული კომპანიის მიერ სხვა ქართული კომპანიისთვის გაცემული დივიდენდი დივიდენდის საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.

ქართული კომპანიის დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი 0-ის ტოლი იქნება.

გამოვიდა, რომ კომპანია „ალფამ” მოგების გადასახადის სახით თავისი საფულიდან 750 ლარი უნდა გადარიცხოს ბიუჯეტში და დივიდენდის საშემოსავლო გადასახადის სახით, დივიდენდის მიმღები პირების ფულით, 175 ლარი.

შეჯამება

დაიმახსოვრეთ, რეალურად, კომპანიის განაწილებული მოგება ჯერ მოგების გადასახადით იბეგრება, შემდეგ კი დივიდენდის საშემოსავლო გადასახადით.

აქვე ბარემ ვიტყვით, რომ ეს გადასახადი ყოველთვის ასეთი არ იყო. 2017 წელს ჩვენ მივიღეთ მოგების გადასახადის ეგრეთ წოდებული „ესტონური მოდელი”. არაესტონურ მოდელში დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი საერთოდ არ არსებობდა და პირდაპირ კომპანიის წმინდა მოგება იბეგრებოდა. „ესტონური მოდელის“ შემოღება რეინვესტირების წამახალისებელ პოლიტიკად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან ამ მოდელით თუ კომპანია დივიდენდს არ გასცემს, ანუ კომპანიაშივე დაიტოვებს, მას არც დივიდენდის საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევს და არც მოგების გადასახადის, რადგან განაწილებული მოგება არ წარმოეშვება.

ყველა კომპანია დღესდღეობით „ესტონური მოდელით“ ხელმძღვანელობს. არაესტონურ მოდელს ვერსად ვერ შეხვდებით, გარდა კომერციული ბანკების, საკრედიტო კავშირების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა. სახელმწიფომ ამ ტიპის პირებს 2023 წლამდე მისცა უფლება არაესტონურ მოდელზე დარჩენილიყვნენ.

გააზიარე