"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობით საქართველო მსოფლიოში 93-ე ადგილზეა

dddd

მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობით საქართველო მსოფლიოში 93-ე ადგილზეა.

მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მონაცემებს ქვეყნების მიხედვით რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს. აღნიშნულ ბლოგში გამოყენებული მონაცემების წყარო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა. სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარდაცვლილთა საშუალო ასაკით და მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესწავლით გამოითვლება. ხშირად ცალ-ცალკე თვლიან ქალისა და კაცის სიცოცხლის ხანგრძლივობას, რადგან მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. ყველა ქვეყანაში ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა მეტია, ვიდრე კაცების, გარდა ავღანეთისა, სადაც კაცები 0.1 წლით მეტს ცხოვრობენ. ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა კაცებისას ყველაზე მეტად ბელარუსში, რუსეთსა და უკრაინაში აღემატება, თითქმის 10 წლით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 73.4 წელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ბოლო მონაცემებით კი 73.3 წელია. 73.3 წლით საქართველო 93-ე ადგილზეა ჯანმოს მიერ გამოქვეყნებულ ქვეყნების რეიტინგში, რომელიც   სულ 183 ქვეყანას მოიცავს. საქართველოსთან ახლოს რეიტინგში სეიშელის კუნძულები, მოლდოვა, ბაჰამის კუნძულები და რუსეთია.

ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც მნიშვნელოვანი სხვაობაა ქალისა და კაცის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის. ჯანმოს მიხედვით, ქალის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 77.8 წელია, კაცის კი 9 წლით ნაკლები – 68.8 წელი. ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობით საქართველო მსოფლიოში 79-ე ადგილზეა, ხოლო კაცის სიცოცხლის ხანგრძლივობით 114-ე ადგილზე.

საქსტატს საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებლები 1994 წლიდან აქვს გამოქვეყნებული. ამ დროისთვის 70.1 წელი იყო. მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 1994-2009 წლებში 69.7 წლიდან 70.3 წლამდე ინტერვალში მერყეობდა.  2010-დან 2015-მდე  73 წლამდე გაიზარდა, 2016 წელს კი 72.7-მდე შემცირდა. 2017-2019 წლებში ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა და 74.1 წელს მიაღწია, თუმცა 2020 წელს ისევ შემცირდა – 73.4 წლამდე.

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საქართველოში

წყარო: საქსტატი
ქვეყნები, სადაც ადამიანები ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ

2020 წლის მონაცემებით ყველაზე დიდხანს იაპონელები ცოცხლობენ. 84.3-წლიანი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით იაპონია მსოფლიოში პირველია. მათ შორის, იაპონიაში ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 86.9 წელია, ხოლო კაცების – 81.5 მეორე ადგილზე სამხრეთი კორეაა სიცოცხლის 84-წლიანი ხანგრძლივობით, ხოლო მესამეზე შვეიცარიაა 83.3 წლით. სიცოცხლის ხანგრძლივობით მოწინავე ქვეყნები ნათლად აჩვენებს, რომ ამის მთავარი მიზეზი ქვეყნის სიმდიდრეა, ეკონომიკური განვითარება.

სიცოცხლის ხანგრძლივობით საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი მდგომარეობაა: თურქეთი – 78.6 წელი, სომხეთი – 76 წელი, რუსეთი – 73.2 წელი და აზერბაიჯანი – 71.4 წელი.

მსოფლიოში ბოლო ადგილზე სიცოცხლის ხანგრძლივობით ლესოტოა, სადაც ადამიანები საშუალოდ 50.7 წელი ცხოვრობენ, მათ შორის კაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 47.7 წელია. შემდეგ მოდის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა 53.1 წელია, სომალიში 56.5 წელია, ესვატინიში 57.7 წელი, ხოლო მოზამბიკში 58.1 წელი.

ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა

 

ქვეყანა

წელი

1

იაპონია

84.3

2

სამხრეთი კორეა

84.0

3

შვეიცარია

83.3

4

ესპანეთი

83.2

5

სინგაპური

83.2

6

კვიპროსი

83.1

7

იტალია

83.0

8

ავსტრალია

83.0

9

ისრაელი

82.6

10

ნორვეგია

82.6

წყარო: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა