"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

მსოფლიო 2021-ში: რაც გინახავთ... კიდევ ნახავთ!

Forbes-WEB-22011109

იმედია, ყველაფერს აღარ, მაგრამ ბევრ რამეს 2022-შიც ვნახავთ! იმედია, აღარასდროს ვნახავთ შტურმს კაპიტოლიუმზე; იმედია, აღარასდროს ვნახავთ, როგორ ხტებოდნენ აფრენილი თვითმფრინავიდან სასოწარკვეთილი ადამიანები, თუმცა არ მაქვს იმედი, რომ ინტენსიურ რეჟიმში არ ვიხილავთ ავღანეთიდან შიიტური მეჩეთების, სკოლებისა თუ სხვა საჯარო სივრცეების აფეთქების კადრებს; არ მაქვს იმედი, რომ ისევ არ ვნახავთ მეგობარი ქვეყნის საზღვარზე ოკუპანტის ასიათასობით ჯარისკაცს და ათასობით სამხედრო ტექნიკას, მაგრამ იმედია, ვნახავთ დემოკრატიული ქვეყნების სოლიდარობას, პრინციპულობას და პასუხისმგებლობიან მოქმედებას. არ მაქვს იმედი, რომ არ ვნახავთ ერთმანეთზე დამიზნებული ბირთვული თუ საშუალო სიშორის რაკეტების ახალ კადრებს, მაგრამ იმედი მაქვს, საღი აზრი მაინც იმარჯვებს, სულ მცირე, ახალი ბირთვული სახელმწიფოს შექმნის არდაშვების საქმეში; არ მაქვს იმედი, რომ პროპაგანდისტულ გადაცემებში არ ვნახავთ დემოკრატიების საზღვრებთან სპეცსამსახურების მიერ კოორდინირებულად მიყვანილი მიგრანტების, განსაკუთრებით კი მცირეწლოვანი ბავშვებისა და ქალების გათოშილ და დამშეულ სახეებს; არ მაქვს იმედი, რომ არ გაგრძელდება ავტოკრატიებსა და დიქტატურებში კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების დაჭერები და, სამწუხაროდ, ისევ არ მაქვს იმედი, რომ მათ (ავტოკრატებს და დიქტატორებს) ამისთვის მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ; თუმცა მაინც დავიტოვებ იმედს, რომ თავისუფალი სამყაროს გაერთიანებული ძალისხმევით ავტოკრატიებისა და დიქტატურების უკან დახევის პირველ ნიშნებს მაინც ვიხილავთ; არ მაქვს იმედი, რომ პანდემიის ეპოქა მომავალ წელს დასრულდება, მაგრამ იმედია, გავიგებთ, რომ კონკრეტულად კოვიდ-19 დამარცხებულია და ცოტა ხნით მაინც მსოფლიო შვებით ამოისუნთქავს; არ მაქვს იმედი, რომ ინფლაცია უკან დაიხევს და ეკონომიკა მართლაც სასურველ დუღილის ტემპერატურას მიაღწევს, მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ პანდემიასთან გამკლავების ფონზე და გლობალური მშვიდობის შენარჩუნების პირობებში მსოფლიო ეკონომიკა მძიმედ, მაგრამ გაუმჯობესების მიმართულებით იმოძრავებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ხმაურით წავიდა პრეზიდენტობიდან რესპუბლიკელთა უპირობო ლიდერი დონალდ ტრამპი (ძალიანაც კი არ უნდოდა, მაგრამ… – ისე, არის შანსი, ის წელს ისევ დაბრუნდეს, ამჯერად კანონმდებლის რანგში) და მოვიდა დემოკრატებში ყველაზე დიდი პოლი­ტიკური გამოცდილების მქონე ჯოზეფ ბაიდენი; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 16-წლიანი მმართველობის შემდეგ წავიდა ქრისტიან-დემოკრატი ანგელა მერკელი და ხელისუფლებაში ახალი, „შუქნიშანი“ კოალიცია მოვიდა სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით; ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მოვარდნენ თალიბები – გაიქცა პრეზიდენტი აშრაფ ღანი და, რბილად რომ ვთქვათ, ქაოსურად გავიდნენ ნატო-ს ჯარები; ისრაელში ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შემდეგ წავიდა „რკინის კაცი“, „ქინგ ბიბი“ ბენიამინ ნეთანიაჰუ – მოვიდა ორთოდოქსი ნაფტალი ბენეტი და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის კოალიცია; იაპონიაში დასრულდა სინძო აბეს მმართველობის ხანა – პრემიერ-მინისტრად მოვიდა იოშიჰიდე სუგა, მაგრამ კოვიდვითარების გაუარესების გამო პასუხისმგებლობა აიღო!!! და წავიდა (ყოველთვის იწვევდა აღტაცებას ამბები ამომავალი მზის ქვეყნიდან; მომავალშიც გამოიწვევს); ჩეხეთში წავიდა ოლიგარქი ბაბიში და იქაც კოალიცია მოვიდა; არსად წასულა უნგრეთში ვიქტორ ორბანი, მაგრამ შეძლება მომავალ წელს დემოკრატიული კოალიცია მოვიდეს პატარა უნგრული ქალაქის ოპოზიციონერი მერის, კონსერვატორ პეტერ მარკი-ზაის ხელმძღვანელობით; ირანის ისლამურ რესპუბლიკაში წავიდა ზომიერად მოაზრებული ჰასან რუჰანი – მოვიდა ულტრაკონსერვატორი ებრაჰიმ რაისი, თუმცა არსად წასულა სულიერი ლიდერი და დე-ფაქტო მმართველი აიათოლა ხამენეი; მოწამლეს, არ მოკვდა, იმკურნალა, ჩავიდა და დაიჭირეს ალექსეი ნავალნი – თავად კი ეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ 90-იანებში თავს „ტაქსაობით ირჩენდა“, მერე კი 2000 წელს მოვიდა და აღარასდროს წავიდა ვლადიმირ პუტინი; გასულ წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობაზე გადაწყდა, რომ ცისქვეშეთის კანცელარიის პრეზიდენტი იყო, არის და სამარადჟამოდ იქნება ამხანაგი სი ძინპინი; მიანმარში ისევ სამხედროები შევარდნენ ხელისუფლებაში და ქვეყნის ლიდერი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი ისევ საპატიმროში აღმოჩნდა; ამჯერად ორი წლით (კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის. სასამართლომ კი ოთხი წელი მიუსაჯა, მაგრამ „დიდსულოვანმა“ ხუნტამ ორ წლამდე შეუმცირა ვადა; თუმცა, თუ „ჭკუით არ მოიქცევა“, 11 საქმეზე შეიძლება უვადო პატიმრობა მიესაჯოს).

პანდემიის დაწყებიდან პირველად პირისპირ შეიკრიბა დიდი შვიდეული; გაიმართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი; შედგა ევროკავშირ- -აშშ-ის უმაღლესი დონის შეხვედრა და ჟენევის ტბის პირას ოთხი საათი ისაუბრეს პრეზიდენტმა ბაიდენმა და ვლადიმირ პუტინმა. ამ შეხვედრების მერე ხალხს სხვადასხვა შთაბეჭდილება შეექმნა, მაგრამ, რაც მთავარია, დიდი ამბები მოხდა. ავღანეთი მართლა ჩემი ტკივილია (მაქვს ჩემი სენტიმენტები ამ ქვეყნის და ამ ხალხის მიმართ), ამიტომ ბევრს აღარ დავწერ; მერე მოხდა „აუკუსი“ – აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთის შეთანხმება ავსტრალიისთვის ახალი წყალქვეშა ნავების ფლოტის მშენებლობაზე. ეს შეთანხმება რომანტიკოსი ფრანგების ტკივილია, ამიტომ ამაზეც ბევრს არ დავწერ, თუმცა ერთს კი ვიტყვი, რომ ნატო-ს შიგნით ძლივს გაჯანსაღების გზაზე მყოფი ურთიერთობები ისევ დაიძაბა. მაინც დასრულდა ნორდსტრიმ 2, მაგრამ „სულზე მიუსწრო“ ახალმა კოალიციამ. კი უჩვეულოდ ცივა ევროპაში; კი ძალიან გაძვირდა გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადები, ბენზინზეც ისევ მაგრად გაიზარდა ფასები, მაგრამ… როგორც იქნა, ვიღაცამ ვლადიმირ პუტინს „გაუჭედა“. არა, ილუზია არ მაქვს, რომ ამ გაზსადენში ბუნებრივი აირი არასდროს ჩაიტვირთება, უბრალოდ უკრაინასთან შექმნილმა ვითარებამ და ამავდროულად ბელარუსიდან ევროკავშირის წინააღმდეგ ჰიბრიდულმა შეტევამ (და არა მიგრანტების კრიზისმა, როგორც ამას „მოკრძალებულად“ ნათლავენ რუსი პროპაგანდისტები) ყველაზე ცივი შხაპივით იმოქმედა. უკრაინასთან ჯარების კონცენტრაცია გასულ წელს ორჯერ მოხდა. გაზაფხული-შემოდგომის მოდების ჩვენება ხომ არ არის 150 ათასი ჯარისკაცის და ათასობით მძიმე ტექნიკის მობილიზება? რა თქმა უნდა, არა. ერთხელაც იქნება, ისევ მიადგებიან უკრაინის საზღვარს და თუ მაგ დროისთვის ნატო რუსეთის წინაშე მუხლებზე არ დადგება და პირობას არ დადებს, რომ აღმოსავლეთით აღარასდროს გაფართოვდება (ასეთი ულტიმატუმია დაყენებული), პუტინს, შოიგუს, პატრუშევს, გერასიმოვს, ლავროვს, პესკოვს, ზახაროვას და სოლოვიოვს თავში რა გადაწყვეტილება შეიძლება მოუვიდეთ, წარმოდგენაც არ მინდა. უმჯობესია, არ მოუვიდეთ; ყველასთვის უმჯობესია, მათ შორის ამ უკანასკნელთათვის. არ მაქვს ილუზია, რომ ნატო-ს კავალერია მდინარე დნეპრის ნაპირებზე გამოჩნდება, მაგრამ ჩვენი უკრაინელი ძმების იმედიც მაქვს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მათი შეიარაღებით მხარდაჭერის. ერთი სიტყვით, 2022-ში შავი ზღვა ისევ შავი იქნება და თეთრ ზღვად სულაც არ მოგვეჩვენება.

კავკასია რისი კავკასიაა, თუ ყურადღების ცენტრში მუდმივად არ იქნება. გაგიკვირდებათ და ფრთხილი ოპტიმიზმი მაქვს, რომ მეზობლებში სიტუაცია შედარებით დამშვიდდება და რეალური მშვიდობის პირველი მერცხლებიც გამოჩნდება. ერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, 3+3-ის შექმნაზე ფიქრი და მუშაობა გაგრძელდება, მაგრამ 3+2 ვერც მომავალ წელს 3+3 ვერ გახდება.

მოკლედ, გასული წელიც მღელვარებით და მოვლენებით აღსავსე იყო და 2022-იც ასეთივე იქნება. რაც გვინახავს… კიდევ ვნახავთ!

მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!

გააზიარე