ეკონომიკის ბაკალავრი (ბოკონის უნივერსიტეტი, იტალია); Rosa&Roubini Associate-ის კვლევითი საქმიანობის ასისტენტი.

პლურალიზმი ეკონომიკის სწავლებაში

nato-web
შესავალი

გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ეკონომიკა არ არის ზუსტი მეცნიერება და ის არ არის შეფასებითი განსჯისგან თავისუფალი. აქედან გამომდინარე, არსებობს არა ერთი, არამედ რამდენიმე გზა, თუ როგორ მივუდგეთ ეკონომიკას. სულ მცირე,  ეკონომიკის 9 სკოლა არსებობს: კლასიკური, ნეოკლასიკური (მას დომინანტური პოზიცია უჭირავს დღეს), კეინზიანური, ავსტრიული,  ბიჰევიორისტული, მარქსისტული და სხვა. თითოეულ ამ სკოლას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები და მათ შორის საზღვრები ხშირად ბუნდოვანია (Chang, 2014). არც ერთი მათგანი არ არის ბოლომდე სწორი ან არასწორი და არჩევანი დამოკიდებულია კონტექსტზე.

დღეს მეინსტრიმული ეკონომიკა დაკავშირებულია მხოლოდ ერთ სკოლასთან – ნეოკლასიკურ ეკონომიკურ თეორიასთან. ეს სკოლა ინდივიდს განიხილავს, როგორც რაციონალურსა და ეგოისტს, რომელიც ქმნის ეფექტიან ბაზრებსა და მოქმედებს მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. ეკონომიკის სწავლება საქართველოშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ამ კონკრეტული ეკონომიკური სკოლის პრინციპებს ეფუძნება.

დღეს ბევრი სამეცნიერო კვლევა (Earle et al., 2017; Mazzucato & Jacobs, 2016; Skidelsky, 2020) მიუთითებს ეკონომიკაში პლურალისტური მიდგომის, მისი სწავლებისა და დანერგვის აუცილებლობაზე. პლურალისტური მიდგომა ეკონომიკაში აქცენტს აკეთებს სხვადასხვა თეორიაზე;  სამეცნიერო აზროვნების პლურალიზმი გვთავაზობს მრავალფეროვან მეთოდებს, რათა უკეთ შევიცნოთ ეკონომიკური სისტემები და მათი ურთიერთქმედება ფართო სოციალურ სისტემებთან.

მიზეზი, რატომაც გვჭირდება პლურალისტური მიდგომა ეკონომიკაში, არის ის ხშირად მივიწყებული ფაქტი, რომ ეკონომიკა მოიცავს შეფასებით მსჯელობას. ადამიანებს აქვთ თავისუფალი ნება და ისინი გადაწყვეტილებებს საკუთარი ეთიკური, პოლიტიკური თუ მორალური ღირებულებების მიხედვით იღებენ. ამ ღირებულებების გათვალისწინებით,  ზოგიერთი ეკონომიკური თეორია შესაძლოა უფრო „სწორი“ ან უფრო „არასწორი“ ჩანდეს. ამასთან, სხვადასხვა ეკონომიკურ არგუმენტში გათვითცნობიერება უაღრესად მნიშვნელოვანია სტუდენტების კრიტიკული აზროვნებისა თუ შედარებითი ანალიზის წახალისებისთვის. ალტერნატიული პერსპექტივების მარგინალიზაცია სასწავლო მასალიდან ნიშნავს, რომ სტუდენტებს არ ეძლევათ საშუალება, გაეცნონ ზოგიერთ ისეთ არსებით დებატს, რაც რეალურად ქმნის ეკონომიკის დარგის საფუძველს. მაგალითისთვის, ნეოკლასიკური ეკონომისტებისთვის ეკონომიკური სუბიექტები არიან ინდივიდები, როცა ინსტიტუციური ეკონომისტები ინსტიტუციებსაც განიხილავენ, როგორც ანალიზის ერთეულებს, იმის გათვალისწინებით, რომ ნათელია სოციალური კონტექსტის ზეგავლენა ადამიანზე. ამ თეორიების ცოდნა ავითარებს კრიტიკულად განსჯის უნარს, რათა ავირჩიოთ, ეკონომიკური არგუმენტებიდან რომელია მეტად გონივრული კონკრეტულ კონტექსტში.

როგორ ვასწავლით ეკონომიკას – ნიშნავს, როგორ ვქმნით ეკონომიკას. როგორ ვქმნით ეკონომიკას, მეტწილად განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკის განვითარების დონეს. საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში მთლიანად დაიკავა ჩვენი დროის დომინანტმა პოლიტიკურმა სისტემამ – ნეოლიბერალიზმმა, რომლის იდეოლოგიურ საყრდენსაც ნეოკლასიკური ეკონომიკური იდეები წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მონაცემებით საქართველო პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მაღალი უთანასწორობითა (ჯინის ინდექსი 36.4) და სიღარიბით (საქართველოს მოსახლეობის 3.8% მრავალგანზომილებიან სიღარიბეში ცხოვრობს). ნათელია ცვლილების აუცილებლობა; ეკონომიკის სწავლების არსი და მიდგომა უნდა გადაიხედოს ამ სფეროს უფრო მოქნილი და მრავალწახნაგოვანი თეორიული მიდგომების სასარგებლოდ.

სინამდვილეში, პლურალიზმის საჭიროება ეკონომიკაში დიდი ხანია, დგას. თუმცა უფრო აქტუალური 2008 წლის დიდი ფინანსური კრიზისის შემდეგ გახდა, რადგან კრიზისის შემდგომი პრობლემების გადაჭრა ძალიან გართულდა ნეოკლასიკურ ეკონომიკურ თეორიაში. ბევრმა ეკონომისტმა (Kaletsky, 2009; Krugman, 2009; Roubini, 2009; Stiglitz, 2009)  ეჭვქვეშ დააყენა ნეოკლასიკური თეორიის ეკონომიკური აგენტების რაციონალურობისა და ეფექტიანი ბაზრის ჰიპოთეზა.

საგრძნობლად გაიზარდა უკმაყოფილება ეკონომიკის სასწავლო პროგრამების მიმართ. სტუდენტებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შექმნეს სხვადასხვა ასოციაცია და საზოგადოება – Rethinking Economics-ი, Post-Crash Economics-ი (the University of Manchester) and the Cambridge Society for Economic Pluralism-ი. სტუდენტები ითხოვდნენ მეტ პლურალიზმს ეკონომიკაში და ასევე კრიტიკულ და ინტერდისციპლინურ მიდგომას სასწავლო პროგრამებში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეკონომიკაში გაბატონებულმა ნეოკლასიკურმა სკოლამ ვერ შეძლო ვერც ფინანსური კრიზისის პროგნოზირება და ვერც შემდგომში მიზეზების დიაგნოზირება. შესაბამისად, სტუდენტები მოითხოვდნენ სასწავლო პროგრამებში სხვა თეორიების ჩართვას ნეოკლასიკურ მიდგომასთან ერთად, რადგან თვლიდნენ, რომ ასე პროგრამის გამრავალფეროვნება იქცევა ეკონომიკური თეორიების ურთიერთგამდიდრების წყაროდ. ეს განწყობები იმდენად ძლიერი იყო, რომ ჰარვარდის სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს ნ. გრეგორი მენქიუს ეკონომიკის შესავლის ლექცია, გამოხატეს რა საკუთარი უკმაყოფილება სწავლებისა და პროფესორის ერთ კონკრეტულ ეკონომიკურ თეორიაზე მიკერძოებულობის მიმართ. უნდა ითქვას, რომ საქართველოშიც ეკონომიკის სწავლება ძირითადად მენქიუს სახელმძღვანელოებს ემყარება.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკონომისტი, პოლ სამუელსონი, წერდა: „თუ მე შემიძლია დავწერო ამ ქვეყნისთვის ეკონომიკის სახელმძღვანელოები, მაშინ არ მაინტერესებს, ვინ წერს მისთვის კანონებს, ან ამზადებს მის ტრაქტატებს“. ამ პარადიგმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ფენომენების ინტერპრეტირებისას და სასურველია, საქართველოშიც გაღვივდეს დებატები ეკონომიკის ამჟამინდელი სწავლების ირგვლივ.

მეთოდები & შედეგები

ეკონომიკური აზროვნების ცალმხრივი განვითარებით გამოწვეული პროტესტის ფონზე გადავწყვიტე და მოვამზადე საქართველოში ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამების მიმოხილვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკის სწავლება საქართველოში მთლიანად დაფუძნებულია ნეოკლასიკურ თეორიაზე. ეკონომიკური აზროვნების სხვა სკოლების (როგორიცაა ავსტრიული, ინსტიტუციური, განვითარების, კეინზიანური, მარქსისტული) წილი უკიდურესად მწირია.

საკვლევად შევარჩიე საქართველოს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტები. კვლევის მიზანია ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამების დიზაინისა და სტრუქტურის შესწავლა, რათა დავადგინოთ, რამდენად პლურალისტურია ეს სასწავლო პროგრამები მრავალფეროვნებისა და ინტერდისციპლინურობის გათვალისწინებით. შემუშავებული მეთოდი ნაწილობრივ ეფუძნება Rethinking Economics India-ის მიერ გამოყენებულ მიდგომას.

მრავალფეროვნება განსაზღვრულია როგორც კონტენტის, ავტორებისა და წარმოდგენილი ეკონომიკური სკოლების ნაირსახეობა. ხოლო ინტერდისციპლინურობა განიხილება იმის მიხედვით, თუ რამდენად ეძლევათ სტუდენტებს შესაძლებლობა, აირჩიონ სასწავლო საგნები სხვა სფეროებიდანაც.  ძირითადი აქცენტი მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის კურსებზეა გაკეთებული, რადგან ეს მოდულები ეკონომიკის სწავლების ფუნდამენტს წარმოადგენს და ყველაზე ხანგრძლივად ისწავლება. ამასთანავე, გამოვიყენე ალტერნატიული მიდგომა, რომელიც ჩამოაყალიბა PEPS-Economie French Students’ Association-მა, რომლის მიხედვითაც ვადგენ, საბაკალავრო კურსის რომელი საგნებია მარგინალიზებული ან დომინანტური.

ახლა რაც შეეხება კვლევის შედეგებს: ზოგიერთ შემთხვევაში, ქართული უნივერსიტეტები მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის პრინციპებს ან შესავალს სთავაზობენ, როგორც მოსამზადებელ კურსებს. ეკონომიკის პრინციპებისა და შესავლის სწავლება ფუნდამენტურად ნეოკლასიკურ ეკონომიკურ თეორიაზეა აგებული. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ სწავლება ძირითადად ეფუძნება მენქიუს სახელმძღვანელოებს, როგორც სავალდებულო, ასევე როგორც დამატებითი ლიტერატურის სახით.

ბევრი ავტორი (Bofinger, 2021; Campbell et al., 2019) აკრიტიკებს მენქიუს ეკონომიკის 10 პრინციპს მისივე ეკონომიკის შესავლის სახელმძღვანელოდან იმ ნიშნით, რომ ის არ ითვალისწინებს ეკონომიკური სამყაროს გარკვეულ სირთულეებს. ის უგულებელყოფს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა უთანასწორობა, განვითარება, ძალაუფლების დისბალანსი და სხვა. საქართველოსთვის ასე საყურადღებო თემების იგნორირება ტოვებს ქართველ სტუდენტებს ნაკლებად გათვითცნობიერებულებს იმ გარემოს მიმართ, რომელშიც იზრდებიან და მოუმზადებლებს იმ გამოწვევების მიმართ, რასაც უნდა დაუპირისპირდნენ როგორც კვალიფიციური სპეციალისტები. ეკონომიკის შესავალი კურსების სწავლება მხოლოდ მენქიუს სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ ამ წიგნში წარმოდგენილი პრინციპები არის უნივერსალური ჭეშმარიტება.

ამ და სხვა სახელმძღვანელოებით სწავლისას სტუდენტებისთვის არ არის ცნობილი, რომ ისინი სწავლობენ მხოლოდ ერთ-ერთ ეკონომიკურ მეთოდოლოგიას არსებული, სულ მცირე, ცხრა განსხვავებული მიდგომიდან. სახელმძღვანელოებში ეკონომიკის ძირითადი (თუ არა ერთადერთი) განმარტება რაციონალური არჩევანის თეორიას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ინდივიდი მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და აკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც მას მაქსიმალურ სარგებელს მოუტანს. ეკონომიკის ამგვარი განმარტება მისი ანალიტიკური მეთოდოლოგიით და თეორიული მიდგომით, და არა შესასწავლი ობიექტის მიხედვით, აყალიბებს მცდარ შეხედულებას, თითქოსდა ეკონომიკის გამოყენების მხოლოდ ერთი სწორი თეორიული ან მეთოდოლოგიური გზა არსებობს, რაც ზღუდავს პლურალიზმს ეკონომიკის სწავლებაში.

პლურალისტური მიდგომა ეკონომიკაში კი ცდილობს, ეკონომიკა განსაზღვროს მისი შესწავლის ობიექტის მიხედვით, როგორიცაა წარმოების, განაწილებისა და გაცვლის შესწავლა.

მიკროეკონომიკის შესავალი და შუალედური კურსები ძირითადად ფოკუსირებულია მათემატიკურ მოდელებსა და შეზღუდული ოპტიმიზაციის პრობლემაზე. ძირითადი თემებია სამომხმარებლო და მწარმოებლის თეორიები, რომლებიც შემდგომ გაერთიანებულია წონასწორობის ერთიან მოდელში.

შერჩეულ უნივერსიტეტებში მაკროეკონომიკის სასწავლო გეგმა აგებულია კეინზისა და ნეოკლასიკური სინთეზის მაკროეკონომიკურ მოდელზე. მოკლევადიანი მაკროეკონომიკის სწავლება მოიცავს IS-LM-მოდელს და მის გეომეტრიას. გრძელვადიანი ზრდის მოდელები ძირითადად დაფუძნებულია სოლოუს მოდელზე. უმეტეს შემთხვევაში, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივას შორის გაყოფა საკმაოდ ხშირია. ასევე გავრცელებული თემებია AD-AS-მოდელი, ფილიპსის მრუდი და რაციონალური მოლოდინები. სწავლის შედეგების თვალსაზრისით, უფრო დიდი აქცენტი კეთდება მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პოლიტიკის გაგებაზე.

საქართველოს ეკონომიკისთვის აქტუალური საკითხები – უმუშევრობის შემცირება, ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესება, სიღარიბის აღმოფხვრა, ინდუსტრიული სექტორის განვითარება – საკმაოდ მწირია სასწავლო პროგრამაში. ხშირ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის კურსი ისწავლება, მაგრამ სასწავლო პროგრამის მხოლოდ 2%-ს იკავებს.

კვლევის მეორე ნაწილი კურსების სათაურებზე აკეთებს აქცენტს, რათა დავადგინოთ ძირითადი ტენდენციები, თუ რომელი საგნები ჭარბობს ან პირიქით, არასაკმარისადაა წარმოდგენილი. მათემატიკისა და სტატისტიკის კურსები იკავებს ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამების უდიდეს ნაწილს.  შვიდივე არჩეული ქართული უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს მათემატიკის ან/და კალკულუსის სავალდებულო კურსებს პირველ წელს, მაშინ როცა ეკონომიკის ისტორიის მხოლოდ ერთი კურსიც კი არ არის სასწავლო პროგრამაში. მათემატიკის, სტატისტიკის, ეკონომეტრიის და მონაცემთა ანალიზის წილი არასდროს არის 20% ნაკლები მთლიანი საბაკალავრო სასწავლო პროგრამისა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მიკრო და მაკროს კურსები მათემატიკურ ელემენტებს ისედაც შეიცავს, შეიძლება დავასკვნათ, რომ მათემატიკას მეტისმეტად დიდი ადგილი უკავია თანამედროვე ეკონომიკის სწავლებაში.

თუმცა ეკონომიკის კურსების მათემატიზაცია არ არის მხოლოდ საქართველოს განათლების სისტემისთვის დამახასიათებელი. ბოლო რამდენიმე ათწლეულია, ეს ტენდენცია შეინიშნება. 2008 წლის კრიზისის შემდგომ, ცნობილი ეკონომისტი პოლ კრუგმანი თავის სტატიაში „ნიუ-იორკ-ტაიმსში“ წერდა, რომ: „ამერიკული ეკონომიკა ასცდა სწორ გზას და ლიანდაგიდან გადავიდა, რადგანაც ეკონომისტებმა „გადაპრანჭული“ განტოლებები მიიღეს როგორც ჭეშმარიტება“. მიუხედავად ამისა, მათემატიკა შესანიშნავი ინსტრუმენტია სხვადასხვა თეორემის დასატესტად, მასთან ერთად არანაკლები მნიშვნელობის მქონეა  ეკონომიკის ისტორიული ანალიზი. აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ ეკონომიკის ისტორიის კურსი 2006 წლიდან ამოღებულია ეკონომიკის უმაღლესი სასწავლო პროგრამებიდან.

კვლევის მიხედვით რეფლექსიური კურსების (ეკონომიკის ისტორია, ეკონომიკური აზროვნების ისტორია, ეკონომიკური დოქტრინები) წილი მთლიან პროგრამაში დაახლოებით 3.5%-ია. ეკონომიკის ისტორია არჩეული შვიდი უნივერსიტეტიდან მხოლოდ სამში ისწავლება, ხოლო ეკონომიკის დოქტრინები, როგორც სავალდებულო ან არჩევითი საგანი – მხოლოდ ორ უნივერსიტეტში. შედეგად კი ვიღებთ ეკონომიკის სწავლების მზარდ გაუცხოებას რეალური სამყაროსგან.

არასაკმარისი დოზით ეკონომიკის ისტორიის სწავლება ეკონომიკური თეორიის განყენებულად განხილვას უწყობს ხელს და გლობალური ეკონომიკის კონტექსტუალიზაცია და დაკავშირება წარსულ მოვლენებთან შეუძლებელი ხდება. პროფესორი სკიდელსკი წერს: „ეკონომიკისა და იდეების ისტორიის უარყოფის მიღმა დგას მცდარი შეხედულება ეკონომიკის, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერების, წარმოჩენის თაობაზე და იმ ფაქტზე, რომ ცოდნის ბაზა ავტომატურად გროვდება“. ეკონომიკის ისტორიის სწავლება არა მხოლოდ ფაქტებს გვაწვდის, რაზეც ვაგებთ ჰიპოთეზებს, არამედ ახალგაზრდებისთვის შესანიშნავი მაგალითიცაა, თუ როგორი სასარგებლოა თეორიების ცოდნა რეალური სამყაროს გაგებაში.  უბიძგებს რა ფიქრისა და გააზრებისკენ, ახალგაზრდებისთვის გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივის განსაზღვრა უკვე შესაძლებელი ხდება.

რეფლექსიური კურსებისგან განსხვავებით, დიდი ადგილი უჭირავს ინტერდისციპლინურ კურსებს. თითქმის ყველა შერჩეული უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს კურსებს სხვადასხვა სფეროდან (მაგალითად, სოციოლოგია, ფილოსოფია, პოლიტიკური მეცნიერებები და ფსიქოლოგია).

იმისათვის, რომ დავნერგოთ მეტი პლურალიზმი ეკონომიკაში, აუცილებელია ეკონომიკური საკითხებისადმი ინტერდისციპლინური მიდგომა. როგორც კარლა ჰოფისა და ჯოზეფ სტიგლიცის კვლევა მიუთითებს, სხვა სოციალური მეცნიერებები რეალურად ამდიდრებს ეკონომიკურ მოდელირებასა და სტანდარტულ ეკონომიკურ დისკურსს.

დასკვნა

აქტუალური პრობლემები ქართული ეკონომიკისა – არაფორმალური სექტორი, მზარდი უთანასწორობა, სტრუქტურული ტრანსფორმაცია, დეინდუსტრიალიზაცია და სხვა – უგულებელყოფილია სასწავლო პროგრამებში. სასურველია, გარკვეული რეორიენტაცია  სხვა ეკონომიკური თეორიების მიმართაც, რომლებიც უფრო მეტად ასახავენ ქართულ საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის საჭიროებებს.  სწორედ ამიტომ ვფიქრობ, მრავალმხრივი გლობალური და რეგიონული კრიზისის ფონზე, პლურალისტური მიდგომის დანერგა ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია მაღალკვალიფიციური და მოაზროვნე სპეციალისტების ჩამოყალიბებისთვის. თუ პლურალიზმსა და კონსტრუქციულ კრიტიკას ვაქცევთ ეკონომიკის სწავლების უმთავრეს საკითხად, მაშინ ქართველ სტუდენტებს შეეძლებათ, შეაფასონ და გამოიკვლიონ, რომელი ეკონომიკური თეორია გვეხმარება ამა თუ იმ მოვლენის უკეთ გაგებაში. ამგვარი მრავალმხრივი აზროვნების წახალისება სტუდენტებს განვითარების საშუალებას აძლევს; ასე მათ გაუჩნდებათ იდეები და უნარები ახალი სტრატეგების დასახვისა, რადგან არცერთ ეკონომიკურ პარადიგმას არა აქვს პასუხი ყველა კითხვასა და გამოწვევაზე.

 

ბიბლიოგრაფია:

Bofinger, P. (2021). Best of Mankiw: Errors and Tangles in the World’s Best-Selling Economics Textbooks. Institute for New Economic Thinking.

Campbell, A., Davis, A., Fields, D., Quick, P., & Schneider, G. (2019). The Unreal Basis of Neoclassical Economics. American Review of Political Economy.

Chang, H.-J. (2014). The User’s Guide. Pelican.

Earle, J., Moran, C., & Ward-Perkins, Z. (2017). The Econocracy: The perils of leaving economics to the experts. Manchester University Press.

Kaletsky, A. (2009). The Failure of Neoclassical Economics. Prospect.

Krugman, P. (2009, September 2). How Did Economists Get It So Wrong? Retrieved from New York Times: https://www.nytimes.com/2009/09/06/magazine/06Economic-t.html

Lekashvili, E. (2018). Challenges of Teaching the Economic Sciences in Georgian Universities. Globalization and Business.

Mazzucato, M., & Jacobs, M. (2016). Rethinking Capitalism: An Introduction. In Rethinking Capitalism: Economics and Policy for Sustainable and Inclusive Growth (pp. 1-28). Wiley-Blackwell.

Muijnck, S. d., & Tieleman, J. (2021). Economy Studies: A Guide to Rethinking Economics Education. Amsterdam University Press.

PMCG Research. (2021). Poverty in Georgia (2010-2020). PMCG.

Rethinking Economics India Network. (2022). Pluralism in economics education: A review of undergraduate programmes in India.

Roubini, N. (2009, February 19). Laissez-Faire Capitalism Has Failed. Retrieved from Forbes: https://www.forbes.com/2009/02/18/depression-financial-crisis-capitalism-opinions-columnists_recession_stimulus.html?sh=13c86cd622ef

Skidelsky, R. (2020). What’s Wrong with Economics? Yale University Press.

Stiglitz, J. E. (2009). Interpreting the Causes of the Great Recession of 2008. United States: Financial Crisis Inquiry Commission (FCIC). Retrieved from https://fcic-static.law.stanford.edu/cdn_media/fcic-testimony/2009-1020-Stiglitz-article-2.pdf

The Members of the PEPS-Economie Students’ Association. (2014). The case for pluralism: what French undergraduate economics teaching is all about and how it can be improved. Int. J. Pluralism and Economics Education, 385-400.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა