კორპორაციული კომუნიკაციების სპეციალისტი. თაკო ჯგუფ ანაგრამას თანადამფუძნებელია. ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანიებთან ერთად პასუხისმგებლიანი მიდგომების შექმნა და დანერგვა.

მოვყვეთ თუ არ მოვყვეთ...

CRS web 2 (2)

კარგად გააზრებულ და ბიზნესის მიზნებთან თანხვდენილი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის ირგვლივ ნაკლებად ჩნდება თქმის თუ ართქმის მარადიული დილემა. პირადად ჩემთვის, კომპანიის ხედვის ერთ-ერთი უმთავრესი სადიაგნოსტიკო საშუალება სწორედ ეს გახლავთ – არმოყოლის სურვილი, რომელიც, როგორც წესი, კორპორაციული პასუხისმგებლობის არსისა და მნიშვნელობის არასწორ აღქმას მოსდევს ხოლმე თან.

ორმხრივი კომუნიკაცია ნებისმიერი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის თანამდევი ნაწილი უნდა იყოს და ამ საქმეში კომპანიას ყველაზე დიდ დამხმარედ მისი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკის ანგარიშგების დოკუმენტი უნდა ეგულებოდეს. ამ, ერთი შეხედვით, მკაცრი სიტყვების მიღმა უდიდესი საკომუნიკაციო შესაძლებლობები დგას; ერთად თავმოყრილი, რეალურ შედეგებზე დაფუძნებული ყველა ის მასალა, რომელიც ზუსტად გვაჩვენებს, რა გაკეთდა, რა შედეგი დადგა, არის თუ არა განვითარების შესაძლებლობები და როგორ უნდა გაუმჯობესდეს არსებული მონაცემები. ხშირად სწორედ ამ მასალების სათანადო შედგენა და შემდეგ მათზე დაკვირვება იძლევა კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების ახალ შესაძლებლობებს.

ამ დოკუმენტში გაერთიანებული მასალების სათანადო სამიზნე ჯგუფებამდე მიტანის გზებიც და საშუალებებიც ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება აღმოჩნდეს, რაც ერთი შეხედვით მოსაწყენი დოკუმენტის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის გასაგებ ენაზე ამეტყველებისა და საინტერესო, დასამახსოვრებელი ვიზუალური მასალების შექმნისკენაც გვიბიძგებს.

ამ ძალიან საინტერესო პროცესში კი რამდენიმე მნიშვნელოვან თემას განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება და ყურადღების მიქცევად ღირს.

გულწრფელობა – დღეს, ინფორმაციის ძნელად დასამალ ეპოქაში, განსაკუთრებით ფასობს ორგანიზაციის გულღია დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია, კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით მიღწეულ წარმატებებსა და წარუმატებელ მცდელობებზეც ღიად ვისაუბროთ. არ ვეცადოთ, კომპანია საუკეთესოდ, დასახული მიზნების სრულფასოვან და გადაჭარბებით შემსრულებლად წარმოვაჩინოთ. საკუთარი თავის ამგვარი ჩვენებით საზოგადოებას თქვენივე ხელით უბიძგებთ, დაჟინებით ეძებონ თქვენი გაუკეთებელი საქმეები და შეუსრულებელი პირობები.

ჯერ შინაურები – სანამ ჩვენი საკომუნიკაციო მასალები გარეთ გახდება ხელმისაწვდომი, გავიხსენოთ, რომ კომპანიის შიგნით უმნიშვნელოვანესი აუდიტორია – ჩვენი თანამშრომლები გვყავს, რომელთა ჩართულობაც ძალიან დიდი შედეგის მომტანი, მაგრამ ხშირად გამოუყენებელია. იცოდეთ, რომ მათი ჩართვით კიდევ უფრო დახვეწთ და გასაგებს გახდით შექმნილ მასალას, გაზრდით მრავალმხრივ კეთილგანწყობას კომპანიის მიმართ და გარე აუდიტორიაზე გასასვლელ ძალზე ეფექტიან გზას სწორედ თქვენი თანამშრომლების დახმარებით გაიკვალავთ, რადგან ამბების თვითმხილველთა გავრცელებული ინფორმაციის სანდოობა ალბათ ყველას კარგად მოგვეხსენება.

ვისთვის ვყვებით – ნუ მოყვებით მხოლოდ კომპანიის მფლობელების გასაგონად.

გახსოვდეთ, რომ ძალიან ფართო აუდიტორია გყავთ, ვისი თანამონაწილეობით შეგიძლიათ თქვენს დადებით რეპუტაციაზე გრძელვადიანად იზრუნოთ. ამიტომ სწორად განსაზღვრეთ დაინტერესებული მხარეები და ეცადეთ, მათ მოარგოთ არსებული საკომუნიკაციო მასალა, წაახალისეთ ჩართულობისკენ, ჰკითხეთ აზრი და გაითვალისწინეთ სამომავლოდ.

მოტივაცია – ხშირად, ბიზნესის კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე საუბრისას, ვამბობთ, რომ ეს ბიზნესის ალბათ ის ერთადერთი მიმართულებაა, სადაც არ არსებობს კონკურენცია, რადგან კორპორაციული პასუხისმგებლობის სათანადოდ გააზრება ავტომატურად ნიშნავს იმის ცოდნასაც, რომ ამ კონცეფციის განვითარება ბევრი პასუხისმგებლობიანი ბიზნესის არსებობას მოითხოვს. ეს ის სამოქმედო ველია, სადაც ერთის ქმედებას მეორის წახალისება შეუძლია. სწორედ ამიტომ, თანამიმდევრულ და შედეგებზე დაფუძნებული კომუნიკაციაც კომპანიის პასუხისმგებლობიან ინიციატივად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომაც აუცილებელია, გახდეთ სხვა ბიზნესების მოტივატორი.

როგორ ვყვებით – პასუხისმგებლობიანი მიდგომების თხრობისას გადამწყვეტი როლი ენიჭება ფორმას. მნიშვნელოვანია, თქვენმა ძირითადმა, საყრდენმა დოკუმენტმა მრავალნაირი ტრანსფორმაცია განიცადოს და ადამიანებს სათანადოდ მისწვდეს. ამ მხრივ კი ამბების თხრობის სტილი ერთ-ერთი შეუცვლელი საშუალებაა. გაიხსენეთ, რომ თითოეული, სულ მცირე წინსვლის და მიღწევის უკან ბევრი საინტერესო და ემოციური ამბავია, რომელთა დახმარებით თქვენს სათქმელს დასამახსოვრებელს და გასაზიარებელს გახდით.

გააზიარე