"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

წელს ბევრი რამ გადაწყდება

წელს ბევრი რამ გადაწყდება

წლებია უკვე, სერიოზულად იცვლება გეოპოლიტიკური ლანდშაფტი. ძალთა ბალანსი  აღარ არის ისეთი, როგორიც იყო, მაგალითად, 10 წლის,  ან თუნდაც 7-8 წლის წინ. ძალიან ბევრი რამ მოხდა, რამაც გავლენა იქონია გლობალური ცვლილებების დინამიკაზე. ცალკე აღებულ რომელიმე მოვლენასა თუ პროცესზე სიღრმისეულად რომ ვისაუბროთ, ამას ერთი სტატია კი არა, (არა)ერთი სქელტანიანი წიგნი დასჭირდება. შეიარაღებულ კონფლიქტებს რომ თავი დავანებოთ, პანდემიის საერთაშორისო ურთიერთობებზე გავლენების მასშტაბზე რომ ვისაუბროთ, ისევე როგორც საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებზე, მისი (პანდემიის) წარმოშობისა და გავრცელების მიზეზებზე, ამასაც მოზრდილი წიგნი/ები დასჭირდება. დაიწერა უკვე და კიდევ ბევრიც დაიწერება, მაგრამ ახლა საუბარია ძალიან კონკრეტული, 2022 წლის მნიშვნელობაზე გლობალური ურთიერთობების ფორმირების პროცესში.

იქნება თუ არა რეალური ცხელი ომი; იქნება თუ არა ნამდვილი ცივი ომი? იქნება კი საერთოდ ომი, თუ მოხდება გარდატეხა, ანუ დიქტატურა და ავტოკრატია მიიღებს ნოკაუტს თუ არა ნოკდაუნს მაინც და, როგორც გვაიმედებენ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო და ადგილობრივი მამები, ომიკრონი დაასრულებს კოვიდს? როგორც ცნობილია, პროგნოზების კეთება დიდი უმადური და სარისკო საქმეა, ხოლო დღევანდელ რეალობაში საერთოდაც არასერიოზული და წინდაუხედავი გადაწყვეტილება იქნებოდა. მაგალითად, გასული კვირის მსოფლიო მნიშვნელობის „სტრელკებიდან“ (მე მაპატიეთ ამ ერთხელ, უხდება ამ ვითარებაში ეს სიტყვა) არავის ჰქონდა იმის იმედი და მოლოდინი, რომ გამოვიდოდნენ ძლევამოსილნი ამა ქვეყნისანი და იტყოდნენ: დაე, მუდამ იყოს მზე, დაე, მუდამ იყოს ზეცა! 🙂 უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, არც იმის მოლოდინი ჰქონდა ვინმეს, რომ რუსეთის მიერ ზუსტად ერთი თვის წინ დემოკრატიული მსოფლიოსთვის წაყენებულ ულტიმატუმზე იქნებოდა ან უპირობო კაპიტულაცია, ან გამანადგურებელი საპასუხო რეაქცია! შეხვდნენ ჟენევაში აშშ და რუსეთი; შეხვდნენ ბრიუსელში ნატო და რუსეთი; შეხვდნენ ვენაში ეუთო-ს ფარგლებში (ეჰ, სულ სხვა იყო ეუთო 20 წლის წინ 🙁 ); მოკლედ, შეხვდნენ, დაილაპარაკეს, პოზიციები გაცვალეს და დაიშალნენ (ბიტლებივით არა ოღონდ – იქ ყველა ჯიგარი იყო).

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ მზად არის დიალოგის გასაგრძელებლად, თუმცა მისმა ვიზავიმ სერგეი ლავროვმა ფართომასშტაბიან პრესკონფერენციაზე ღიად თქვა, რომ რუსეთი უსასრულოდ ლოდინს და დროის გასაყვანად დიალოგში ჩაბმას არ აპირებს. საინტერესოა ერთი მომენტი პრესკონფერენციიდან: კითხვაზე, თუ რა ბზიკმა უკბინა რუსეთს, ახლა დაეყენებინა მოთხოვნა უკრაინის და საქართველოს ნატო-ში არმიღების თაობაზე წერილობითი გარანტიების მიცემის შესახებ, როდესაც (სამწუხაროდ) არაფერი განსაკუთრებული ხდება ან მზადდება ამ მიმართულებით ნატო-ს შიგნით, პასუხად სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მათ (რუსებს) უბრალოდ არასრული სამი ათწლეულის მანძილზე დაუგროვდათ ბრაზი და ახლა „ამოასხათ“. რკინის ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი. როგორი ლოგიკაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ რუსეთი მართლაც არ არის მზად ხანგრძლივი და საგნობრივი მოლაპარაკებებისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად. შესაბამისად, რა გამოდის? უკრაინაში თამასა ისე მაღლაა აწეული, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის პოლიტიკური სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია კონკრეტული შედეგის, თანაც სწრაფად, მიღება. გასაგებია, რომ მას არ ენანება სხვისი კი არა, ათიათასობით საკუთარი მოქალაქის სიცოცხლე და პოლიტიკური უკვდავებისთვის ასეთ მსხვერპლშეწირვაზე დაუფიქრებლად წავა, მაგრამ რის იმედად? რომ დასავლეთი უკრაინაში ფიზიკურად არ ჩაერთვება, ჯარებს არ გაგზავნის და უკრაინას რუსეთის პირისპირ დატოვებს? არ არის მაინცდამაინც საფუძველს მოკლებული ეს იმედები ისტორიული გაკვეთილების გათვალისწინებით, მაგრამ დღეს დასავლელი ლიდერების რიტორიკა ხარისხობრივად გამკაცრებულია და ჩემთვის პირადად სერიოზულად ჟღერს. იქნებ პუტინს იმის იმედი აქვს, რომ საქმე საქმეზე როდესაც მიდგება, ეს რიტორიკა რიტორიკად დარჩება? შეიძლება. თუმცა, არ არსებობს, მას და მის გარემოცვას არ ჰქონდეთ გაანალიზებული რისკები, თუ რა შეიძლება მოხდეს რეალურად უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. ამ მხრივ საყურადღებოა ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის სი-ენ-ენისთვის მიცემული ცხელ-ცხელი ინტერვიუ, სადაც ის აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს; რომ აშშ-ის განცხადებები აგრესიისთვის საჭირო პროვოკაციული სცენარის არსებობაზე სრულიად უსაფუძვლო და არასერიოზულია (ხომ არ გაქვთ ეჭვი, ვის შეიძლება მოსვლოდა თავში აზრად უკრაინის სახელმწიფო უწყებებზე ჰაკერული თავდასხმა და ხომ არ გახსენდებათ, 2008 წელს საქართველოში შემოჭრამდე ვინ განახორციელა საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმა), მაგრამ…  რუსეთი არ გამორიცხავს უკრაინაში სტრატეგიული იარაღის განთავსებას.

რა მაგის პასუხია და, პოკერი ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური თამაშია, უფრო სწორად ბრძოლაა, მაგრამ პოკერში მილიონობით დოლარებზე, ფუნტებზე, ევროებზე და ბიტკოინებზე თამაშობენ და აქ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი. ასეა თუ ისე, მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  გორდიას კვანძის გახსნა ამ წელს არ გასცდება. ანუ? ანუ ის, რომ პუტინს პრაქტიკულად სხვა თამაში არ რჩება, გარდა უკრაინაში შეჭრისა. თუ ეს მოხდება, დასავლეთსაც სხვა თამაში არ დარჩება, გარდა რუსეთთან რეალურ ცივ ომში ჩაბმისა. ამასთან, ძალიან მაღალი ალბათობით, უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერაც საგრძნობლად გაიზრდება და შეიარაღებით და ინსტრუქტორებით ირიბად ცხელ ომშიც ჩაებმება. რამდენად ზედმიწევნით აღსრულდება დასავლეთის დაპირება აქამდე არარსებული მასშტაბური საპასუხო ზომების შესახებ, რთული სათქმელია, მაგრამ ისედაც ფსკერზე დასული ურთიერთობები დანამდვილებით კიდევ უფრო მეტად დამძიმდება. სკეპტიკოსებს და ოპონენტებს აქვთ იმედი და არგუმენტი, რომ ევროპელი პოლიტიკოსები სიცივეს ვერ გაუძლებენ, რომ აჯობებს, ახლავე დანებდნენ და ა.შ. მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ და ევროპელებსაც აღარ დარჩებათ სხვა გამოსავალი. ბოლო კვირაში ძალიან ცხადად გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რომ ევროპაში უსაფრთხოებაზე ლაპარაკი მიდის ევროპის გარეშე (სო რექ გეოპოლიტიკური ევროკავშირი? სო რექ გეოსტრატეგიული კომპასი?). ცხადია, ევროპელი ლიდერების მნიშვნელოვან ნაწილს ეს არ აწყობს, არ შეეპუება და თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მათ უბრალოდ სხვა არჩევანი აღარ ექნებათ, გარდა აშშ-ის მხარდამხარ რუსეთთან ცივ ომში ჩაბმისა.

მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში არჩევანი-არადანის საკითხი დადგება სხვა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშეებისთვისაც. ჩინეთი და ირანი უკვე ღიად ჩადგებიან იმ ღერძში, რომელშიც ისედაც დიდი ხანია, არიან. დასავლეთის მხრიდან ჩინეთის ოლიმპიური თამაშების დიპლომატიური ბოიკოტის ფონზე ვლადიმირ პუტინის 4 თებერვალს დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი პეკინში ბევრ რამეზე მეტყველებს. არც ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის თებერვლის პირველ რიცხვებში მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტია უბრალოდ ოფიციალური. ჩინეთისა და ირანისგან განსხვავებით, უფრო ბევრი აქვთ საფიქრალი ინდოეთსა და თურქეთს. უკრაინაში ომი თუ დაიწყო და რეალური ცივი ომი გაჩაღდა, აღარ გამოვა მერე ქიციც და ქიცმაცურიც.

ხვდებით ხომ, დასკვნით ნაწილში ლოგიკურად რა აზრამდე მივალ: კი ვართ პატარები, კი ჰგონიათ ხელისუფლებაში, რომ დიდების ჩხუბში ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ. მეგობარს რომ მხარს არ დაუჭერ ჩხუბში, ამას რა ჰქვია კი ვიცით, მაგრამ ხელისუფლების დილემა ახლა კიდევ უფრო მძიმეა: აი, ეს დიდები, განსაკუთრებით ბოროტები გაჭრილად დაუყენებენ ქ.ოცნებას საკითხს: დეკლარაციებისა და თავის მოკატუნების დრო დამთავრდა და ამოირჩიეთ, ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენ წინააღმდეგო. აი, მანდ არის ზუსტად ხელისუფლების საქმე ცუდად და დანარჩენი საზოგადოება კი ნამდვილად უნდა ვიყოთ ყოჩაღად და მყარად. ერთი მწარე შეხსენება: წელს 100 წელი სრულდება საბჭოთა კავშირის შექმნიდან.

მშვიდობა გქონოდეთ!

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin