"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

მშვიდობა ავღანეთს! სანქციები რუსეთს! დიდება უკრაინას!

ალექქსი პეტრიაშვილი - ბლოგი

სათაურში გამოტანილი სამივე ცალკე აღებული თემა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვინაიდან ამა თუ იმ ფორმით და მასშტაბით ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული და,  რა თქმა უნდა, სამივე გლობალურ უსაფრთხოებას, აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და საერთაშორისო აქტივობებს უკავშირდება, ვარჩიეთ, ერთად გაგვეანალიზებინა, რა მნიშვნელობის იყო გასული კვირა საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 2500-იან ამერიკულ სამხედრო კონტინგენტს ავღანეთი 2021 წლის 1 მაისს უნდა დაეტოვებინა. ეს თარიღი ახლოვდებოდა, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას სწავლობდა და პარალელურად მისი წარმომადგენლები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს როგორც ავღანეთის ხელისუფლებასთან, ისე თალიბანის ლიდერებთან.

საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გასულ კვირას გავრცელდა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება ამერიკული კონტინგენტის ავღანეთიდან სრულად გაყვანასთან დაკავშირებით 2021 წლის 11 სექტემბერს, ანუ ზუსტად 20 წლის შემდეგ, რაც აშშ-ზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა და იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ომის დაწყების შესახებ გამოაცხადა.  როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, „დროა, ხანგრძლივი ომი დავასრულოთ და ჩვენი ჯარები სახლში დავაბრუნოთ“.

გახსოვთ ალბათ, რომ დონალდ ტრამპი მაინცდამაინც არ იწუხებდა თავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვით. მისგან განსხვავებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო პერიოდში აქტიური კომუნიკაცია აწარმოა ალიანსის წევრ-ქვეყნებთან. პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ბრიუსელში ჩავიდნენ და შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან და კოლეგა მინისტრებთან გამართეს. „ჩვენ ავღანეთში ერთად შევედით და გამოსვლითაც ერთად გამოვალთ“, განაცხადა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. ბრიუსელში გადაწყდა, რომ გაყვანის პროცესი 1 მაისს დაიწყება და კოორდინირებულად განხორციელდება. ეს თარიღიც არ არის შემთხვევით შერჩეული. პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილების გაჟღერებამდე თალიბებმა  ულტიმატუმის ტონით განაცხადეს, რომ თუ 1 მაისს კოალიციური ჯარები ავღანეთიდან გასვლას არ დაიწყებდნენ, ისინი უცხო ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმებს განაახლებდნენ.

ეს ომი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა, 2400 ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლა, ათასობით დაიჭრა და ასეულობით მილიარდი დოლარი დაჯდა. აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია თვლიან, რომ მისია შესრულებულია, ანუ ტერორიზმის საფრთხე მინიმიზებულია და ამიტომაც ავღანეთში ამერიკული კონტინგენტის ყოფნის აუცილებლობა მოხსნილია. გავრცელებული ინფორმაციით, კონკრეტულად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომუშავე ჯგუფი მაინც დარჩება ავღანეთში, თუმცა ასეთივე ჯგუფები აშშ-ს მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც ჰყავს.

პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია როგორც აშშ-ში, ისე უშუალოდ ავღანეთში. მართალია, ბრიუსელიდან აშშ-ის პირველი დიპლომატი ქაბულს ეწვია და ავღანეთის ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართა, რომელთა დროსაც  მან აშშ-ის მხრიდან ავღანეთს დახმარების გაგრძელების პირობა აღუთქვა, მაგრამ ავღანეთში (არა მხოლოდ ავღანეთში) სერიოზულად შიშობენ, რომ საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის ქვეყნიდან გასვლის შემდეგ მოქმედი ხელისუფლება თალიბების შემოტევას დიდხანს ვერ გაუძლებს და მალე ხელისუფლებაში ისევ ფუნდამენტალისტი ისლამისტები მოვლენ. ამ 20-წლიან ომს 100 ათასი ავღანელის სიცოცხლე შეეწირა,  თალიბების კონტროლი კი არათუ შესუსტდა, არამედ პირიქით, გაძლიერდა.  არაფორმალურად და ზოგან ფორმალურადაც ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე სიტუაციას სწორედ თალიბები აკონტროლებენ. ასე რომ, ავღანელთა შიში ნამდვილად არ არის უსაფუძვლო. ასევე არის სერიოზული ეჭვი, რომ თალიბები კვლავ ინარჩუნებენ ურთიერთობას „ალ-ქაიდასთან“, რაც საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის შემცირების სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს.

ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება იყოს აშშ-ის რუსეთთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება, თუმცა შესაძლო პარტნიორობის ჩამონათვალი ძალიან მწირია. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე უფრო მეტად, ცხადია, აშშ-ს რუსეთთან სტრატეგიულ შეიარაღებაზე კონტროლის თემა აინტერესებს და კლიმატური ცვლილებების სფეროში კოოპერაციასაც განიხილავს. თუმცა, ეგ არის და ეგ. ამასთან, ავღანეთშიც თანამშრომლობა რამდენად შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსეთი ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის ჯილდოს დაწესებაში ღიად ამხილა, რთულად წარმოსადგენია. მით უმეტეს, რომ აშშ-მ სწორედ ამერიკელი მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების, აშშ-ის წინააღმდეგ კიბერთავდასხმის განხორციელებისა და 2020 წლის არჩევნებში ჩარევისთვის პრეზიდენტმა ბაიდენმა ახალი სანქციები დაუწესა რუს მაღალჩინოსნებსა და რუსულ ორგანიზაციებს. სანქციებში ყველაზე  მთავარი სიახლე კი რუსულ სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული ამერიკული და სხვა უცხოური კომპანიებისთვისა თუ საფინანსო ინსტიტუტებისთვის საქმიანობის შეზღუდვას ეხება.

მაღალი ალბათობით სანქციების დაწესების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბრის დროს შეატყობინა. ასე რომ, მთავარი თემა საინფორმაციო და ანალიტიკურ წრეებში კი იყო პრეზიდენტ ბაიდენის მხრიდან მესამე ქვეყანაში შეხვედრის შეთავაზება, მაგრამ როგორც რუსეთის ოფიციალური პირებისგან რეაქციებიდან და პროპაგანდისტულ სახელისუფლებო გადაცემებში ატეხილი ისტერიიდან ირკვევა, საუბარი აშკარად ძალიან მძიმე და არასასიამოვნო იყო ვლადიმირ პუტინისთვის.

სანქციების გამოცხადების შემდეგ ერთი-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ მიიღო, აშშ-დან ათი რუსი დიპლომატის (ალბათ უფრო სწორი იქნება აქ სიტყვა დიპლომატი ბრჭყალებში ჩავსვათ) გაძევება იყო. ამას საკმაოდ მწვავე რეაგირება მოჰყვა რუსეთის საგარეო უწყებიდან. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საპასუხოდ რუსეთიც გააძევებს ათ ამერიკელ დიპლომატს ქვეყნიდან და, რაც მთავარია, რჩევას აძლევს აშშ-ის ელჩს რუსეთში ჯონ სალივანს, კონსულტაციებისთვის სამშობლოში გაემგზავროს, ისე როგორც ეს გააკეთა რუსეთის ელჩმა ანტონოვმა.

მოკლედ აშშ-რუსეთის ურთიერთობები უკვე ყოველდღიურ რეჟიმში უარესდება. გადატვირთვა კი არა, მგონი, ასეთი მძიმე მდგომარეობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ცივი ომის დასრულების შემდეგ არ ყოფილა.

თუმცა ეს არ არის ყველაზე დაბალი ნიშნული. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დიდია რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის და უკრაინასთან ომის დაწყების საფრთხე, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად შეიძლება, დაიძაბოს. უკრაინა ასევე იყო პრეზიდენტ ბაიდენის სატელეფონო საუბრების ერთ-ერთი მთავარი თემა როგორც პუტინთან, ისე გერმანიის კანცლერ მერკელთან. აგრეთვე, უკრაინის საკითხი განიხილეს ბრიუსელში გამართულ ნატო-ს საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე. ენტონი ბლინკენს ბრიუსელში კვლავ ჰქონდა შეხვედრა უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან, ხოლო ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში არიან პირდაპირ კონტაქტზე. ნატო, ევროკავშირი – ყველა ძალიან სერიოზულად აღიქვამს რუსეთ-უკრაინას შორის ომის დაწყების საფრთხეს და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინის საზღვართან სამხედრო კონტინგენტის ზრდა და პროვოკაციების მოწყობა. რუსეთი, შეიძლება ითქვას, „ყურსაც არ იბერტყავს“. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამხედრო წვრთნები პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით, რომლებიც დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება. მათ კავშირი არა აქვთ აღმოსავლეთ უკრაინაში ყოველდღიურად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების ასობით შემთხვევასთან და საერთოდაც, უკრაინა, დასავლეთის წაქეზებით, თავად გეგმავს პროვოკაციებს რუსეთის წინააღმდეგ.

გამომდინარე იქიდან, რომ ვლადიმირ პუტინს აქვს ქვეყნის შიგნით სერიოზული პრობლემები და აშკარად ღელავს სექტემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ექსპერტების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ არ არსებობს არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ!! უნდა დაიწყოს ომი პუტინმა უკრაინასთან.

ამ ფონზე ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა გერმანიაში ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ელჩმა. მისი თქმით, „უკრაინა აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გაკეთებულ მტკიცე მხარდაჭერის განცხადებებს, მაგრამ უკრაინას ყველაზე მეტადსჭ თანამედროვე შეიარაღება, რათა თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან. ყველაზე კარგი დაცვა უკრაინისითვის იქნება ნატო-ში მის გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, მაშინ უკრაინა იძულებული იქნება, ბირთვული სტატუსის აღდგენის საკითხი დააყენოს“.

ყველაფერ ზემოქმულიდან გამომდინარე, ამ ბლოგს დასასრულისთვის ყველაზე მეტად ბერტოლტ ბრეხტის  „კავკასიური ცარცის წრიდან“ ცნობილი სიტყვები „ომი დასრულდა! მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!“ შეესაბამება.

გააზიარე