„კერნელის“ თანადამფუძნებელი და მარკეტინგის დირექტორი

დამატებული ღირებულების გადასახადი

მიშო 2 (5)

ყველას გაგვიგია აბრევიატურა „დღგ“ (დამატებული ღირებულების გადასახადი) და ალბათ ბევრს გადაგვიხდია კიდეც ეს არცთუ ისე მცირე ზომის გადასახადი.

დღგ საკმაოდ რთული გადასახადია, უამრავი რეგულაციით, თუმცა მოდი, დღეს მოკლედ მიმოვიხილოთ ამ გადასახადის შინაარსი, გავარკვიოთ, რამდენად ეხება ეს გადასახადი თქვენს ბიზნესებსა და ეკონომიკურ საქმიანობას და დავსვათ კითხვა „უნდა დარეგისტრირდეთ თუ არა დღგ-ის გადამხდელად?“

ჯერ ვთქვათ, რა არის დღგ. საგადასახადო კოდექსი მას ასე განმარტავს:

დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი) არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატს და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას), თუმცა ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც იწოდება დღგის გადამხდელად.

ბუნდოვანია, არა?

მარტივად რომ ვთქვათ, დღგ არის პროცენტი (კერძოდ, 18%), რომელსაც მთავრობას უხდით გაყიდული პროდუქტის ღირებულებიდან.

ყოველი საქონლის ფასი ორი ნაწილისგან შედგება: თვითღირებულება, ანუ წარმოების ღირებულება და დამატებული ღირებულება.

დღგ-ს საქონლის თვითღირებულება არ აინტერესებს, ამიტომ დანამატზე ვკონცენტრირდეთ.

დამატებული ღირებულება ასევე ორი ნაწილისგან შედგება: მოგება და დღგ-ის დანამატი.

მოგება ის ნაწილია, რომელიც გამყიდველის ჯიბეში მიდის. დღგ-ის დანამატი კი, რომელსაც გამყიდველი შეგნებულად ამატებს, რომ სახელმწიფოსთვის გადასახდელი თანხა ამოიღოს.

დღგ-ს, როგორც გადასახადს, დამატებული ღირებულების ყველა ელემენტი აინტერესებს, გარდა თავისი თავისა, ანუ დღგ-ის დანამატისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი დღგ-თი დასაბეგრი ტრანზაქციისას ჩვენ მხოლოდ „ბრუნვას” (თვითღირებულება+მოგება) ვამრავლებთ 18%-ზე, რომ დღგ-ის თანხა გავარკვიოთ.

მაგალითი

აი, მაგალითი: განვიხილოთ (ჩავთვალოთ, რომ A, B, C, D ყველა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირები არიან):

B-მ A-სგან 118 ლარად ხორბალი იყიდა. როგორ გავიგოთ, რა რაოდენობით დღგ წარმოიშვა ამ გარიგებისას? ჯერ უნდა გავიგოთ, თუ რა ღირდა ხორბალი დღგ-ის დანამატის გარეშე, ანუ გამოვიანგარიშოთ ბრუნვა.

ამისათვის 118 უნდა გავყოთ 1.18-ზე.

118/1.18=100

გამოვიდა, რომ დღგ-ის დანამატის გარეშე ხორბალი 100 ლარი ღირდა. ახლა თავად გადასახადი გამოვთვალოთ.

100*18%=18

ესე იგი, 118 ლარიდან A 18 ლარს გადარიცხავს ბიუჯეტში. მაგრამ ეს 18 ლარი მან თავისი ჯიბიდან ხომ არ გადაიხადა? არა, A-მ ეს 18 ლარი ფასში ჩააქსოვა და B-ს მოაცემინა.

ფაქტობრივად, მყიდველი იხდის დღგ-ს. ზუსტად ამიტომ ჰქვია მას „არაპირდაპირი გადასახადი“. რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა მას „ტრანზიტის“, ანუ პროდუქტის გამყიდველის, გავლით იხდის ბიუჯეტში.

ნებისმიერი საქონელი მოპოვებიდან საბოლოო მოხმარებამდე რამდენიმე სტადიას გადის. წარმოვიდგინოთ მარტივი პროცესი – ნედლეულის მოპოვება – გადამუშავება – საბოლოო პროდუქტის დამზადება. ყოველი ამ სტადიათაგანი, შეიცავს ყიდვა-გაყიდვის პროცესს. დღგ-ის მთელი „ხიბლი” კი ის არის, რომ ის ყოველ სტადიაზე ცალ-ცალკე მოქმედებს.

ისევ წინა მაგალითს დავუბრუნდეთ:

ვთქვათ, ნაყიდი ხორბლით B-მ ფქვილი დაამზადა და C-ს მიჰყიდა 236 ლარად. ისევ იგივე პროცესი წარვმართოთ. ჯერ 236 ლარი გავყოთ 1.18-ზე და გავიგოთ ბრუნვა, შემდეგ კი მიღებული რიცხვის 18% გამოვთვალოთ.

236/1.18=200

200*18%=36

ანუ, გამოვიდა, რომ B (C-ის გადახდილი ფულით) 36 ლარს გადარიცხავს ბიუჯეტში დღგ-ის სახით? არა, იმიტომ, რომ ამ პროდუქციაზე 18 ლარის ღირებულების დღგ უკვე გადარიცხულია (ამ რესურსების წინა მეპატრონის მიერ, B-ის ფულით. თუ ვერ გაიგეთ, კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ A-სა და B-ს შორის წარმოებული ტრანზაქციის მაგალითი).

ამიტომ გამოდის, რომ B-ს (C-ის გადახდილი ფულით) მხოლოდ 18 ლარის (36 – 18) გადარიცხვა მოუწევს.

C-მ ამ ფქვილით ბევრი პური დაამზადა და რესტორანს მიჰყიდა 354 ლარად. იგივე გავაკეთოთ:

354/1.18=300

300*18%=54

აქ დღგ 54 ლარს უდრის. მაგრამ C ამ მთლიან რაოდენობას არ გადარიცხავს ბიუჯეტში, რადგან A და B-მ ჯამში 36 ლარი უკვე გადარიცხეს. შესაბამისად, C-საც მხოლოდ 18 ლარის გადარიცხვა მოუწევს.

რესტორანში ეს პური ხომ ხელმეორედ გაიყიდება. აქაც იგივე პროცესი წარიმართება და დღგ-ის ციკლი ადამიანის კუჭში პურის ჩასვლისას დასრულდება.

დღგ-ის თავისებურებაა ისიც, რომ იგი „ლოკალური“ გადასახადია, ანუ იგი მოქმედებს მხოლოდ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციების მიმართ, რომელშიც არის კანონით შემოღებული. მაგალითად, თუ საქართველოს რეზიდენტმა საქონელი თურქეთიდან იტალიაში მიაწოდა, ეს ოპერაცია საქართველოში დღგ-თი არ დაიბეგრება.

სამაგიეროდ, არც ამ ფულს გაუშვებს სახელმწიფო ხელიდან და „საშემოსავლო გადასახადით“ დაბეგრავს, ეს შემდეგი სტატიის თემაა.

ვინ იხდის დღგ და უნდა დარეგისტრირდეთ თუ არა დღგის გადამხდელად?

კოდექსი ამბობს, რომ დღგ-ის გადამხდელია ყველა, ვინც:

„რეგისტრირებულია, ან ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად“.

არცთუ ისე ნათელია, რას გულისხმობს ეს.

ვინ არის ვალდებული, დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად?

ან საერთოდაც ვის შეუძლია, რომ დარეგისტრირდეს?

ამ კითხვაზე პასუხს ძალიან ბევრი ნიუანსი აქვს, მაგრამ ჩვენ ცოტა გავიმარტივოთ საქმე.

ადამიანი, რომელიც საქართველოში ეკონომიკური საქმიანობითაა დაკავებული ან ახორციელებს საქონლის იმპორტს, ექსპორტს, რეექსპორტს ან დროებით შემოტანას და თუ ბოლო 12 თვის განმავლობაში მისი ამ ოპერაციების დღგ-თი დასაბეგრი თანხა (ანუ დამატებული ღირებულება) 100 000 ლარს აღემატება, ავტომატურად ითვლება დღგ-ის გადამხდელად და ვალდებულია დარეგისტრირდეს.

ხოლო თუ თქვენი ასეთი ოპერაციების თანხა 100 000-ზე ნაკლებია, მაშინ არ ხართ ვალდებული, რომ დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდეთ, მაგრამ უფლება მაინც გაქვთ.

ეს ვალდებულებას რაც შეეხება.

ხანდახან ნებაყოფლობით რეგისტრაციაც სასარგებლოა

მაგალითად, თუ ხშირად შეისყიდით საქონელს დღგ-ის გადამხდელი პირისგან, ან თუ რაიმე საქონლის იმპორტს აწარმოებთ. ეს იმიტომ, რომ, რეგისტრაციის შემდეგ, გადახდილი თანხის დამატებული ღირებულების ნაწილის ჩათვლა და შემდეგ მისი ქეშად დაბრუნება, ან სამომავლო გადასახადებში გამოქვითვა შეგეძლებათ.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ დღგ-ის გადამხდელისგან 118 ლარის ღირებულების საქონელი შეიძინეთ, საიდანაც 18 ლარი დამატებული ღირებულების გადასახადია, მაშინ უფლება გაქვთ, საგადასახადო ორგანოსგან ეს 18 ლარი ქეშად დაიბრუნოთ, ან მომავალში სხვა გადასახადის გადახდისას გამოიყენოთ.

ისევ ჩვენს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ. თუ A-ს ბოლო 12 თვის განმავლობაში 100 000 ლარზე მეტი ღირებულების დღგ-თი დასაბეგრი საქონელი არ გაუყიდია, მაშინ ის არაა ვალდებული, დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდეს.

ჩავთვალოთ, რომ არც ნებაყოფლობით დარეგისტრირდება. მაშინ იმისდა მიუხედავად, რომ ის დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციას ახორციელებს, ის მაინც არ გადაიხდის დამატებული ღირებულების გადასახადს. მაგრამ თუ B-ის ოპერაციების ჯამი (ბოლო 12 თვის განმავლობაში) 100 000 ლარზე მეტია, მაშინ ის A-ის მიერ მიწოდებული ხორბლით დამზადებული ფქვილის გაყიდვისას აუცილებლად დაიბეგრება დღგ-თი.

აქედან გამომდინარე, კითხვაზე, უნდა დარეგისტრირდეთ თუ არა დღგ-ის გადამხდელად, პასუხი ასეთია:

თუ ბოლო 12 თვეში 100 000 ლარზე მეტი თანხის დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციები (მაგ: იმპორტი) განახორციელეთ, მაშინ – კი, უნდა და ვალდებული ხართ დარეგისტრირდეთ. თუ 100 000 ლარიან ზღვარს ვერ გადააჭარბეთ, არც მაშინ გზღუდავთ სახელმწიფო და გეუბნებათ, რომ თუ გინდათ, მაინც შეგიძლიათ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

რა მოხდება, თუ გიწევთ და არ დარეგისტრირდებით?

დიდ ჯარიმას მიიღებთ.

კერძოდ: რეგისტრაციის ორი თვით დაგვიანების შემთხვევაში გადასახდელი დღგ-ის 5%-ს. ორი თვის შემდეგ კი – 10%-ს. ამიტომ, ნუ გარისკავთ და ნუ იფიქრებთ, რომ სახელმწიფოს რამეს დაუმალავთ (შეიძლება დაუმალოთ კიდევაც, მაგრამ რისკად არ გიღირთ) – თუ დარეგისტრირება გიწევთ, დარეგისტრირდით

როგორც ვთქვით, თუ ბოლო 12 თვის განმავლობაში 100 000 ლარზე მეტი დღგ-თი დასაბეგრი ოპერაცია არ განგიხორციელებიათ, მაშინ არ ხართ ვალდებული, დღგ გადაიხადოთ. მაგრამ ამას ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისი აქვს. თუ, ვთქვათ, ამერიკაში „ამაზონის“ საიტიდან ლეპტოპი გამოიწერეთ და თუ ამ ლეპტოპის ფასი (გადაზიდვის ღირებულებითურთ) 300 ლარზე მეტია, მაშინ ამ ლეპტოპის საქართველოში შემოტანისას ვალდებული იქნებით, ის 18%-იანი გადასახადით „განაბაჟოთ”. აქ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, დარეგისტრირებული ხართ თუ არა დღგ-ის გადამხდელად.

სიტყვა „განბაჟება” ჟარგონია და კოდექსის დონეზე დღგ-ის უბრალოდ ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ეს მარტო ლეპტოპებს კი არა, ნებისმიერი საქონლის ჩამოტანას ეხება, რომლის ღირებულებაც 300 ლარზე მეტია. ასე, რომ ესეც გაითვალისწინეთ.

გააზიარე