ACT-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

2024 წელი - ბიზნესი მდგრადობის, ტექნოლოგიებისა და ადამიანური პოტენციალის გზაჯვარედინზე

Forbes-WEB-24020801

კალენდარზე 2024 წელია და ბიზნესი დიდი ტრანსფორმაციული ცვლილებების წინაშე დგას. ერთი მხრივ, გეოპოლიტიკური არასტაბილურობა და კლიმატური ცვლილებები ბიზნესს თვითგადარჩენისა და მედეგობის ზრდის გადაუდებელ აუცილებლობას უჩენს. მეორე მხრივ კი, ტექნოლოგიური წინსვლა, განსაკუთრებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარება (AI), ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში რევოლუციას გვპირდება. ამ კრიტიკულ ეტაპზე ბიზნესის განვითარება მდგრადობის შენარჩუნებას, ციფრული ტექნოლოგიებისა და  ადამიანური პოტენციალის ათვისებას შორის დელიკატურ ბალანსს მოითხოვს.

სტატიის მიზანია, დაეხმაროს  ბიზნესის მმართველებს აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავებაში და მეტიც, ამ რთულ კონტექსტში მისცეს მათ ნავიგაციისა და ბიზნესის განვითარების ხედვა.

ბიზნესის მდგრადობა  – გამოწვევები და შესაძლებლობები

მდგრადობა ბიზნესის 2024 წლის სტრატეგიული იმპერატივი ხდება. გარემოში მიმდინარე ცვლილებებისა და გამოწვევების მიმართ გამძლეობა, კონკურენტუნარიანობის ზრდა, სტაბილური და გრძელვადიანი განვითარება არა მხოლოდ ბიზნესის საჭიროება, არამედ მომხმარებლებისა და ინვესტორების მთავარი მოთხოვნაა.

ქვემოთ განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებიც 2024-ში საქართველოში ბიზნესგარემოს ფორმირებას და, შესაბამისად, ბიზნესის მდგრადობაზე ზეგავლენას მოახდენს. ბიზნესის მმართველების ერთ-ერთი პრიორიტეტი კი სწორედ ამ მოსალოდნელ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის მომზადება უნდა იყოს.

გეოპოლიტიკური ფაქტორები

საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტშია, რომელშიც რეგიონალური გადაჯგუფებები მიმდინარეობს. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართ შფოთვა იზრდება. არანაკლებ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ასევე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გაღვივების ალბათობის ზრდა. აღნიშნულმა ფაქტორებმა შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ვაჭრობაზე, ტურიზმზე, ინვესტიციებსა და საქონლის ფასებზე. აქედან გამომდინარე, ბიზნესმა უნდა შეინარჩუნოს სიფრთხილე გეოპოლიტიკური რისკის მიმართ და შეიმუშაოს საგანგებო  (კრიზისული) გეგმები. აქვე უნდა აღინიშნოს კიბერუსაფრთხოების ზომების გამკაცრების საჭიროებაც, რადგან დღეს უსაფრთხოება მხოლოდ ფიზიკურ საზღვრებზე არ გადის.

არ შეიძლება უგულებელვყოთ ლოკალური პოლიტიკური კონტექსტი  – კერძოდ,  2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები ყოველთვის უკავშირდება პოლიტიკურ დაპირისპირებებსა და გაურკვევლობის ზრდას. ეს კი, ერთი მხრივ, მომხმარებლის სენტიმენტისა და ყიდვის განწყობის შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორების სიფრთხილის ზრდას იწვევს. შესაბამისად, ბიზნესს მეტი რესურსის მობილიზება დასჭირდება როგორც მომხმარებლებთან, ისე ინვესტორებთან კომუნიკაციისას.

ეკონომიკური ფაქტორები

ეკონომიკურ ფაქტორებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოზიტიური ფაქტორი ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაა. სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პოზიტიური მოლოდინი 2024-ში. მსოფლიო ბანკის შეფასებით[1], ქვეყნის ეკონომიკის ზრდა – 4,8%-ის, ხოლო ინფლაცია 2,5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის სტაბილურად დაბალი მაჩვენებელი კი ბიზნესის მდგრადობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ბიზნესისთვის დიდ შესაძლებლობებს აჩენს აგრეთვე საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები რამდენიმე ქვეყანასთან და მიმდინარე მოლაპარაკებები სხვებთან, გარე ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჯერ პანდემიამ, ხოლო  შემდგომ უკრაინის ომმა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებმა და გლობალურმა ეკონომიკურმა შენელებამ, მიწოდების ჯაჭვში სერიოზული შეფერხებები (მაგ. დაგვიანებები, „ძაბრის ეფექტი“) გამოიწვია. ამ ფაქტორმა შესაძლოა, ნეგატიური ზეგავლენა მოახდენოს ქართულ ექსპორტზეც. შესაბამისად, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, სტრატეგიული ალიანსები და თანამედროვე ლოგისტიკური ტექნოლოგიების დანერგვა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგია ხდება.

სავაჭრო რეგულაციები კიდევ ერთი გამოწვევაა, რომელიც ქართულმა ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კომპლექსურ ქსელში ნავიგაცია და სხვა პოტენციური შეზღუდვები მნიშვნელოვან საკანონმდებლო რისკს აჩენს. შესაბამისად, საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ ინფორმირებულობა და მასთან შესაბამისობაში ყოფნა გადამწყვეტია. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ევროკავშირის სავაჭრო რეგულაციები, რომელთა შესაბამისობაში ბიზნესის მოყვანა უახლოესი წლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება.

კიდევ ერთი დიდი ეკონომიკური რისკ-ფაქტორი რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ხდება, რომ საქართველომ  პრიორიტეტად იქციოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვება განახლებადი ენერგიის განვითარებითა და რეგიონული ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებით. საქართველოს პოტენციალი ჰიდროენერგიისა და მზის ენერგიის მიმართ კიდევ უფრო გადამწყვეტი ხდება ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და მდგრადობისთვის. ეს კი კერძო ბიზნესს მწვანე ინვესტიციების მოზიდვისა და მწვანე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს უჩენს.

კლიმატის ცვლილება, გარემო და უსაფრთხოება

გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქართველო დაუცველია კლიმატის ისეთი ცვლილების ზემოქმედების მიმართ, როგორიცაა წყალდიდობა და გვალვა.  შესაბამისად, ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია უნდა იყოს. ბიზნესმა კი, თავის მხრივ, კლიმატური რისკის დაზღვევითა და  კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციაში ინვესტიციით გზით უნდა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და მდგრადობა.

2024 წელს სასურსათო უსაფრთხოება და მდგრადი სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის არანაკლები პრიორიტეტი იქნება. მდგრად სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაზე ფოკუსირება და ადგილობრივი საკვების წარმოება იძენს დიდ მნიშვნელობას, რაც უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებას და ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას. ბიზნესის თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი სურსათის წარმოების მიმზიდველობა გაიზრდება.

ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი (AI) ბიზნესის სამსახურში

ხელოვნური ინტელექტი (AI)  მზადაა, გარდაქმნას ინდუსტრიები ისე, როგორც არასდროს. ის მონაცემების გადამუშავებისა და ანალიზის, სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის თვალსაზრისით წარმოუდგენელ შედეგებს იძლევა. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები – პერსონალიზებული ჯანდაცვით დაწყებული, ჭკვიან ქალაქებამდე – უსაზღვროა. თუმცა, შესაძლებლობებთან ერთად ის აჩენს პროფესიების ცვლილების, სამუშაო ძალის გადაადგილებებისა და დასაქმებულებში უთანასწორობის ზრდის რისკს. აქედან გამომდინარე, ბიზნესმა აქცენტი უნდა გადაიტანოს სამუშაო ძალის გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ტექნოლოგიური ნახტომით ყველამ ისარგებლოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების ეთიკური გამოყენების საკითხი განსაკუთრებულად მწვავედ დგება, რაც ბიზნესისგან მოითხოვს პასუხისმგებლობას, გამჭვირვალობას, ეთიკურ პრაქტიკასა და უსაფრთხოების ზომების დაცვას ტექნოლოგიების გამოყენებასთან მიმართებით.

2024-ში ტექნოლოგიური განვითარების გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში შემდეგია:

  • ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაცია: AI-ის გამოყენება ამოცანების ავტომატიზაციისთვის, მონაცემების გასაანალიზებლად, მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზებისთვის და ოპერაციების ოპტიმიზაციისთვის – გაიზრდება. შესაბამისად, ის ბიზნესი, რომელიც პირველი მოახდენს AI-ის შესაძლებლობების ათვისებას, შეიძენს კონკურენტულ უპირატესობას.
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება: მონაცემთა ანალიტიკის ინტეგრირება ორგანიზაციის პროცესებში საშუალებას მისცემს ბიზნესს, მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ყველა დონეზე. ამ შესაძლებლობის ათვისებისთვის, ბიზნესმა ინვესტიციები უნდა მიმართოს ორგანიზაციაში შესაბამისი კომპეტენციების განვითარებისკენ. ასევე მნიშვნელოვანი გახდება ცვლილებების შეტანა გადაწყვეტილებების მიღების პროცესებსა და სისტემებში.
  • კიბერუსაფრთხოება: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაზრდილი რეგიონული დაძაბულობა ზრდის ქართული ბიზნესის დაუცველობას კიბერთავდასხმების მიმართ. კიბერუსაფრთხოების ზომებში ინვესტიცია და თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება კრიტიკული ხდება.
  • ქლაუდ (ღრუბლოვანი) ტექნოლოგიები: ქლაუდ-ტექნოლოგიების მიმზიდველობა გაიზრდება, რადგან ის ბიზნესს სთავაზობს მასშტაბურობას, მოქნილობას და ეკონომიურ გადაწყვეტილებებს.
  • დიგიტალიზაცია და ელექტრონული კომერცია: ონლაინპლატფორმებსა და ელექტრონულ კომერციაზე დამოკიდებულება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება. ქართულ ბიზნესს დასჭირდება ადაპტირება და ინვესტიცია ციფრული მარკეტინგისა და ონლაინბიზნესის ინსტრუმენტებში.
  • განვითარებადი ტექნოლოგიების შესწავლა: ბლოკჩეინის, მეტავერსისა და სხვა განვითარებადი ტექნოლოგიების შესწავლა მიმზიდველი ხდება იმ უზარმაზარი პოტენციალის გამო, რომელიც მათ აქვთ ინდუსტრიაში გარღვევებისა და ახალი ბიზნესშესაძლებლობების შექმნის თვალსაზრისით. მოსალოდნელია, რომ ახალი სტარტაპები ვიხილოთ ამ მიმართულებით.
  • ტექნოლოგიური ჰაბის პოტენციალი: საქართველოს დაბალი გადასახადები, ტექნოლოგიური ახალგაზრდობა და სტრატეგიული მდებარეობა მას პოტენციურ ცენტრად აქცევს IT და კრეატიული ინდუსტრიებისთვის. საქართველოს აქვს პოტენციალი, მოიზიდოს ტექნოლოგიური კომპანიები და ხელი შეუწყოს ინოვაციას ისეთ სექტორებში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ფინტექი და ხელოვნური ინტელექტი.
ადამიანური პოტენციალი – ბიზნესის მთავარი კაპიტალი

ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ეფექტიანია მონაცემთა ანალიზსა და განმეორებითი ოპერაციების შესრულებაში. თუმცა ის ვერ ანაცვლებს ისეთ უნიკალურ ადამიანურ თვისებებს, როგორიცაა კრეატიულობა, თანაგრძნობა და კრიტიკული აზროვნება. ზოგადად, რამდენადაც გაიზრდება ტექნოლოგიებისა და AI-ის გამოყენების შესაძლებლობები, იმდენადად გაიზრდება მოთხოვნა იმ ადამიანურ კაპიტალზე, რომელსაც ამ ტექნოლოგიებთან ურთიერთობისა და მათი ეფექტიანი გამოყენების უნარი აქვთ.  შესაბამისად, 2024-ში ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანი ხდება  საკუთარ თანამშრომლებში ამ თვისებებისა და კომპეტენციების განვითარება. კონკურენტულ უპირატესობას ის ბიზნესები შეიძენენ, რომლებიც ინვესტიციას თანამშრომლების კეთილდღეობასა და განვითარებაში ჩადებენ, წაახალისებენ გუნდურობას და დანერგავენ უწყვეტი სწავლის კულტურას. AI-ზე ორიენტირებულ ეპოქაში ბიზნესის ნამდვილი კონკურენტული უპირატესობა ადაპტაციის, ინოვაციებისა და რთული პრობლემების გადაჭრის უნარი იქნება.

საქართველოში 2024-ში ბიზნესის მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები ადამიანური კაპიტალის მიმართულებით შემდეგია:

  • ჰიბრიდული და დისტანციური მუშაობის მოქნილობა: პანდემიის შემდეგ ბევრმა კომპანიამ სცადა ტრადიციულ სამუშაო რეჟიმს დაჰბრუნებოდა. ზოგიერთმა მათგანმა მკაცრ პოლიტიკადაც კი აქცია ოფისიდან მუშაობა. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს მოთხოვნა დღევანდელობასთან სულ უფრო შეუსაბამო ხდება, და რომ ტალანტების მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის ჰიბრიდული და დისტანციური მუშაობის მოქნილობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ხდება. თანამშრომლები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობა, არ არიან მზად დაბრუნდნენ წარსულში და ამას ჩუმად ან/და ღიად აპროტესტებენ. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ჰიბრიდული სამუშაო მოდელები ნორმად გადაიქცეს. ეს კი კომპანიის ლიდერებს თანამშრომლობის მართვის, მათი ჩართულობისა და შენარჩუნების ახლებურ მიდგომებსა და კომუნიკაციის ფორმებზე ფიქრს აიძულებს.
  • უნარები და კვალიფიკაციის ამაღლება: ტექნოლოგიურმა განვითარებამ შეცვალა განათლებისა და კომპეტენციების პარადიგმა. დღეს განთლება ნიშნავს უწყვეტ სწავლასა და განვითარებას – სულ ახალ-ახალი კომპეტენციების ათვისებასა და ემოციური ინტელექტის ამაღლებაზე ზრუნვას. შესაბამისად, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ხდება განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო კულტურის შექმნაზე ფოკუსირება და თანამშრომლების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ინვესტირება.
  • თანამშრომლების კეთილდღეობის პრიორიტეტი: გამოცდილებამ და კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი კომპეტენციისა და დიდი გამოცდილების მიუხედავად, ადამიანების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად იკლებს მაშინ, როდესაც მათ მენტალურ ან ფიზიკურ კეთილდღეობას საფრთხე უდგას.

შესაბამისად, თანამშრომლებისთვის ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნა, მათი ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობა ბიზნესების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზრუნავი იქნება. შესაბამისად, გაიზრდება ინვესტიციები ტრენინგებში, მენტალური ჯანმრთელობის,  პიროვნული განვითარებისა და ფიზიკური ჯანმრთელობის პროგრამებში.

  • ემპათიური და ადამიანზე ორიენტირებული ლიდერობა: ქარიზმატული, მკაცრი, „ყოვლისშემძლე“ და „ყოვლისმცოდნე“ ლიდერების დრო წავიდა. დღეს ერთ ან რამდენიმე ადამიანში ჩაკეტილი კომპეტენცია ან გადაწყვეტილებების უნარი ბიზნესს უდიდეს საფრთხეს უქმნის, რადგან ის კარგავს მოქნილობასა და სწრაფი ადაპტაციის უნარს. შესაბამისად, დღეს ორგანიზაციების მთავარი ამოცანა ყველა დონეზე ადამიანური პოტენციალის მაქსიმალური ამუშავება, კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლებისთვის მაქსიმალური დამოუკიდებლობისა და ავტონომიის მინიჭება, და თანამშრომლებსა და გუნდებს შორის ეფექტიანი კოორდინაცია ხდება. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ლიდერებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ თანაგრძნობას, კომუნიკაციას და თანამშრომლებთან ნდობის ჩამოყალიბებას. უკუკავშირისადმი ღიაობა და გუნდური მუშაობის კულტურის ხელშეწყობა საკვანძო იქნება ბიზნესის განვითარებისთვის.

2024 წელი არ არის უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი წელი – ეს არის გარდამტეხი მომენტი – ცვლილებების წელი. არჩევანი, რომელსაც ახლა გააკეთებს ბიზნესი  – მდგრადობის, ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და ადამიანური პოტენციალის გზაჯვარედინზე – განსაზღვრავს მის მომავალს. დღეს ბიზნესისთვის განვითარება ნიშნავს პარადიგმის ცვლილებას, რომელიც აიძულებს მას, გადახედოს თავის ბიზნესმოდელს, განვითარების სტრატეგიას, ლიდერობის კონცეფციას; გახდეს უფრო ეთიკური და პასუხისმგებლობიანი საზოგადოებისა და გარემოს მიმართ, გახდეს უფრო სწრაფი, ისწავლოს მეტი, რათა შეძლოს ტექნოლოგიების სიკეთეებით სარგებლობა, და, რაც მთავარია, გახდეს მეტად ადამიანზე ცენტრირებული, რადგან სწორედ ადამიანის უნარები და პოტენციალი ხდება ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი თანამედროვე ეპოქაში. და თუ ბიზნესი შეძლებს, თავი გაართვას ამ ტრანსფორმაციულ ცვლილებებს, ის არა მხოლოდ გადარჩება, არამედ აყვავდება და მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებების შეტანასაც შეძლებს თავის გარემოში.

 

 

[1] https://www.worldbank.org/en/publication/global-economic-prospects

გააზიარე