"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

აშშ-ჩინეთის ინფრასტრუქტურული ომი

227

აშშ-ჩინეთის ინფრასტრუქტურული ომი

გახსოვთ ალბათ, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი როგორ განიცდიდა ჩინეთის მიერ „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ტრილიონი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თაობაზე ყველა ახალი გადაწყვეტილების მიღებას. სწორადაც ნერვიულობდა! თუმცა მისი წუხილი ამ მიმართულებით წუხილად დარჩა იმ „მარტივი“ მიზეზის გამო, რომ ის მეორე ვადით პრეზიდენტად არ აირჩიეს.

ზოგადად ჩინეთთან მიმართებით დამოკიდებულება როგორც რესპუბლიკურ, ისე დემოკრატიულ ადმინისტრაციებს პრაქტიკულად იდენტური აქვთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის, როგორც მთავარი საფრთხის აღქმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ორპარტიულია.

პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციამ პრაქტიკულად პირველივე დღეებიდან ჩინეთის მიმართ ხისტი პოზიცია დაიკავა, თუმცა ეს დამოკიდებულება მეტწილად განპირობებული იყო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ჩინეთის მიმართ წაყენებული ბრალდებებით. ჩვენს ერთ-ერთ ბლოგში დეტალურად აღვწერეთ ალასკაში გამართული პირველი მაღალი დონის შეხვედრა, ამიტომ მის ცალკეულ ასპექტებზე აღარ შევჩერდები, მაგრამ ფაქტია, რომ მას მერეც პრობლემები არსად წასულა: არც მუსლიმ უიღურებთან  არაჰუმანურ მოპყრობაში, არც ჰონკონგზე განხორციელებული წნეხის თვალსაზრისით (პირიქით, დღითი დღე  იზრდება), არც ტაივანის წინააღმდეგ აგრესიული მოქმედებების მზარდი საფრთხე განელებულა და არც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ექსპანსიური ნაბიჯები შეჩერებულა. ამასთან, ჩინეთი  განაგრძობს პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდის მიხედვით ლიდერობას, სამხედრო სიმძლავრეების დაჩქარებული ტემპებით ზრდას, კერძოდ, ავიამზიდების მშენებლობასა და სტრატეგიული შეიარაღების მოცულობების გაფართოებას, კოსმოსის ათვისებასა და გლობალური სატელეკომუნიკაციო სივრცის დაპყრობას.

ამ ყველაფერთან ერთად, ჩინეთი გეგმაზომიერად განაგრძობს 2013 წელს პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ ინიცირებული  „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ განხორციელებას. თუმცა არიან ცალკეული ქვეყნები როგორც აფრიკაში, ისე ევროპაში, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ ინიციატივის ფარგლებში შეთავაზებული პროექტების დაფინანსების კაბალური პირობებით და გავიდნენ ამ ინიციატივიდან. სულ ცოტა ხნის წინ ლიეტუვამ ღიად განაცხადა, რომ ჩინური ინიციატივა მისთვის არავითარი სარგებლის მომტანი არ არის  და ამიტომ აღარ აპირებს 17+1 ფორმატში ჩინეთთან თანამშრომლობას (მაგარი ქვეყანაა ლიეტუვა!). უფრო მეტიც, ჩინეთის მხრიდან ტაივანზე წნეხის გაძლიერების საპასუხოდ მარტის დასაწყისში ლიეტუვამ განაცხადა, რომ ტაივანში ეკონომიკურ წარმომადგენლობას გახსნის. ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე ლიეტუვამ უარი თქვა ჩინურ ინიციატივასთან დაკავშირებით სი ძინპინის მიერ ორგანიზებულ სამიტში უმაღლეს დონეზე მონაწილეობაზე. ლიეტუვის ამ ნაბიჯებმა ისე გააცხარა ოფიციალური პეკინი, რომ სულ ვაშინგტონის მინიონები უძახეს ლიეტუველებსაც და სხვა ცენტრალური ევროპის ქვეყნებსაც, რომლებმაც საგრძნობლად „დააგდეს“ სამიტში მონაწილეობის დონე.

ჩინეთი რისი ჩინეთია, რომ ასე იოლად დაყაროს ფარ-ხმალი. ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ვენაში ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყებოდა, სადაც დიდი ხნის პაუზის შემდეგ არაპირდაპირ მონაწილეობდნენ აშშ და ირანი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს 25-წლიან კონტრაქტს, რომლის თანახმად ჩინეთი ირანში განახორციელებს 400(!!!) მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციას.  ამ მეგაკონტრაქტის  მთავარი ასპექტი გახლავთ ირანის მიერ ჩინეთისთვის უწყვეტად ნავთობის მიწოდება. საინტერესოა, რომ ამ ხელშეკრულებაზე ჩინეთის ხელისუფლება ხუთი წელი მუშაობდა. პირველად ეს ინიციატივა სი ძინპინმა 2016 წელს გაახმიანა, მაგრამ მაშინ ირანს ახალი ხელმოწერილი ჰქონდა ე.წ. ბირთვული შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფდა ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას. ამიტომ მოლაპარაკების პროცესი ძალიან დუნედ დაიწყო და დაბალი ტემპით მიმდინარეობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მ შეთანხმება დატოვა და ირანზე მაქსიმალური წნეხის პოლიტიკის განხორციელება დაიწყო, ირანის ხელისუფლებისთვის სულ უფრო აქტუალური ხდებოდა ჩინეთთან ასეთი მასშტაბური შეთანხმების გაფორმების აუცილებლობა. 2019 წელს ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ ირანის მეჯლისის ყოფილ თავმჯდომარეს ალი ლარიჯანის მისცა დავალება ჩინეთთან ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების ინტენსიფიკაციასთან დაკავშირებით. მისი მისია წარმატებული გამოდგა და მარტის ბოლოს თეირანში შეთანხმებას ხელი მოეწერა. ასე რომ, 6 აპრილს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების განახლებას ირანი გაცილებით უფრო ძლიერი პოზიციით შეხვდა. თავად ირანში დამოკიდებულება ამ ხელშეკრულების მიმართ  არაერთგვაროვანი იყო. გამოითქვა უკმაყოფილებაც, რომ ირანი ძალიან ბევრს თმობდა ამ კონტრაქტით. თუმცა ოფიციალური პირები კმაყოფილებას არ მალავდნენ მიღწეული შეთანხმებით. ირანის პრეზიდენტ როუჰანის მრჩეველმა ჰესამოდინ აშნამ  მიღწეულ შეთანხმებას „წარმატებული დიპლომატიის ნიმუში“ უწოდა.  საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კრიტიკულ მომენტებში ჩინეთი ყოველთვის იდგა ირანის გვერდით. როგორც ცნობილმა ირანელმა ეკონომიკის ექსპერტმა ალი შარიათიმ აღნიშნა, „ირანი დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ერთ კალათში ათავსებდა კვერცხებს, ანუ იმედებს დასავლეთზე ამყარებდა. ასე რომ, დროა აღმოსავლეთისკენ გავიხედოთ“.

ჩინეთისთვის, ცხადია, მნიშვნელოვანია შეუფერხებლად და, როგორც ამბობენ, ძალიან დიდი ფასდაკლებით ირანული ნავთობის მიღება, მაგრამ ამ კონტრაქტს აქვს სხვა მხარეც. ირანთან ასეთი გრძელვადიანი და მასშტაბური კონტრაქტის გაფორმებით ჩინეთი რისკავს სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაფუჭებას. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე იმყოფებოდა ვიზიტით საუდის არაბეთში და გეგმავს, ეწვიოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, ომანსა და ყატარს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთს, ეკონომიკური და ფინანსური ინსტრუმენტებით გავლენების განმტკიცების გარდა, აქვს ამბიცია, პოლიტიკურადაც გაუწიოს კონკურენცია, უფრო ზუსტად კი ჩაანაცვლოს ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მაგალითად, ჩინეთი გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაერთოს ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებებში და დაეხმაროს მათ შეთანხმების მიღწევაში.

ირანისგან განსხვავებით, ჩინეთს გაცილებით უფრო რთულად აქვს საქმე აზიის სხვა ქვეყნებთან, პირველ რიგში კი ინდოეთთან „სარტყლისა და გზის ინიციატივაში“ ჩართვაზე დარწმუნებასთან დაკავშირებით.

ინდოეთთან და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით სერიოზული ინტერესი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. რამდენად შეძლებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ინდოეთთან სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარებას, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი, იმ პერიოდში, როდესაც ჩინეთმა და ირანმა შეთანხმება გააფორმეს, აშშ-ის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან და შესთავაზა… „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ საპირწონედ რამდენიმეტრილიონდოლარიანი ინიციატივის ერთობლივად განხორციელება, რომლის მთავარი მიზანი დემოკრატიულ ქვეყნებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება იქნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთი გასული წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით 2.6 ტრილიონი დოლარის რამდენიმე ათას ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს (ან უკვე ახორციელებს, ან დაგეგმვის ეტაპზეა), პრეზიდენტ ბაიდენს ნამდვილად დაჩქარებული ტემპებით მოუწევს საკუთარი ინიციატივის გახმიანება და, რაც მთავარია, განხორციელება.

წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, აშშ-სა და ჩინეთს შორის „ინფრასტრუქტურული ომის“ გაჩაღება სულაც არ არის ცუდი დემოკრატიული ქვეყნებისთვის, მათ შორის – ჩვენთვისაც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეთანხმებები მაინც არ იქნება ისეთი კაბალური, როგორიც ჩინეთს აქვს გაფორმებული არაერთ ქვეყანასთან. რაც მთავარია, ამ ინიციატივის ფარგლებში მაინც გახდება შესაძლებელი ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზება, რომელსაც საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორც წესი, ასეთი ინიციატივების დაანონსებას მისი პრეზენტაციაც მალე მოჰყვება. ასე რომ, ელოდეთ დიდ სიახლეებს ვაშინგტონიდან!

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin